სუსმა ახალაიას ეს განცხადება ჩაუთვალა მოწოდებად - საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. მას 27 მარტს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა და ახალაიამ ამ სხდომაზეც ბევრი ილაპარაკა „ხელისუფლების დამხობის“ საჭიროების შესახებ. თუმცა კვლავ თვლის, რომ ეს არა მოწოდება, არამედ მისი პოზიციის გამოხატვაა და საერთოდ არაფერს ეუბნება მათ, ვინც საქართველოში დიქტატურის არსებობას ვერ ხედავს.
ასევე ნახეთ
სასამართლოში გაკეთებული განცხადების საფუძველზე ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინეს“ხელისუფლების დამხობა ერთადერთ გზად მიმაჩნია ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსასვლელად… მე ვთქვი, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს… სხვა საკითხია, ვინ თვლის, რომ დიქტატურა არის და ვინ - არა. თუ ვთვლით, რომ ვცხოვრობთ დიქტატურაში, გვაქვს უფლება ამ დიქტატურის დამხობის“, - განაცხადა ახალაიამ 4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.
ახალაია ცდილობდა დაწვრილებით განემარტა, რომ ადამიანის ბუნებრივი უფლება, და ვალდებულებაც კი, არის - დაასწროს სროლა მას, ვინც დახვრეტას უპირებს და რომ ბიძინა ივანიშვილი ადამიანების „ქვეცნობიერს ეუბნება - მე თქვენ გესვრით, თუ არ გაჩერდებით“.
„თუ კარგად დავაკვირდებით, სად ვცხოვრობთ, საზოგადოება მიხვდება, რომ ვცხოვრობთ აბსურდში, სადაც ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ… „ფეისბუკის“ სტატუსის გამო შეიძლება ადამიანები დააკავონ; თუ საზოგადოება კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ ამ ყველაფრის არჩევნების გზით შეცვლა არ შეუძლია… თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება ადამიანის ნებაზე ძალადობს, ერთადერთი გამოსავალი დამხობაა”, - ახალაიამ ისიც თქვა, რომ საბოლოოდ - “ქართველი ხალხის მიერ დამხობილი იქნება ივანიშვილის ხელისუფლება და ამას მოჰყვება ამ რეჟიმის გასამართლება”.
ახალაიამ რამდენჯერმე გაიმეორა - რომ არ იცის და ვერ ხვდება - რატომ უნდა ჩათვალოს თავი დამნაშავედ ნათქვამი სიტყვების გამო, როცა არავის არაფრისკენ მოუწოდებს.
„თქვენ გადაწყვიტეთ - მოწოდებაა თუ ჩემი მოსაზრებაა... კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ - არის თუ არა ეს დანაშაული“, - მიმართავს ის მოსამართლე ტყეშელაშვილს.
სიტყვები, რომელთა გამოც ბაჩო ახალაიას 317-ე მუხლით ასამართლებენ - 2026 წლის 16 თებერვალს, მისი სხვა საქმის განხილვისას, სასამართლოს დახურულ სხდომაზე წარმოთქვა.
საქმე, რომლის გამოც დააკავეს - აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ახალაიას 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის მთავარ ორგანიზატორობასა და ხელმძღვანელობას სდებენ ბრალად. დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. “4 ოქტომბრის საქმეზე” ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს.
- სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლში ლაპარაკია "საქვეყნოდ მოწოდებაზე" - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- ასევე - ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელებაზე;
- აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდებაზე.
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი და ამავდროულად მისი ერთ-ერთი ადვოკატი
“სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების” საქმეში ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი - ანი ნადარეიშვილია - მისი ცოლი. სხდომაზე მან თქვა, რომ ამ საქმეში დანაშაული არ იკვეთება და „სადაც არ არის დანაშაული, იქ არ არის დამნაშავე“.
„ეს არის პოლიტიკური შეხედულების კრიმინალიზაციის მცდელობა“ - განაცხადა სხდომაზე ნადარეიშვილმა, ხოლო როგორც სხდომის შემდეგ განმარტა, დაცვის მხარეს ამ საქმეში არ ეყოლება მოწმეები, რადგან - „სრული აბსურდი საქმეა“ და მით უმეტეს - არავინ უარყოფს, სიტყვებს, რომლებიც ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე წარმოთქვა.
„უსაქმურები მეტს ვერაფერს აკეთებენ და არიან მხოლოდ და მხოლოდ დაკავებული ფეისბუკების სქროლვით, სქრინვით და ასე შემდეგ. შესაბამისად, [მოწმეებად] ეს ადამიანები იქნებიან დაკითხულები და ამიტომ შესაძლებელია ჩვენ ისინი ჩავხსნათ, რადგან არანაირი კითხვები მათთან არ გვაქვს. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ვიმოქმედებთ და მოვახსენებთ სასამართლოსაც, რას გადავწყვეტთ“, - თქვა ადვოკატმა ანი ნადარეიშვილმა, სხდომის შემდეგ.
ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ბაჩო ახალაიას დამნაშავედ ცნობს, რადგან მტკიცებულებები, მათი შეფასებით - „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ აკმაყოფილებს. მტკიცებულებებს შორის არის: 21 მოწმის ჩვენებები და „წარმოდგენილია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები“. პროკურორმა განაცხადა, რომ - მოწმეების დასაკითხად დაახლოებით 4 სხდომა იქნება საჭირო.
ბაჩო ახალაიამ 4 ივნისს გაიხსენა, რომ როდესაც, თებერვალში, დახურულ სხდომაზე დამხობის შესახებ ლაპარაკობდა, მას მოსამართლე და ორი პროკურორი უსმენდნენ - მაგრამ როდესაც “ეს პროცესი დამთავრდა, ვიღაცამ სუსში მიაგნო და აღმოაჩინა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო” და ბრალიც ამის შემდეგ წაუყენეს.
“დამხობის მოწოდების” ბრალდებით ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის 9 მარტს გავრცელდა, როდესაც ამის შესახებ მედიას ინფორმაცია სუსში მიაწოდეს.
სხდომის ჩანაწერი გასაჯაროებულია.
„თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“, - ამბობს ახალაია სასამართლო სხდომის გასაჯაროებულ ჩანაწერში.
4 ივნისს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა "დამხობის მოწოდების" საქმეზე 5 სხდომის წინასწარი განრიგი გაწერა და თქვა, რომ - ამ საქმეს ხანგრძლივი განხილვა და მსჯელობა არ ესაჭიროება. განრიგის მიხედვით, შემდეგი სხდომა - 9 ივნისს დაინიშნა, ხოლო ბოლო სხდომა 6 ივლისს უწევს - რის შემდეგაც განაჩენი გამოცხადდება.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ხანგრძლივი პატიმრობა უკვე მოხდილი აქვს. ის თავდაპირველად დააკავეს 2012 წლის 6 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში და დამნაშავედ ცნეს რამდენიმე საქმის ფარგლებში:
- 2006 წლის ციხის ბუნტის საქმე მიესაჯა 3 წელი და 9 თვე;
- ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა;
- სერგო თეთრაძის წამების საქმეზე და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
9.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან ის 2022 წლის 1 მარტს გამოვიდა.