გიორგი ქობულია ალაპარაკდა - რას ამბობს ეკონომიკის გადაყენებული მინისტრი?

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დუმილი დაარღვია და თანამდებობიდან გათავისუფლებიდან სამი კვირის შემდეგ ინტერვიუ მისცა გადაცემა „ფორბსის კვირას“ და მის წამყვანს გიორგი ისაკაძეს. ქობულია პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 2019 წლის 18 აპრილს გადააყენეს და იმავე დღეს შეცვალეს ეკონომიკის ახალი მინისტრით, ნათია თურნავათი.

ასევე ნახეთ ორ საათში შეცვლილი ეკონომიკის მინისტრი - რატომ გაუშვა მთავრობამ გიორგი ქობულია?

კითხვები მაშინვე გაჩნდა - რა გახდა სულ რამდენიმე თვეში, მოქმედი მთავრობისა და საგანგებოდ ამ პოსტზე მოწვეული McKinsey-ს წარმატებული კარიერის მქონე ბიზნესის მართვის სპეციალისტს შორის დაპირისპირების თუ უთანხმოების მიზეზი?

სამი კვირის შმდეგ გიორგი ქობულიამ „ფორბსის კვირის“ წამყვანის, გიორგი ისაკაძის შეკითხვებს უპასუხა.

„გამიკვირდა, რომ ჩემი გუნდიდან არავინ დამიცვა“

გიორგი ქობულიამ გადაცემაში განაცხადა, რომ ის მინისტრის პოსტს დათანხმდა მხოლოდ ერთი პირობით, რომ სამუშაოს, სრულფასოვნად, დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, სექტემბერში შეუდგებოდა, რადგან ჯერ საზღვარგარეთ სამსახურის საქმეების გადაბარებისთვის დრო სჭირდებოდა. როგორც ჩანს, საქართველოში, კრიტიკის ქარცეცხლში მოყოლილი მისი ხშირი შვებულებებიც ამით აიხსნება:

„ჩვენი მოლაპარაკება იყო, რომ მე სრულფასოვნად ამ სამუშაოს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში შევუდგებოდი. მომდიოდა ხმები, რომ როცა საქართველოში არ ვიყავი, ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი. ძალიან გამაკვირვა იმან, არავინ რომ არ დამიცვა მმართველი გუნდიდან. ვერც მივხვდი, რაში იყო საქმე“.

„მე - გამათავისუფლეს“

გიორგი ქობულიამ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავიდანვე გრძნობდა გარკვეულ განსხვავებას მთავრობისა და მის ხედვებს შორის. თანამდებობაზე წასვლის მიზეზებზე დასმულ კითხვასაც ამ კონტექსტში უპასუხა:

„ჩემი წასვლის რეალური მიზეზი ზუსტად ის არის, რომ იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომელზეც მეგონა, რომ ჩვენ დასაწყისში შევთანხმდით, თანხვედრა არ გვქონდა“.

გიორგი ისაკაძის რეპლიკას, რომ ის თავისი ნებით კი არ წავიდა არამედ ის გაათავისუფლეს, ქობულიამ ასე უპასუხა:

„თქვენ, ალბათ, უფრო სწორად უკეთებთ ფორმულირებას იმას, რაც მოხდა. წასვლა არის, როცა ადამიანი განცხადებას დაწერს და მე განცხადება არ დამიწერია, ამიტომ ვამბობ, რომ მე გამათავისუფლეს“.

მან ასევე დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სთხოვდნენ თავად დაეწერა განცხადება და წასულიყო საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც მან არ გააკეთა:

„მე ეს არ გავაკეთე, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორად, მმართველ გუნდს მივუტანდი და ამ ხედვებში მათ დავარწმუნებდი“.

ის ამ საკითხებზე ესაუბრა როგორც პრემიერ მამუკა ბახტაძეს, ისე „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.

„გადაწყვეტილებები იყო პოლიტიკური და არა შედეგზე ორიენტირებული“

კითხვაზე - რა სხვაობა იყო მასსა და მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვებს შორის, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მისი მინისტორბის პერიოდში იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მას მიაჩნდა უფრო პოლიტიკურად დატვირთულად, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულ გადაწყევტილებებად, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა. თუმცა დეტალებს ქობულია არ ამჟღავნებს:

„არც დღეს და არც მომავალში ამ დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ეს კორექტული, პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ეს იყო გადაწყვეტილებები, რომელსაც არც ეკონომიკური შედეგი ჰქონდა, ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო. ეს იყო, რა თქმა უნდა, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა“.

„მე ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები, ან ვერ გავიგე“

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ამ ინტერვიუში არც ის დაუმალავს, რომ მან თავიდანვე არ გაარკვია თამაშის ის წესები, რასაც გუნდი სთავაზობდა. მისი განცხადებით, მომხდარში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა თავად ეკისრება.

„ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევა და დრო უნდა დამეხარჯა ჩემს საუბრებში მანამდე, სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას ხელმძღვანელებთან, რომ უფრო კარგად გამერკვია თამაშის წესები. თუ ამ თამაშის წესებს რაღაცა ნაწილში არ ვეთანხმებოდი, ეს მე თავიდანვე უნდა გამეთავისებინა და მიმეღო მხედველობაში მაშინ, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას გავმხდარიყავი თუ არა მინისტრი“, - თქვა ქობულიამ.

ქობულია მზად არის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობის 8-თვიანი ანგარიში პარლამენტს წარუდგინოს, თუ ამის ინტერესი იქნება. ყოფილი მინისტრის თქმით, ის თავს მოვალედ თვლის პარლამენტის წინაშე.

„მე მოვალედ ვთვლი ჩემ თავს პარლამენტის წინაშე, რადგანაც პარლამენტი არის ჩვენი მოსახლეობის წარმომადგენლობა“.

რადიო თავისუფლებამ გადაცემის წამყვანს, გიორგი ისაკაძესაც ჰკითხა, მიიღო თუ არა ყოფილი მინისტრისგან პასუხი ყველა კითხვაზე? რაზეც მან გვითხრა, რომ ინტერვიუ იყო დათქმებით, ქობულიამ დეტალები არ გაახმაურა, შესაბამისად, ყველა კითხვაზე საჯარო პასუხი არ არსებობს.

ჩვენ გიორგი ისაკაძეს ასევე ვკითხეთ, თუ ახსენდება სხვა თანამდებობიდან წასული/გათავისუფლებული მინისტრი, ვინც ამ დოზით მაინც ილაპარაკა მმართველ გუნდთან უთანხმოებაზე, ვკითხეთ ასევე ზოგად შთაბეჭდილებაზეც გიორგი ქობულიას შესახებ.

გიორგი ისაკაძემ გვითხრა, რომ 2012 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდიდან წასული მინისტრებიდან მას არავინ ახსენდება, ვინც ამ დოზით ისაუბრა ღიად დაპირისპირების მიზეზებზე.

გიორგი ქობულიას შესახებ კი, მან თქვა, რომ ეს არის „ნიჭიერი ეკონომისტი, რომელიც არ იცნობს ქართულ რეალობას და „აქაურ მართვას“, რომელსაც, ისაკაძის სიტყვებით, სჭირდება სრულიად სხვა უნარები, ვიდრე კარგი ხედვის ეკონომისტს აქვს.

„ქობულიამ წააგო: რადგან ვერ გაერკვა თავიდანვე თამაშის წესებში, „ოცნება“ მისი დანიშვნიდან 2 თვეში უკვე ნანობდა მის გამინისტრებას, ეს ცალსახაა. ქობულია „სუსტია“, რომ ვერ გაერკვია ამ ყველაფერში თავიდანვე, არა აქვს აქაური რეალობისთვის საჭირო მართვის უნარები და გარემოც სრულიად შეუსატყვისია, მან ვერ შეკრა გუნდი, მისი რეფორმების გეგმა არ გახდა გაზიარებული პოლიტიკური გუნდის და საზოგადოების მიერ, რაც კომუნიკაციის უნარების ნაკლებობას მიუთითებს“, - უთხრა გიორგი ისაკაძემ რადიო თავისუფლებას.