გაქცევა ბელარუსიდან: იულიას და ალჰერდის ამბავი

იულია ტიმოფეევას და ალჰერდ ბახარევიჩს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე შევხვდი. ბელარუსი მწერლები ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ავსტრიის ქალაქ გრაციდან ჩამოვიდნენ, სადაც ისინი ცხოვრობენ მას მერე, რაც 2020 წლის შემოდგომაზე მინსკიდან გაიქცნენ. ცოლ-ქმარი ბელარუსის მასობრივი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო და გაყალბებულ არჩევნებსა და ლუკაშენკას დიქტატურულ რეჟიმს აპროტესტებდა, რის გამოც მათი ბელარუსში დარჩენა დღითი დღე სახიფათო ხდებოდა. დღემდე ციხეშია იულიას მუსიკოსი ძმა და რძალი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მათ ვიქტორ ცოის სიმღერა „ცვლილება" შეასრულეს და ვიდეოზე ჩაწერეს.

Your browser doesn’t support HTML5

გაქცევა ბელარუსიდან

იულია ტიმოფეევას და ალჰერდ ბახარევიჩს ლიტერატურულ წრეებში უკვე კარგად იცნობენ, ისინი იყენებენ ყველა პლატფორმას არა მხოლოდ საკუთარი წიგნების, პოეზიის და პროზის წარსადგენად, არამედ მათ სამშობლოში არსებული ვითარების მსოფლიოსთვის გასაცნობადაც. მათ არ იციან როდის დაუბრუნდებიან ბელარუსს, სადაც თავისუფალ ცხოვრებას შეძლებენ. დღეს, ეს ქვეყანა, როგორც ალჰერდი გვეუბნება, ახალი ფაშისტური სახელმწიფოა ევროპაში, რაც საშიშია არა მხოლოდ ბელარუსისთვის, არამედ ევროპისთვისაც, სადაც, მწერლის სიტყვებით, მეორე მსოფლიო იმის შემდეგ, 21 საუკუნეში. პირველად გაჩნდა თანამედროვე ფაშისტური რეჟიმი.

დევნილი მწერლები სწორედ ამაზე ლაპარაკობენ ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც მწერალთა სახლში, მათი თბილისიდან გამგზავრების წინადღეს ჩავწერეთ.

იულია ტიმოფეევას მიერ გადაღებული ფოტო მინსკში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2020 წელს.

იულია, ალჰერდ, 2020 წლის შემდეგ თქვენ აღარ ყოფილხართ ბელარუსში, თქვენს სამშობლოში, რომლის დატოვებაც იძულებით მოგიწიათ, რატომ გადაწყვიტეთ წასვლა თქვენი ქვეყნიდან, რა გახდა გადამწყვეტი მიზეზი საიმისოდ, რომ ავსტრიაში გადახვეწილიყავით?

ალჰერდი: 2020 წლის 9 აგვისტოს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რასაც ბელარუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მე და იულიაც ვიდექით ქუჩაში და ვმონაწილეობდით ამ პროტესტში, მივყვებოდით მრავალათასიან კოლონას მინსკის ცენტრში. აგვისტოსა და სექტემბერშიც დიდი აღმაფრენა იყო ხალხში და იმედი, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ შემოდგომაზე ნათელი გახდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასტიკად დასრულდებოდა და რომ მართლაც ძალიან საშიში იყო ამ მასობრივ პროტესტში მონაწილეებისათვის. პრინციპში, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, წავსულიყავით ქვეყნიდან, სანამ არ იქნებოდა გვიან. ამ დროისთვის უკვე ჩვენი ბევრი მეგობარი და კოლეგა იყო დაპატიმრებული. მე დიდი ხნის კონტაქტი მქონდა ქალაქ გრაცთან და სწორედ იმ მომენტში, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს, იქ შემოგვთავაზეს სამწერლო რეზიდენცია. ასე წავედით მე და იულია ავსტრიაში, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა კი დაგვანახა, რომ ეს დროული გადაწყვეტილება იყო, რადგან ზამთარში უკვე წასვლა გაცილებით გართულდა, დარჩენა იყო უფრო საშიში და არც კი ვიცი, მინსკში რომ დავრჩენილიყავით, რომ დაგვეგვიანა, მოვახერხებდით თუ არა საერთოდ წასვლას.

იულია ტიმოფეევა

პოეტი და მთარგმნელია, სამი პოეტური კრებულის ავტორი. მისი ბოლო კრებული “პირი“ მინსკში 2020 წლის არჩევნების ფალსიფიკაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიცა. იულიას ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე, პოეტური კრებულები გამოცემულია პოლონეთსა და გერმანიაში. თავის მეუღლესთან, ალჰერდ ბახარევიჩთან ერთად მონაწილეობდა მინსკის 2020 წლის მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებში. ეს ყველაფერი აღწერა დღიურის ფორმით აღწერილი იმ დღეების ქრონიკები გამოიცა შვედეთში სახელწოდებით „დღეები ბელარუსში“ (გამომცემლობა Norstedts, 2020) და გერმანიაში სახელწოდებით „მინსკი. დღიური“ (გამომცემლობა edition.fotoTAPETA, 2021).

იულია: ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა. როცა უსაფრთხო ადგილას აღმოვჩნდით, სადაც აღარ ვფიქრობდით, რომ დილის შვიდ საათზე დაგვადგებოდნენ და კარს შემოგვიმტვრევდნენ, მივხვდით, რომ ჩვენი ხმა უნდა გამოგვეყენებინა და გველაპარაკა იმაზე, რაც ხდებოდა ბელარუსში. ამაზე ვწერდით, ვაძლევდით ინტერვიუებს, წიგნებს გამოვცემდით. ჩემი წიგნიც, რომელიც ინგლისურად დავწერე, „მინსკის დღიური“, აღწერს ჩვენს გამოცდილებას პროტესტზე. ვწერდი იმაზე, როგორც ვცხოვრობდით, როგორ გავრბოდით, ვტიროდით, კატას ვაჭმევდით, სუპს ვამზადებდით და ა.შ. ანუ მე მინდოდა მეჩვენებინა, განსაკუთრებით დასავლური საზოგადოებისთვის, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ხალხი ვართ. მინდოდა მათთვის ემოციურად მომეთხრო ყოველდღიურ ცხოვრებაზე პროტესტით მოცულ მინსკში.

რას დაარქმევდით იმას, რაც დღეს ბელარუსში ხდება? და დღეს როგორ ცხოვრობენ იქ მწერლები, სამოქალაქო აქტივისტები, ის ხალხი, ვისაც პროტესტის გამოხატვის სურვილი და ძალა კიდევ შერჩა? საერთოდ შესაძლებელია დღეს იქ პროტესტის ღიად გამოხატვა ისე, რომ არ დაგიჭირონ?

იულია: თქვენ ახლა ამის ერთი სიტყვით აღწერას გვთხოვთ. მაგრამ იცით, გუშინ, თბილისში, ლიტერატურულ ფესტივალზე მოსულები იყვნენ საქართველოში მცხოვრები ბელარუსები, ცხადია, ვლაპარაკობდით დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და ვერ ვპოულობდით სიტყვებს: ჩვენ ვამბობდით: „რაც ჩვენ დაგვემართა“, „რაც ხდება“... ანუ ეს იმდენად მტკივნეულია, რომ სიტყვებს მართლა ვერ ვპოულობთ. რაღაც ევფემიზმებით ვცდილობთ ლაპარაკს. სინამდვილეში კი, საშინელება ხდება. ვხსნი „ტელეგრამს“ და ვკითხულობ, ეს დაიჭირეს, ის 17 წლის ბიჭი ისევ კარცერში ჩასვეს, არავინ იცის რატომ. ჩემი ძმა, მისი ცოლი, მათი მეგობრები, მუსიკოსები, 2021 წლის აგვისტოს მერე არიან ციხეში და მათ აბრალებენ მასობრივი პროტესტის ორგანიზატორობას. ისინი უბრალოდ უკრავდნენ და მღეროდნენ ვიქტოს ცოის სიმღერას, „ცვლილება“, რომელიც ვიდეოზე ჩაიწერა და აი, ამ ვიდეოს გამო ისინი დააპატიმრეს ერთი წლის შემდეგ! მათ ახლა 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება. საშინელება ხდება, როცა იჭერენ მამას, დედას, ხოლო ბავშვებს ბავშვთა სახლში აგზავნიან! იჭერენ იმისთვის, რომ ვიღაცამ ფეისბუკზე კომენტარი დაწერა. ამისთვის ოჯახებს ანგრევენ. ხალხი კვდება კოვიდისგან ბელარუსის ციხეებში და კიდევ, რომელი ერთი ვთქვა და როგორ ჩავატიო ორ წუთში, რაც იქ ხდება.

მინსკის დღიური - იულია ტიმოფეევას წიგნი ბელარუსის პროტესტზე

ალჰერდი: თუ მაინც რამე სახელს მოვუძებნით, იქ რაც ხდება, მე ვიტყოდი, რომ ბელარუსი დღეს არის ფაშისტური სახელმწიფო და ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის ხმარების. იქ აკრძალულია ყველანაირი პოლიტიკური, კულტურული, საზოგადოებრივი საქმიანობა. იქ ადამიანებს არ გააჩნიათ გამოხატვის არანაირი შესაძლებლობა, არ შეუძლიათ რამე ჩაატარონ. აი, მაგალითად, ასეთი ლიტერატურული ფესტივალის ჩატარება, როგორიც ახლა თბილისში იმართება, მინსკში უბრალოდ წარმოუდგენელია.

ანუ, ხმამაღლა რომ გამოხატო პროტესტი, ნიშნავს, რომ ხვალ დაგიჭერენ?

ალჰერდი: ხვალ არა, დღესვე.

იულია: და რას ნიშნავს ხმამაღლა, როცა ხალხს იჭერენ მხოლოდ განავლის ემოჯისთვის? ეს ხმამაღალი პროტესტია?

ალჰერდი: გამოხატვაც კი აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ დაგაპატიმრონ. მათ, ვინც უბრალოდ ვინც მონაწილეობდა 2020 წლის აქციებში, წელს აპატიმრებენ.

იულია: ჰო, იმიტომ, რომ მათი სახე რომელიღაც ფოტოზე ამოიცნეს. და მათ იჭერენ პროტესტის ორგანიზებისათვის. არავის აინტერესებს ასე იყო ეს თუ არა. ადამიანი იყოს და მუხლი მოიძებნება, ასე იყო საბჭოთა დროს, სტალინის პერიოდიდან.

მინსკი, კადრი საპროტესტო აქციიდან, რომელსაც იულია ტიმოფეევა და ალჰერდ ბახარევიჩიც ესწრებოდნენ. 2020 წელი. იულია ტიმოფეევას ფოტო

ალჰერდ ბახარევიჩი

ბელარუსი მწერალი, დაიბადა 1975 წელს. არის რამდენიმე რომანის და ესეების კრებულის ავტორი. 2018 წელს დაიბეჭდა მისი რომანი „ევროპის ძაღლები“, რომელიც ბახარევიჩმა თავად თარგმნა რუსულ ენაზე. რომანი რუსული ლიტერატურული პრემია დიდი წიგნის მოკლე სიის ფინალისტი გახდა. 2020 წელს ბელარუსის „თავისუფალმა თეატრმა“ დადგა რომანის სასცენო ადაპტაციით დადგა. მეორე გამოცემა, რომელიც 2012 წელს ლიტვაში დაიბეჭდა, ბელარუსის საბაჟომ საზღვარზე დააკავა. 2021 წლის აპრილიდან წიგნი მასში ექსტრემიზმის გამოვლენის ბრალდებით აკრძალულია ბელარუსის სახელმწიფოს მიერ.

ბახარევიჩს ორჯერ მიღებული აქვს ბელარუსის პრემია წლის წიგნი და ოთხჯერ - ეჟი გედროიცის სახელობის პრემია საუკეთესო ბელარუსული პროზისთვის. ალჰერდი „სვეტლანა ალექსიევიჩის მინსკის ინტელექტუალური კლუბის“ წევრია (2019).

თავის მეუღლესთან, იულია ტიმოფეევასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და დიქტატურის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

თქვენ გუშინ, დისკუსიის დროს, პოლიტიკური შიში ახსენეთ, რომელიც ბელარუსში თაობიდან თაობას გადაეცემაო. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ დაძლია ეს შიში ამდენი ხანი ბელარუსმა ხალხმა?

იულია: ეს ბელარუსებისთვის საკმაოდ რთული კითხვაა. ჩემი ლექსი სწორედ ამ შიშზე დავწერე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა საოჯახო რელიკვიასავით. მაგრამ, შესაძლოა, რომ სწორედ ეს შიში დაეხმარა ბელარუსებს გადარჩენაში. ისიც უნდა გავიაზროთ, საიდან მოდის ეს შიში. შიში ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა რაიმე საფრთხეზე. და ეს შიში გვიცავდა ჩვენ იმ საფრთხისგან, რომელსაც ვერ ვუმკლავდებოდით. თუ ვერ უმკლავდები, ან ურტყამ ან გარბიხარ და ჩვენ გაქცევა ავირჩიეთ. შეიძლება ეს არ არის სწორი და ამის გამო ქართველები ან უკრაინელები განგვსჯიან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა იარაღის აღება. ამ გზით ჩვენ დავემსგავსებით მათ, ვინც ჩვენზე ძალადობს. ჩვენ არ გვინდა სისხლში ხელების გასვრა.

ალჰერდი: ხშირად ამბობენ, რომ ბელარუსის რევოლუცია 2020 წელს დამარცხდა, არ გამოვიდაო. მე ამ აზრის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ასე შეფასება, წაგება-მოგებით ამ საკითხის არ შეიძლება. იმიტომ, რომ ბელარუსში არის ახლა ასეთი ვითარება - შეიარაღებული სამთავრობო ბანდიტების საკმაოდ დიდ ჯგუფს დამორჩილებული ჰყავს მილიონობით ადამიანი. გასაგებია, ხომ, რა შეუძლია ამ ხალხს გააკეთოს შეიარაღებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ხალხს არა აქვს იარაღი. და მე მგონია, რომ ეს შიში გვეხმარება რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურაც, ენაც. ის ხალხიც, ვინც საზღვარგარეთ მიდის, მათაც თან მიაქვთ ბელარუსის თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეა.

იულია: და ისინი ამ ბრძოლას თავისუფლებისათვის უცხოეთშიც აგრძელებენ. როგორც ჩვენ. სხვათა შორის, ბელარუსული დიასპორა არასოდეს ასე ძლიერი და აქტიური არ ყოფილა, როგორც დღესაა. არც ამდენი გაუკეთებია ბელარუსისთვის. ადრე ბელარუსებს ეთაკილებოდათ კიდეც ეთქვათ საიდან ჩამოვიდნენ, რადგან ეს იყო თეთრი ლაქა ევროპის რუკაზე, ახლა მას აქვს რაღაც ფორმა, მედიაში მაინც და მათთვისაც, ვინც ინტერესდება უცხოეთის ამბებით. ამ მხრივ მართლა ბევრი გაკეთდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ წაგვიგია. რაღაც მორალური გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ.

ალჰერდი: 2020 წელსაც რაც მოხდა, სწორედ იმის შედეგი იყო, რაც ბოლო ათ წელში ქვეყანაში ხდებოდა. თუნდაც იდენტობის გასაძლიერებლად, თუნდაც იმისთვის, რომ დემოკრატიული იდეები განვითარებულიყო.

ანუ თქვენი აზრით, ბელარუსის მოვლენები, ჯერ არჩევნები და მას მოყოლილი 2020 წლის აქციები და ის, როგორც დასრულდა ეს პროცესი, იყო არა დასასრული, არამედ მაინც ერთგვარი დასაწყისი ბრძოლის?

იულია: დიახ, მე მგონია, რომ ეს რაღაც კონტრრევოლუციის ფაზას ჰგავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორჩა, უკვე რაღაც დამტკიცდა, რადგან ჩვენ მაინც ვხედავთ როგორ იბრძვის რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მას არა აქვს ეს რწმენა, რომ გაიმარჯვა. გამარჯვებულები ასე არ იქცევიან. ასე იქცევიან დამარცხებულები, რომლებსაც უბრალოდ აქვთ იარაღი და ისინი უიარაღო ხალხის წინააღმდეგ მიდიან.

ალჰერდი: ისტორიის კონტექსტშიც საინტერესოა, რა ხდება დღეს ბელარუსში. ბელარუსის სახელმწიფო დიდხანს ებრძოდა ისტორიას და თავს იკატუნებდა, რომ შეიძლებოდა ისტორიის აკრძალვა თუ რაღაც ბრძანებით გაქრობა და ბელარუსებს არწმუნებდნენ, რომ ისინი არავის აინტერესებს, არაფერი საინტერესო იქ არ ხდება. მაგრამ 2020 წელს ისტორია მოვიდა და თქვა, არა, ჩემო ძვირფასი ბელარუსები, თქვენც ივლით ჩემთან ერთად და გამოცდით იმას, რაც მეზობელმა ერებმა გადაიტანეს. ამიტომ მე ვეთანხმები აზრს, რომ ისტორია მხოლოდ ახლა იწყება. უბრალოდ, მთავარი შეცდომა ის მგონია, რომ ხალხს ძალიან მალე უნდა ეს ცვლილებები და ასე არ ხდება.

ლუკაშენკას რეჟიმსაც ასე ძლიერ ეშინია თავისუფალი სიტყვის?

იულია: მე მგონი, ამაში ალჰერდიც დამეთანხმება, რომ კი, მას ეშინია. აი, მაგალითად, ბელარუსში გაანადგურეს არასამთავრობო ორგანიზაციები, უკვე თითქის 200 ასეთი ორგანიზაცია აღარ არსებობს, მასში შედის მწერალთა კავშირიც, რომელიც ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ ლოიალური არ ყოფილა. გაუქმდა ბელარუსის პენ ცენტრი, არაერთ მედიას ექსტრემისტული უწოდეს, ეკოლოგიაზე მომუშავე ორგანიზაციებიც კი დაიხურა, ან ორგანიზაციები, რომლებიც ავადმყოფ და შშმ ბავშვებს ეხმარებოდნენ, წარმოგიდგენიათ? ანუ ყველაფერი თავისუფალი ნადგურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეშინია დამოუკიდებლობის ყველანაირი გამოვლინების, ყველა ინიციატივის, თუნდაც ეკოლოგიაზე მომუშავე ორგანიზაციების, რადგან მათი ხედვით ამ ინიციატივას შეუძლია მათი რეჟიმის დანგრევა.

საპროტესტო აქცია მინსკში გაყალბებული არჩევნებისა და ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ, იულია ტიმოფეევას ფოტო. 2020 წელი.

ალჰერდი: აი, ამ ზაფხულს მაგალითად, ბელარუსიდან გოეთეს ინსტიტუტი გააძევეს. ანუ გერმანული ენის და კულტურის შესწავლაც კი მოეჩვენა სახელმწიფოს საშიშად.

იულია: ასევე პოლონური ენის შესწავლისთვისაც ლამის ციხეში სვამენ ადამიანებს. პოლონელთა კავშირის წარმომადგენლებს, მაგალითად. ყველაფრის შიში აქვთ.

ალჰერდი: საერთოდ, ლუკაშენკას რეჟიმი ძალიან პოლონოჰოფია, სულ ასეთი იყო. ლუკაშენკას რაღაც პირადი სიძულვილი აქვს პოლონელების და პოლონეთის მიმართ. სულ რაღაც იმპერიულ ექსპანსიაში სდებს მათ ბრალს.

და ბელარუსი ხალხის დამოკიდებულება როგორია დღეს რუსეთის მიმართ?

იულია: ესეც საკმაოდ რთული კითხვაა. რომ არ არსებობდეს პუტინი და ბელარუსის რეჟიმის მსგავსი რეჟიმი რუსეთშიც, ლუკაშენკაც ვერ გაძლებდა ამდენ ხანს. ეს რეჟიმი დაემხობოდა პუტინი რომ არ არსებობდეს. ახლა კიდევ ერთად რაღაც ორთავიან მონსტრს აშენებენ ევროკავშირის საზღვართან. რუსეთის რეჟიმი და სულ უფრო უახლოვდება ლუკაშენკას რეჟიმს. ადამიანებს უცხოეთის ჯაშუშის სტატუსებს აკერებენ, იხურება კულტურული პროექტები, ორგანიზაციები და რაც შეხება ლუკაშენკას და პუტინის ურთიერთობას, ეს რაღაც ბურუსით მოცული თემაა.

ალჰერდი: საინტერესოა ხალხის დამოკიდებულება, რადგან 2020 წლის აგვისტოში ძალიან ბევრ ბელარუსს ჰქონდა ილუზია რუსეთთან და პუტინთან მიმართებით და მართლა უკვირდათ, რატომ არ დაგვეხმარა პუტინი ამ რეჟიმის დამხობაშიო. ახლა კი მგონია, რომ ბელარუსებს აღარანაირი ილუზია რუსეთთან დაკავშირებით აღარ აქვთ და ეს სიმპათიებიც თვალსა და ხელს შუა ქრება. მე ვიტყოდი, რომ ბელარუსები ახლა თავს საერთოდ ბედის ანაბარად მიგდებულად გრძნობენ. გასაგებია, რომ ევროკავშირს, მისი მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, არ შეუძლია ძალიან ბევრის გაკეთება. ისიც ფაქტია, რომ პუტინმა ლუკაშენკას დაუჭირა მხარი. ხალხი კი მარტოა და სასოწარკვეთილი, რადგან მათ მსოფლიოში ვერავინ დაეხმარება.

ამ ფონზე, ასეთი მოვლენებისგან მწერლისთვის დისტანცირება შეუძლებელი მგონია, მაინტერესებს თქვენს წიგნებში რა დოზითაა ბელარუსი, იქაური ამბები.

იულია: მე უკვე ვახსენე ჩემი წიგნი „მინსკის დღიური“, წიგნი პროტესტების შესახებ. ამ შემთხვევაში დისტანცირება მე შევძელი იმით, რომ ეს წიგნი ინგლისურ ენაზე დავწერე და ჩემი თავი ვიღაც სხვად წარმოვიდგინე. ჩვენ დავდიოდით საპროტესტო აქციაზე, მერე ვბრუნდებოდი შინ და ამ წიგნს ვწერდი, გრაცში საბოლოოდ დავასრულე. ეს წიგნი უკვე გამოვიდა გერმანულად და შვედურად. ინგლისურად რომ დავწერე, ეს ცოტათი დამეხმარა იმ ტკივილის გადატანაში.

ალჰერდი: ჰო, მაგრამ ეს წიგნი დაწერილია რეალურად არა ბელარუსში მყოფი ადამიანებისათვის, არამედ მათთვის, ვისაც აინტერესებს რა ხდება ამ ქვეყანაში.

ალჰერდ, თქვენი რომანის „ევროპის ძაღლების“ ისტორიაც მოგვიყევით, ის, როგორც ვიცით, ბელარუსის მთავრობამ „ექსტრემისტულ ლიტერატურად“ მონათლა.

ალჰერდი: ამ წიგნის ტირაჟი საზღვარზე გააჩერეს, ის კონფისკაციას დაექვემდებარა. ბელარუსი ხომ აბსურდის სამეფოა, ამ წლის აპრილში დააკავეს ეს წიგნი, მისი მეორე გამოცემა მიდიოდა ვილნიუსიდან მინსკში, ბელარუსის საბაჟომ ის მიიჩნია საეჭვო ტვირთად და ექსპერტიზაზე გაგზავნა იმ ეჭვით, რომ ეს ექსტრემისტული წიგნი იყო. მე მგონია, რომ მებაჟეები უბრალოდ სათაურში სიტყვა „ევროპამ“ შეაშინა იმიტომ, რომ ბელარუსის სახელმწიფოს ეშინია ევროპის, მისი იდეის. კომისიას 20 დღეში უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ეს ექსტრემისტული ლიტერატურა, თუმცა მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და ეს კომისია ისევ ფიქრობს. გამომცემელი არ დაელოდა მათ პასუხს და კიდევ ერთი ტირაჟი დაბეჭდა წიგნისა, ოღონდ არა ლიეტუვაში, არამედ ამჯერად რუსეთში, რომ იქიდან ბელარუსში ადვილად შეეტანათ ტირაჟი, რადგან ასეთი საბაჟო საზღვარი რუსეთ-ბელარუსს არა აქვთ ერთმანეთთან. თუმცა გამომცემლისთვის ესეც სახიფათოა.

"ევროპის ძაღლები" - ალჰერდ ბახარევიჩის რომანი, რომელიც ბელარუსის საბაჟოზე "დააკავეს".

ბელარუსში დაბრუნებაზე ფიქრობთ? ან დღეს რომ ჩახვიდეთ იქ, რა გელით?

იულია: ამასწინათ ერთი კომიქსი ვნახე, რომელსაც ეწერა: „მე მინდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, მაგრამ სხვაში“. მეც ასე ვარ, მე მინდა ცხოვრება ბელარუსში, მაგრამ არა იმ ბელარუსში, რომელიც დღესაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ ყოფნა უსაფრთხოა ჩემთვის. რომც დავბრუნდეთ და არ დაგვიჭირონ, ისიც კი არ ვიცი, რა შეიძლება იქ ვაკეთო დღეს, რადგან ყველანაირი საქმიანობა დასჯადია. ამიტომ, მე მგონია, რომ უცხოეთში მეტის გაკეთება შეგვიძლია, შეგვიძლია მთელ მსოფლიოს მოვუთხროთ რა ხდება ბელარუსში.

ალჰერდი: იყო მწერალი ბელარუსში დღეს, ნიშნავს იმას, რომ გქონდეს თვითცენზურა, მუდმივად ერიდო გარკვეულ თემებს, რაზეც გინდა წერო და აზრი გამოხატო. სუფთა პროფესიული თვალსაზრისითაც იქ ყოფნა დღეს შეუძლებელია. იულიასთვის, მე მგონი, ეს უფრო რთულია, მას უფრო ენატრება სამშობლო და იქ სურს ცხოვრება, მე კი ამ კითხვას ყოველთვის ასე ვპასუხობ, რომ მწერალი ენაში ცხოვრობს, ესაა მისი სამშობლო და გეოგრაფია აქ არც ისე მნიშვნელოვანია. და თუ კულტურასა და ენაში ცხოვრობ, მაშინ იმდენად მნიშვნელოვანიც აღარაა მსოფლიოს რომელ წერტილში იქნები. დღეს, ფაქტია, რომ ჩვენი იქ დაბრუნება შეუძლებელია და არც კი ვიცი, რა გველოდება იქ რომ ჩავიდეთ. ეს არცოდნა, თავის მხრივ, ჩვენთვის კიდევ უფრო საშიში რამაა.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, ზოგადად მსგავსი ფორმატის შეხვედრებში გამოსვლები რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თუნდაც იმისთვის, რომ ამ ყველაფერზე ილაპარაკოთ?

იულია: რადგან მე და ალჰერდმა ეს გზა ავირჩიეთ - ხმამაღლა გამოხატვის, და ის, რომ ჩვენ დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, ეს გვეხმარება ინფორმაციის მიტანაში ადამიანებამდე. არც აქ, საქართველოში მგონია, რომ ბევრს წერდეს მედია რა ხდება ბელარუსში. და მგონია, რომ ბოლომდე ვერც ხვდება ხალხი ბელარუსს გარეთ, თუ რა საშინელი რამ ტრიალებს იქ. ჩვენ კი შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

ალჰერდი: რაც ავსტრიაში ვცხოვრობთ, პრინციპში ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ სულ ვლაპარაკობთ. ინტერვიუებზე უარს არ ვამბობთ, სულ გამოვდივართ და ვყვებით ამ ამბებს. ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ მსოფლიოს არ დაავიწყდეს რა ხდება ბელარუსში, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ქვეყნის პრობლემა, ეს ევროპის პრობლემაა, იმიტომ, რომ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში გაჩნდა ახალი ფაშისტური სახელმწიფო. ეს არის 21-ე საუკუნის ფაშიზმი. მე ამას ჰუმანიტარულ კატასტროფასაც ვუწოდებდი, რაც იქ ხდება, რადგან ნადგურდება კულტურა, განათლება, საზოგადოება... ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რამე იდეა, რომელიც გააერთიანებს ხალხს, რაღაც კონსენსუსს შექმნის ხალხსა და მთავრობას შორის, ბელარუსში ასეთი იდეა არ არსებობს. ერთადერთი იდეა, რაც ბელარუსში არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის ძალაუფლება და ის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს ეს ძალაუფლება, მაგრამ ეს, ცხადია, არ არის ნორმალური სახელმწიფოს იდეა.

პროტესტი მინსკში, 2020 წელი, იულია ტიმოფეევას ფოტო

იულია: დავამატებ, ადრე ეს იყო ლუკაშენკას „სტაბილურობის“ იდეა, ის ამბობდა, რომ აი, სტაბილური სახელმწიფო ავაშენეთო, მაგრამ ახლა ეს სტაბილურობაც არ არსებობს და ამას ლუკაშენკაც ხვდება,რადგან ქვეყანაში ეკონომიკა ინგრევა, კანონები არ არსებობს და არ მუშაობს.

ალჰერდი: დიახ, აი, ეს კონსენსუსიც დარღვეულია, მხოლოდ მცდელობებია, რომ ხალხი ფიურერის გარშემო გაერთიანდეს, მაგრამ არაფერი გამოდის.

იულია: ფესტივალის თემას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ მართლაც მადლობლები ვართ, რომ აქ მოგვიწვიეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ლაპარაკი და გაზიარება, არამედ იმიტომაც, რომ ეს გამოცდილების გაცვლაზეა, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენც გისმენთ თქვენ, აი, გუშინ ვისმენდით, მაგალითად, დისკუსიას როგორ ვწეროთ ომზე და აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია.

გამოდის, რომ თქვენ ცხოვრობთ დღეს ბელარუსს გარეთ, მაგრამ მუდმივად ბელარუსით.

იულია: ჩემ შემთხვევაში კი, ზუსტად ასეა. მე სულ ვკითხულობ ბელარუსის ამბებს, სიახლეებს. იქ უფრო ნაკლებად ვკითხულობდი ხოლმე, და ახლა ყოველ წუთს მინდა ვიცოდე რა ხდება იქ და ჩემს თავშიც სულ ბელარუსი ტრიალებს, ამით ვცხოვრობ.

ალჰერდი: ცხადია, ჩემ შემთხვევაშიც, ბელარუსი მუდამ ჩემთანაა და მასთან არის დაკავშირებული ჩემი შემოქმედებაც. ბელარუსი არის ქვეყანა, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია. გგონია, რომ წახვედი, შორს ხარ მისგან, მაგრამ ის მაინც სულ შენს ფიქრებსა და სიზმრებშია. იქ დარჩნენ ჩვენი ახლობლები, მკითხველები, მაგრამ მე ვარ ბელარუსის ევროპული გზის მომხრე და ეს მგონია მისთვის ერთადერთი სწორი გზა. მოკლედ, ან ჩვენ ისევ დაგვიპყრობს რუსეთი ან წავალთ დასავლეთისკენ. და ეს კურსი რომ დღის წესრიგში რაღაცნაირად დარჩეს, ამისთვის მხოლოდ ფიქრი კი არ არის საჭირო ქვეყანაზე, არამედ კავშირების გაფართოება დასავლეთთან, დასავლეთ-ევროპის კულტურასთან. სხვათა შორის, ამხელა ინტერესი ბელარუსული ლიტერატურის მიმართ აქამდე არასოდეს ყოფილა. ახლა სადაც არ უნდა ჩავიდეთ, ყველგან გვცნობენ, გვკითხულობენ. სხვათა შორის, უკრაინაშიც იგივე მოხდა ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ. ამის მერე დაიწყეს უკრაინელი ავტორების თარგმნა და გამოცემა. ბელარუსის შემთხვევაშიც იგივე მოხდა, მაგრამ ეს თან კარგია, თან სევდიანი, რადგან მსოფლიოს სჭირდება, რომ რაღაც საშინელი გადაგხდეს, რომ სისხლი დაიღვაროს, ხალხი იტანჯებოდეს, და აი, მაშინ კი იტყვის, ოჰო, ეს საინტერესოა, ახლა ჩვენ წაგიკითხავთ, მიგიწვევთ და თუ არაფერი ცუდი ხდება თქვენთან, მაშინ ვის სჭირდებით. ეს სევდიანი ამბავია.