თუ აგედევნენ

ადევნება-თვალთვალი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. კანონი გასული წლის ივნისში შევიდა ძალაში. პროკურატურის მონაცემებით, თითქმის 1 წლის განმავლობაში 20 პირს წარედგინა ბრალი, 19 ქალი დაზარალებულადაა ცნობილი.

რა არის ადევნება

სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ადევნებას და ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

როგორ შეიძლება მიხვდე, რომ ადევნების მსხვერპლი ხარ

იმ შემთხვევაში, თუ უკანონო თვალთვალი ან სხვა ტიპის არასასურველი კომუნიკაცია ადამიანში, ანუ მსხვერპლში, იწვევს ძლიერი ტანჯვის განცდას, შიშს, რომ მას ან მის ახლობელს, ან მის საკუთრებას რაიმეს დაუშავებენ და ცდილობს თავდაცვის მიზნით მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი ცხოვრება, აღარ ისარგებლოს საჯარო ტრანსპორტით, აღარ გადაადგილდეს დამოუკიდებლად; ცდილობს, რომ მუდმივად ჰყავდეს გამცილებელი, გამოცვალოს ტელეფონის ნომერი, თუ სისტემატურად აწუხებენ ტელეფონით, გააუქმოს ფეისბუკი და ა.შ.; არასასურველი კომუნიკაცია შეიძლება მყარდებოდეს არა მხოლოდ ფიზიკური ნახვით, შეხებით, გასაუბრებით, შეშინებით, არამედ ეს შეიძლება იყოს პარანოიდური სატელეფონო ზარები, შეტყობინებები ფეისბუკზე. როგორც წესი, ეს კომბინირებული სახით ხდება ხოლმე - ამდევნებელი კომუნიკაციის ყველა ამ არხს იყენებს, რომ მსხვერპლი შეაშინოს.

რამდენად გავრცელებული დანაშაულია ადევნება

ადევნება, სამწუხაროდ, ძალიან ხშირი მოვლენაა საქართველოში. ხშირად ეს იფუთება, როგორც თაყვანისმცემლის მიერ გამოხატული ყურადღება, მაგრამ იმისათვის, რომ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, ის უნდა სცდებოდეს უბრალო ყურადღებას და აშინებდეს ადამიანს.

ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა

აუცილებლად უნდა მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა მეტი იურიდიული კონსულტაციის გავლა ან ადვოკატის აყვანა (ზოგადად, მსხვერპლს ადვოკატი არ სჭირდება, მაგრამ შესაძლოა წაადგეს გამოძიებას), არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალთა ორგანიზაციები გვთავაზობენ უფასო იურიდიულ სერვისებს.