ზელენსკი ტრამპთან საუბრის შესახებ - „ახლა მას ესმის, რომ პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა“

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა დიდი შვიდეულის სამიტზე. საფრანგეთი. 16 ივნისი, 2026

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს ყველა დასავლელ პარტნიორს ესმის, რომ პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა და ერთსულოვნები არიან აღქმაშიც, რომ რუსეთი ვერ იგებს ომს. საფრანგეთში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტიდან „როიტერსის“ კონფერენცია NEXT-ზე ონლაინ ჩართვისას ზელენსკიმ განაცხადა:

„ყველა აღიარებს, რომ რუსეთს სურს თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ესეც არის ახალი ნაბიჯი გაგების თვალსაზრისით, ამ გაგებაში ერთსულოვნების მხრივ. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის - რომ ომს ვხედავდეთ ფართოდ გახელილი თვალებით და ვაღიარებდეთ, რაც რუსებმა გააკეთეს ჩვენს ტერიტორიაზე, როგორი სისასტიკე ჩაიდინეს, რას შვრებიან ახლა და რატომ. მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ მიზეზს.

დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ცდილობდა დაბალანსებას, მაგრამ ახლა ყველა აღიარებს, რომ პუტინს არ სურს ამ ომის შეჩერება და შესაძლოა მას ეშინოდეს მოლაპარაკებების, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, თუ რა უნდა მოუხერხონ რუსეთში სახლებში დაბრუნებულ მილიონ ჯარისკაცს, რომლებიც იკითხავენ - რატომ გავაკეთეთ ეს?“.

ზელენსკი დადებითად აფასებს დონალდ ტრამპთან შეხვედრას, რომელზეც უკრაინისთვის "პატრიოტის" სისტემისთვის რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიის მინიჭების საკითხზეც იმსჯელეს:

„უპირველეს ყოვლისა, ეს შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური იმ მხრივ, რომ მათ შეუძლიათ მეტად დაგვეხმარონ „პატრიოტის“ რაკეტებით. ეს არის დიდი გამოწვევა, ვინაიდან წარმოება არ არის ისეთი დიდი, როგორიც ჩვენი საჭიროებები. წარმოება არის აშშ-ში. მე წამოვჭერი ლიცენზიების საკითხი. ის [ტრამპი] იყო პოზიტიური და როცა პრეზიდენტი ტრამპი პოზიტიურია, იმედი მაქვს, ეს ნიშნავს „კი“-ს“.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე ინიციატივა დაკარგა, უკრაინას კი უკეთესი მდგომარეობა აქვს:

„ვფიქრობ, ვითარება იცვლება. ბრძოლის ველზე რუსეთმა ზოგიერთ მიმართულებაზე დაკარგა ინიციატივა. ისინი გვიტევდნენ 12 მიმართულებაზე და მათ დაკარგეს ინიციატივა თითქმის ყველა ამ მიმართულებაზე. მხოლოდ 2-3 მიმართულებაზე ჰყავთ უზარმაზარი რაოდენობის ჯარისკაცი და ყველაფერი, მაგრამ იქაც ძალიან ნელა მოქმედებენ. დანარჩენ მიმართულებებზე დაკარგეს ინიციატივა და ჩვენ ავიღეთ ის ხელში. აგრეთვე ორ-სამ მიმართულებაზე ჩვენ ახლა უფრო წარმატებულები ვართ. მიმდინარე თვეში, მაგალითად, მოვახდინეთ 100 კილომეტრის დეოკუპაცია ერთი მიმართულებით“.

ასევე ნახეთ

მაკრონმა, ტრამპმა და ზელენსკიმ შეხვედრა გამართეს G7-ის სამიტის ფარგლებში - მედია

ვითარების აღწერისას უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინა წარმატებულია საშუალო და შორ მანძილზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმების მხრივაც:

„მიმდინარე წელს დავამზადებთ 10 მლნ დრონს, თუმცა შეგვიძლია რაოდენობის გაორმაგება. ვფიქრობ, ესეც კარგი ამბავია ჩვენთვის და ჩვენი ინდუსტრიისთვის“.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ სანქციები მუშაობს, მაგრამ არასაკმარისია.

რუსეთთან მოლაპარაკებების პერსპექტივაზე საუბრისას, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტს შესთავაზა რუსეთთან შეხვედრის ორგანიზება დიდი შვიდეულის მონაწილეობით, მაგალითად, შვეიცარიაში, „მაგრამ რუსები არ უჭერენ მხარს ასეთ შეხვედრას“.

„ახლა აქ ვართ. გვქონდა მართლაც ძლიერი შეხვედრა. პუტინმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა - დიდ შვიდეულზე შეხვედრის“.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ვერც რუსეთში და ვერც უკრაინაში ვერ გაიმართება. „ჩვენ ასეთ თამაშებში არ ვმონაწილეობთ. საჭიროა მესამე ქვეყანა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მისი და პუტინის მოსკოვში შეხვედრის შესაძლებლობაზე და განმარტა, რომ ასეთი შეხვედრა ვერც რუსეთში და ვერც უკრაინაში ვერ შედგება - „ეს შეიძლება იყოს შვეიცარია, თურქეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, არ ვიცი...“ - ზელენსკი ასეთი შეხვედრის ორგანიზებისა და კონკრეტული ადგილის შერჩევის ინიციატივას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უტოვებს და არც შეხვედრის აშშ-ში გამართვის წინააღმდეგია - „ვფიქრობ, შეიძლება აშშ-შიც იყოს შეხვედრა. მათ ხომ ჰქონდათ შეხვედრა ალასკაზე“.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს შეხვედრის ჩატარების დროს და ფიქრობს, რომ ეს უნდა მოხდეს ზამთრამდე:

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია [ტრამპი] შეეცადოს ზამთრამდე ორგანიზებას. უნდა გესმოდეთ ჩვენი, აღარ გვინდა ისეთივე ზამთრის გავლა. რუსეთმაც უნდა იცოდეს, რა საშინელი ზამთარი გვქონდა და მათაც არ ექნებათ მარტივი ზამთარი“.

ზელენსკი აცხადებს - „ჩემი შეთავაზებაა დიალოგი“. მისი სიტყვებით, ტრამპმა „გაიგო, რომ პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა“ და „ის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს“.

15 ივნისს საფრანგეთში დაიწყო და 17 ივნისამდე გაგრძელდება დიდი შვიდეულის სამიტი, რომელშიც მონაწილეობენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის ლიდერები, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. სამიტზე დიდი შვიდეულის თავმჯდომარე და მასპინძელი ქვეყნის - საფრანგეთის მიერ მიწვეულები არიან: უკრაინის, ბრაზილიის, ეგვიპტის, ინდოეთის, კენიის, კატარის, სამხრეთ კორეისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები.

ასევე ნახეთ

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სია გააფართოვა - სიაშია რუსული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და "ჩრდილოვანი ფლოტის" გემები