გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის სამარხის ძებნა არქეოლოგთან კონსულტაციით მიმდინარეობს

გორის კულტურისა და დასვენების პარკში, მეოთხე დღეა, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის, სავარაუდო სამარხს ეძებენ. პოლიციამ პარკში წინასწარ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოზრდილი კარავი განათავსა და ამ კარვის შიგნით მიმდინარეობს მიწის თხრა. ორი დღის წინ საქმეში ტრაქტორიც ჩართეს, რომელიც მიწას კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე თხრის. დღეს პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ძვლებსაც მიაკვლიეს, ადგილზე კონსულტაციისთვის მისული იყო არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, მაგრამ უკვე დადასტურდა, რომ ეს ცხოველების ძვლები იყო.

Your browser doesn’t support HTML5

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის სამარხის ძებნა არქეოლოგთან კონსულტაციით მიმდინარეობს

გორში 2004 წლის ნოემბერში დაკარგული 11 წლის ბიჭის ნეშტის ძებნა 2018 წლის 16 ნოემბერს განახლდა, რასაც წინ უძღოდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ოქტომბერში დაკავებული იაგო ნებიერიძე მონაწილეობდა. მისი ჩვენების საფუძველზე სამართალდამცავებმა პარკის ტერიტორიის შესწავლა დაიწყეს. ჩატარდა გეოსკანირება და დადგინდა ნიადაგზე ზემოქმედების კვალი, ოთხი დღის წინ კი გათხრები დაიწყო. დაკარგული მოზარდის მშობლები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, ისინი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელოდებიან. მხოლოდ ბავშვის ბებიამ, ნინო რაზმაძემ, განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება ბიჭის დაკარგვასთან იაგო ნებიერიძის კავშირში.

ასევე ნახეთ გორის პარკი - საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი

14 წლის წინ ნებიერიძე მამასთან ერთად ბერძნიშვილების ოჯახს ავტოფარეხს უშენებდა. ბავშვი რომ დაიკარგა, ოჯახს წერილი მისწერა და გამოსასყიდად 20 ათასი დოლარი მოითხოვა. მაშინ ნებიერიძე დააკავეს, მაგრამ ბავშვის გატაცების ნაწილში ბრალი ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს. დაკარგული ბავშვის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავდა. მისი თქმით, 14 წლის წინ გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა და ნებიერიძე მხოლოდ გამოძალვის მუხლით გასამართლდა. ნოზაძის აზრით, პროკურატურას რომ თავის დროზე პროფესიულად ემოქმედა, 8 წლის გოგონას მკვლელობა აღარ მოხდებოდა.

გორის პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ, თითოეულ ნაპოვნ ნივთს დეტალურად ათვალიერებენ და საქმეში კონსულტანტებად არქეოლოგებსაც იყენებენ.