„შავბნელ დროშიც არ უნდა დავნებდეთ“ - ინტერვიუ ციხიდან გათავისუფლებულ ალეს ბიალიაცკისთან

ალეს ბიალიაცკი გათავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ, 2025 წლის 14 დეკემბერი. AFP-ის ფოტო

13 დეკემბერს ბელარუსის ციხეებიდან გათავისუფლებულ 123 პოლიტპატიმარს შორის იყო ალეს ბიალიაცკი - ადამიანის უფლებათა დამცველი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ორგანიზაცია „ვიასნას“ დამფუძნებელი.

ალეს ბიალიაცკი 2021 წლის 14 ივლისს დააპატიმრეს, საპროტესტო აქციების დაფინანსების ბრალდებით და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში ყოფნისას, 2022 წელს, ნობელის პრემია მიენიჭა.

რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტ The Current Time-თან ინტერვიუში ალეს ბიალიაცკიმ ისაუბრა როგორც თავისუფლების პირველ შეგრძნებებსა და ლიეტუვაში დეპორტაციაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ ჰგავს ბელარუსში შექმნილი ვითარება პოსტსტალინურ პერიოდს და რატომ არ უნდა დაყარონ ფარ-ხმალი ბელარუსებმა მაშინაც კი, როცა ყველაფერი, ერთი შეხედვით, უიმედოდ მოჩანს.

ასევე ნახეთ ადამიანებითა და კალიუმით ვაჭრობა? - როგორ იყენებს ლუკაშენკა პოლიტპატიმრებს

„საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივარ“

– რამდენიმე დღეა გათავისუფლდით. თუ გაქვთ შინაგანი განცდა, რომ ნამდვილად თავისუფალი ხართ?

– საქმე ისაა, რომ ათი წლის წინაც მსგავს ვითარებაში ვიყავი, როდესაც მოულოდნელად ციხიდან გამათავისუფლეს. პირველ დღეს ერთგვარი „ლომკა“ გაქვს, როგორც ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს. პატიმრებიც იკიდებენ "ლომკას".

სულ სხვა სიტუაციაში ხვდები: შავიდან თეთრში, ცივიდან ცხელში, ან სიბნელიდან სინათლეში და, რა თქმა უნდა, ადამიანს, სხეულს სჭირდება შეგუება: ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სხვა ვითარებაში ხარ. მიუხედავად იმისა, რომ მახსოვს და ვიცი როგორ იყო ათი წლის წინ, ეს ყველაფერი მაინც მაწვება. რა თქმა უნდა, არის გარდამავალი პერიოდი, რომელსაც უნდა გავუძლოთ, რომელიც უნდა გავიაროთ.

მაგრამ ასევე მესმის, რომ გარკვეულწილად, ეს დაუსრულებელი შეხვედრები, ინტერვიუები, სერიოზული საუბრები - გუშინ ლიეტუვის პრეზიდენტს შევხვდით - არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, ფორმაში მამყოფებს.

გიწევს გადართვა და ფიქრი იმაზე, რა გააკეთო, როგორც მოიქცე, ნაცვლად იმისა, რომ ნოსტალგიაში ჩაეფლო და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ხდება შენს თავს. ახლა გიწევს გაქცეულზე მუშაობა და ასეა მას შემდეგ, რაც ბელარუს-ლიეტუვის საზღვარი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გადავკვეთე. ეს სამუშაო არ იძლევა მოდუნების საშუალებას. ამიტომ საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივარ.

ალეს ბიალიაცკი, 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ვილნიუსში, ციხიდან გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ. 2025 წლის 16 დეკემბერი.

„აგიღეს და მოგისროლეს ფქვილის ტომარასავით, რაღაცაში გაგცვალეს“

– დეპორტირება გაგიკეთეს, როგორც სხვა ყოფილ პოლიტპატიმრებს. რეჟიმს აქამდე ეს პრაქტიკა არ გამოუყენებია - ციხიდან ავტობუსში და პირდაპირ საზღვარზე. არსებობს რამე ახსნა, თუ რატომ აკეთებენ ამას?

– არ ვიცი, როგორ იყო ადრე. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. როდესაც მთელი ქვეყნის გავლით თვალახვეული მიმიყვანეს ლიეტუვის საზღვარზე, გადამსვეს მიკროავტობუსში ცხრა სხვა პოლიტპატიმართან ერთად და გადავკვეთეთ ლიეტუვის საზღვარი იმ ამერიკელ დიპლომატებთან ერთად, რომლებიც ლუკაშენკასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ამიტომ ვერაფერს ვიტყვი და ვერაფერს შევადარებ.

არ მაქვს კანონიერების განცდა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს „აგიღეს და მოგისროლეს ან აგიღეს და გაგცვალეს, როგორც ფქვილის ტომარა ან ყავის ტომარა, გადაგცვალეს რაღაცაში. ასეთი განცდა მაქვს. და კიდევ, იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, არ მაქვს კანონიერების განცდა.

საერთოდ არავინ არაფერი მითხრა: სად მივყავდით, რა უფლებები მქონდა, რას მიპირებდნენ. დამავლეს ხელი და გადამისროლეს მიკროავტობუსში, რომელიც ლიეტუვის ტერიტორიაზე გადავიდა. სულ ეს იყო.

2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ალეს ბიალიაცკი მანქანაში. ვილნიუსი. 2025 წლის 14 დეკემბერი, ბელარუსის ციხიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს. ფოტო: AFP

„პოსტსტალინურ პერიოდში დავბრუნდით“

– თქვენ 30 წელზე მეტია მუშაობთ ადამიანის უფლებების სფეროში: ბელარუსში ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა პერიოდი გაიარეთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა და ხდება პირადად თქვენთან დაკავშირებით და ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსი ამჟამად იმყოფება ადამიანის უფლებების დარღვევის პიკზე?

– დიახ, უპირობოდ ასე! პიკს მიაღწია 2020 წლის შემდეგ. მანამდე ასე თუ ისე ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოებში ჯდებოდა, ყველაფერი დოზირებით ხდებოდა, მათ შორის რეპრესიებიც და ჩვენც შეგვეძლო გვემუშავა ამ „რუხ ზონაში“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დამცველი „ვიასნა“ არ იყო ოფიციალურად რეგისტრირებული, ჩვენ მაინც ვსაქმიანობდით. ხელისუფლებამ ეს იცოდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა.

ყველაფერი, რაც ბელარუსში ხდება, ლუკაშენკას კისერზეა.

2020 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ახლა ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით ისჯება, რაც ბევრმა ჩვენმა კოლეგამ საკუთარ თავზე გამოცადა. ჩვენ, ფაქტობრივად, დავუბრუნდით სტალინის შემდგომ ეპოქას, რომლის შედარებაც კი არ შეიძლება საბჭოთა პერიოდთან, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა იყო. განსაკუთრებით, თუ შევადარებთ 1980-იან წლებს, როდესაც ახალგაზრდები ვიყავით, როდესაც ვაფუძნებდით პირველ დემოკრატიულ ორგანიზაციებს: სუპოლკებს (ამხანაგობებს), ახალგაზრდულ ასოციაციებს, არაფორმალურ ჯგუფებს. ასე იყო 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული. ახლა ჩვენ დავუბრუნდით იმ დროს, რომელიც ამას უძღოდა წინ.

ეს სამწუხაროა და დაკავშირებულია ლუკაშენკას პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან. ყველა გადაწყვეტილებას ის იღებდა. გასაგებია, რომ ათიათასობით ადამიანის რეპრესირების ბრძანების გაცემა ალბათ ადვილი არ იყო, რაც ამ პერიოდში მოხდა, მაგრამ მან ეს გააკეთა. გააკეთა ისე, რომ გაცნობიერებული ჰქონდა, რასაც სჩადიოდა. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ბოლო წლებში ბელარუსში ხდება, ლუკაშენკას კისერზეა, მთლიანად მას ეკისრება პასუხისმგებლობა.

მასობრივი საპროტესტო აქციები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის 23 აგვისტო

„შავბნელ დროშიც კი კრიჭა უნდა შეკრა და გაუძლო“

– განთავისუფლების დღეს თქვენ მოუწოდეთ ბელარუსებს, არ ჩამოუშვან ხელები. რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა ქვეყანაში ან ემიგრაციაშია, ვინც უკვე დანებდა ან დანებების ზღვარზეა? ბევრი იმედგაცრუებულია დემოკრატიული მოძრაობით, სახლში დაბრუნების შესაძლებლობის არარსებობით...

– მოკლედ ვიტყვი, სულ ტყუილად, სულ ამაოდ! ამაოდ, რადგან არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი და სახალხო აქტივიზმი გაძლიერებულა, მაგრამ შემდეგ ისევ დასუსტებულა. საკმარისია გავიხსენოთ 1990-იანი წლების დასაწყისი: მასობრივი საპროტესტო აქციები დემოკრატიის, ბელარუსის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

შემდეგ იყო გარკვეული დაცემა, 1994 და 1995 წლებში. და ჩვენ გავიარეთ ეს გორაკები, რომლებსაც ხან მაღლა ავყავდით, ხანაც დაბლა ჩავყავდით.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან და საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ ასეთ შავბნელ დროშიც კი კრიჭა უნდა შეკრა და გაუძლო. აი, ისე როგორც ჩვენ ვუძლებდით და ვითმენდით სასჯელაღსრულების კოლონიაში ყოფნისას, ყოველგვარი პერსპექტივისა და მომავლის გარეშე. კიდევ ხუთი წელი უნდა ვყოფილიყავი ციხეში, მაგრამ აიღეს და გამათავისუფლეს.

ცვლილებები შეიძლება სწრაფად მოხდეს, მაგრამ რაღაც შენც გააკეთე.

ასევე სწრაფად შეიძლება მოხდეს ცვლილებები ბელარუსშიც, მაგრამ რაღაც შენც გააკეთე. ისეთ პირობებშიც კი, როცა გგონია, რომ რამის გაკეთება შეუძლებელია, მაინც შეგიძლია რაღაცის გაკეთება. იმავე სასჯელაღსრულების კოლონიაშიც კი შეგიძლია დაელაპარაკო ერთ ან ორ ადამიანს, იგივე შეგიძლია გააკეთო გარეთაც. გაქვს ასეთი შესაძლებლობა და მით უმეტეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, ბელარუსში საზოგადოებაზე ამჟამად განხორციელებული ზეწოლა ნელ-ნელა შესუსტდება. ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები შედეგს იძლევა. და ჩვენი გათავისუფლება და რეჟიმის რკინის მარწუხების მოშვება, ადრე თუ გვიან, მოხდება, თუ, რა თქმა უნდა, ეს სანქციები სწრაფად არ მოიხსნება.

2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ალეს ბიალიაცკი მეუღლესთან, ნატალია პინჩუკთან ერთად, ახალ პიჯაკს ისინჯავს ვილნიუსის სავაჭრო ცენტრში. 2025 წლის 14 დეკემბერი, გათავისუფლებიდან მეორე დღე. ფოტო: AFP

ეს დროც გაივლის - უკეთესი დროება დადგება!

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ კვლავ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიცია. სათანადოდ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები. უნდა მოვახდინოთ გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვმუშაობთ, რომლებთანაც ვსაუბრობთ. რადგან ბელარუსში ხალხი ახლა ისეთი დაბეჩავებულიც არ არის. ბევრი ჯერ კიდევ საუბრობს ერთმანეთში. მართალია ისინი Facebook-ზე არ წერენ, როგორც ეს მასობრივად ხდებოდა 2020 და 2021 წლებში, მაგრამ ერთმანეთში ნამდვილად საუბრობენ. განიხილავენ ამ პრობლემებს. რაც უნდა თქვა, მათ ჯერ კიდევ აქვთ საკუთარი თვალსაზრისი.

ამიტომ არ უნდა იფიქროთ, რომ სრულიად ბნელი დროება დადგა. ეს დროც გაივლის - უკეთესი დროება დადგება!