30 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში უთხრა, რომ ირანს ბოლო ვადა დაუწესა, თუმცა ეს თარიღი თავად მას არ დაუსახელებია. "მხოლოდ მათ [ირანში] იციან ზუსტად", - თქვა დონალდ ტრამპმა და დაამატა, რომ თეირანს გარიგება ნამდვილად სურს.
ექსპერტების შეფასებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებები მრავალმხრივი რისკების შემცველია მთელი რეგიონისთვის; პროცესების გაჭიანურება საფრთხეს საქართველოსაც უქადის.
საქართველოს საზღვრიდან ირანის საზღვრამდე უახლოესი სახმელეთო მანძილი სულ რაღაც 160 კილომეტრია.
მძლავრი ძალა ირანის სიახლოვეს
სხვადასხვა წყაროს ცნობებით, აშშ-მა ირანისკენ, სპარსეთის ყურეში, მართლაც დიდი სამხედრო ძალა გადაისროლა - მათ შორის ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი, მართვადი ანტისარაკეტო სისტემებით აღჭურვილი საბრძოლო გემები [Guided-missile destroyer (DDG), F-15-ისა და F-35-ის ტიპის გამანადგურებლები, საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები, აღჭურვილობები სხვადასხვა საჭიროებისთვის. ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს არის მძლავრი ძალა როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობებით.
„ჩვენ ირანისკენ გავაგზავნეთ ბევრი, ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი გემი და ძალიან კარგი იქნება, თუკი მათი გამოყენება არ დაგვჭირდება“, - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, 30 იანვარს, ჟურნალისტებთან ულტიმატუმის ორი მთავარი მოთხოვნაც დაასახელა, რაც ირანმა უნდა შეასრულოს, თუკი სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება სურს:
- „პირველი - არავითარი ბირთვული იარაღი“;
- „და მეორე - პროტესტის მონაწილეთა მკვლელობის შეწყვეტა“ - ტრამპმა დასძინა, რომ ირანში პროტესტის მონაწილეებს „ათასობით კლავენ“.
პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას დაუდასტურა, რომ ჰქონდა და კიდევ ექნება დიალოგი თეირანთან. „მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ეს ვიცი. მათ არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“ , - ასევე ტრამპის სიტყვებია, Axios-თან ინტერვიუდან.
28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ირანისკენ მიემართება „მასიური არმადა“, გაცილებით დიდი, ვიდრე ვენესუელაში გაგზავნეს და თუკი ირანი ბირთვული იარაღის შექმნის გეგმას არ დათმობს - შარშანდელზე გაცილებით ძლიერად დაარტყამენ მას.
ასევე ნახეთ ტრამპი ირანს შარშანდელზე ძლიერი დარტყმით დაემუქრა, ირანი ირწმუნება, რომ აგრესიას მოიგერიებს ასევე ნახეთ ათასობით მოკლული და სისხლში ჩახშობილი პროტესტი ირანშიბირთვულ იარაღზე უარის თქმა - თეირანის მიმართ ეს მოთხოვნა ათეულობით წელს ითვლის და აშშ-ისთვის პრინციპულ საკითხს წარმოადგენს. თეირანი წლებია ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს.
2025 წლის ივნისში ირანში სწორედ ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს - ჯერ ისრაელმა და შემდეგ თავად აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა. მაშინ ითქვა, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რაც აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის დაუშვებელია.
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, Axios-ი იუწყებოდა, რომ CENTCOM-ის [აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - U.S. Central Command] მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი, 24 იანვარს ისრაელში ჩავიდა, სამხედრო გეგმების შესათანხმებლად - ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის შემთხვევისთვის.
ძალიან ახლოს საქართველოსთან
ირანის სიახლოვეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მზარდი კონცენტრირება დისკუსიებს იწვევს საქართველოში, რასაც დროში ემთხვევა გავრცელებული ინფორმაცია - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის MC-130J-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არასრული ორი საათით დაშვების შესახებ. როგორც სპეციალისტები ხსნიან, ეს თვითმფრინავები სპეციალური ოპერაციებისთვის არის გამიზნული - მას მოცულობითი ტვირთისა და სამხედროების კონტინგენტის გადაყვანა შეუძლიათ.
- FlightRadar24-ის მონაცემებით დასტურდება, რომ MC-130J საქართველოში, 29 იანვარს, რუმინეთის გავლით ჩამოფრინდა; მანამდე კი, ბრიტანეთიდან [აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზა] დაძრული MC-130J გერმანიის ქალაქ რამშტაინში, მცირე ხნით - აშშ-ის ავიაბაზაზე დაყოვნდა.
- ინფორმაცია სოციალურ პლატფორმა X-საც მოედო - როგორც ელვა ინფორმაცია. თუმცა ემოციები მალე ჩაცხრა. თავდაპირველად შეცდომით წერდნენ, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი არა საქართველოში, არამედ - აზერბაიჯანში დაჯდა.
თბილისსა და ვაშინგტონში ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. ექსპერტები კი მიუთითებენ, რომ ეს უჩვეულო მოვლენა არ არის - როცა თვითმფრინავები სხვადასხვა საჭიროების, და მათ შორის საწვავის შევსების მიზნით, შუალედურ დაშვებას მიმართავენ.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძე გვეუბნება, რომ სხვადასხვა დროს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ჩარჩო შეთანხმებები მსგავს დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა ყოველ ჯერზე, სამთავრობო სტრუქტურებიდან სპეციალური ნებართვის აღებაა საჭირო და თავისთავად საჭიროა სანავიგაციო სამსახურის გაფრთხილება - საჰაერო დერეფნებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
ვახტანგ კაპანაძეს ეეჭვება, რომ ირანთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში აშშ-ს საქართველოს დახმარება დასჭირდეს.
“სომხეთი პირდაპირ ესაზღვრება ირანს და პირდაპირ სომხეთის აეროდრომებს გამოიყენებს, თან ახლა ვაშინგტონს და ერევანს კარგი ურთიერთობები აქვთ. აზერბაიჯანი და თურქეთი, სავარაუდოდ, არ გადადგამენ ამ ნაბიჯს. მაგრამ არის ასევე პაკისტანი, რომელიც აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ირანს. იქაც არის ამერიკული ბაზები. არაერთი ბაზა აქვს [სპარსეთის ყურეში]. ასე რომ, ამ მხრივ არჩევანი დიდი აქვს აშშ-ს”, - ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, რუსეთი ამჟამად იმ მდგომარეობაშია, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში არსებული ბაზით ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის.
აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში რომელსაც საკანონმდებლო მაცნეში ბოლო ატვირთვის თარიღად 2024 წელი აქვს მითითებული - წერია, რომ: "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (შემდგომში „აშშ-ის მთავრობა ”) უფლებამოსილია დაიკავოს და ისარგებლოს იმ შენობებითა და ტერიტორიით საქართველოში, რომლებიც ურთიერთშეთანხმებული იქნება. ეს ნაგებობები და ტერიტორიები შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის და შეერთებული შტატების კონტრაქტორების, აშშ-ის ძალების მიერ მართული ან აშშ-ის ძალების სასარგებლოდ მოქმედი სატრანსპორტო საშუალებების, ხომალდებისა და საფრენი საშუალებების მიერ წვრთნის, ტრანზიტის უზრუნველყოფისა და სხვა დაკავშირებული საქმიანობისთვის, საფრენ საშუალებებში საწვავის ჩასასხმელად, სატრანსპორტო საშუალებების, ხომალდებისა და საფრენი საშუალებების დროებითი ექსპლუატაციისთვის და პერსონალის განსათავსებლად, კომუნიკაციებისთვის, ძალებისა და მასალების განსალაგებლად და სხვა ისეთი დანიშნულებებისთვის, რომლებზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას მოიცავდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. 2024 წლის ნოემბერში, აშშ-მა, “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო - საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა. ჯო ბაიდენის დროს დაწესებული ზომები არც დონალდ ტრამპის დროს შეცვლილა, თუმცა საქართველო მონაწილეობდა 2025-ში და 2026-ის დასაწყისში აშშ-ის ლიდერობით გამართულ მრავალეროვან სამხედრო სწავლებებში.
საქართველოს ირანისგან, უახლოესი სახმელეთო გზით, სულ რაღაც 160 კილომეტრი აშორებს.
ექსპერტები მოსალოდნელ საფრთხეებზე ლაპარაკობენ - თუკი აშშ ირანს დაარტყამს, სიტუაცია დაიძაბება და პროცესი გაჭიანურდება. ვახტანგ კაპანაძე გამოყოფს - ლტოლვილების უმართავი ნაკადების რისკებს, რასაც - თავის მხრივ, შესაძლოა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა მოჰყვეს.
„ლტოლვილებთან დაკავშირებით სტრატეგია საერთოდ არა აქვს ქვეყანას შემუშავებული... საფრთხეებია თავისთავად - საქართველოში არის ამერიკის საელჩო, არიან კომპანიები - დაკავშირებული ამერიკასთან. საქართველოში არის საზღვაო პორტები, სადაც ტვირთები მოძრაობს...
ირანელი ხალხის თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო დემოკრატიულ ქვეყნებში გულშემატკივრობენ აიათოლების ხელისუფლების ცვლილებას ირანში, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. თუკი აშშ ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში ჩაითრიეს, მაშინ ეს ხანგრძლივი პროცესი და ძალიან რთული პრობლემა იქნება მთელი რეგიონისთვის და საქართველოსთვისაც“, - კაპანაძე ხაზს უსვამს, რომ ირანი მულტიეთნიკური ქვეყანაა და საფრთხილოა იმავე სცენარის განვითარება, რამაც სირიაში იჩინა თავი.
აშშ-ის ირანზე თავდასხმის მოლოდინი ბოლო დღეებში არ განელებულა, პირიქით - იზრდებოდა; განსაკუთრებით დონალდ ტრამპის 28 იანვრის გაფრთხილების შემდეგ, რომ - „დრო იწურება“.
„დახმარება გზაშია!“
„დახმარება გზაშია!“ - ირანის ხელისუფლებაზე შეტევის მოლოდინი თავდაპირველად დონალდ ტრამპის ამ სიტყვებმა გააჩინა.
ასე მან ირანში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს მიმართა - ადამიანებს, რომლებსაც ირანის უსაფრთხოების ძალები ქუჩებში კლავდნენ. მას შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა. მსხვერპლის რიცხვი თანდათან ზუსტდება და იზრდება. დეკემბრის ბოლოდან აზვირთებული პროტესტი თეირანმა სისხლში ჩაახშო - ირანიდან შემზარავი ვიდეომასალები ვრცელდება.
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მიხედვით, ირანში დემონსტრაციების დარბევის დროს მოკლულთა დადასტურებული რიცხვი, 29 იანვრის მონაცემებით - 6 479-ს აღწევს. აქედან 6 092 პროტესტის მონაწილეები არიან. დაახლოებით 17 000 ფაქტი ჯერ ისევ კვლევის პროცესშია. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირადად მისი ძალისხმევით მოხერხდა 800-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა, რომელთა სიკვდილით დასჯასაც რეჟიმი გეგმავდა.
ასევე ნახეთ ირანი მზადაა აშშ-სთან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა თეირანის თავდაცვის შესაძლებლობებზებოლო კვირებში, არაერთხელ გაისმა მუქარა თეირანიდანაც, რომ, საპასუხოდ, რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყამენ.
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა 22 იანვარს ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ მათ „თითი ჩახმახზე“ აქვთ. მაგრამ ასევე, პერიოდულად თეირანიდან ისმის მოლაპარაკებების სურვილიც, მაგრამ არა პრინციპულ საკითხებზე. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ირანი უარყოფს აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - დათმობებზე წასვლას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
30 იანვარს, თურქეთში ჩასულმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ თეირანი მზად არის “სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის” აშშ-სთან, მაგრამ დიალოგი არ უნდა შეეხებოდეს მათი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს.
ასევე ნახეთ ჯარების თავმოყრისა და მანევრების მიხედვით, ირანზე აშშ-ის დარტყმის ალბათობა „ძალიან მაღალია“. ირანს მოლაპარაკება სურს, ამბობს ტრამპი“მხოლოდ საჰაერო დარტყმებით რეჟიმის დამხობა ან მისი უსაფრთხოების ძალების განადგურება შეუძლებელია“, – უთხრა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს - „რადიო ფარდას“ - ყოფილმა ირანელმა დიპლომატმა, მეჰრდად ხანსარიმ და დასძინა, რომ - სახმელეთო შეჭრა წარუმატებელი იქნება ირანში, ახლო აღმოსავლეთის უდიდეს და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში.
„ეს საქმე ბოლომდე ვერ მივა”- ხანსარი ვარაუდობს, რომ სამთავრობო ძალები იერიშის დროს უბრალოდ დაიმალებიან და შემდეგ ხელახლა გამოჩნდებიან.
2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ისრაელი აქტიურად ცდილობდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლას, მაგრამ, როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მაშინ განაცხადა, დამიზნება „რეალისტური არ იყო“, რადგან ის [ხამენეი] „ძალიან ღრმა ბუნკერში იმალებოდა”.
რას ელის რუსეთი?
თუკი ვითარება გამწვავდება, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი ვერც თავისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის - ირანის ხელისუფლების დახმარებას შეძლებს, ისევე როგორც დახმარება ვერ გაუწია სხვა მოკავშირეებს. ყველასთვის ცხადია, რომ აშშ-ის ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვნად დასუსტდნენ ან გაქრნენ - რუსეთის მომხრე რეჟიმები თუ ჯგუფები სირიაში, ვენესუელაში, პალესტინაში, ლიბანში. ამ ძალების იმედი უკვე აღარც ირანს აქვს.
- 29 იანვარს, რუსეთის სახელმწიფო ატომური სააგენტო „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი ლიხაჩოვმა თქვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ჩართულობით სამხრეთ ირანში მდებარე ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან თანამშრომლების ევაკუაციისთვის.
- „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტის მხარეები დაიცავენ თავიანთ ვალდებულებებს ამ ტერიტორიის (ბუშერის) ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით“, - ლიხაჩოვის სიტყვებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ტასი" ციტირებს.
ცვალებადი განცხადებების ფონზე, დაზუსტებით ვერავინ იგებს, რას გეგმავს დონალდ ტრამპი ირანში.
“მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რის გაკეთებას აპირებს და მრჩევლების ძალიან, ძალიან ვიწრო წრე იცნობს მის მოსაზრებებს ამ საკითხზე”, “პრეზიდენტი განაგრძობს ყურადღებით დაკვირვებას და ასევე მაგიდაზე დევს ყველა შესაძლებლობა”, - განაცხადა 15 იანვარს ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა.