ოფიციალური ინფორმაციით, 3 თებერვალს კობახიძე სამიტზე სიტყვით გამოვიდა გლობალური ვაჭრობისა და ლოგისტიკისადმი მიძღვნილ ფორუმზე, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი.
მის ორივე სათქმელში ხაზგასმულია საქართველოს სატრანზიტო როლი, პოტენციალის პერსპექტივები, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, საინვესტიციო მიმზიდველობა და პარტნიორების მზარდი ნდობა - რის ერთ-ერთ დასტურადაც Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი ინვესტიცია დაასახელა.
“მომავლის მთავრობების ფორმირება” – დუბაიში, „მსოფლიო მთავრობათა სამიტზე“ წელს 35 ქვეყნის ლიდერებმა, 150 ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებმა, 500-მა მინისტრმა მოიყარეს თავი.
სამიტზე წარმოდგენილი ქვეყნების ჩამონათვალშია ეგვიპტე, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ბუტანი, ეკვადორი, ესტონეთი, ქუვეითი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, სიერა-ლეონე; ასევე - დომინიკის რესპუბლიკა, ანტიგუა და ბარბუდა, მავრიტანია, სეიშელი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სამხრეთი კორეა, ვენესუელა. სამიტში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელები.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან “ქართული ოცნების” ხელისუფლებას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. ირაკლი კობახიძე იქ წელს უკვე მეორედ ჩავიდა, ბოლო 13 თვეში - მეოთხედ. იანვრის ბოლოს კობახიძე არ დაპატიჟეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
ასევე ნახეთ კობახიძე საამიროებში გაემგზავრა - ბოლო 13 თვეში მეოთხედმსოფლიოსთან ურთიერთობა
“რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით - ჩვენზე გადის გზა 2,3 მილიარდ მომხმარებლამდე, - თქვა ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას და დაამატა, რომ - ეპოქაში, რომელსაც განსაზღვრავენ მეტოქე ბლოკები, საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას” და პარტნიორებს არა “მხარის არჩევას”, არამედ თანამშრომლობისთვის “პლატფორმას" სთავაზობს.
მისი სიტყვებით, მსოფლიოს “საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება” და ასეთ დროს, შუა დერეფნის პროექტი “აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა“, როდესაც “დერეფნები, რომლებითაც ეფექტურად ხორციელდებოდა საქონლის გადაზიდვა ევროპასა და აზიას შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა”.
შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან აკავშირებს - ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით, - კობახიძის თქმით, “წარმოადგენს სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს”.
კავშირი, ხიდები, არა იზოლაციას - კობახიძის გამოსვლების ლაიტმოტივი სტაბილურობისა და მშვიდობიანი ურთიერთობების გამყარების აუცილებლობა იყო. არაერთხელ აღინიშნა მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობა - როგორც დამხმარე "ინსტრუმენტი" - "განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში”.
"ევროკომისიის საერთო ინტერესების პროექტად შერჩეული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივის მიზანია ევროპის ელექტროსისტემებთან საქართველოს დაკავშირება და ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანზიტო ჰაბად ქვეყნის პოზიციონირება”, - ეს ციტატაც კობახიძის გამოსვლიდან არის.
დუბაიში, საჯაროდ, მას ევროკავშირთან თბილისის დაძაბულ ურთიერთობებზე არ ულაპარაკია. სულ რამდენიმე დღის წინ კი, პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში კვლავ განმარტავდა, რომ „ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი“, „მოქმედებს არაფორმალური გავლენებით“ და „ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისინი საქართველოსთან მიმართებით არ ცვლიან პოზიციას“; შედეგად კი - „საკუთარი ობიექტური ინტერესების საზიანოდაც“ მოქმედებენ.
„ევროკავშირი რომ მოქმედებდეს საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად, ისინი შეეცდებოდნენ მოეძებნათ ალტერნატიული გზა აღმოსავლეთისკენ, მათ შორის - სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით და ყველას კარგად ესმის, რომ საქართველო არის ოპტიმალური გზა ყველა თვალსაზრისით. და ამ პირობებში, როდესაც ისინი არ ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობების გადალაგებას, მით უმეტეს, რომ არგადალაგების არავითარი ობიექტური საფუძველი არა აქვთ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არა აქვთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი და ისინი კვლავაც იღებენ არადამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს საკუთარი ობიექტური ინტერესების საზიანოდ“, - თქვა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
ინვესტიციები - დუბაის ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა
"ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ“, - მიმართა კობახიძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს; მანამდე კი - საქართველოში მოზიდული პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი:
“მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს დიდი მიღწევაა”.
საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები 2022 წლის შემდეგ იკლებს.
- 2021 წელი - 1 264 900 000 დოლარი;
- 2022 წელი - 2 224 200 000 დოლარი;
- 2023 წელი - 1 928 500 000 დოლარი;
- 2024 წელი - 1 569 300 000 დოლარი;
- 2025 წელს [წინასწარი] - 1 296 900 000 დოლარი.
ინვესტიციების კუთხით, ქვეყნების პირველ ათეულში შედიან აშშ, ესპანეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ნიდერლანდი, გერმანია, დანია, იაპონია და რუსეთი.
„ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან", - ეს სიტყვები კობახიძემ Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ წარმოთქვა. ამ პროექტის შესახებ საქართველოში კვლავ ბევრი უპასუხო შეკითხვა რჩება.
ინვესტირებისთვის მიმზიდველ მიმართულებებად "ქართული ოცნების" პრემიერმა დაასახელა:
- უძრავი ქონების ბაზარი;
- მასპინძლობის სფერო;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი - "რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება";
- ენერგეტიკა [მათ შორის - ჰიდროელექტროსადგურები] - "ჩვენი გეგმაა, საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12 500 მეგავატამდე 2035 წლისთვის".
ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს დუბაიში თან ახლავს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი; იუსტიციის მინისტრი პაატა სალია; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კვირის ბოლომდე დარჩება.
“ამ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის”, - უთხრა დუბაიში ჟურნალისტებს მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ეს ფორუმი “საუკეთესო შესაძლებლობა არის საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად”.
ოფიციალური ინფორმაციით, 3 თებერვალს მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე შეხვედრა გამართა:
- შეხვდა ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დუმა გიდეონ ბოკოს. ოფიციალური ინფორმაციით, “საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს”, კობახიძემ ბოცვანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ [გაეროში] საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის და მზადყოფნაც გამოხატა, ბოცვანას “წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილება” გაუზიარონ.
- შეხვდა ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის - “შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს” და მათ შორის აღინიშნა “საინვესტიციო სფეროში კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები”; საქართველოს, “როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული და ლოგისტიკური ჰაბის როლი”; “ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას”.
- შეხვდა სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის - ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებზე - “გამოითქვა იმედი, რომ შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული”.
ევროკავშირთან და აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 2026 წლის იანვრის მიწურულს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი არ მიიწვიეს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, შვეიცარიაში - დავოსში, სადაც ევროკავშირის, წევრი ქვეყნების ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.
"ქართული ოცნების" გუნდში მაშინ განაცხადეს, რომ “საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში” და დავოსის ფორუმი “არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედ-იღბალი და უკეთესი მომავალი”.