ელიტური კორუფცია: სად ნაწილდება ფული და ინტერესები

სავარაუდო ელიტური კორუფციის ბოლო დროს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდა, მაგრამ რადგანაც შეკითხვები უპასუხოდ რჩება და არავინ ისჯება, ეს საფრთხეს უქმნის ნდობას სამართალდამცველი და საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ - ასეთია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პოზიცია. ორგანიზაციის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში კვლავაც ხაზგასმულია პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობა. მიმოხილვაში ჩამოთვლილი 6 ფაქტიდან ორი ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, უკავშირდება. IDFI-ში ამბობენ, რომ ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა ფარცხალაძის მიერ მასშტაბური ქონების სწრაფად დაგროვების თაობაზე.

ოთარ ფარცხალაძე და საავიაციო მილიონები

11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ერთ დროს მოკრძალებული ქონების მქონე ყოფილი მთავარი პროკურორის სწრაფ გამდიდრებასთან დაკავშირებული ეჭვების განეიტრალებას ცდილობდა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა დამატებითი ეჭვები და შეკითხვები. 11 ოქტომბერს მოსიაშვილმა თქვა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის ძირითად წყაროს, უკვე 5 წელია, კომპანია Elbit-ის საავიაციო ბიზნესპროექტი წარმოადგენს და ეს საამაყოა ოთარ ფარცხალაძისთვის. ლაპარაკია „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივ პროექტზე - სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანაზე (ATC), თუმცა „საპარტნიორო ფონდმა“ 11 ოქტომბერსვე უარყო ოთარ ფარცხალაძესთან შემხებლობა და მისთვის რაიმე სახის გასამრჯელოს გადახდა.

ასევე ნახეთ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

  • „საპარტნიორო ფონდის“ 2018 წლის თებერვლის ინფორმაციით, ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია.
  • იმავე წყაროს 2018 წლის მაისის ინფორმაციით კი, „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Your browser doesn’t support HTML5

"კორუფცია კლავს" - სტენსილი მთავრობის კანცელარიასთან

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური ვებსაიტის არქივში იძებნება 2016 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული განცხადება, რომელშიც ოთარ ფარცხალაძეა მოხსენიებული. განცხადებაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოკვლევას უპასუხებს, ნათქვამია, რომ ოთარ ფარცხალაძე იყო „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის გიგანტი კომპანია ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანიისთვის (ELBIT Cyclone) ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის, კერძოდ, „როიალ დეველოპმენტის“ ერთ-ერთი თანამფლობელი და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კავშირად „საპარტნიორო ფონდთან“. თუმცა განსხვავებულია გამოკვლევის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია. მართალია, 2016 წლის 11 აგვისტოდან ოთარ ფარცხალაძე აღარ ირიცხება “როიალ დეველოპმენტის” შემადგენლობაში, მაგრამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს “ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ძველ აზრზე რჩება, რომ ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროექტში გავლენიანი ყოფილი თანამდებობის პირის კუთვნილი კომპანიის ჩართულობა აჩენს კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებს.

ასევე ნახეთ ივანიშვილის თითები

რა მოერევა ელიტური კორუფციას

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოთარ ფარცხალაძე ამჟამად თანამდებობის პირი არ არის და მთავარი პროკურორის პოსტზეც მცირე ხნის განმავლობაში მუშაობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მისი ქმედებები, რომც დადასტურდეს, არ შეიძლება ჩაითვალოს კორუფციად. უარყოფილია ოთარ ფარცხალაძის გავლენებიც. „ასეთი გავლენები არ არსებობს, არ არსებულა არასდროს და მისი სახის ამგვარად დანახვება საზოგადოებისთვის შედის იმ ჯგუფების ინტერესებში, რომლებსაც სურთ დარტყმა მიაყენონ მის სახელს და გვარს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ. თბილისის მერი კახა კალაძე კი ხაზგასმით ამბობს, რომ ფარცხალაძე მერიის თანამშრომელი არასოდეს ყოფილა, ხოლო დანარჩენს მიმდინარე გამოძიება დაადგენს.

Your browser doesn’t support HTML5

კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე

თუმცა თუკი IDFI-ის 12 ოქტომბრის მიმოხილვას გადავავლებთ თვალს, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები საქართველოში არაერთ გახმაურებულ ამბავს უკავშირდება და ამ ჭრილში მნიშვნელოვანწილად ფიგურირებს სწორედ ოთარ ფარცხალაძე. სახელდება ორი ეპიზოდი:

  • ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოჰყვა ფარცხალაძის თავდასხმა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე;
  • „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში მონაწილეობენ სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი.
ასევე ნახეთ ნინო ლომჯარია: ბიზნესში ელიტური კორუფციის ნიშნებს პასუხი უნდა გაეცეს

„რუსთავი 2“-ის მიერ გამომზეურებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ოთარ ფარცხალაძე არა მხოლოდ შესაძლო კორუფციულ სქემასთან კავშირში, არამედ ძალადობრივ ქმედებებშიც არის მხილებული, თუმცა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოგვიანებით უარყო, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავისივე ოფისის სარდაფში მას ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ აუდიოჩანაწერები გაყალბებულია, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს „ომეგა ჯგუფი .

Your browser doesn’t support HTML5

საბა ბუაძე შესაძლო ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში დაგროვილი შეკითხვები არ გაქრება დამაჯერებელი პასუხების გარეშე და რადგან ეს არ ხდება მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით, ვერ ვილაპარაკებთ მაღალი დონის ნდობაზე სამართალდამცველი და საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ. საბა ბუაძე ამბობს, რომ ხელისუფლება რელურ პრობლემას ვერ მოერევა, თუკი ჯიუტ პოზიციას შეინარჩუნებს, საქმეებს ძირეულად არ გამოიძიებს, არ დასჯის დამნაშავეებს და გააგრძელებს თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე.