„საოჯახო ქრონიკა“(1962, იტალია, რეჟისორი ვალერიო ძურლინი)
იტალია ვალერიო ძურლინის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეოდ შეიძლება ახდეს პოლ ვეკიელის წინასწარმეტყველება - ცნობილი ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და კინოს ისტორიკოსი წერდა, რომ კინემატოგრაფიული საზოგადოება ძურლინის მხოლოდ 21-ე საუკუნეში დააფასებს, რადგანაც იგი მომავლის რეჟისორია.
არადა, სიცოცხლეში თითქოს არ მოჰკლებია ვალერიო ძურლინის პატივი და დიდება. კრიტიკა ფაქტობრივად ყველა მის ფილმს წარმატებულად აფასებდა. მასთან მუშაობაზე არაერთი დიდი მსახიობი ოცნებობდა. ამიტომაც ითვლება ძურლინის შემოქმედების დაგვირგვინებად იტალიელი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი „თათრების უდაბნო“, იმ პერიოდის მსოფლიო კინოს ვარსკვლავებით, ჟან-ლუი ტრენტინიანით დაწყებული, ფერნარდო რეით დამთავრებული... მსოფლიო კინოს ისტორიის საგანძურში შევიდა ძურლინის სხვა ფილმებიც: „ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ“, „გოგონა ჩემოდნით“, „სიმშვიდის პირველი ღამე“... თუმცა პოლ ვეკიელი მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ ძურლინის სათანადოდ ვერ აფასებენ, რომ ეს კაცი ანტონიონის და ვისკონტის დონის ფიგურაა და მისი „საოჯახო ქრონიკა“, წესით, ყველა დროის და ხალხის საუკეთესო ფილმების ათეულში უნდა ჩართონ.
ასევე ნახეთ
დედები შვილების გადასარჩენადარსებითად, „საოჯახო ქრონიკის“ პრემიერაც ძურლინის ტრიუმფით დასრულდა. ფილმმა 1962 წლის ვენეციის ფესტივალზე „მოუგო“ პიერ-პაოლო პაზოლინის „მამა რომას“, ჟან ლუკ გოდარის „ცხოვრებას ცხოვრებისთვის“, სტენლი კუბრიკის „ლოლიტას“, ორსონ უელსის „პროცესს“, „ოქროს ლომი“ კი გაიყო ანდრეი ტარკოვსკის „ივანის ბავშვობასთან“. მიუხედავად ამისა, ძურლინის სახელი არასდროს მოუხსენიებიათ ჩამოთვლილი ავტორების გვერდით, ხოლო „საოჯახო ქრონიკა“ ბევრმა დაივიწყა... დიდი ავტორის აღმოჩენა თითქოს მართლაც ახლა დაიწყო.
ასევე ნახეთ
უბერებელი მარჩელო„ძურლინი გენიოსია, რომელმაც ეს არ იცის, არ იცის, რამხელა ფიგურაა, განსხვავებით თუნდაც ინგმარ ბერგმანისგან, რომლის „ყვირილი და ჩურჩული“ თითქოს ჰგავს „საოჯახო ქრონიკას“ - წერდა პოლ ვეკიელი. ეს, ერთი შეხედვით, უცნაური შეფასება, მართლაც ძალიან უხდება ვალერიო ძურლინის. პირველ რიგში, მისი მუშაობის სტილს, რომელზეც იტალიაში ლეგენდები დადიოდა. მარჩელო მასტროიანი ამბობდა, რომ არცერთ სხვა რეჟისორთან, თვით ფელინისთანაც კი, რომელთანაც განსაკუთრებით მეგობრობდა, არ უგრძნია მსახიობის მიმართ ისეთი ნდობა, როგორც ვალერიო ძურლინისთან გადაღების დროს. ვფიქრობ, სწორედ ეს ნდობა განსაზღვრავს იმპროვიზაციის ეფექტს, დამახასიათებელს “საოჯახო ქრონიკისათვის“… თითქოს ამბავი ახლა, ჩვენ თვალწინ იწერება, თითქოს მას მსახიობები იგონებენ. დაუჯერებელიც კია, რომ “საოჯახო ქრონიკა” ეკრანიზაციაა, ვასკო პრატოლინის რომანის კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ფაქტობრივად მხოლოდ 3 პერსონაჟი ჰყავს, ძმები, მარჩელო მასტროიანის და ჟაკ პერენის შესრულებით, და ბებია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ამბის განვითარებაში, “საოჯახო ქრონიკა” არის “აბსოლუტური სანახაობა”, ესაა კინოს ისტორიაში, ალბათ, საუცხოოდ აღბეჭდილი ფლორენცია, წარმოდგენილი თბილ ფერებში, განათებული ყვითელი, ოქროსფერი შუქით (ოპერატორი ფელინის და ვისკონტის ნამდვილი თანაავტორი, ჯუზეპე როტუნო), ესაა გოფრედო პეტრასის დასამახსოვრებელი მუსიკა, რომელიც აძლიერებს მელანქოლიურ განწყობილებას და, რა თქმა უნდა, მსახიობები, რომლებიც ეხმარებიან ძურლინის ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაში - ფილმმა ისე ასახოს ისტორია, რომ მთავარი ისტორიული მოვლენები კადრს მიღმა დარჩეს... ისტორიას თავად ადამიანები უნდა განასახიერებდნენ.
ასევე ნახეთ
კლაუდია კარდინალე - ქალი „კატისებრთა ოჯახიდან“ამბავი, რომელსაც გვიამბობს „საოჯახო ქრონიკა“, მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, თუმცა თავად ომი გადატანილია უკანა პლანზე... ფონიც კი არ არის, მხოლოდ იგულისხმება. ამბავს ჰყვება მარჩელო მასტროიანის პერსონაჟი, მემარცხენე ჟურნალისტი - გვიყვება უმცროსი ძმის შესახებ, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ დააშორეს. ისინი სხვადასხვა გარემოში გაიზარდნენ - მარჩელოს გმირი, სიღარიბეში და გაჭირვებაში, ჟაკ პერენისა - შეძლებულ ოჯახში. უთანასწორო „საწყისი პირობები“ ქმნის განსხვავებულ ხასიათებს, აქედან კი ერთი ნაბიჯია „კლასთა ბრძოლის“ სურათის გამოსახატავად... თუნდაც ისე, როგორც ეს გააკეთა ბერნარდო ბერტოლუჩიმ „მეოცე საუკუნეში“. მასტროიანის პერსონაჟი, მემარცხენე, რომელიც გაიაზრებს, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორიც წარმოედგინა.... და მისი უმცროსი ძმა, რომელმაც განათლება მიიღო, მაგრამ მაინც ვერ ხვდება, რა ხდება მის ქვეყანაში. ბერტოლუჩისგან განსხვავებით მოძრაობა აქ ვითარდება არა კონფლიქტის, არამედ გამთლიანების მიმართულებით. ეს გამთლიანება დიდებულია - კათარსისს იწვევს, რადგან ძურლინი ახერხებს, სწორედ კინოს ენის დახმარებით გამოვიდეს მელოდრამის საზღვრებიდან და გადაიღოს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ძმობასა და ძმურ სიყვარულზე.
ასევე ნახეთ
ტრაგიკომედია, როგორც ცხოვრების ჟანრიმართალია, ყველა მსახიობი, ვისთანაც ძურლინის უმუშავია (არ დაგვავიწყდეს „ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ“, კინოვარსკვლავი ქალების ნამდვილი გუნდით), ლაპარაკობს არტისტების მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებაზე, რაც ამ რეჟისორისთვის არის დამახასიათებელი. მთავარი, ალბათ, მაინც არა იმდენად მსახიობის, რამდენადაც პერსონაჟების პატივისცემაა. არსებითად, ესაა „ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ“, რომელშიც ძურლინი ღირსებას უბრუნებს ჯარისკაცების გასართობად შეგროვებულ ახალგაზრდა ქალებს, და ესაა „ოჯახური ქრონიკა“, ამბავი ოდესღაც დანგრეული ოჯახის შესახებ, რომელიც ხელახლა ეწყობა მაშინ, როდესაც მისი წევრები ღირსებას იბრუნებენ. მაშინაც კი, როცა ცოცხლები აღარ არიან... ეწყობა ერთი ადამიანის ფიქრებში.
„ოჯახიო“, „სიწმინდეო“, „ოჯახური ფასეულობებიო“... კი ბატონო. მაშინ ნახეთ ვალერიო ძურლინის „ოჯახური ქრონიკა“.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით: