მხარდამჭერებისთვის ბრძენი ლიდერი, კრიტიკოსებისთვის საძულველი დიქტატორი, ხამენეი ისტორიაში დარჩება როგორც ისლამური რევოლუციის მონუმენტური ფიგურა, რომლის აღზევება უზენაესი ლიდერის პოზიციამდე ღვთისმოსაობისა და მიზნისადმი უკომპრომისო ერთგულების რეპუტაციაზე იყო დაფუძნებული.
უნდა ვიტიროთ სისხლის ცრემლებით, სხვა არჩევანი რომ არ გვაქვსო - ეს იყო პირველი სიტყვები, როდესაც 37 წლის წინ ალი ხამენეი ქვეყნის სულიერ ლიდერად დაასახელეს. მისი დაღუპვის დადასტურების შემდეგ ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა, ხელისუფლებამ მომხრეები ქუჩაში შეკრიბა, თუმცა ბევრმა ირანელმა, რომელთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრის დასაწყისში იმავე ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო, შვებით ამოისუნთქა.
ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრება თავად რეჟიმის შიგნით და გარე გავლენის, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ისრაელის, წინააღმდეგ მძაფრი წინააღმდეგობა აიათოლა ალი ხამენეის, როგორც მკაცრი და შეურიგებელი ავტორიტარის მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია; მისი დამსახურებაა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციამდე მიყვანაც.
ვაშინგტონში მოქმედი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ირანის პროგრამის დირექტორის, ალექს ვატანკას თქმით, „ისტორია აჩვენებს, რომ ხამენეის მმართველობა ღრმად ტრავმული იყო ირანელი ხალხისთვის, რომელიც ხედავდა, როგორ იზოლირდებოდა და სუსტდებოდა ქვეყანა იმ დონემდე, რომ უმრავლესობამ ემიგრაცია ერთადერთ იმედად მიიჩნია.“
ასევე ნახეთ “ეს უკვე ჩაძირული გემია“ - რა ელის ირანის რეჟიმს? ინტერვიუ ალექს ვატანკასთანხამენეის მმართველობის ბოლო წლებში ირანში მასშტაბური ანტისახელმწიფოებრივი პროტესტები გახშირდა, რასაც სახელმწიფო სასტიკი დარბევებით და ათასობით დემონსტრანტის დახოცვით უმკლავდებოდა.
2017 წელს ცხოვრების გაძვირების გამო დაწყებული პროტესტები, 2019 წელს საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ გამოსვლები, 2021 წელს წყლის დეფიციტთან დაკავშირებული აქციები და 2022 წელს ჰიჯაბის წესის სავარაუდო დარღვევის გამო დაკავებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის საქმე — ეს ყველაფერი ირანში ანტირეჟიმული განწყობების ზრდას ასახავდა.
ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ყველაზე სისხლიანი პროტესტები 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 2026 წლის იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდა. არეულობა სასტიკად ჩაახშეს; უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, დადასტურებულია 7 000-ზე მეტი დაღუპული, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია — ზოგიერთი შეფასებით ოთხჯერაც კი აღემატება დადასტურებულ მონაცემებს.
ხამენეის არასდროს აუღია პასუხისმგებლობა თავისი მმართველობის წინააღმდეგ მზარდ უკმაყოფილებაზე და ანტისახელმწიფოებრივ პროტესტებს უცხო ძალებს აბრალებდა, რომლებიც, მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკის დასუსტებას ცდილობდნენ.
ასევე ნახეთ ალი ხამენეიმ საპროტესტო აქციები „გადატრიალებას“ შეადარა და რეგიონული ომის საფრთხეზე ილაპარაკათავისი ცხოვრების განმავლობაში ხამენეი ხშირად ავლენდა ორივე მხარეს ერთდროულად თამაშის უნარს.
მაღალი და გამხდარი სასულიერო პირი, რომელსაც უყვარდა პოეზია და ლიტერატურა, ეწეოდა ჩიბუხს და ახალგაზრდებთან საუბარი სიამოვნებდა - ასე იცნობდნენ მას ადრეულ წლებში. მოგვიანებით ის მსოფლიოსთვის ჩამოყალიბდა საბრძოლო, დამაპირისპირებელი რიტორიკის წვეროსან, ანტიამერიკელ ლიდერად.
ხამენეის მმართველობის პერიოდში გაძლიერდა რეპრესიები, შევიწროვდა თეირანის მმართველი წრე და გაიზარდა ისლამური რესპუბლიკის იზოლაცია.
ათწლეულების განმავლობაში მას საბოლოო სიტყვა ეთქმოდა თითქმის ყველა საკითხზე — დაწყებული იმით, შეიძლებოდა თუ არა ქალების საჯაროდ ველოსიპედით სიარული, დასრულებული ქვეყნის ურთიერთობებით შეერთებულ შტატებთან, რომელსაც ის „დიდ სატანას“ უწოდებდა.
ხამენეის ძალაუფლება ვრცელდებოდა ისეთ საკვანძო ინსტიტუტებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა, სახელმწიფო მაუწყებლობა და სამხედრო სტრუქტურები. საჭიროების შემთხვევაში იგი ეყრდნობოდა სამხედრო-საიდუმლო აპარატს, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და ირანის შიშისმომგვრელ სადაზვერვო სამსახურს მოიცავს.
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ირანის პროექტის დირექტორის, ალი ვაეზის თქმით, „IRGC-ის გაძლიერებით მან ქვეყნის პოლიტიკის მილიტარიზაცია მოახდინა და სასულიერო ელიტის ლეგიტიმაცია დააზიანა.“
ასევე ნახეთ ხამენეი ამბობს, რომ "მტრები" არეულობას იწვევენ ირანის დასასუსტებლად1939 წელს მეშჰედში დაბადებული ხამენეი სასულიერო პირის მეორე შვილი იყო. რელიგიური განათლება ადრეული ასაკიდანვე მიიღო; მოზარდობაში შთაგონებული იყო რევოლუციონერი საიიდ ნავვაბ საფავის მიერ და წმინდა ქალაქ ყუმში ისლამური რესპუბლიკის მომავალი დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის ხელმძღვანელობით სწავლობდა.
აქტივისტიდან საძულველ ლიდერამდე
ხამენეი, 1962 წელს, თავდაპირველად თავმდაბალი და ღვთისმოსავი სასულიერო მეცნიერის რეპუტაციით შეუერთდა ხომეინის რევოლუციურ მოძრაობას შაჰისა და თეირანის პროამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ. მისი აქტივიზმი ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოექცა და ამას არაერთი დაპატიმრება და სასჯელი მოჰყვა.
1964 წელს 25 წლის ხამენეიმ ყუმის დატოვება და მამის მოვლა — „კეთილი საქმის“ კეთება გადაწყვიტა, რომელსაც მოგვიანებით ღმერთის კურთხევას უწოდებდა და საკუთარი წარმატების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.
მეშჰედში იგი ყურანსა და ისლამურ იდეოლოგიას ასწავლიდა, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს, აწამეს და საბოლოოდ შიდა გადასახლებაში გააგზავნეს. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ იგი ისლამური რევოლუციური საბჭოს წევრად დანიშნა ყოფილმა მასწავლებელმა, აიათოლა ხომეინიმ.
შემდგომში ხამენეიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა, მათ შორის ორჯერ იყო პრეზიდენტი, და 1981 წელს გადაურჩა მკვლელობის მცდელობას, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი პარალიზებული დარჩა.
1989 წელს, როცა ხომეინი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა, 88-წევრიანმა ექსპერტთა ასამბლეამ ხამენეი ირანის მეორე უზენაეს ლიდერად აირჩია.
ეს არჩევანი ბევრისთვის, როგორც ჩანს, თავად ხამენეისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
„უნდა ვიტიროთ სისხლის ცრემლებით ისლამური საზოგადოების გამო, რომელიც იძულებულია ჩემი კანდიდატურა წამოაყენოს,“ — თქვა მან დანიშვნამდე.
ვაეზის თქმით, „მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ ფრთას არ მიეკუთვნებოდა, აიათოლა ხამენეი ფაქტობრივად კონსერვატიული ბანაკის ლიდერი იყო. ამიტომ მან დაკარგა შესაძლებლობა, დაპირისპირებაზე მაღლა მდგარიყო და ფრაქციული შიდა ბრძოლები ეფექტურად ემართა.“
თავისი მმართველობის განმავლობაში ხამენეი მუდმივად დაუფარავად ეწინააღმდეგებოდა შეერთებულ შტატებს, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის დამხობისა და თეირანთან პატრონ-კლიენტის ურთიერთობის აღდგენის მცდელობაში ადანაშაულებდა.
ხამენეის ხელმძღვანელობით ირანმა რეგიონში გავლენა გააფართოვა „წინააღმდეგობის ღერძის“ - თეირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფებისა და მოკავშირე სახელმწიფო აქტორების ქსელით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ დასავლეთის, არაბი მოწინააღმდეგეებისა და მთავარი მეტოქის, ისრაელის წინააღმდეგ სტრატეგიაში.
თუმცა ეს ქსელი დასუსტდა 2024 წელს სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დაცემისა და ისრაელის მიერ ლიბანში ჰეზბოლას ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ჩატარებული კამპანიის, იემენში ჰუთების შესაძლებლობების შემცირებისა და ღაზის სექტორში ჰამასის მნიშვნელოვნად დასუსტების შემდეგ.
2025 წლის ივნისში ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დროს ხამენეი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა, რამაც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში მის ლიდერობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.
ხამენეი ხშირად კონფლიქტში შედიოდა ირანის პრეზიდენტებთან, რომლებიც შემდგომში პოლიტიკური სისტემისგან იზოლირდებოდნენ.
გამონაკლისი იყო იბრაჰიმ რაისი — მკაცრი ხაზის სასულიერო პირი, რომელიც ბევრის აზრით, ხამენეის მემკვიდრედ მზადდებოდა. რაისი 2024 წლის მაისში ვერტმფრენის კატასტროფაში დაიღუპა, რამაც მემკვიდრეობის საკითხი გაართულა.
ახლა 88-წევრიან ექსპერტთა ასამბლეას მოუწევს ხამენეის მემკვიდრის დანიშვნა.
ვატანკას შეფასებით, აიათოლა ალი ხამენეის „დაიმახსოვრებენ როგორც ადამიანს, რომელსაც არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ხალხისთვის მოესმინა და კურსი შეეცვალა, მაგრამ უზენაეს ლიდერად ის იმდენად ჯიუტი იყო, იმდენად მტკიცედ ცდილობდა შიდა და გარე მეტოქეებზე გამარჯვებას და შინაგანად იმდენად არაჯეროვნად გრძნობდა თავს, რომ სერიოზული თვითანალიზი არასდროს აურჩევია.“
ხამენეის დარჩა ოთხი ვაჟი, ერთი ქალიშვილი და მეუღლე. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეორე ქალიშვილიც მამასთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ მარკ თისენი: „სახმელეთო ძალები ირანელი ხალხია“