ომის თარიღთან დაკავშირებულ წერილებში, აშშ და ევროპული ქვეყნები - ქართველ ხალხს მიმართავენ, რუსეთის ოკუპაციას გმობენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელ ერთგულებას გამოხატავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა”, - წერს “ქართული ოცნების” მთავრობის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის შესახებ, 4 აგვისტოს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში და ომის შედეგებს “ღალატს შეწირულ ეროვნულს ინტერესებს” უწოდებს.
უკვე მესამე წელია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყებაში ღიად ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედ ქართულ მხარეს [წინა ხელისუფლებას]. აგვისტოს ომს “გარე ძალების” – [გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის] დაკვეთად განიხილავს და ასეთ ძალებს დასავლეთში ხედავს.
- 2024 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, გორში სიტყვით გამოსვლისას, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებს “ომის გამჩაღებლები” უწოდა, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს - მაშინდელი ხელისუფლების ღალატი.
- 2024 წლის 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე პროსამთავრობო აქციაზე გამოსვლისას, ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან “გლობალური ომის პარტიამ” დააპირისპირა და რომ "გლობალური ომის პარტიისთვის" “საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".
უკვე 2025 წელს, ამ მოსაზრებების დამკვიდრებაზე სადავო პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ["წულუკიანის კომისია"] იმუშავა, რომლის საკვლევ საკითხებს შორის აგვისტოს ომი პრიორიტეტული იყო.
“ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი აღმოჩნდა სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით განახორციელეს ქალაქ ცხინვალზე შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”, - წერია პარლამენტის კომისიის დასკვნაში.
ტექსტის მიხედვით, ომი არა 5-დღიანი, არამედ 3-დღიანი იყო.
ასევე ნახეთ
წულუკიანის კომისია და აგვისტოს ომი - რა იკითხეს, რა ითქვა, რა გავიგეთ?“თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული”, - თქვა 31 მარტის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა. კომისიის წევრების ერთ-ერთი ცენტრალური მიზანი იყო მიეღოთ პასუხი კითხვაზე: რატომ დაიბომბა ცხინვალი?
კომიისიის შეხვედრებზე დაბარებული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები ჰყვებოდნენ, რომ თბილისს ცხინვალისკენ არცერთი ჭურვი არ გაუსვრია, თუმცა, რაღაც მომენტის შემდეგ, ქართულ მხარეს - ბრძოლაში ჩართვის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა:
- 1 აგვისტოდან სეპარატისტები სისტემატურად ესროდნენ ქართულ სოფლებს;
- 7 აგვისტოს დილისთვის ქართულ მხარეს უკვე ორი დაღუპული სამხედრო ჰყავდა [სამშვიდობო კონტინგენტიდან];
- 7 აგვისტოს ღამით მათ მიიღეს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიას უკვე ჰქონდა გადმოლახული როკის გვირაბი.
“ქართული ოცნება” ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს არ მიიჩნევს. სწორედ ამ დღეს ქვეყნდება საერთაშორისო პარტნიორების წერილები - რომლებშიც დაგმობილია რუსეთის აგრესია და ოკუპაცია; გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ასევე ნახეთ
მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - გამოხმაურებები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე“რაც საქართველომ [2008 წელს] ომით არ დათმო, ამის დათმობა მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” სამხედრო აგრესიის გარეშე და ეს არის ორი მნიშვნელოვანი რამ: ერთია - რუსეთის მტრობის გაუფერულება და ახლა უკვე ტოლობის ნიშნის დასმა მტერსა და მოყვარეს - რუსეთსა და დასავლეთს შორის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი. აქუბარდიას დაკვირვებით “ქართულმა ოცნებამ” “ამოტრიალებული რეალობა შექმნა - ომის დაწყების საქართველოსთვის დაბრალებით”.
2023 წლის აგვისტოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმია წინასწარ შედგენილი "სამხედრო რეაგირების გეგმით" მოქმედებდა და პარალელურად სეპარატისტული რეგიონის სამხედროებსაც წვრთნიდა.
ასევე ნახეთ
"სააკაშვილს მოვუგე" - რას ჰყვება და რას აღიარებს კოკოითი2012 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი აგვისტოს ომისთვის წლებით ადრე ემზადებოდა:
“გეგმა იყო და, მგონი, ეს საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის მხარე სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა. ადრეც მითქვამს ეს საჯაროდ… გეგმა მომზადებული იყო გენერალური შტაბის მიერ. სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში ის მე დავამტკიცე”.
ჟურნალისტების შეკითხვებს - აგვისტოს მოვლენებში მისი პირადი მონაწილეობის შესახებ - პუტინმა უპასუხა, რომ მან პეკინიდან ორჯერ დაურეკა დმიტრი მედვედევს [მაშინდელ პრეზიდენტს] და თავდაცვის მინისტრს - „7 და 8 აგვისტოს“.
რადიო თავისუფლების არქივშია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ტანკები ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში იდგა და “ცალსახად იგრძნობოდა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა”.
ცნობილი ფაქტია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს მოსკოვი წლების განმავლობაში აწვდიდა იარაღს.
- 2004 წელს რუსეთმა ცხინვალის რეგიონში შეიტანა: 70 ტანკი Т-72, 20 ერთეული „გრადი“, 30 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ნაღმმტყორცნების, იარაღისა და ტყვია-წამლის დიდი მარაგი და დაიწყო ბაზის მშენებლობა ჯავასთან.
- 2008 წლის 15 ივლისს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიური სამხედრო ოლქის ორგანიზებით დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2008“, რომელშიც 8000 სამხედრო მონაწილეობდა, მათ შორის - ФСБ-ს წარმომადგენლები.
- „კავკაზ-2008“ 2 აგვისტოს დასრულდა, თუმცა რუსეთის არმია დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია. ისინი საზღვრებთან დარჩნენ, რასაც სულ რამდენიმე დღეში საქართველოში სამხედრო შემოჭრა მოჰყვა.
- 2008 წლის 25 ივლისს რუსეთმა პოლიგონ „ტარსკოეზე“ საველე ჰოსპიტალი გაშალა, რომელსაც დღეში 300 დაჭრილის მიღება შეეძლო.
მანამდე, 2008 წლის მარტში, უკვე დაიწყო ლაპარაკი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე და ამისაკენ კრემლს რუსეთის დუმა მოუწოდებდა.
ასევე ნახეთ
„აგრესია დღესაც გრძელდება“ - ოპოზიცია აგვისტოს ომიდან მე-18 წლისთავზესაერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის, ალექსანდრე კუხიანიძის თქმით, ამ ეტაპზე, “იმედია, დროებით”, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში რუსეთმა დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწია ერთ-ერთ ძირითადი მიზანს - საქართველომ აღარ გააგრძელოს სვლა დასავლეთისკენ.
“საქართველოს, რომელიც ათეულობით წელი იბრძოდა ღირსეული ადგილის დასაკავებლად ევროპული დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში, სერიოზული ზიანი მიაყენეს. “ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს შეცვალოს ვექტორი და საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე”.
ექსპერტის თქმით, “ავტორიტარიზმი ავტორიტარიზმში ეძებს მოკავშირეებს და არა დემოკრატიაში” და ამით არის განპირობებული - უფრო კარგი ურთიერთობები რუსეთთან - რადგან “რუსეთი თვალს ხუჭავს დემოკრატიულ ფასეულობებზე”.
ბოლო პერიოდში, ბრიუსელთან მწვავე დაძაბულობის ფონზე, თბილისიდან სულ უფრო მკაფიოდ ისმის მესიჯები, რომ - დღევანდელ ევროკავშირში გაწევრიანება მომხიბვლელი აღარ არის და რომ ეს საქართველოს პრობლემებს მოუტანს.
ასევე ნახეთ
პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდესრუსოფობების ძებნა
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს ემთხვევა “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილება - დასაჯოს ადამიანები რუსოფობიის საფუძვლით - რასთან დაკავშირებითაც “საბოტაჟის” ხაზით, 5 აგვისტოს, გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუსის ცნობით, ქვეყნის იმიჯის შემლახავი კამპანია „საქართველოდან იყო მხარდაჭერილი“, თუმცა არ დაკონკრეტებულა ავტორები, ორგანიზატორები თუ შემსრულებლები.
ლაპარაკია სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.
ასევე ნახეთ
შარდი ხინკალში და მიტოვება ტყეში - ვინ ავრცელებს "ფეიკებს" რუს ტურისტებზე?6 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსოფობიით გაჟღენთილ „ფეიკებს“ „ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან“ ავრცელებენ და საქართველოში ამ კამპანიას „ადგილობრივი აგენტურა ამაგრებს“.
“რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო?”, - აღნიშნავს კობახიძე, 4 აგვისტოს ამავე თემაზე გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვარებს ჩამოთვლის, მათ შორისაა - დაპატიმრებული პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია. მან თქვა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, 2008-2012 წლებში, ოპოზიციას მოსწონდა საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები და ბიზნესმენები, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი - „რუსოფობებად“ იქცნენ.
“ამოტრიალებული რეალობაა ეს - რომ საქართველოს მტერია არა რუსეთი, არამედ ადამიანები, რომლებიც რუსოფობედ არიან წარმოჩენილები საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან”, - გვეუბნება თეონა აქუბარდია და ამ პროცესს “რუსეთთან წინააღმდეგობის დემონიზების” კამპანიის ნაწილად განიხილავს; იხსენებს, რომ რუსოფობია რუსეთის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა და ეს გეგმა ახლა უკვე საქართველოშიც გაჩნდა. პოლიტიკოსი იხსენებს უკრაინაში დიდი ომის დაწყებამდე მომხდარ "გავრილოვის ღამეს" - 2019 წელს, როდესაც ქუჩაში ზღვა ხალხი გამოვიდა - მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდა.
ეს სავარძელი მაშინ “ოცნების” დღევანდელ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი კობახიძეს ეკუთვნოდა.
- 19 ივნისს, კობახიძე სიტყვითაც გამოვიდა, ღამით კი სტუმრებს უმასპინძლა. წვეულებას გავრილოვიც ესწრებოდა. მის გვერდით გადაღებულ ფოტოს კობახიძემ პროვოკაცია უწოდა - გავრილოვი თავად მოვიდაო.
- ეს ამბავი ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. მან პოსტი დატოვა არა 20 ივნისს, როცა ამას მომიტინგეები ითხოვდნენ, არამედ - 21 ივნისს, მას შემდეგ, რაც დემონსტრაციის დაშლისას რუსთაველის გამზირზე ხალხი დაზიანდა.
ელენე ხოშტარია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა იყო 2019 წელს - “გავრილოვის ღამესთან” დაკავშირებული საპროტესტო მოვლენებში.
“ვერ გადაწერენ გმირობის ისტორიას, ვერ დაგვავიწყებენ ქართველ სამხედროებს, ვერ დააკნინებენ ანწუხელიძეს. ვერც იმას ვერ გადაწერენ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. მთავრობა არსად გაქცეულა, ბოლომდე იდგა, ქვეყანა არ ჩამოშლილა და საქართველო არ გაუქმებულა. ვერც საქართველოს ოკუპაციის ისტორიას გადაწერენ, სადაც თავად ქართული ოცნება რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს”, - 7 აგვისტოს, ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ელენე ხოშტარიას წერილი გამოქვეყნდა.