ეთერ თუთბერიძე და მედლის ორი მხარე

ეთერ თუთბერიძე მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძის გამოსვლისას. 7 თებერვალი, 2026 წელი

დასავლური და არა მხოლოდ დასავლური პრესა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის თითქმის დაწყებისთანავე ბევრს წერს ეთერ თუთბერიძეზე, რომელიც წლების განმავლობაში ფიგურული სრიალის რუს ჩემპიონებს წვრთნიდა, ახლა კი ქართველ სპორტსმენებსაც ამზადებს.

იტალიაში, მილანსა და კორტინაში, ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან რვა სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან ექვსი - ფიგურულ სრიალში.

წლევანდელი ოლიმპიადა საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა:

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველომ პირველად მოიპოვა ვერცხლი - ის ფიგურულ სრიალში წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მიიღეს.

„აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, ჩემი მიწის და ხალხის სიყვარული, რომელსაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს ჩემი წინაპრების გზის გაგრძელებაა“, - ამბობს თავის მიმართვაში დევნილი ლუკა ბერულავა, რომელიც რუსეთში გაიზარდა.

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა

ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი გაიმეორა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.

ნიკა ეგაძე ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონი გახდა 2026 წელს.

მეცხრე ადგილი დაიკავა ანასტასია გუბანოვამ, რაც ქალთა ერთეულთა კატეგორიაში საქართველოს საუკეთესო შედეგია.

ანასტასია გუბანოვა

მთლიანად ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილზეც გავიდა.

ასევე ნახეთ საქართველო - ზამთრის ოლიმპიურ ელიტაში

ომი და სპორტი

ოლიმპიური კომიტეტი უკრაინაში ომის გამო რუსებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. რუსეთიდან მხოლოდ 13 სპორტსმენი ასპარეზობს, ისიც ნეიტრალური სტატუსით. მოციგურავე მხოლოდ ორია: რუსეთის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული ადელია პეტროსიანი და პიოტრ გუმენიკი.

პეტროსიანს ეთერ თუთბერიძე წვრთნის. მისი მოსწავლეა თბილისში დაბადებული და რუსეთში გადასახლებული ნიკა ეგაძეც. ნიკას მოსკოვში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ეთერ თუთბერიძის სკოლაში მოხვედრილიყო.

ასევე ნახეთ უკრაინის პარალიმპიურმა ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიას

ადელია პეტროსიანი

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ოფიციალურად ეთერ თუთბერიძე ქართული დელეგაციის წევრია, თუმცა ჟურნალისტებმა მილანში ის ადელია პეტროსიანთან ერთად დაინახეს და ამაზეც დიდი ამბავი ატყდა.

ამ ოლიმპიადაზე რუსეთს ყველაზე მეტად სწორედ პეტროსიანი ეიმედებოდა, მაგრამ ბოლო გამოსვლისას ადელია ყინულზე დაეცა და საბოლოოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. მეექვსე ადგილზე გავიდა პიოტრ გუმენიკიც. თავისთავად ეს ურიგო შედეგი არ არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსი ფიგურისტები სახლში ყოველთვის მედლებით ბრუნდებოდნენ ხოლმე, მათი უმრავლესობა კი სწორედ ეთერ თუთბერიძის გაწვრთნილი იყო.

ეთერ თუთბერიძე და საქართველო

ქართული გვარ-სახელისა და თვალების ფერის გარდა, ეთერ თუთბერიძეს საქართველოსთან ბევრი არაფერი აკავშირებს. დაიბადა მოსკოვში 1974 წლის 24 თებერვალს. მამა გიორგი თუთბერიძე ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, დედა ინჟინერი იყო. ეთერი ნაბოლარაა, ჰყავს ძმა და სამი და. ერთხელ ინტერვიუში ნახევრად ხუმრობით თქვა, რომ შვილად მამამისი მხოლოდ ვაჟს აღიარებდა.

ფიგურულ სრიალზე სიარული 4 წლის ეთერმა თავად მოინდომა. ციგურაობა გამოსდიოდა, მაგრამ ხერხემლის ტრავმისა და იმის გამო, რომ მოციგურავისთვის მაღალი იყო, დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და 18 წლისა ამერიკაში გადაბარგდა. იქ 6 წელს იმუშავა. იქვე გააჩინა შვილი დიანა დევისი, რომლის მამაზე ბევრი არაფერი ვიცით. დიანას სმენის პრობლემები აქვს, მაგრამ მაინც ასპარეზობს. წლევანდელ ოლიმპიადაზე მეწყვილესთან ერთად მე-13 ადგილი დაიკავა. დიანაც საქართველოს სახელით გამოდიოდა.

დიანა დევისი ამერიკის მოქალაქეა. რუსული პრესა წერდა, რომ ეთერ თუთბერიძეს ამის გამოც შეეშინდა რუსეთისკენ წასული სანქციების.

წლების წინ ამერიკიდან მოსკოვში დაბრუნებულმა ეთერ თუთბერიძემ მწვრთნელობა დაიწყო. სწორედ ამან მოუტანა მას სახელიც და დიდებაც. მისი გამოზრდილი სპორტსმენები ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებდნენ ოლიმპიადებზე, ასრულებდნენ ისეთი სირთულის ნახტომებს, რომლებიც სხვებს არ გამოსდიოდათ. მისი მოწაფეები არიან იულია ლიპნიცკაია, ევგენია მედვედევა, ალინა ზაგიტოვა, ალექსანდრა ტრუსოვა, ანა შჩერბაკოვა, მორის ყვითელაშვილი, კამილა ვალიევა, ევგენია ტარასოვა, ადელია პეტროსიანი.

ასევე ნახეთ რუსეთის ფიგურისტებს, დევისს და სმოლკინს, რუსეთის ფედერაციამ უფლება დართო საქართველოს გუნდში იასპარეზონ

სიმკაცრისა და ჩემპიონების „წარმოების“ გამო თუთბერიძეს და მის სკოლას სხვადასხვა მეტსახელი შეარქვეს: „ყინულის დედოფალი“, „მონსტრების კორპორაცია“, „ჩემპიონთა საწარმო“... მას, ერთი მხრივ, აღიარებენ, როგორც შეუდარებელ მწვრთნელს, მეორე მხრივ კი, პრეტენზიებიც ბლომად აქვთ და ეს არის ფასი, რომელსაც ბავშვები იხდიან - დალურჯებული ტანი, დასისხლიანებული ფეხები, გამოფიტული ორგანიზმი, ნერვული შეტევები, დოპინგთან დაკავშირებული სკანდალი და რაც მთავარია, პუტინის რუსეთის ერთგულება. თუმცა ეთერ თუთბერიძემ ავადმყოფობა მოიმიზეზა და არ მივიდა კრემლში ოლიმპიელების დაჯილდოებაზე. მოგვიანებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სწორედ ისინი დაასანქცირა, ვინც პუტინთან ამ მიღებას დაესწრო.

ეთერ თუთბერიძეს უკვე ბევრჯერ წამოაძახეს, მათ შორის წელსაც, 2022 წლის ოლიმპიადა, როდესაც მისმა მოსწავლემ, კამილა ვალიევამ, ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იყო. ვალიევას ოქრო ჩამოართვეს და 4 წლით სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალეს. ოქრო დაკარგა რუსეთის ნაკრებმაც. თუთბერიძეს სასჯელი არ შეხებია. თუმცა ამ ამბავს პრესა მას ხშირად უხსენებს და ამ ოლიმპიადაზეც გაუხსენეს.

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინაში 22 თებერვალს სრულდება.

ასევე ნახეთ „ქილების გამოცვლის სისტემამ არ იმუშავა“ - კამილა ვალიევას ტრაგედია


ასევე ნახეთ რუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვები