ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2030 წლისთვის, მსოფლიოში 11.1 მილიონი ჯანდაცვის მუშაკის დეფიციტს პროგნოზირებს. ორგანიზაციის შეფასებით, 67 ქვეყანას არ ეყოლება საკმარისი სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მედპერსონალის დაბერება
ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება, 2021 წელი
WHO-ს ახალი კვლევა განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსთვის, რადგან ამ ორგანიზაციის ბოლო წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ქვეყანაში, სამედიცინო პერსონალის დაბერების გარდა სხვა არაერთი პრობლემაა - ექთნების სიმწირე, მედპერსონალის არათანაბარი გადანაწილება და მიგრაცია.
WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის 2024 წლის ანგარიშის („ჯანდაცვის სისტემები მოქმედებაში - საქართველო“) თანახმად, ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში ექიმების 38.9% და ექთნების 37.9% 55 წლის ან უფროსი იყო.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს მონაცემი საკმაოდ მაღალია სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით და საქართველოს ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა მესამედზე მეტი მომდევნო ათწლეულში საპენსიო ასაკს მიაღწევს.
ამავე ანგარიშის თანახმად, ხანდაზმული ექთნების პრობლემა პატარა ქალაქებსა და სოფლებში კიდევ უფრო მწვავედ დგას.
სამედიცინო პერსონალის მიგრაცია
WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის 2025 წლის ანგარიშისთვის („ჯანდაცვის სფეროს სამუშაო ძალის მიგრაცია WHO-ს ევროპის რეგიონში“) , 2024 წელს, საქართველოში, 966 ექიმი გამოკითხეს.
მათგან 40.5%-მა თქვა, რომ მიგრაციაზე უფიქრია. ასე უმეტესად ახალგაზრდები არიან განწყობილნი.
კვლევის თანახმად, ბევრი ქართველი ექიმი ქვეყნიდან პროფესიული კარიერის ადრეულ ეტაპზე მიდის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რეზიდენტურა საზღვარგარეთ და უკეთესი პროფესიული შესაძლებლობები, მათ შორის მაღალი ანაზღაურება.
ყველაზე ხშირად, ექიმები მიდიან გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საბერძნეთსა და ისრაელში. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2021–2022 წლებში, სხვა ქვეყნებში საქართველოში მომზადებული სულ მცირე 770 ექიმი მუშაობდა.
მათგან 537 გერმანიაში, 69 - საბერძნეთში, 58 - ისრაელში, 34 - დიდ ბრიტანეთში და 24 - საფრანგეთში. ეს მონაცემები საქართველოდან წასული ექიმების სრულ რაოდენობას არ ასახავს, რადგან ქვეყნიდან სამედიცინო პერსონალის მიგრაციის სრულყოფილი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს.
ასევე ნახეთ
როგორ აიყვანეს 40-მდე ქართველი ექთანი გერმანიის კლინიკაში და რატომ ქრებიან მედდები საქართველოშიექთნების სიმწირე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში კიდევ უფრო მწვავე პრობლემადაა განხილული საქართველოში ექთნების მწირი რაოდენობა.
ამ ანგარიშის თანახმად, საქართველო უკვე დაახლოებით მეოთხედი საუკუნეა, ექთნების ქრონიკულ დეფიციტს განიცდის, განსაკუთრებით პატარა ქალაქებსა და სოფლებში.
ამასთან, ექთნების სამუშაო ძალა ბერდება. ქვეყნიდან წასული ექთნების ნაწილი საზღვარგარეთ საკუთარი პროფესიით ვეღარ მუშაობს და დასაქმებულია შინ მოვლის სფეროში - უვლიან ხანდაზმულებს, მუშაობენ ძიძებად, პერსონალურ ასისტენტად ან ექთნის დამხმარეებად.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლისთვის, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 561 ექიმი მოდიოდა, რაც WHO-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, ექთნების შემთხვევაში, საპირისპირო მდგომარეობაა და ევროპის საშუალო მაჩვენებელს ორი ასეულით ჩამორჩება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 2025 წლის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით ერთ ექიმზე დაახლოებით ერთი ექთანი მოდის, პირველად ჯანდაცვაში კი ეს თანაფარდობა კიდევ უფრო დაბალია:
„ეფექტიანი პირველადი ჯანდაცვა მულტიდისციპლინურ გუნდებსა და უნარების სათანადო შერწყმას ეფუძნება. ჯანმოს უფრო ფართო კვლევები ასევე ადასტურებს რომ ექთნების ადეკვატური რაოდენობა გადამწყვეტია პაციენტის უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ექიმებისა და ექთნების რაოდენობის საყოველთაო ნორმა განსაზღვრული არ აქვს. თუმცა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, წევრ ქვეყნებში, ერთ ექიმზე საშუალოდ 2.5 ექთანი მოდის. საქართველოს მონაცემი საექთნო პერსონალის დეფიციტზე მიუთითებს.
ასევე ნახეთ
„დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ“, - ექთნები ბრძოლას იწყებენ„ჩვენ ვითხოვთ შრომით უფლებებს“ - რას ფიქრობს მომავალი ექიმი?
დიპლომირებული ექიმი, 26 წლის ია ქურასბედიანი, გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით, რეზიდენტურაში ჩარიცხვას გეგმავს. სხვა სირთულეებთან ერთად, ახალგაზრდა ექიმი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რეზიდენტურაში ადგილების სიმცირეს ასახელებს.
მისი აღწერით, სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე გამოყოფილი ადგილები რეზიდენტურისთვის.
ახალგაზრდების ის ნაწილი, ვინც რეზიდენტურის მიღმა რჩება, არც თუ კარგი არჩევანის წინაშე დგება - წავიდეს ქვეყნიდან, იმუშაოს დაბალხელფასიან უმცროს ექიმად ან საერთოდ შეიცვალოს პროფესიული მიმართულება:
ია ქურასბედიანი, დიპლომირებული ექიმი
„ექვსი წელი ქვეყანა ამზადებს ადამიანს, ახარჯვინებს დროსა და ფულს, ფინალურ ეტაპზე კი ეუბნება, რომ ის სისტემას არ სჭირდება“, - გვეუბნება ია და კიდევ ერთ პრობლემას ახსენებს - რეზიდენტურის ფინანსურ მოდელს, რომელსაც „ფასიან მონობას“ უწოდებს.
ახალგაზრდა ექიმები რეზიდენტურაში სწავლისთვის ფულს იხდიან, ამავე დროს კლინიკაში მუშაობენ და, არასაკმარისი შემოსავლის გამო, ხშირად დამატებითი სამსახურის მოძებნაც უწევთ.
ია ქურასბედიანი ამბობს, რომ რეზიდენტურა უნდა იყოს ანაზღაურებადი სამუშაო - ხელფასით ან სტიპენდიით.
„რეზიდენტურა არ არის უნივერსიტეტის გაგრძელება, ეს არის ექიმის პროფესიული ცხოვრების დასაწყისი. ჩვენ არ ვითხოვთ სტუდენტურ შეღავათებს, ჩვენ ვითხოვთ შრომით უფლებებს: ანაზღაურებად სამუშაოს, სამართლიან კონკურენციას და რეალურ განათლებას“, - ამბობს ია ქურასბედიანი.
საქართველოში რეზიდენტურაზე ჩასაბარებლად დიპლომირებულმა ექიმმა ჯერ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ის იღებს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობას და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მისთვის სასურველ სპეციალობაზე გამოცხადებულ კონკურსში. სწავლება შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რეზიდენტურაში მისაღებთა რაოდენობას ყოველწლიურად, ცალკეული საექიმო სპეციალობების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს. საქართველოში რეზიდენტურის ადგილების რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ დიპლომირებული ექიმების რაოდენობას, რომლებიც ყოველწლიურად სამედიცინო უნივერსიტეტებს ამთავრებენ.
სარეზიდენტო ადგილებს აკრედიტებული დაწესებულებები ცალკეული სპეციალობების მიხედვით აცხადებენ და ზოგიერთ მიმართულებაზე ერთ მიღებაზე მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადგილია ხელმისაწვდომი. რეზიდენტობის მსურველთა გამოთვლით, დიპლომირებულ მედიკოსად მომზადებულ კურსდამთავრებულთა 75-80%, სულ მცირე 1200-ზე მეტი ადამიანი, ყოველწლიურად რჩება კლინიკური განათლების მიღმა. რეზიდენტურაში მოხვედრის შემთხვევაში კი, მათი თქმით, თვიურად 700-დან 1000 ლარამდე გადახდა უწევთ.
ასევე ნახეთ
უმცროსი ექიმები - რატომ ანებებენ რეზიდენტურაში სწავლას თავს საქართველოში„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სტრატეგია“ - პრაქტიკოსი ექიმი
„24 წლის ადამიანს ისევ სჭირდება მშობლების დახმარება, რომ გახდეს ლიცენზირებული ექიმი. ეს არ არის სწორი მიდგომა“, - ამბობს ანესთეზიოლოგი და პრაქტიკოსი ექიმი ანი ქავთარაძე.
ანი ქავთარაძე, ექიმი
მისი შეფასებით, სწორედ პროფესიული განვითარების უკეთესი პირობებია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა ექიმების ნაწილი საქართველოს ტოვებს და პოსტდიპლომურ განათლებას სხვა ქვეყანაში აგრძელებს: „იქ რეზიდენტი ერთდროულად სწავლობს, მუშაობს და ხელფასსაც იღებს, თან ხედავს პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას“.
ფინანსური ტვირთი ექიმისთვის არც რეზიდენტურის დასრულების შემდეგ მთავრდება. ანი ქავთარაძე ამბობს, რომ საქართველოში ექიმებს კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებაზეც ძირითადად საკუთარი რესურსებით უწევთ ზრუნვა. უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის საჭირო ტრენინგები ფასიანია, საერთაშორისო კონგრესებში მონაწილეობა კი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ამ პირობებში კადრები არამხოლოდ საზღვარგარეთ, სამედიცინო პროფესიიდანაც გაედინება - ექიმების ნაწილი სამუშაოდ სადაზღვევო სექტორსა და ფარმაცევტულ კომპანიებში გადადის.
სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიო საკადრო სტრატეგია - იცოდეს, რომელი სპეციალობის ექიმების დეფიციტია ქვეყანაში და რომელ რეგიონებს სჭირდებათ კადრები. „აქეთ კი არ ახდევინოს ფული, არამედ თავად იზრუნოს მომავალი ექიმების პოსტდიპლომურ განათლებაზე და შემდგომ დაასაქმოს იმ ადგილზე, სადაც სახელმწიფოს პრობლემა აქვს“.
როგორ უნდა შეინარჩუნოს სისტემამ ახალგაზრდა კადრები?
WHO-ს კვლევებში აღწერილ გამოწვევებს - კადრების დაბერებას, ექთნების დეფიციტსა და მიგრაციას, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი თენგიზ ვერულავა, ერთმანეთთან აკავშირებს.
თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი
„[სახელმწიფომ] უნდა იცოდეს, სად არის ექიმების დეფიციტი და შექმნას ისეთი პირობები, რომ ახალგაზრდა ექიმს რეგიონში წასვლის ინტერესი ჰქონდეს - დაეხმაროს რეზიდენტურაში, მისცეს უკეთესი ანაზღაურება და სხვა სტიმულები“.
თენგიზ ვერულავას აღწერით, დღეს, კადრების უდიდესი ნაწილი თბილისშია კონცენტრირებული, რეგიონებსა და განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში კი სპეციალისტები არ ჰყოფნით:
"განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებში, ექიმების დეფიციტია... ზოგიერთ ექიმს ერთი რაიონიდან მეორე რაიონში უწევს სიარული, მათ შორის, რეანიმატოლოგებს".
WHO საქართველოს წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ხელისუფლება აფინანსებს დიპლომის შემდგომ მომზადებას დეფიციტურ სპეციალობებში მაღალმთიანი, სასაზღვრო და სხვა განსაზღვრული მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.
საქართველოში დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში მიზნობრივი დიპლომის შემდგომი მომზადების სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან მართლაც ამოქმედდა. მისი მიზანია განსაკუთრებით მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში ექიმების დეფიციტის შემცირება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2025 წელს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამისთვის 500 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც წლის განმავლობაში მხოლოდ 112 ათასი ლარი, ანუ 22.3%, დაიხარჯა.
მთავრობის 2025 წლის პროგრამების შესრულების ანგარიშის თანახმად, მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისთვის დეფიციტურ სპეციალობებში დაფინანსდა 15 მაძიებელი-რეზიდენტი.
„თუკი მე ამ პროგრამით სარგებლობას გადავწყვეტ, სავარაუდოდ, ქვემო სვანეთში გამანაწილებენ, სადაც ამბულატორია ყველანაირად გაუმართავია, სრულფასოვანი დიაგნოსტიკის შესაძლებლობაც არ არსებობს. შესაძლოა, მოვიდეს პაციენტი, რომლის სათანადო დიაგნოსტირებას და მკურნალობასაც კი ვერ მოვახერხებ და ამით ისევ პაციენტი დაზიანდება.
...რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებები სათანადოდ გამართული არ არის. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არ სურდეთ ექიმებს ამ პროგრამით სარგებლობა: მიდიხარ რეგიონში, მაგრამ იქ იმ ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა არ გაქვს, რაც ახალგაზრდა ექიმს სჭირდება“, - ეუბნება 26 წლის ია ქურასბედიანი რადიო თავისუფლებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, ჯანდაცვის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კიდევ ერთ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინერგა - ტელემედიცინა, თუმცა მათი თქმით, ის მხოლოდ ავსებს და არ ანაცვლებს ადგილობრივი სერვისების სათანადო კადრებით დაკომპლექტების საჭიროებას:
„შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვით, მთავარი მიზანია, სათანადო ადგილებში გვყავდეს შესაბამისი უნარების მქონე სწორი სამედიცინო პერსონალი ჯანდაცვის სპეციალისტებს სჭირდებათ შესაბამისი მომზადება ციფრული და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნოლოგიური მიღწევები და თავიდან აიცილონ პაციენტის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება“.
საქართველოს 2022–2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, ტელემედიცინისა და სხვა ელექტრონული ჯანდაცვის ტექნოლოგიების დანერგვისთვის 1.295 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. ეს იყო ევროკავშირის დაფინანსება. ცალკე 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულებების ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის.
ასევე ნახეთ
ჯანდაცვის მთავარი ამოცანაა 2030 წლისთვის მიაღწიოს თანაბარ ხელმისაწვდომობას - ტიკარაძემ ანგარიში წარადგინა
პროგრამის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ტელემედიცინის სერვისში 50 სოფლის ამბულატორია იყო ჩართული და 2024 წელს დისტანციური სპეციალისტის კონსულტაცია 1 100-ზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა მიიღო. ამავე ანგარიშის თანახმად, დამატებით 60 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინის აპარატურით აღიჭურვეს.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია ტელემედიცინის სერვისების გაფართოება და სამედიცინო დაწესებულებების ციფრული აღჭურვის გაგრძელება, თუმცა კონკრეტული თანხა ბიუჯეტში დაზუსტებული არ არის.