დარტყმა „აფრიკულ ექსპრესზე“: სირიიდან რუსეთის გამოსახლების საფასური

რუსეთის სამხედრო კოლონა სირიის პროვინცია ლატაკიაში მდებარე ხმეიმიმის ავიაბაზაში მიემართება. 14 დეკემბერი, 2024.

9 აგვისტოს რუსეთმა და სირიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც რადიკალურად ცვლის ხმეიმიმსა და ტარტუსში რუსული სამხედრო ობიექტების სტატუსს, რითაც მოსკოვს ჩამოერთმევა მათზე ერთპიროვნული კონტროლი.

დამასკის 2026 წლის 9 აგვისტოს ოფიციალური განცხადების თანახმად, ბაზები წყვეტენ არსებობას ამჟამინდელი სახით და ისინი გადავლენ შეზღუდულ, ერთობლივი გამოყენების ფორმატზე. რამდენად უთხრის ძირს ეს მოვლენა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებად წარმოაჩენს, კრემლის მიერ ხმელთაშუა ზღვის არეალში ძალის პროეცირებას და საფრთხეს უქმნის თუ არა ის აფრიკაში რუსული ოპერაციების მომავალს?

მოსკოვის მოლაპარაკებები სირიის ახალ გარდამავალ მთავრობასთან, დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით, ხმეიმიმის საჰაერო ბაზისა და ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზის ბედზე 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა - ფაქტობრივად, 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობიდან მოყოლებული. დამასკის ახალმა ხელისუფლებამ თავდაპირველად მოითხოვა 2017 წლის ორმხრივი შეთანხმებების გადახედვა (რომლებიც რუსეთს 49-წლიანი უფასო იჯარის უფლებას აძლევდა). სირიის მხარე მოლაპარაკებებს მკაცრი პოზიციიდან აწარმოებდა და დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და სანქციების მოხსნის მიზნით უცხოური სამხედრო ყოფნის მინიმიზაციას მოითხოვდა.

პირველ ეტაპზე დამასკი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსეთის ნავთობისა და სურსათის მარაგზე. თუმცა, სირიის ეკონომიკის დივერსიფიკაციასთან და ალტერნატიული მიმწოდებლების პოვნის შემდეგ მისი მოთხოვნები სულ უფრო უკომპრომისო ხდებოდა. აჰმედ ალ-შარაა ორჯერ პირადად ეწვია ვლადიმირ პუტინს მოსკოვში ყველა საკითხის გადასაჭრელად.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა კრემლში შეხვედრის დროს. 2025 წლის 15 ოქტომბერი.

ამასთან, სირიის ახალი ხელისუფლება შედარებით ფრთხილად მოქმედებდა, რუსეთის მიერ სურსათითა და რესურსებით მომარაგებაზე ეკონომიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით. კერძოდ, ასადის დამხობის შემდეგ რუსეთი გახდა სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი, რომელმაც ირანი ჩაანაცვლა - 2024 წლიდან რუსული ნახშირწყალბადების მიწოდება 75 პროცენტით გაიზარდა.

ახალი შეთანხმების ძირითადი პირობები

ბაზების რეორგანიზაცია მთლიანად უნდა დასრულდეს სამთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. პირობები მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

ობიექტების სტატუსის შეცვლა:

ხმეიმიმის სამხედრო-საჰაერო ბაზა და „სამხედრო-საზღვაო პუნქტი“ ტარტუსში იურიდიულად გარდაიქმნება „მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთობლივ ცენტრებად“ (საწვრთნელ ცენტრებად).

ინფრასტრუქტურის გაყოფა:

ობიექტებზე არსებული ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოღებულია რუსეთის იურისდიქციიდან და გადაეცემა სირიის მხარეს.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის სამხედროების წინაშე გამოდის ხმეიმიმის ავიაბაზაზე. 2017 წლის 11 დეკემბერი.

ხმეიმიმის კონტროლი:

სირია სამოქალაქო კონტროლს უქვემდებარებს და საკუთარ სატრანსპორტო სისტემაში აერთიანებს სამოქალაქო აეროპორტს ლატაკიაში (სადაც მდებარეობს ხმეიმიმი).

ტარტუსის კონტროლი:

ტარტუსის პორტის მეოთხე კომერციული ნავმისადგომი, ასევე საწყობები და მიმდებარე კომერციული ზონები, რომლებიც ადრე რუსეთის კონტროლქვეშ იყო, მთლიანად გადადის სირიის საბაჟოსა და პორტის ადმინისტრაციის მმართველობაში. რუსეთის სამხედრო გემებს შეეძლებათ დარჩენილი, შემცირებული ნაწილის (მხოლოდ მეოთხე კომერციული ტერმინალის) გამოყენება.

დანარჩენი ობიექტები:

სხვა, უფრო მცირე ზომის რუსული სამხედრო ობიექტები უნდა გადაკეთდეს ერთობლივ „რუსეთ-სირიის სასწავლო ცენტრებად, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს“.

ასევე ნახეთ

ანალიტიკოსი ნიკოლ გრაევსკი: უკრაინისა და სპარსეთის ყურის კონფლიქტები ერთმანეთს სულ უფრო ეჯაჭვება

რას კარგავს რუსეთი (და რას იღებს სირია)

რუსეთისა და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალ თავს გახსნის“. თუმცა, ოფიციალური ფორმულირების უკან იმალება რეგიონში ძალთა სამხედრო-პოლიტიკური წონასწორობის უზარმაზარი ცვლილებები. ხმეიმიმი და ტარტუსი მოსკოვის მთავარი სამხედრო ფორპოსტები და ლოგისტიკური ცენტრები იყო ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა რუსეთის სამხედრო ოპერაციებისა და ბაზების უზრუნველყოფა მთელ აფრიკაში (რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი და ყოფილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სტრუქტურებისგან შექმნილი

ე.წ. „აფრიკის კორპუსის“ დროშის ქვეშ). მათზე სუვერენული კონტროლის დაკარგვა ნიშნავს კრემლის მიერ რეგიონში ძალაუფლების პროეცირების უნარის მკვეთრ შემცირებას.

შედეგად, დარტყმის ქვეშ მოექცა ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. „აფრიკის ექსპრესიც“ - ლოგისტიკური მარშრუტი და სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ორგანიზებული იყო უცხოელი დაქირავებული მეომრების (ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეების) ფარული გადაყვანისთვის უკრაინაში მიმდინარე ომში.

ასევე ნახეთ

მოსკოვმა და დამასკმა გაინაწილეს სირიაში რუსეთის ბაზები

ხმეიმიმი და ტარტუსი წარმოადგენდა საკვანძო სატრანსპორტო პუნქტებს რუსეთის დაჯგუფებების მომარაგებისთვის, მათ შორის ლიბიაში, სუდანში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ბურკინა-ფასოში. სირიის ასაფრენი ბილიკებისა და პორტების თავისუფალი გამოყენების გარეშე „აფრიკის კორპუსის“ მომარაგებას დასჭირდება უფრო ხანგრძლივი, უფრო ძვირი და უფრო დაუცველი მარშრუტები, მაგალითად, შემოვლითი გზები ალჟირის ან ირანის გავლით.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ „სირიის დაკარგვის“ კომპენსაციის მიზნით მოსკოვი, სავარაუდოდ, მალე გააძლიერებს ძალისხმევას აღმოსავლეთ ლიბიაში (თავისი მოკავშირის, თვითგამოცხადებული ფელდმარშლის, ხალიფა ჰაფტარის კონტროლის ქვეშ დარჩენილ ტერიტორიაზე) დასაყრდენის მოსაპოვებლად, რათა იქ ალტერნატიული სამხედრო-საზღვაო ბაზა შექმნას. თუმცა, ლიბიაში რუსეთი ამჟამად წინააღმდეგობას აწყდება შეერთებული შტატების მხრიდან და, რაც მთავარია, რეგიონში რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი უკრაინის სამხედრო ძალებისა და სპეცსამსახურების ყოფნას.

რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ლატაკიის პროვინციაში, ხმეიმიმის სამხედრო ბაზის აეროდრომზე. 2016 წლის 16 თებერვალი.

გარდა ამისა, რუსეთი უბრალოდ ვეღარ შეძლებს სირიის გავლით აფრიკაში ჯარების, აღჭურვილობისა და ტვირთის ფარულად და უკონტროლოდ გადასროლას. ნებისმიერი სამხედრო აქტიურობა ახლა საჭიროებს სირიის ახალი მთავრობის თანხმობას, რომელიც ამჟამად დასავლეთსა და არაბულ ქვეყნებზე არის ორიენტირებული. ხმელთაშუა ზღვის აუზში მყოფი რუსეთის გემებისა და წყალქვეშა ნავების სწრაფი შეკეთების, საწვავის შევსებისა და უწყვეტი პატრულირების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეამცირებს ტარტუსის ბაზის შეკვეცილი ფორმატი.

მიუხედავად იმისა, რომ სირიას კვლავაც სჭირდება რუსეთის სამხედრო სპეციალისტები საბჭოთა და რუსული წარმოების აღჭურვილობის მომსახურებისთვის, „საწვრთნელი ცენტრების“ სტატუსი ზოგადად ნიღბავს რუსეთის სრულფასოვანი საბრძოლო ყოფნის თანდათანობით დასრულებას. მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთს სისტემატურად გაჰყავდა აღჭურვილობა და პერსონალი სირიის სხვა აეროდრომებიდან (მაგალითად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ელ-კამიშლის ბაზიდან, სადაც რუსები 2019 წლიდან იმყოფებიან).

რუსული გავლენის გამოდევნის პარალელურად დამასკი აქტიურად ცდილობს მის ჩანაცვლებას. 2025 წლის ივლისში სირიამ დუბაიში დაფუძნებულ კომპანია DP World-თან (რომელიც აჰმედ ალ-შარაას 800 მილიონი დოლარის პირდაპირ ინვესტიციას დაჰპირდა) 30-წლიანი კონცესიის ხელშეკრულება გააფორმა ტარტუსის მთავარი კომერციული პორტის მართვის შესახებ. აშშ-მა დამასკის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების უმეტესობა უკვე მოხსნა, ხოლო 2026 წლის ივლისში საფრანგეთმა განაახლა დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც 14 წლის წინ გაწყდა.

პრაგმატიზმად შენიღბული უიმედობა

რუსული ომის მომხრე და „პატრიოტული“ ტელეგრამის არხები (Z-არხები), ასევე კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ანალიტიკოსები, თავშეკავებულად და პრაგმატულად აფასებენ დამასკთან 9 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერას და ცდილობენ, თავი აარიდონ „გეოპოლიტიკური დამარცხების“ შესახებ რიტორიკას. დისკუსიის ძირითადი ფოკუსი დაიყვანება ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიაში შექმნილი ახალი რეალობის ფიქსაციაზე. ხმეიმიმის, ტარტუსისა და სხვა სამხედრო ობიექტების „ერთობლივ ცენტრებად“ გადაკეთება წარმოდგენილია, როგორც „სახის შენარჩუნებისა“ და მოსკოვისთვის ყველაზე უარესი სცენარის - სრული ევაკუაციის - თავიდან აცილების გზა. გარდა ამისა, Z-არხები აღნიშნავენ, რომ თავად სირიის ახალი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული რუსეთის სრული გასვლით, რადგან მათთვის რუსული ყოფნა თურქეთის ექსპანსიის ბუნებრივ საპირწონედ მოქმედებს.

კრემლსა და სირიის ახალ მთავრობას შორის სამხედრო კონტაქტების გაცოცხლება მაისის შუა რიცხვებიდან აქტიურად განიხილება რუსულ ტელეგრამის არხებზე. მაგალითად, რუსი კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ამ დროს დამასკში დაბრუნდა ბაშარ ალ-ასადის მიერ მოსკოვში გასაქცევად გამოყენებული თვითმფრინავი ილ-76.

ასევე 11 მაისს ბალტიისკის პორტიდან სირიის პორტში დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩავიდა რუსული სატვირთო გემი „სპარტა“ (ნოვოროსიისკში რეგისტრირებული, „ობორონლოგისტიკის“ საკუთრება, 8800 ტონა ტევადობით) სამხედრო გემების თანხლებით. „სპარტა“ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების სიაშია როგორც სამხედრო ტვირთის გადამზიდი გემი.

ამის შესახებ OSINT პროექტების, InsiderGeo-სა და SONARROW_OSINT-ის მკვლევრებმა განაცხადეს თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით. ტარტუსში კოლონის ჩასვლის წინა დღეს პორტიდან გავიდა კორვეტი „სტოიკი“- OSINT-ის ანალიტიკოსების აზრით, კოლონისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველსაყოფად. ეს გახდა რუსეთის კონტინგენტის მომარაგების გაგრძელების პირველი ვიზუალური მტკიცებულება. ეს კონტინგენტი ამ ბაზაზე რჩება 2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგაც.

ბაშარ ალ-ასადის ექსტრადიცია ვაჭრობის საგანია?

2025 წლის იანვრიდან მოყოლებული რუსეთ-სირიის მოლაპარაკებების დროს დამასკმა არაერთხელ წამოჭრა ბაშარ ალ-ასადის ექსტრადიციის საკითხი, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმალება. სირიის ახალმა მთავრობამ ბაზებზე დათმობები მჭიდროდ დაუკავშირა ყოფილი დიქტატორის ექსტრადიციას და რუსეთის მიერ ომის ზარალისთვის კომპენსაციის გადახდას. ამ კომპრომისის საბოლოო დეტალები მემორანდუმში არ არის გამჟღავნებული.

ამასთან, 11 აგვისტოს დამასკის სასამართლომ ქვეყნის გადაყენებულ ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს, დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. ის დამნაშავედ ცნეს თითქმის 14-წლიანი სამოქალაქო ომის დროს მკვლელობებში, წამებასა და თვითნებურ დაპატიმრებებში. ეს პირველი გამამტყუნებელი განაჩენია ასადის მიმართ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დაამხვეს ამბოხებულთა შეტევის შედეგად. მისმა დამხობამ სირიაში დაასრულა მისი ოჯახის ავტორიტარული მმართველობის ათწლეულები და ომი, რომელმაც ასობით ათასი სირიელის სიცოცხლე შეიწირა.

ასევე ნახეთ

სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი - სიკვდილით დასჯა

სიკვდილით დასჯა ყოფილი რეჟიმის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად მიესაჯა ასევე ატეფ ნაჯიბს, ყოფილი დიქტატორის ბიძაშვილს, რომელიც ბაშარ ალ-ასადის დროს დარაას პროვინციაში საიდუმლო პოლიციას ხელმძღვანელობდა და რომელიც ასევე ესწრებოდა სასამართლო პროცესს.

ატეფ ნაჯიბი მთელ ქვეყანაში ცნობილია ციხეში მუავი ალ-სიასნეს წამებით - იმ დროს 14 წლის სირიელი მოზარდისა, რომელმაც 2011 წლის მარტში მეგობრებთან ერთად დარააში, საკუთარი სკოლის კედლებზე, ანტისამთავრობო გრაფიტი დახატა. ეს მოვლენები, ბევრი სირიელის თქმით, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების ფორმალურ საბაბად იქცა, რაც საბოლოოდ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სირიის მმართველი ბაშარ ალ-ასადი რუს სამხედრო პილოტებთან ერთად ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე. 2017 წლის 11 დეკემბერი.

სირიაში რუსეთის სამხედრო საქმიანობის ისტორია

სირიაში რუსულ სამხედრო ბაზებს აღმოცენების სხვადასხვა ისტორია აქვთ, მაგრამ მათი ამჟამინდელი სტატუსი, როგორც კრემლის სრულფასოვანი სამხედრო ფორპოსტებისა, გაჩნდა 2015 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევის დროს.

ბაშარ ალ-ასადმა ოფიციალურად მიმართა ვლადიმირ პუტინს სასწრაფო სამხედრო დახმარებისთვის 2015 წლის 30 სექტემბერს. იმავე დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება საზღვარგარეთ და რუსეთის თვითმფრინავებმა პირველი საჰაერო დარტყმები განახორციელეს ასადის ძალების მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

ტარტუსის ბაზა: საბჭოთა მემკვიდრეობა

ხმეიმიმისგან განსხვავებით, ტარტუსში მოსკოვის ყოფნა XXI საუკუნემდე დიდი ხნით ადრე იწყება. 1971 წელს სსრკ-მ და სირიამ (რომელსაც მაშინ ჰაფეზ ალ-ასადი, ბაშარ ალ-ასადის მამა, მართავდა) ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალების 720-ე ლოგისტიკური მხარდაჭერის ობიექტის შექმნის შესახებ. საბჭოთა კავშირს ხმელთაშუა ზღვაში დასაყრდენი სჭირდებოდა მე-5 ოპერატიული ესკადრის გემების შესაკეთებლად, საწვავით შესავსებად და მომარაგებისთვის. ეს გემები აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს უპირისპირდებოდნენ.

მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ და 2015 წლამდე, ამ ადგილმა დეგრადაცია განიცადა. ტარტუსი ადრე სრულფასოვანი სამხედრო ბაზა არ ყოფილა: მასში მხოლოდ მცურავი სახელოსნო, რამდენიმე საწყობი და რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო მოსამსახურე იყო განთავსებული. გემები იქ ძალიან იშვიათად სტუმრობდნენ.

რუსული წყალქვეშა ნავები ტარტუსის პორტში მდებარე რუსეთის საზღვაო ბაზაზე. 2019 წლის 26 სექტემბერი.

ხმეიმიმის ავიაბაზა: საიდუმლო და სწრაფი

სირიაში რუსეთის სრულფასოვანი საავიაციო დაჯგუფების გაჩენა სწრაფად მოხდა 2015 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სრული სამხედრო კრახის პირას იყო. 2015 წლის 26 აგვისტოს დამასკში რუსეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა საიდუმლო შეთანხმებას რუსეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო დაჯგუფების განლაგების შესახებ. დოკუმენტი რუსეთს აძლევდა ლატაკიის პროვინციაში ხმეიმიმის აეროდრომის თავისუფლად გამოყენების უფლებას და რუს სამხედროებს სრულ დიპლომატიურ იმუნიტეტს ანიჭებდა.

რუსეთმა სწრაფად დაიწყო მასშტაბური ლოგისტიკური ოპერაცია (ე.წ. „სირიული ექსპრესი“). ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის საბაბით, An-124 Ruslan-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა და საზღვაო სადესანტო გემებმა ლატაკიაში პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 50 თვითმფრინავი (Su-24M, Su-25, Su-34 და Su-30SM), ვერტმფრენები (Mi-24 და Mi-8), საჰაერო თავდაცვის სისტემები (Pantsir-S1), ელექტრონული საბრძოლო სისტემები და ჯავშანტექნიკა განათავსეს.

სირიაში ასევე გაიგზავნა მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი - რამდენიმე ათასი სამხედრო მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმები და უსაფრთხოების ბატალიონები. ლატაკიაში მდებარე ბასელ ალ-ასადის სახელობის სამოქალაქო აეროპორტი რამდენიმე კვირაში სრულად იქნა მოდერნიზებული და გამაგრებულ რუსულ საჰაერო ბაზად გადაკეთდა.

ბაშარ ალ-ასადი ხმეიმის საჰაერო ბაზაზე რუს სამხედრო მოსამსახურეებს ესაუბრება და მათ იარაღს ათვალიერებს. 2017 წლის 27 ივნისი.

2017 წელი: მოსკოვი იმედოვნებს, რომ სტატუსს 49 წლით უზრუნველყოფს

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ომის მიმდინარეობა ბაშარ ალ-ასადის სასარგებლოდ შეცვალა, გადაწყდა, რომ კრემლში „დროებითი ყოფნის“ იურიდიულად ფორმალიზება მუდმივი ყოფნის სახით მომხდარიყო. 2017 წლის იანვარში რუსეთმა და სირიამ არსებული შეთანხმებების ახალი ოქმები გააფორმეს.

ორივე ბაზა, ხმეიმიმი და ტარტუსი, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცა 49 წლით, შემდგომი 25-წლიანი პერიოდების ავტომატური განახლებით. „ლოგისტიკური უზრუნველყოფის პუნქტმა“ ოფიციალურად მიიღო საზღვაო ბაზის სტატუსი. ასადმა რუსეთს ობიექტის ტერიტორიის გაფართოების, ნავმისადგომების მოდერნიზების და ერთდროულად იქ 11-მდე გემის, მათ შორის ატომური კრეისერების განლაგების უფლება მისცა. მოსკოვმა ასევე მიიღო სრული უფლებამოსილება, სირიის მთავრობის ჩარევის გარეშე განეხორციელებინა ამ ტერიტორიების საგარეო უსაფრთხოება, იურისდიქცია და მართვა. ეს ექსტრატერიტორიული სტატუსი უცვლელი დარჩა ასადის რეჟიმის დაცემამდე, რის შემდეგაც სირიის ახალმა ხელისუფლებამ, აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით, ყველა შეთანხმების სრული გადახედვა დაიწყო.

რუსი ტექნიკოსები ბომბებს ამაგრებენ სუ-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენზეხმეიმიმისავიაბაზაზე. 2016 წლის 4 მაისი.

თურქეთის გაძლიერება

მოსკოვის ყოფნის შემცირების ფონზე სირიაში სწრაფად აძლიერებს თავის პოზიციებს ანკარა. თურქეთის ჯარები სტაბილურად მიიწევენ წინ ქვეყნის სიღრმეში, აშენებენ ბაზებს, მაგალითად, პალმირის, ჰომსისა და ალეპოს მახლობლად. რუსეთი, რომელიც იძულებულია, შეეგუოს თავისი ყოფილი გავლენის დაკარგვას, ამას ჯერჯერობით ჩუმი თანხმობით უპასუხებს. მიუხედავად აჰმედ ალ-შარაას მცდელობისა, წინააღმდეგობა გაეწია თურქეთის ექსპანსიისთვის, სირიაში თურქეთის ხელმძღვანელობით ყალიბდება ახალი ფენომენი ახლო აღმოსავლეთში - კერძოდ, ისლამისტების მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო არმია, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე ვასილი სემიონოვი:

„ამ პროცესს საფუძვლად უდევს არა მხოლოდ ის, რომ თურქეთი იდგა რადიკალი მეამბოხეების უკან, რომლებმაც 2024 წლის დეკემბერში დაამხვეს ბაშარ ალ-ასადი, არამედ იმ ფაქტსაც, რომ ის კვლავაც რჩება უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და ახალი დამასკის მთავარ ეკონომიკურ ღუზად. თურქეთის ექსპორტი სირიაში რეკორდულ დონეზეა და ორივე ქვეყანა ცდილობს, ვაჭრობის წლიური მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე აყვანას.

თურქეთს სტამბოლში აქვს ჰამასის (აშშ-ში, ევროპისა და მუსლიმანური სამყაროს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული - რ.თ.) ოფისი. ეს ოფისი და თურქეთში ჰამასის სხვა ობიექტები პირდაპირ ოპერატიულ როლს ასრულებს, ანუ ისინი გამოიყენება დაგეგმვისა და ხელმძღვანელობისთვის, ასევე სახსრების გადაადგილებისთვის. ჰამასის წარმომადგენლები, მათ შორის მისი პოლიტბიუროს გარდაცვლილი ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანია, რეგიონში თურქული პასპორტებით მოგზაურობენ (ან, ჰანიას შემთხვევაში, მოგზაურობდნენ).

ლიბანში ანკარა ბოლო წლებში ფარულ და სისტემატურ ძალისხმევას ახორციელებს თავისი გავლენის გასაზრდელად, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სუნიტურ ქალაქ ტრიპოლისა და თურქმენულ (თურქმანულ) თემზე.

ამგვარად, თურქეთი, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხელმძღვანელობით, რომელიც სულ უფრო მეტად იხრება მკაცრი ისლამისკენ, აღარ არის მეორეხარისხოვანი მოთამაშე რეგიონულ პოლიტიკაში - ის ახლა არის სახელმწიფო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გავლენის მრავალ ღერძს აყალიბებს. ის აფართოებს თავის ყოფნას სირიაში და შედის გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების საკუთარი წარმოების ეპოქაში.

ამიტომ წინა პლანზე გამოდის ისრაელსა და თურქეთს შორის მზარდი დაპირისპირება, რაც საბოლოოდ შეიძლება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს. ისრაელის ანალიტიკური ცენტრი Alma აღნიშნავს, რომ 2026 წლის მაისი-ივლისი აღინიშნა სირიაში თურქეთის აქტიურობის მნიშვნელოვანი აჩქარებით ყველა ფრონტზე და მისი რიტორიკული ესკალაციით, რაც ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული".

თურქეთის პრეზიდენტირეჯეპტაიპერდოანიდა სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე. 2025 წლის 24 მაისი.

"და ამ ფონზე, თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა 7 აგვისტოს ხელი მოაწერეს ურთიერთდაცვის პაქტს, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა სამივე ქვეყანაზე თავდასხმად ჩაითვლება. ანკარა, ელ-რიადი და ისლამაბადი ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ თავდაცვითი პაქტია და რომ შეთანხმება არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ და არ ისახავს მიზნად სამხედრო ღერძის ან ბლოკის შექმნას. შეიძლება თუ არა მათი ნდობა?"

„მთავარი ის არის, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ყველა ომისა და კონფლიქტის ფონზე და ის ინიციირებული იყო ნამდვილად ელ-რიადის მიერ, რომელსაც ამჟამად ეს ყველაზე მეტად სჭირდება. საუდის არაბეთში არის მუსლიმური სამყაროს უწმინდესი ადგილები, მას მოეპოვება ნავთობის უზარმაზარი მარაგები და უსაზღვრო, თუმცა სწრაფად კლებადი ფინანსური რესურსები - მაგრამ მისი არმია პრაქტიკულად არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ ძალას. სამაგიეროდ თურქეთს ჰყავს ნატოში სიდიდით მეორე არმია, პაკისტანს კი საერთოდ ბირთვული იარაღიც კი აქვს.

ღრმა დონეზე სამივე ხელმომწერი ქვეყანა იზიარებს მსგავს შეხედულებებს „ეროვნული აღორძინების“ შესახებ, რომელსაც აქვს მკაფიო ისლამისტური ელფერი, დასავლეთთან დაახლოების ისტორიულ ტრაექტორიებს კი ახლა რაღაც სხვა რამედ გარდაქმნიან... ელ-რიადის უზარმაზარი ფინანსური რესურსები, ანკარის კონვენციური სამხედრო შესაძლებლობები და პაკისტანის ბირთვული პოტენციალი ქმნის ძლიერ კომბინაციას - ისეთს, რამაც შეიძლება სერიოზული გამოწვევა შეუქმნას მათ ყველა მეზობელს და არა მხოლოდ ირანს ან ისრაელს.

ასევე ნახეთ

თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა გააფორმეს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება

მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი, რათა შემდგომი სამხედრო ესკალაციის დაუშვებლობაზე მიუთითოს როგორც ირანს, ასევე ისრაელს. ბოლოს და ბოლოს, ამ ეტაპზე საუდის არაბეთის ყველა ალიანსი, ისევე როგორც მისი ყველა პრაქტიკული სამხედრო ქმედება, სუსტი ჩანს და, ირანის მუქარის შემცველ „მთავარი გიჟის სტრატეგიასთან“ შედარებით, უკბილობას ამჟღავნებს. ახლო აღმოსავლეთში არავინ არავის არ უწევს ანგარიშს, თუ ძლიერი დარტყმის მიღების რეალურ შესაძლებლობას არ ხედავს. ძალის მკაფიო დემონსტრირების გარეშე ყველა ეს ალიანსი და ბლოკი ქაღალდის ვეფხვებად რჩება. მაგრამ მხოლოდ დროებით“, მიიჩნევს ვასილი სემიონოვი.