გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

აღსაყდრებიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

დღეს, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

„ამ რამდენიმე წუთის წინ პირგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ“, - განაცხადა მან.

პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.

კლინიკაში საღამოს 10 საათისთვის მღვდელმთავრები, მთავრობის წარმომადგენლები და პოლიტიკური ლიდერები როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან, კვლავ მივიდნენ, - ამჯერად კომენტარების გარეშე.

„[კათოლიკოს-პატრიარქმა] სრულად მოიხადა ვალი წინაშე ღვთისა და ქართველი ერისა“, - განუცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ჟურნალისტებს.

დაკრძალვამდე მას სამებაში დაასვენებენ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ილია მეორის ცხედარს ხვალიდან, 18 მარტიდან სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება

ბოლო წლების განმავლობაში კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ორშაბათს, 2026 წლის 16 მარტს სატურაციის (სისხლში ჟანგბადის შემცველობა) ვარდნის შემდეგ იგი საპატრიარქოდან გადაიყვანეს ჩაფიძის გულის კლინიკაში.

17 მარტს, ღამის ორ საათზე კი - „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, - მას შემდეგ, რაც გამოუვლინდა კუჭში ფარული სისხლდენა.

მთელი დღის განმავლობაში იგი კლინიკაში ჰყავდათ ინტუბირებული (ჩაყენებული ჰქონდა ენდოტრაქეალური მილი), „ძილის მდგომარეობაში“.

ორშაბათსვე კლინიკაში, მღვდელმთავრების, სასულიერო პირებისა და მრევლის გარდა, მივიდნენ პოლიტიკური ლიდერები - როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

გარდაცვალების მიზეზი

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა:

„მოხდა ის, რაც არავის არ გვინდოდა. სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია“.

მისი განმარტებით, „ყველაფერი დაიწყო კუჭის წყლულით, რომელიც სისხლდენასთან იყო დაკავშირებული“.

„როდესაც ჩატარდა მანიპულაციები, ამას მოჰყვა პოლიორგანული უკმარისობა, - ეს გამოიხატა ფილტვების, თირკმელების, გულის უკმარისობაში“, - განაცხადა მან.

„უცბად, მოულოდნელად, თუმცა მოსალოდნელად იმავდროულად, - იმიტომ, რომ ასეთი არასტაბილურობის პირობებში ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარებულიყო... მე ეს არ მითქვამს იმ წუთას საჯაროდ, მაგრამ კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბიოგრაფიული ცნობები - მოკლედ

ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 1933 წლის 4 იანვარს გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა, ქალაქ ვლადიკავკაზში.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში, 1957 წლის 16 აპრილს კი, 24 წლისა, ბერად (სახელად ილია) აღიკვეცა.

1977 წლის 23 დეკემბერს სიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 კრებაზე ილია შიოლაშვილი, რომელიც იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, ეკლესიის მეთაურად აირჩიეს.

მან მიიღო წოდება - „უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი“; მოგვიანებით ამ წოდებას დაემატა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“.

ასევე ნახეთ „ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე“ - კონსილიუმის ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობას აფასებს

რა მოხდება შემდეგ?

2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.

შიო მუჯირი, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მართავს ეკლესიას - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

ხოლო გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ.

ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.