როდესაც ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, “ქართული ოცნება” განმარტავს, რომ გულისხმობს წინა ხელისუფლებას - “სააკაშვილის რეჟიმს” და არა საქართველოს. თუმცა საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ სახელმწიფოსა და მისი პრეზიდენტის გამიჯვნა, როცა საქმე სახელმწიფოებს შორის ომის დაწყებას შეეხება.
“ცხადია, რომ ცხინვალი ამას [თბილისის განცხადებებს] სათავისოდ გამოიყენებდა… 18 წელია, რუსული პროპაგანდა ცდილობს ომი დააბრალოს საქართველოს, რითაც ამართლებს საკუთარ ქმედებას. 7 აგვისტოს გადმოლახა საქართველოს საზღვარი რუსეთის სამხედრო კოლონამ და ეს მომენტი ითვლება სამხედრო აგრესიის დაწყებად. სხვა რეალობა არ არსებობს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მეგი ბენია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.
ბენიას შეფასებით, ეს პროცესი აჩენს საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ რისკებსაც, რადგან, მართალია, უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში ჩართულ რუსეთს საერთაშორისო დონეზე ახლა ამ საკითხის წამოწევის რესურსი არა აქვს, მაგრამ სამომავლოდ არ გამოირიცხება, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს:
- საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის მოთხოვნა;
- ქართველი სამხედროების ბრალეულობის საკითხის დაყენება;
- რეპარაციების მოთხოვნაც.
მეგი ბენია იხსენებს ამ თემაზე გაშლილ დისკუსიებში გამოყენებულ მაგალითს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში დამნაშავედ გამოცხადდა გერმანია და არა მხოლოდ ადოლფ ჰიტლერი - რის გამოც ქვეყანას მრავალი შეზღუდვა დაუწესდა და რეპარაციების გადახდაც დაეკისრა.
ასევე ნახეთ
ცხინვალი: საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს“2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას [საქართველოს], როგორც ამ პოლიტიკის გამტარს, მათ შორის - სააკაშვილის რეჟიმის ფიგურებს, როგორც მისი პოლიტიკის ობიექტებს“, - დაწერა 9 აგვისტოს ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ირაკლი კობახიძის სიტყვებს გამოეხმაურა.
ამავე განცხადებაში წერია, რომ „დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. სახელმწიფოს მეთაურის რანგში, მას ჰქონდა მანდატი, ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა კრიმინალური ბრძანებები და განეხორციელებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა“.
პარალელურად, აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ძალის დემონსტრირებას ცდილობდნენ. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, 8 აგვისტოს, წვრთნებს ატარებდნენ უკრაინასთან ომში გამოცდილი სამხედროები [არ კონკრეტდება ოსები თუ რუსები] და წარმოსახვითი მოწინააღმდეგის ტექნიკა მათ კილომეტრების დაშორებით გაანადგურეს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ?
8 აგვისტოს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს აღნიშნავდა, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
- „8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი… 7 აგვისტოს რაც მოხდა ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და შემდეგ ხელი მოაწერა რეზოლუციას“.
- „ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს... მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას და ჩვენი გმირები შეეწირნენ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, აგენტი და მოქმედებდა უცხო ძალების ინტერესების დაკვეთით“.
- “…სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება, ეს გაგრძელება იყო ოკუპაცია და ე.წ. აღიარება“
დაახლოებით იგივე თქვეს “ოცნების” გუნდის სხვა მაღალჩინოსნებმაც.
ოპოზიცია ირაკლი კობახიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საჭიროებას ხედავს.
ასევე ნახეთ
„ქართული ოცნება“ ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს ასახელებს და პასუხისმგებლობას სააკაშვილის ხელისუფლებას აკისრებსასევე ნახეთ
აგვისტოს ომის მე-18 წელი - რა შეიცვალა?მთავრობის მეთაურს ახალი არაფერი უთქვამს - ანალოგიური განცხადებები ხშირად მუდმივად ისმის ხელისუფლების რიგებიდან. ბოლო წლებში, აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის [წინა ხელისუფლება] დადანაშაულება “ქართული ოცნების” ხელისუფლების რიტორიკისა და პოლიტიკის მთავარი ხაზია.
- 2024 წლის 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე პროსამთავრობო აქციაზე გამოსვლისას, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან “გლობალური ომის პარტიამ” დააპირისპირა და რომ "გლობალური ომის პარტიისთვის" “საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".
- 2024 წლის 14 სექტემბერს, როდესაც - წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული - გორელ ამომრჩევლებს ხვდებოდა, ოსებისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე ილაპარაკა და “ომის გამჩაღებლების” გასამართლების პირობა დადო.
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, - განაცხადა ივანიშვილმა გორში.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოში ბრალი არცერთი პოლიტიკოსისთვის არ წაუყენებიათ.
ასევე ნახეთ
ივანიშვილის ბოდიში - რას ნიშნავს, ვისკენ მიემართება, რას ცვლის ეს ინიციატივაასევე ნახეთ
პაპუაშვილი: შეგულიანებული უკრაინა წავიდა ესკალაციაზე, როგორც სააკაშვილი 2008 წელსუკვე 2025 წელს, აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების დადანაშაულების საკითხზე სადავო პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ["წულუკიანის კომისია"] იმუშავა, რომლის საკვლევ საკითხებს შორის აგვისტოს ომი პრიორიტეტული იყო.
“ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი აღმოჩნდა სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით განახორციელეს ქალაქ ცხინვალზე შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”, - წერია პარლამენტის კომისიის დასკვნაში.
კომისიის მუშაობის დაწყებამდე უკვე ცნობილი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეფასებები, რომ - ომი ქართულმა მხარემ [წინა ხელისუფლებამ] გარე დაკვეთით დაიწყო. ითქვა ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნას "ქართული ოცნება", საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმისთვის გამოიყენებს.
“ოცნება” არ ითვალისწინებს დადგენილ ფაქტებს, რომ - რუსეთის არმიის ნაწილები, როკის გვირაბის გავლით, 7 აგვისტოს უკვე იდგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არც პუტინის განცხადებებს, რომ ომის გეგმა 2006-2007 წლებში დაამტკიცა.
2013 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა რუსეთის დაინტერესების, მიიტაცოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები.
“მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია, მე ამის არ მჯერა. რაც მოხდა და განვითარდა, ამის ანალიზს ახლა არ დავიწყებ. ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივე მხრიდან. და ეს არ არის თანხვედრაში რუსეთის სტრატეგიასთან. მე არავითარი ქვე და დამატებითი კავშირები არ მაქვს რუსეთთან. მხოლოდ ანალიზი შემიძლია და საკმაოდ კარგი ანალიზი შემიძლია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „პალიტრა ტვ“-ის ეთერში.
ასევე ნახეთ
ივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებსმესიჯები რუსეთიდან
ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი [ომის დროს], დმიტრი მედვედევი “რია ნოვოსტისთვის” 8 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში; პარალელებს ავლებს უკრაინასთან - ომს დასავლეთის დაკვეთად განიხილავს და ემუქრება სომხეთსაც - რომ საქართველოს ბედს გაიზიარებს, თუკი “გააგრძელებს თავის კურსს დასავლეთთან მითური შეერთებისკენ”.
მედვედევი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება "პრაგმატულ პოლიტიკას“ ატარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში კი აღნიშნავენ, რომ - საქართველოს საზოგადოებაში 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების “გადააზრების მცდელობა” გრძელდება და „საფუძვლიანია მ. სააკაშვილის რეჟიმის სრული პასუხისმგებლობის აღიარება შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე“.
დღეს კრემლი ისევ ითხოვს ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერას თბილისსა და ცხინვალს, თბილისსა და სოხუმს შორის. საქართველოს სახელმწიფო ამ მოთხოვნას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.
ასევე უცვლელ მოთხოვნებს შორის არის - საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაც. მოსკოვი ამ პროცესების უახლოეს მომავალში დაწყებას მოელის და გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის:
“ეს ამოცანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლეთის, კიევის ნაცისტური რეჟიმისა და საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე - ჩაითრიოს თბილისი ახალ სისხლიან ავანტიურებში სამხრეთ კავკასიაში”.
დასავლეთთან შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო “ქართული ოცნების” ხელისუფლება, ახლო წარსულში, არაერთხელ შეაქეს მოსკოვიდან.
ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას რუსეთი უკვე 18 წელია ითხოვს - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ
შარდი ხინკალში და მიტოვება ტყეში - ვინ ავრცელებს "ფეიკებს" რუს ტურისტებზე?“ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც იქნება გაფორმებული საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, ავტომატურად გამოიწვევს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის გაზრდას და ხელს შეუწყობს არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სპეციალისტი - გიორგი მელაშვილი და ამატებს, რომ ამ გზებით რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიზნის მიღწევას ცდილობს.
მელაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულებასაც რუსეთი სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების “ფსევდო დამოუკიდებლობის მხარდამჭერ” ინსტრუმენტად იყენებს.
აგვისტოს ომზე 2026 წლის განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს იმედს, რომ "კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯებით განმტკიცდება” საქართველოს ხელისუფლების განცხადებები “აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობაზე” და ძველებურად გამოხატავს მხარდაჭერისთვის მზადყოფნასაც. თუმცა ამ პასაჟს მოსდევს კიდევ ერთი აბზაცი, სადაც განმარტებულია, რომ - მოსკოვს მხარეებს შორის მხოლოდ “სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები” წარმოუდგენია.