ფრანსუა ოზონის ცივი მზე

გოგი გვახარია ფრანსუა ოზონის ფილმზე „უცხო“

90-იანი წლების ბოლოს, როცა ფრანსუა ოზონმა პირველი ფილმების გადაღება დაიწყო, ფრანგული კინოს თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესს განიცდიდა. ასეთ დროს, როგორც წესი, ელიან ხოლმე განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელმაც კრიზისიდან უნდა იხსნას ხელოვნება.

„უცხო“(2026, საფრანგეთი, რეჟისორი ფრანსუა ოზონი)

წესით, მოლოდინი სწორედ ოზონს უნდა გაემართლებინა. მის პირველ ფილმებს, რომლებიც ერთნაირად მოეწონათ კრიტიკოსებსაც და პუბლიკასაც, რაინერ ვერნერ ფასბინდერის შედევრებს ადარებდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოზონმა პირდაპირ მიმართა ფასბინდერის შემოქმედებას - ეკრანზე გადაიტანა მისი პიესა „წვიმის წვეთები გახურებულ ქვებზე“(2000).

22 წლის შემდეგ ოზონი ისევ დაუბრუნდება ფასბინდერს, შეეჭიდება გერმანელი რეჟისორის შედევრს „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“, მაგრამ ეს იქნება უკვე ერთი ჩვეულებრივი, თუ გნებავთ, ძალიან კარგი სტილისტის მორიგი მეორეხარისხოვანი ფილმი... კინო კაცისა, რომელიც მოლოდინის მიუხედავად მაინც ვერ გახდა „ფრანგი ფასბინდერი“. უბრალოდ, ამისათვის ენერგია, ვნება და შესაძლებელია, სითამამე არ ეყო.

სითამამე იგივე არაა, რაც ამბიცია. ოზონს ამბიცია ყოველთვის ჰქონდა. ასაკთან ერთად კი, მგონი, გაუმძაფრდა კიდეც. ლუკინო ვისკონტის კატასტროფული მარცხის შემდეგ, აბა, ვინ გაბედავდა კამიუს გენიალური წიგნის, „უცხოს“ ეკრანიზაციას, თუ არა ოზონი? 1967 წელს, „უცხოს“ ეკრანებზე გამოსვლის დღეებში, ვისკონტიმ თავის თაყვანისმცემლებს სთხოვა, დაევიწყებინათ ფილმი და გაიხსენა, რომ ალბერ კამიუ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ამ ტექსტის ეკრანიზაციისა. „უცხოს“ პრემიერის შემდეგ გაირკვა, რომ გადაღების უფლება ლუკინო ვისკონტიმ კამიუს ქვრივისგან აიღო, თუმცა სწორედ კამიუს ოჯახმა აუკრძალა „უცხოს“ ეკრანიზაცია სუსო ჩეკი დამიგოს უკვე დასრულებული სცენარით. „მკაცრად, ტექსტის მიხედვით!“ - ასეთი იყო კამიუს ქვრივის მოთხოვნა.

ასევე ნახეთ შარლოტ რემპლინგის გამოცდილება

„მკაცრად, ტექსტის მიხედვით“ - ცდილობს ფრანსუა ოზონი „უცხოს“ ეკრანიზაციას. ფილმის მსვლელობის დროს შეიძლება გაგიელვოთ აზრმა, რომ ყველაფრის ეკრანიზაციის სურვილი, მით უფრო გენიალური ტექსტებისა, ზოგჯერ უბრალოდ ახირებაა და მეტი არაფერი. რეჟისორები ხშირად გვთხოვენ, ეკრანიზაციის შეფასების დროს მაქსიმალურად მოვერიდოთ ლიტერატურულ პირველწყაროსთან ფილმის შედარებას. გვახსენებენ, რომ „კინო სხვაა, წიგნი სხვა..." მაგრამ შედარების გარეშე არ გამოდის ხოლმე. თუკი პოპულარულ წიგნს შეეჭიდა, ტექსტს, რომელსაც, როგორც ვიცი, საფრანგეთში სკოლაში ასწავლიან, მაშინ რაღაც ახალი უნდა თქვას ისე, რომ ტექსტი არ დაიკარგოს. ასე არ არის?!

რას აკეთებს ფრანსუა ოზონი? ძალიან წვალობს. იმდენად წვალობს, რომ ზოგიერთ ეპიზოდში გებრალება კიდეც ავტორი. თავიდან შეიძლება აღიაროთ ოზონის სითამამე, როცა შეამჩნევთ, რომ რეჟისორმა უარი თქვა კადრს მიღმა მონოლოგზე, მთელი ამბავი მოქმედებაზე ააგო. გაგახსენებთ, რომ კამიუს ტექსტში თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს - თავის ისტორიას გვიყვება კოლონიალურ ალჟირში მცხოვრები 30 წლის ახალგაზრდა, მარსო, რომელიც არაბს კლავს. სასამართლოზე ის იტყვის, რომ „მზის შუქმა“ დააბრმავა და არაბი, უბრალოდ, შემოაკვდა. პირველ პირში თხრობის უარყოფა მეტ იდუმალებას ანიჭებს ოზონის პერსონაჟს, თუმცა ეს საიდუმლო, რომელიც მოქმედებაში მაყურებლის აქტიურ ჩართვას განაპირობებს (ვუყურებთ, „ვათვალიერებთ“ ბენჟამენ ვუაზენის მიერ განსახიერებულ აპათიურ, გაყინულ მარსოს), სრულიად იკარგება ფილმის ფინალში, როცა ოზონი მოულოდნელად ყველაფრის ახსნას იწყებს. სოციოპათი პერსონაჟის აფეთქება ფინალში, მარსოს ისტერიკა ხელოვნურად გამოიყურება, რადგანაც საერთოდ არაა მომზადებული ფილმის მსვლელობის პროცესში.

ასევე ნახეთ კარგი მასწავლებელი პუტინის წინააღმდეგ

კამიუს ტექსტში, ყველაფრის მიუხედავად, მარსო ადამიანურია და მიმზიდველი, ოზონთან ცივია და „მიუკარებელი“.

კამიუსთან ადამიანი პირისპირაა დატოვებული აბსურდის წინაშე, აქ პირიქითაა, აბსურდული პერსონაჟი ალჟირულ პეიზაჟში ხვდება და თითქოს არ იცის, როდის უნდა ილაპარაკოს და როდის გაჩუმდეს. ამიტომაც მისი სიჩუმე თითქმის ყოველთვის უადგილოა, მისი ისტერიკა კი, დადგმული. ოზონი ცდილობს კამიუს გზავნილი როგორმე „ჩაჭედოს“ ფინალურ სცენაში, მღვდელთან დიალოგში.

მარსო აქ 5 წუთში იმაზე მეტს ილაპარაკებს, ვიდრე მთელ ფილმში... კინო იწყებს იმის ახსნას, რაც უკვე ვნახეთ კინოში. და სწორედ აქ, ამ სცენაში შეიძლება გაიფიქროთ, რომ რომ ეს ტექსტი უბრალოდ არ ექვემდებარება კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციას, რომ „უცხო“ დაწერილია მხოლოდ წაკითხვისთვის.

არადა, ოზონის ჩანაფიქრს თუ გავყვებით, მალე მივხვდებით, რატომ გადაწყვიტა ფრანგმა რეჟისორმა 1942 წელს გამოცემულ წიგნთან შეჭიდება. ტექსტში, თუ გახსოვთ, არაბებს სახელები არა აქვთ, რის გამოც თავის დროზე კამიუ კოლონიალიზმშიც კი დაადანაშაულეს. მით უმეტეს, რომ მწერალი აშკარად ცდილობს გვერდი აუაროს კოლონიალიზმის თემას. კამიუს ტექსტი ხომ მხოლოდ სიუჟეტურად ასახავს ადამიანის მკვლელობას. სინამდვილეში კი თვითმკვლელობაზე გვიამბობს - რეალობისგან გაუცხოებული ახალგაზრდა კაცი თავისი ფეხით ადის გოლგოთაზე.

ოზონი ფაქტობრივად კამიუს ადვოკატის როლში გამოდის. კოლონიალიზმის პოლიტკორექტული შეფასების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ რეჟისორი სახელებს არქმევს არაბებს (ანიჭებს იდენტურობას), აძლიერებს სეგრეგაციის გამომხატველ სახეებს (კინოთეატრის წინ წარწერა: „ადგილობრივებისთვის შესვლა აკრძალულია“). მცდელობა, ყველაფერი დაჰბრალდეს ფრანგ კოლონიალისტებს და ალჟირში მცხოვრები ფრანგები, აბსოლუტურად ყველა, რასისტებად წარმოგვიდგინოს, განსაკუთრებით უხეიროდ და კონიუნქტურისგან „დავალებულად“ გამოიყურება ფილმის ფინალში, როცა ეკრანზე მოკლული არაბის და ჩნდება. აქ ირკვევა, რომ ფრანგისთვის მარსოს სიცოცხლე უფრო ღირებულია, ვიდრე იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც მან მოწყენილობის გამო მოკლა. მოკლულის და ამბობს, რომ ფრანგი უნდა დაუბრუნდეს სახლს, რაზეც მარსოს შეყვარებული, გულუბრყვილო მარი პასუხობს: „როგორ? ეს ხომ მისი სახლია?“

მუდმივი ყოყმანი სოციოლოგიურ თუ პოლიტიკურ კინოსა და აბსურდს შორის, ყოფითობასა და მეტაფიზიკას შორის, ოზონისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო - ვერასდროს ვერ ბედავს ეს კაცი, გადააბიჯოს წითელ ხაზებს. თავისი კერპისგან, რაინერ ვერნერ ფასბინდერისგან განსხვავებით, მისი წესიერება (ჰომოეროტიკაშიც კი, რომელიც მოულოდნელად შემოდის „უცხოს“ ეკრანიზაციაში) კლავს სიცოცხლეს. შესაბამისად, ეკრანიზაცია ემსგავსება სტილიზაციას, ეგზისტენციალური ლიტერატურა კი, „არმანის“ სუნამოს რეკლამას. ყველაფერი ჩარჩოშია ჩასმული, ის, რაც საგანგაშო უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, უსიცოცხლოა. მზე მართლაც ბევრია ოზონის შავ-თეთრ ფილმში, მაგრამ ეს მზე არ წვავს, მეტისმეტად ცივია.

ასევე ნახეთ ალბერ კამიუ: აბსურდი, ამბოხი და მდუმარება
ასევე ნახეთ ალბერ კამიუ, უცხო