უკრაინის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და პარალიმპიური გუნდი ბოიკოტს უცხადებენ ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიას და მოითხოვენ, რომ ცერემონიაზე არ იყოს გამოყენებული უკრაინის ეროვნული დროშა.
- ბოიკოტის მიზეზია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 6 რუს და 4 ბელარუს სპორტსმენს რუსეთის და ბელარუსის ეროვნული დროშებით გამოსვლის უფლება მისცეს.
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებს ოლიმპიურ შეჯიბრებებში ეროვნული სიმბოლიკით მონაწილეობა აკრძალული აქვთ და მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობა შეუძლიათ.
უკრაინის ეროვნულმა პარალიმპიურმა კომიტეტმა 19 თებერვალს, გვიან ღამით თავის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ აღშფოთებული არიან საერთაშორისო კომიტეტის „ცინიკური გადაწყვეტილებით”, რომელიც „მკვლელ ქვეყანას“ აძლევს თავისი დროშის აღმართვის შესაძლებლობას.
უკრაინის ეროვნული კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთს და ბელარუსს არ გაუვლით საკვალიფიკაციო პროცესი პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზიის მისაღებად.
უკრაინის სპორტის მინისტრმა მატვეი ბიდნიმ 18 თებერვალს განაცხადა, რომ ზამთრის პარალიმპიური თამაშების ორგანიზატორების „აღმაშფოთებელი გადაწყვეტილების“ გამო უკრაინის ოფიციალური პირები არ დაესწრებიან გახსნის ცერემონიას და მონაწილეობას არ მიიღებენ სხვა ოფიციალურ ღონისძიებებშიც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ელჩებს დაავალა, მიმღები ქვეყნების ოფიციალურ პირებს დაუკავშირდნენ და მოუწოდონ, რომ თუ „სამარცხვინო გადაწყვეტილება” არ გაუქმდება, გახსნის ცერემონიას არ დაესწრონ.
უკრაინის პოლიტიკურ ბოიკოტს შეუერთდა ესტონეთი. პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება ევროკომისარი კულტურის და სპორტის საკითხებში გლენ მიკალეფი.
ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის საგარეო საქმეთა და სპორტის მინისტრებმა, ანტონიო ტაიანიმ და ანდრეა აბოდიმ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ იტალიის მთავრობა კატეგორიულად არ ეთანხმება რუსეთისა და ბელარუსის შესახებ საერთაშორისო პარალიმიური კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
- რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები ისევ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ 2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში მიმდინარეობს(6-22 თებერვალი).
- 2026 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებსაც იტალიის ეს ქალაქები უმასპინძლებენ(6-15 მარტი).
ფორუმი