1 დღეში დაჭერილი მოძალადე, რომელიც 2015 წლიდან იძებნებოდა 14 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის

2019 წლის 8 ივნისს Reginfo-მ გამოაქვეყნა მასალა საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ძალადობის შემთხვევაზე, რომელიც 2015 წელს მოხდა და რომლის მსხვერპლიც იმ დროისთვის 14 წლის გოგო იყო. მოზარდი ორჯერ, 2015 და 2019 წელს ერთმა და იმავე ადამიანმა, მისავე სოფლელმა და ნათესავმა მოიტაცა და გააუპატიურა.

"საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი.

ბიჭის ნათესავებმა, დილით, გოგო თავის სახლში დააბრუნეს. მსხვერპლმა მშობლებს ყველაფერი მოუყვა და უთხრა, რომ თუ იმ ბიჭზე გაათხოვებდნენ, თავს მოიკლავდა. გოგოს მშობლებმა პოლიციას მიმართეს.

საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება. მსხვერპლმა პოლიციაში დეტალურად აღწერა დანაშაული როგორ მოხდა. დაასახელა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.

მოძალადემ გამოძიებას თავი აარიდა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ის მიიმალა. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროკურატურამ მსხვერპლის მიერ დანაშაულში მხილებული სხვა პირები პასუხისგებაში არ მისცა." - ვკითხულობთ რეგინფოს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, რომელსაც აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალებმა დაიწყეს კამპანია #გოგონებისთვის, რომლის ფარგლებშიც წერენ ვიდეომიმართვებს და მოუწოდებენ საზოგადოებას მეტი ჩართულობისთვის, სახელმწიფო უწყებებს კი გოგონებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე უფრო ეფექტური მუშაობისკენ.

9 ივნისს მოძალადე, რომელსაც პოლიცია 2015 წლიდან ვერ პოულობდა და რომლის ოჯახშიც მსხვერპლი 2019 წლის აპრილიდან ამ დრომდე ცხოვრობს ცოლის სტატუსით, დააკავეს.

„2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რეგინფოს ცნობით, გოგონა მოძალადემ 2015 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიტაცა და გააუპატიურა, 2019 წლის 4 აპრილს, როდესაც სახლიდან სკოლისკენ მიმავალი დაზარალებული ბრალდებულმა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, სოფლის ცენტრიდან ისევ მოიტაცა და იმავე დღეს, სქესობრივი კავშირი დაამყარა. 2019 წლის 2 მაისს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა დაზარალებული გოგოს და დედამისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარადგინა, რომ გოგოს აღარ აქვს და არც მომავალში ექნება პრეტენზია ბრალდებულის მიმართ.​

ადამიანის უფლებათა ცენტრში, რომელიც იცავდა ძალადობის მსხვერპლი გოგონას ინტერესებს სასამართლოში, ამბობენ, რომ პრობლემურია ბრალდებულის სტატუსი, მას სასამართლო პროცესებზე ბრალი ედებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და არა ჯგუფურ გაუპატიურებაში. როგორ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ტლაშაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმეში იკვეთებოდა სხვა გადაცდომებიც:

  • სასამართლოს არ დაუკითხავს ის ქალები, რომლებიც როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის თანასოფლელები და ნათესავები იყვნენ და რომლებიც ეხმარებოდნენ მოძალადეს 2015 წელს გოგონას გატაცებაში. ნინო ტლაშაძის თქმით, ცენტრს ჰქონდა მოთხოვნა დაეკითხათ ისინი და დაწყებულიყო მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, თუმცა სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ ისინი "ოჯახის ქალები" არიან და ციხეში ვერ ჩასვამდნენ.
  • პირველი გატაცების შემდეგ გოგოს თარჯიმანი ჩვენების მიცემისას იყო საქმის გამომძიებელი, რომელმაც მკვეთრად შეარბილა გოგონას მონათხრობი. გოგონა ეთნიკურად არაქართველია და ქართულ ენაზე ლაპარაკი და წერა არ შეუძლია, გამომძიებელი კი ამავე თემის წევრია, რომელსაც შეუძლია მის მშობლიურ ენაზე საუბარი. მსხვერპლის დაცვის მხარე ამბობს იმასაც, რომ როგორც გამომძიებელი, ისევე სამართალდამცველები მთელი ამ პროცესის განმავლობაში მოძალადის მხარდაჭერას ცდილობდნენ.
  • გოგოს მეორედ გატაცებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ შეატყობინა მსხვერპლის დაცვის მხარეს განმეორებითი ძალადობის ინციდენტის შესახებ;

ნინო ტლაშაძემ 9 მაისს ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ გოგონა, რომელიც სამი წლის განმავლობაში საკუთარი უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, ნათესავების ზეწოლის გამო მოძალადეს ცოლად მიყვებოდა.

საქმეს 2018 წლის დეკემბრიდან სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. სწორედ ამ დროს შეატყობინეს ომბუდსმენს ადამიანის უფლებათა ცენტიდან მომხდარის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მსხვერპლი მათთან არ თანამშრომლობს, თუმცა ვინაიდან საქმე არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულს ეხება, სადაც გენდერული მოტივიც იკვეთება, ისინი თავიანთი მანდატის ფარგლებში მაინც ჩართულები არიან, ქონდათ ოჯახში ვიზიტი და თვალს ადევნებენ პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ომბუდსმენისთვის გვიან შეტყობინებას კი იმით ხსნის, რომ გოგონა 2 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად გაუჩინარებული იყო. ამ პერიოდში შეჩერებული იყო სასამართლო პროცესებიც, შსს კი ამბობდა, რომ მათ ვერ პოულობდნენ. გოგონა ძალადობის შემდეგ ოჯახთან ერთად მთაში იმყოფებოდა, სადაც მამა, რომელიც მწყემსია, ხშირად დადის ხოლმე. მსხვერპლის ინტერესების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველს ინფორმაცია მას შემდეგ მიაწოდა 2015 წელს მომხდარზე, რაც მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ გოგონა მეზობელ სკოლაში სკოლაში დადიოდა.

დაცვის მხარე ამბობს იმასაც, რომ განმეორებითი ძალადობის შემთხვევის შემდეგ, არც მსხვერპლს და არც მის ოჯახს მათთან კომუნიკაცია აღარ სურთ, თუმცა მანამდე გოგონა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მოძალადის ეშინოდა, მისგან დაცვა ჭირდებოდა და მის გეგმებში არა ოჯახის შექმნა, არამედ სკოლის დამთავრება და სწავლის გაგრძელება შედიოდა.

9 ივნისს ძალადობის მსხვერპლი მოზარდი მოინახულა აქტივისტმა თოზუ გულმამედოვამ, რომელსაც ის მოძალადის ოჯახში მისი ცოლის სტატუსით დახვდა მის ნათესავებთან ერთად. როგორც გულმამედოვა ამბობს, მას გოგონასთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა, ძირითადად ოჯახის წევრები აქტიურობდნენ, გოგონა კი სასოწარკვეთილი ჩანდა. გულმამედოვა ამბობს იმასაც, რომ 2019 წლის 28 აპრილს ძალადობაში ბრალდებულმა ძებნილმა და არასრულწლოვანმა მსხვერპლმა ქორწილიც გადაიხადეს და გოგონამ მათი ტრადიციების შესაბამისად ქმრისგან ოქროებიც მიიღო საჩუქრად. გოგონამ, რომელიც მეორედ გატაცებამდე 7 კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფელში დადიოდა სკოლაში, სწავლა შეწყვიტა. მსხვერპლის დაცვის მხარის თქმით, არასრულწლოვან გოგონას მოძალადის ნათესავები, რომლებიც ამავდროულად მისი ნათესავებიც არიან, სასამართლო სხდომებზეც ეუბნებოდნენ, რომ ტყუილად იბრძოდა, როცა სრულწლოვანი გახდებოდა, მას მოძალადე მაინც ცოლად მოიყვანდა და ამ დავას აზრი არ ჰქონდა.

ჟურნალისტი კამილა მამედოვა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ჩაერთო კამპანიაში #გოგონებისთვის. ის ამბობს, რომ არ შეიძლება ასეთი ძალადობის ფაქტები სახელმწიფომ და სამართალდამცველებმა რომელიმე თემის ტრადიციად მიიჩნიონ და მათ წინააღმდეგ სათანადოდ არ იბრძოლონ.

უფლებადამცველები ამბობენ იმასაც, რომ ამ საქმეში მოძალადის დაკავება მხოლოდ ერთი კომპონენტია და საჭიროა მსხვერპლზე ზრუნვა, მისი მოძალადის სახლიდან განრიდება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და საქმეში ჩართული სხვა მონაწილეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.