ასკარ აკაევი ყირგიზეთში დააბრუნეს. ვინ იქნება შემდეგი?   

"მე ძალიან მადლიერი ვარ ქვეყნის ხელმძღვანელობის, პრეზიდენტ სადირ ნურგოჟოევიჩისა (ჟაპაროვი) იმისთვის, რომ ნება დამრთო ჩამოვსულიყავი ყირგიზეთში, ჩემს სამშობლოში. ჩამოვედი, რათა ვითანამშრომლო გამოძიებასთან...“ - განუცხადა ასკარ აკაევმა ჟურნალისტებს.

რუსეთში 16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ყირგიზეთის პირველი პრეზიდენტის, ასკარ აკაევის, 2 აგვისტოს სამშობლოში მოულოდნელ დაბრუნებაზე კიდევ უფრო მოულოდნელი ის კომენტარი აღმოჩნდა, რომელიც 75 წლის პოლიტიკოსმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მადლობებად დაღვრილმა“ აკაევმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის „კუმტორის“ საქმეზე ჩვენების მისაცემად თავისი ნებით ჩამოვიდა, თავს მიიჩნევს მოწმედ და არა ბრალდებულად, ყირგიზეთში ერთი კვირით აპირებს დარჩენას და შემდეგ უკან, მოსკოვში, გაემგზავრება.

„მე ძალიან მადლიერი ვარ ქვეყნის ხელმძღვანელობის, პრეზიდენტ სადირ ნურგოჟოევიჩისა (ჟაპაროვი) იმისთვის, რომ ნება დამრთო ჩამოვსულიყავი ყირგიზეთში, ჩემს სამშობლოში. ჩამოვედი, რათა ვითანამშრომლო გამოძიებასთან. თქვენ იცით, რომ მე სასამართლოში მიჩივლეს „კუმტორის“ პროექტის თაობაზე. „კუმტორი“ ჩემ დროს აშენდა. მზად ვარ გულწრფელად, ღიად და მკაფიოდ მოვყვე, თუ როგორ აშენდა, რისთვის აშენდა და რა შეცდომები იქნა დაშვებული. ამგვარად, მე ვემოწმები გამოძიებას, დღეს იყო პირველი დაკითხვა. ასევე მადლიერი ვარ ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისა, რომელმაც მე კარგად მიმიღო. დაკითხვა გრძელდება. უფრო ადრე სახელმწიფო რეზიდენციაში შევხვდი ქვეყნის პრეზიდენტს, მადლობა მასაც პირადად გადავუხადე. მეტს ვერაფერს გეტყვით, დანარჩენ ინფორმაციას იურისტისგან შეიტყობთ“, - განუცხადა ასკარ აკაევმა ჟურნალისტებს.

ასკარ აკაევის ჩასვლის შემდეგ მოვლენათა ასეთ განვითარებას ყირგიზეთში არავინ ელოდა იმ ფონზე, როდესაც ოქროს საბადოს კომპანია „კუმტორის“ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე არიან მიცემული ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები, მმართველი პარტიის დეპუტატები და სხვა მაღალჩინოსნები.

„კუმტორის“ საქმის მაღალჩინოსანი ფიგურანტები

4 ივნისს ქალაქ ბიშკეკის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ომურბეკ ბაბანოვს, რომელიც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 31 მაისს დააკავეს. იგი პროექტ „კუმტორის“ რეალიზებასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებაშია ეჭვმიტანილი. ომურბეკ ბაბანოვი 2011-2012 წლებში იყო ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი.

ასევე ნახეთ ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურის ცნობით, 3 აგვისტოს ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა „კუმტორის“ საქმეზე დააკავეს ქვეყნის კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტემირ სარიევი. გამოძიების თანახმად, სარიევმა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა და სათავეში ედგა „კუმტორის“ საბადოს სახელმწიფო კომისიას, რამდენიმე მილიარდი სომით შეამცირა საბადოს მიერ ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი, რითაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

და ამ ფონზე, ყირგიზეთში როგორც საპატიო სტუმარს, ისე იღებენ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ასკარ აკაევს, რომელზეც, ისევე როგორც კიდევ ერთ დევნილ ყოფილ პრეზიდენტზე, ყურმანბეკ ბაკიევზე, უშიშროების კომიტეტმა ძებნა 8 ივლისს გამოაცხადა, პროექტ "კუმტორის" განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

„ასკარ აკაევის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ „კუმტორი“, ქვეყნის ყველაზე დიდი ოქროს საბადო, ყირგიზეთის ხელისუფლებამ ჩამოართვა კანადელ ინვესტორებს, და ამჟამად ყირგიზეთი თავად აწარმოებს სამუშაოებს ამ საბადოზე, რომელიც ყველაზე დიდია ცენტრალურ აზიაში. ეს იყო ძალიან დიდი საერთაშორისო სკანდალი. მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება. ხელისუფლება აცხადებს, რომ თავიდან იქ იყო ძალიან დიდი კორუფცია. ყველა ხელშეკრულებას ხელი მოეწერა აკაევის პრეზიდენტობის დროს და აკაევის მიმართ ყირგიზეთის ხელისუფლებას და მოსახლეობას აქვს ბევრი შეკითხვა. პირველ ყოვლისა, როგორ მოხდა, რომ ყველაზე დიდმა ოქროს საბადომ, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ოქროში უნდა ჩაესვა მთელი ქვეყანა და ხალხი, ემსახურება გაურკვეველ კანადურ კომპანიას და უცხოელ ინვესტორს“, - ამბობს ვენერა ჯუმათაევა, რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის დირექტორი.

ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტის მიერ დაწყებული გამოძიებით ყირგიზეთის მთავრობა აპირებს „კუმტორის“ საქმეზე საერთაშორისო სასამართლოში აჩვენოს, რომ კანადური კომპანია Centerra Gold Inc. ქვეყნის ყოფილ მმართველებს მოისყიდდა.

„1992-1994 წლებში კანადურ კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმებით ასკარ აკაევმა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა. მოგვიანებით ანალოგიური შეთანხმებები გააფორმა ყურმანბეკ ბაკიევმა. გამოძიება მუშაობს საქმესთან კიდევ ორი ყოფილი პრეზიდენტის - ალმაზბეკ ატამბაევისა და სოორონბაი ჟეენბეკოვის - შესაძლო კავშირის დადგენაზე“, - განაცხადა 8 ივლისს ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ქამჩიბეკ ტაშიევმა.

ეს სწორედ ის ქამჩიბეკ ტაშიევია, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, სამშობლოში მოულოდნელად დაბრუნებულმა ასკარ აკაევმა მადლობა გადაუხადა „კარგი მიღებისთვის“.

რუსეთი და ბელარუსი - ძებნილ ყირგიზ პრეზიდენტთა თავშესაფარი

რა არის ეს - ჩვეული აღმოსავლური დიპლომატია, თუ აკაევს მართლაც აქვს იმის გარანტია, რომ სასამართლოსთან თანამშრომლობა მაქსიმუმ ერთ კვირას გასტანს და ამის შემდეგ იგი უკან, რუსეთში, მშვიდად გაემგზავრება?

ყირგიზეთში აინტერესებთ ისიც, თუ რა დოზით დგას ამ ყველაფრის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელმაც 16 წლის წინ, გადატრიალების შემდეგ, თავისთან შეიფარა აკაევი, მისცა სამუშაო ადგილი და „მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის“ წოდებაც მიანიჭა.

ასევე ნახეთ პატრიარქ კირილესა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს „ვერ მიართვეს“ პროფესორის წოდება

„რუსეთი ძალიან დიდ პროექტებს ახორციელებს ყირგიზეთში გაზისა და ენერგეტიკის სექტორში აქაურ საბადოებზე წიაღისეულის მოსაპოვებლად. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური მოქნილობა გამოიჩინოს ყირგიზეთთან ურთიერთობაში. აშკარაა, რომ იყო მოლაპარაკება რუსეთისა და ყირგიზეთის ხელისუფლებებს შორის და რუსეთმა მიიღო გარკვეული გარანტიები ბიშკეკისგან, რომ აკაევს არ დააპატიმრებენ და დააბრუნებენ რუსეთში, მოსკოვი კი, თავის მხრივ, შეეცადა აემაღლებინა რეიტინგი პრეზიდენტ სადირ ჯაპაროვისა და მისი მარჯვენა ხელის, ქამჩიბეკ ტაშიევისთვის“, - ამბობს ვენერა ჯუმათაევა.

უზბეკეთში მოელიან, რომ აკაევის ჩამოსვლის შემდეგ დადგება კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის, ჯერიც, რომელიც, პირველი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ბელარუსში იმყოფება.

მაგრამ ძნელი სათქმელია, რომ ბაკიევის ექსტრადიციის თაობაზე ბიშკეკმა საერთო ენა გამონახოს ბელარუსის ავტოკრატ ლიდერთან, ალიაქსანდ ლუკაშენკასთან, რომელმაც თავისთან შეიფარა 2010 წელს ყირგიზეთის „ტიტების რევოლუციის“ შედეგად ჩამოგდებული პრეზიდენტი ბაკიევი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, დანიარ უსენოვი.

ასევე ნახეთ ყირგიზეთი ახსნა-განმარტებას ითხოვს ძებნილ პრემიერ-მინისტრთან ერთად ლუკაშენკას „გამოჩენისთვის“

ყურმანბეკ ბაკიევის ადგილსამყოფელი მინსკში უცნობია. ამ ხნის განმავლობაში იგი არასოდეს გამოჩენილა პრესის წინაშე. რაც შეეხება ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ძებნილ დანიარ უსენოვს, მისი ფოტო ორჯერ გამოკრთა ბელარუსის მედიაში. ბოლოს ეს იყო 2020 წლის 10 აგვისტოს, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, როდესაც კომისიის მიერ პრეზიდენტად გამოცხადებულმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ ეროვნული ბიოტექნოლოგიური კორპორაცია მოინახულა.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ ბიშკეკში ბელარუსის საელჩოს თანამშრომელს საპროტესტო ნოტა გადაეცა და მას მოსთხოვეს უსენოვის „დაკავებისა და ექსტრადიციისთვის საჭირო დაჩქარებულ ზომებს მიმართონ“.

მაგრამ ამ განცხადებას ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია.

2010 წლის აპრილის სისხლიანი მოვლენებისას ბრძანების გაცემისთვის ყირგიზეთის სასამართლომ 2014 წელს ყურმანბეკ ბაკიევს, დანაირ უსენოვსა და 24 სხვა პირს დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.

11 წლის წინ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ასამდე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა საბრძოლო ტყვიები დაუშინეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს.

თავის დროზე მინსკმა ბიშკეკს უარი უთხრა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის, გადაცემაზე და ამ თემას მხარეები საჯაროდ შემდეგ აღარ დაბრუნებიან.