ბაქოს დახურული მოლაპარაკებები: ომის დასრულების მცდელობა თუ კრემლის გავლენის ოპერაცია?

ბაქოში გამართული შეხვედრის მონაწილეები

ბაქოში გამართულმა საიდუმლო შეხვედრამ, რომელშიც გერმანიის ყოფილი პოლიტიკოსები და რუსეთის გავლენიანი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ევროპაში კითხვები გააჩინა. იყო თუ არა ეს ომის დასრულების მცდელობა, თუ კრემლის მორიგი გავლენის ოპერაცია დასავლეთზე?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადასტურა გერმანული მედიის - Zeit-ისა და ARD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 12-14 ივლისს ბაქოში ერთმანეთს შეხვდნენ გერმანელი ყოფილი პოლიტიკოსები და რუსეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს. გერმანული მედიის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო თემა უკრაინაში ომის დასრულება იყო.

კანცლერ ფრიდრიხ მერცს, რომელიც სწორედ იმ დროს ალიევს მასპინძლობდა (21 ივლისი), ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ასეთ დახურულ კონტაქტებს სასარგებლოდ, თუ, პირიქით, ეს ევროკავშირისა და განსაკუთრებით გერმანიის სისუსტის გამოვლინებაა. გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ბაქოში გამართული შეხვედრის შესახებ „არანაირი ინფორმაცია“ არ აქვს და დასძინა, რომ პუტინის დარწმუნებას (უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე) არაერთი ადამიანი ცდილობდა, თუმცა ის „კვლავაც უარს ამბობს“.

ილჰამ ალიევმა კი განაცხადა, რომ შეხვედრა აზერბაიჯანის ოფიციალური ხელისუფლების ჩართულობის გარეშე გაიმართა.

„უბრალოდ, ჩვენი ტერიტორია გამოიყენეს ისე, რომ ჩვენთვის არ უცნობებიათ. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან შეხვედრას არ ვესწრებოდით. თუმცა, თუ ამ შეხვედრის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების ხელშეწყობა იყო, ამას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევი დ ფრიდრიხ მერცი (მარჯვნივ)

ასევე ნახეთ

ბზარები კრემლის კედელში - რამდენად ახლოსაა პუტინის რეჟიმი კრიზისთან?

Die Zeit-ის ინფორმაციით, ბაქოში იმყოფებოდნენ: ანგელა მერკელის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ყოფილი გენერალური მდივანი რონალდ პოფალა; ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატიას პლატცეკი, რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ყოფილი ლიდერიც იყო.

რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ვიქტორ ზუბკოვი - „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, სენატორი და რუსეთის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც კანადისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის დირექტორი ალექსეი გრომიკო, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი გრომიკოს შვილიშვილი; რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ფადეევი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ პუტინის მმართველობის დროს რუსეთში პოლიტიკური რეპრესიები არ ყოფილა და, რომ ფსბ-ს შენობის წინ დადგმული რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი, სოლოვეცკის ქვა უნდა აეღოთ.

რა განიხილეს შეხვედრის მონაწილეებმა, უცნობია. Die Zeit ვარაუდობს, რომ საუბარი შესაძლოა შეეხებოდა რუსულ-გერმანული ფორუმის - „პეტერბურგის დიალოგის“ აღდგენას (ამ ფორუმს თავის დროზე ვიქტორ ზუბკოვი და რონალდ პოფალა ხელმძღვანელობდნენ), ასევე რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. The Moscow Times-იც ადასტურებს, რომ პოფალასა და ზუბკოვს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ: ისინი 2001 წელს რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის, პატრონაჟით შექმნილი „პეტერბურგის დიალოგის“ თანათავმჯდომარეები იყვნენ.

ვლადიმირ პუტინმა ადრე სწორედ გერჰარდ შრიოდერი შესთავაზა ევროკავშირსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე შესაძლო შუამავლის როლისთვის.

გერჰარდ შრიოდერი (მარცხნივ) და ვლადმირ პუტინი, 2018 წ.

ასევე ნახეთ

"მოსკოვის მიზანი არა დე იურე, არამედ დე ფაქტო ანექსიაა” - ჰელგე ბლაკისრუდი კრემლის სტრატეგიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

Zeit/ARD-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გერმანული და რუსული ელიტების მსგავსი კონტაქტები ბაქოში უკვე მესამე წელია იმართება. ბუნდესტაგის მოქმედმა დეპუტატმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა როდერიხ კიზევეტერმა (CDU) რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ("რადიო აზატიკი") განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, გერმანიის მთავრობა ამ შეხვედრების შესახებ ინფორმირებული იყო.

„მთავრობისთვის რთული არ იქნებოდა ამ შეხვედრების შეწყვეტა ან მათი ცალსახად დაგმობა. რადგან ფედერალური მთავრობა ამას არ აკეთებს, ვფიქრობ, რომ ის ამ ფარულ დიპლომატიას იწონებს და მის შესახებ ინფორმირებულია“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, შეხვედრებს ორი მთავარი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: „ერთი მხრივ, შესაძლოა მიზანი იყოს გერმანულ-რუსული საქმიანი ურთიერთობების, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, აღდგენა ან გაძლიერება. მეორე მხრივ კი, რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს გერმანიის პოლიტიკაზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და მიაღწიოს უკრაინის პოლიტიკური გზით დამორჩილებას, რადგან სამხედრო გზით წარმატებას ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ მოსკოვი ცდილობს, ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეასუსტოს.“

Zeit/ARD-ის ინფორმაციით, გერმანიის სპეცსამსახურებიც ბაქოში გამართულ შეხვედრებს რუსეთის გავლენის ოპერაციად განიხილავენ. გერმანული მედიის ცნობით, მოსკოვი ცდილობს გერმანელი თანამოსაუბრეები დაარწმუნოს, რომ უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ რუსეთის პირობებით არის შესაძლებელი, ხოლო კონფლიქტის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში უნდა დადგეს რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების „ნორმალიზების“ საკითხიც.

ვიქტორ ზუბკოვი აღლუმზე მოსკოვში, 2022 წლის 9 მაისს

ასევე ნახეთ

ჰანოვერის სასახლიდან ავდიივკაში - როგორ აღმოჩნდა „გერმანელი ულტრამემარჯვენე“ ჩეჩნეთიდან უკრაინის ომში

გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობს, თანმიმდევრულად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში და სამხედრო დახმარებასაც უწევს. ამასთან, მრავალი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი გერმანიის წინა ხელისუფლებას, მათ შორის კანცლერ ანგელა მერკელს, რომლის ახლო თანამოაზრეც რონალდ პოფალაა, აკრიტიკებდა იმის გამო, რომ პუტინის მიმართ ზედმეტად რბილ პოლიტიკას ატარებდა - იმ დროსაც კი, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში კონფლიქტი გააჩაღა.

ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) დეპუტატი როდერიხ კიზევეტერი აცხადებს, რომ რუსეთი მისთვის დაწესებული სანქციების შესუსტებას და უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს. გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, არ არის გამორიცხული, მოსკოვი ახლაც ცდილობდეს გერმანიის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას „ენერგეტიკული სტიმულების“ მეშვეობით.

„სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, როგორც ჩანს, რუსული გავლენა ხშირად აღწევს წარმატებას, რასაც გერმანიის უსაზღვრო გულუბრყვილობა წარსულშიც არაერთხელ ადასტურებდა,“ - აღნიშნა მან.

გერმანიის ბუნდესტაგის კიდევ ერთმა დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან (CDU), კნუტ აბრაამმა ბაქოში გამართულ შეხვედრას „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პოლიტიკოსები პლატცეკი და პოფალა ბაქოში სანქცირებულ რუს პროპაგანდისტებს ხვდებიან. თუმცა, ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ისინი გერმანიის მთავრობას არ წარმოადგენენ,“ - უთხრა კნუტ აბრაამმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს.

რონალდ პოფალა

იმაზე, რომ გერმანულ დელეგაციას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად ოფიციალური მანდატი არ ჰქონდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მიუთითეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიჰი ბაქოში გამართული საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ასე გამოეხმაურა:

„რაღაც ადამიანები, რომელთა სახელებიც უკვე თითქმის აღარავის ახსოვს, ერთმანეთს ხვდებიან და რაღაცებზე საუბრობენ. უკრაინულ მხარეს არც ერთი მათგანისთვის არანაირი უფლებამოსილება არ მიუცია.“

მისი შეფასებით, მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის რეალური მშვიდობიანი დარეგულირების თვალსაზრისით „ნულთან ძალიან ახლოსაა“.

ბაქოში გამართული შეხვედრის კომენტირებისგან თავი შეიკავა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ასევე ნახეთ

როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიას

აზერბაიჯანის ყოფილმა დიპლომატმა ნახოდ ჯაფაროვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევმა ბაქოში შეხვედრის ფაქტის დადასტურებით, დასავლეთს აჩვენა აზერბაიჯანისა და საკუთარი პოზიციების სიძლიერე.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: შეხედეთ, რამდენად მნიშვნელოვან სახელმწიფოდ ვაქციე აზერბაიჯანი - სწორედ აქ იმართება მნიშვნელოვანი დისკუსიები იმ ომის დარეგულირების შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოს აინტერესებს,“ - აღნიშნა ნახოდ ჯაფაროვმა.

ასევე ნახეთ

რა არის რუსეთის არმიის აქილევსის ქუსლი? - ინტერვიუ უკრაინის არმიის გენერალ მიკოლა მალომუჟთან