სუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა

პოსტი დატოვა სუსის უფროსმა, მამუკა მდინარაძის მეგობარმა გელა (გეკა) გელაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ, ფეისბუკით გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

გელაძემ, - რომელიც ყოფილი ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მეგობარია, - 2026 წლის 14 სექტემბერს წერილობით საჯაროდ განაცხადა:

„პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“.

გელაძე ამ განცხადებაში არ აზუსტებს, სად აგრძელებს საქმიანობას.

ასევე ნახეთ

სუსის 10 წელი, მე-4 უფროსი და განუზომელი უფლებები

საკადრო სტატისტიკა

გელა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ხუთი თვის განმავლობაში იმსახურა.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში იგი უსაფრთხოების სამსახურის მეოთხე უფროსია, რომელმაც პოსტი ვადაზე - ექვს წელიწადზე, - ადრე დატოვა.

  • გრიგოლ ლილუაშვილმა სუსის უფროსის პოსტი 2025 წლის 2 აპრილს დატოვა. ამჟამად ის დაპატიმრებულია ქრთამის აღების ბრალდებით, რასაც უარყოფს;
  • მისმა შემცვლელმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობაზე არასრული ხუთი თვე იმუშავა და 23 აგვისტოს გადადგა;
  • ოხანაშვილი 2025 წლის 3 სექტემბერს ოფიციალურად შეცვალა მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა;
  • პოზიცია დატოვა მამუკა მდინარაძემაც - არასრული რვა თვის შემდეგ, 2026 წლის 21 აპრილს;
  • მას შემდეგ ამ დრომდე - 14 სექტემბრამდე, - ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის პოსტს სწორედ მისი შემცვლელი გელა გელაძე იკავებდა.
  • კანონმდებლობით, სუსის უფროსს პარლამენტი ამტკიცებს ექვსი წლის ვადით.

ასევე ნახეთ

მდინარაძის 4 თანამდებობა არასრულ ერთ წელში - რა ხდება “ძალაუფლების ოლიმპოზე”?

მადლობა ივანიშვილსა და კობახიძეს

გელა გელაძის განცხადება 14 სექტემბერს სუსის პრესცენტრმა გაავრცელა.

„მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის“, - წერს იგი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის“, - დაწერა მან.

ვინ არის გელა გელაძე

გელა გელაძე 2026 წლის 28 აპრილს გახდა სუსის უფროსი.

  • მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან, - 11 თვის განმავლობაში, - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა (წინა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, საზოგადოებას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა);
  • გელაძემ სუსის უფროსის პოსტზე შეცვალა მამუკა მდინარაძე, რომელიც სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობდა. (მან, თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომლის წინამორბედიც (გრიგოლ ლილუაშვილი) პატიმრობაშია.

გელა გელაძე მამუკა მდინარაძის მეგობარია.

ასევე ნახეთ

სუსის უფროსად გელა გელაძე აირჩიეს

ბოლო საკადრო ცვლილებები

ორიოდე დღით ადრე, 12 სექტემბერს, თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა.

  • შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო მიხეილ მაღლაკელიძე: ამ პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა (მანამდე ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 10 თვის განმავლობაში, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 2019-25 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა);
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (იგივე „ფინანსური პოლიციის“) უფროსი იყო ლევან ხარაბაძე; ის მანამდე, 2025-26 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო - მამუკა მდინარაძის უფროსობისას.

ოპოზიციაში ცვლილებებს სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებენ.

ასევე ნახეთ

„მდინარაძის კადრების წმენდა“ - ოპოზიცია შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების წასვლაზე

საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გიორგი გელაშვილმა, - რომელიც ასევე მდინარაძის მეგობარია, - 12 სექტემბერს „ტვ პირველს“ განუცხადა:

„ბუნებრივია, ყველა უკავშირებს ჩვენს მეგობრობას, რომ მამუკასთან თუ რაიმე ცვლილება იქნებოდა თანამდებობრივი, ეგრევე აღიქვამდნენ, რომ მე აუცილებლად სადმე უნდა წავიდე. ჯერჯერობით, რა ვიცი, ვმუშაობ, ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ“.

„თუ დამიპირეს [გაშვება], მაგასაც მეტყვიან, იმედია“, - თქვა მან შეკითხვაზე პასუხად.

მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა

მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად 27 აგვისტოს გამოაცხადა, - დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებისა და „ზეწოლაზე“ ბრალდებების ფონზე, თუმცა თქვა, რომ ეს ნაბიჯი ამ საკითხს არ უკავშირდება.

ამ განცხადების შემდეგ მმართველმა გუნდმა მთავრობის სტრუქტურაში მორიგი ცვლილებები დააანონსა.

2026 წლის 31 აგვისტოს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ:

  • გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, - რასაც მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე იკავებდა; ამის შემდეგ ის რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა 27 აგვისტომდე;
  • აღარ შეიქმნება მისთვის დაანონსებული პოსტი, - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა;
  • ამ პოსტის შექმნას პარლამენტის კენჭისყრა სჭირდებოდა - თუმცა ზაფხულში საკანონმდებლო უწყება ისვენებს. გეგმის თანახმად, მდინარაძეს ამ პოზიციაზე სექტემბრის მეორე კვირიდან უნდა ემუშავა.

ასევე ნახეთ

მდინარაძის წინა პოსტი უქმდება, დაანონსებული კი აღარ შეიქმნება