Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალი ხამენეიმ საპროტესტო აქციები „გადატრიალებას“ შეადარა და რეგიონული ომის საფრთხეზე ილაპარაკა

აიათოლა ალი ხამენეი (არქივი)
აიათოლა ალი ხამენეი (არქივი)

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ იანვრის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები „გადატრიალებას“ შეადარა და გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარების თავმოყრის შემდეგ ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს.

ირანის ხელისუფლების სასტიკ რეაგირებას საპროტესტო გამოსვლების მიმართ მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარა, რომ ირანს შეუტევს, რისთვისაც რეგიონში ავიამზიდების ჯგუფი გაგზავნა.

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და ირანელებს უთხრა, რომ „არ უნდა შეეშინდეთ“ ტრამპის სიტყვებისა.

ირანში დემონსტრაციები თავდაპირველად ეკონომიკური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ გადაიზარდა მასობრივ ანტისამთავრობო მოძრაობაში, რომელსაც ქვეყნის ლიდერები შეერთებული შტატებისა და ისრაელის წაქეზებით გამოწვეულ „არეულობად“ მოიხსენიებენ.

ამბოხებულები “თავს დაესხნენ პოლიციას, სამთავრობო ცენტრებს, IRGC-ის ცენტრებს, ბანკებსა და მეჩეთებს და ყურანი დაწვეს... ეს გადატრიალებას ჰგავდა“, - თქვა ხამენეიმ. „გადატრიალება ჩაახშეს,“ დასძინა აიათოლამ.

თეირანმა აღიარა საპროტესტო აქციების დროს 3000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა, თუმცა ამტკიცებს, რომ მათი უმეტესობა უსაფრთხოების ძალების წევრები და უდანაშაულო გამვლელები იყვნენ, და მომხდარს „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს.

უფლებადამცველი ჯგუფები და არაერთი ქვეყნის მთავრობა ირანს და მის შეიარაღებულ გაერთიანებას, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) სდებენ ბრალს დემონსტრაციების დარბევაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.

ევროკავშირმა IRGC-ი ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხა 29 იანვარს.

ირანელმა კანონმდებლებმა საპასუხო ნაბიჯი გადადგეს. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაქერ ყალიბაფმა, 1 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ თეირანი ევროპული ქვეყნების არმიებს „ტერორისტულ ჯგუფებად“ მიიჩნევს.

თეირანში 1 თებერვალს გაიმართა სხდომა, რომელიც მიეძღვნა აიათოლა რუჰოლა ხომეინის ემიგრაციიდან დაბრუნების 47-ე წლისთავს, რომელსაც 1979 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის დაარსება უკავშირდება.

ირანი და შეერთებული შტატები ერთმანეთს აფრთხილებენ და ემუქრებიან პოტენციური სამხედრო მოქმედებების შესახებ, მაშინაც კი, როდესაც მათი ლიდერები, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებისთვის კარს ღიად ტოვებენ.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანიმ, 31 იანვარს განაცხადა: „მედიის მიერ შექმნილი ომის აჟიოტაჟის საწინააღმდეგოდ, მოლაპარაკებების სტრუქტურული მოწყობა მიმდინარეობს“.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა ადრინდელი მუქარის უკან წაღების გარეშე და დასძინა, რომ „ვნახოთ, რა მოხდება“.
Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ „ისინი ჩვენთან საუბრობენ - სერიოზულად საუბრობენ“. ამ ეტაპზე, უცნობია, რა ფორმატითა და რა პირობებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანი თავის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე შეთანხმებას ისურვებს იმის ნაცვლად, რომ სამხედრო მოქმედებების სამიზნე გახდეს.

ამასობაში, თეირანმა განაცხადა, რომ მზადაა ბირთვულ მოლაპარაკებებისთვის, თუ მისი სარაკეტო და თავდაცვითი შესაძლებლობები დღის წესრიგში არ იქნება.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა შაბათს განაცხადა, რომ „ომი არც ირანის, არც შეერთებული შტატების და არც რეგიონის ინტერესებში არ იქნება“, ეგვიპტელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, მისი ოფისის ცნობით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG