აშშ-ის განახლებული სამხედრო მოქმედებების ფონზე, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. ეს კი სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც რეგიონული ესკალაციის რისკებზე, ისე მშვიდობის დასამყარებლად დიპლომატიური გზების მოძიების პერსპექტივაზე.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, კატარში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ტიმი დევისი ამტკიცებს, რომ სამხედრო დაპირისპირების მიუხედავად, კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად მოლაპარაკებები რჩება.
კატარში აშშ-ის ყოფილი ელჩი ტიმი დევისი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის განახლების შესახებ, რომელიც ირანის გემების წინააღმდეგაა მიმართული, მაშინ როცა აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება გამწვავდა. უფრო ფართო სურათის გათვალისწინებით, როგორია აშშ-ირანის ურთიერთობები დღეს? არსებობს კიდევ დიპლომატიისკენ მიბრუნების რეალისტური გზა?
არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტის გამოყენებისთვის გრძელვადიანი გადასახადები ან მოსაკრებლები იქნება შემოღებული. ეს გავლენის მოხდენას იწყებს მსოფლიო ეკონომიკაზე...
ტიმი დევისი: ვფიქრობ, ერთადერთი რეალისტური გზა დიპლომატიისკენ დაბრუნებაა. მოლაპარაკებების ამჟამინდელი მდგომარეობა და ეს კონფლიქტი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე მხარე რეალურად დაინტერესებულია ისეთი შეთანხმების მიღწევით, რომელიც მათთვის მისაღები იქნება.
ვფიქრობ, ყოველდღე უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ამ კონფლიქტის შედეგი ორივე მხარისგან კომპრომისს მოითხოვს. მესმის, რომ აშშ ამ ეტაპზე აშკარად იმედგაცრუებულია მოლაპარაკებების მდგომარეობით, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დიალოგი გრძელდება - როგორი უნდა იყოს სრუტეში მიმდინარე მოქმედებები.
ეს მოქმედებები ამ კონფლიქტის გარკვეული მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა სასოწარკვეთის დრო არაა.
მე მართლა მიმაჩნია, რომ ეს ის მომენტია, როდესაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ გარკვეული პატივისცემით არის განწყობილი. თუმცა, საბოლოო ჯამში, დიპლომატია რეალურად ერთადერთი გამოსავალია მიმდინარე კონფლიქტიდან.
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ჰორმუზის სრუტის გუშაგის“ როლს შეასრულებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში რეგიონული უსაფრთხოებისა და ირანთან სამომავლო მოლაპარაკებებისთვის?
ტიმი დევისი: ეს შესანიშნავი კითხვაა: რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ჰორმუზის სრუტეში ნებისმიერი ვითარება, რომელიც სამხედრო ქმედებებს ან გახანგრძლივებულ კონფლიქტს მოითხოვს, დიდხანს ვერ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამ სამეზობლოში მყოფი ქვეყნებისთვის ჩვენ ვერ დავუშვებთ გრძელვადიან, უწყვეტ კონფლიქტს, მაშინაც კი, თუ ეს სრუტეში გარკვეული კომერციული საქმიანობის საშუალებას იძლევა.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უნდა გულისხმობდეს ჰორმუზის სრუტის გავლით ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის უზრუნველყოფას. როგორც საერთაშორისო სანაოსნო გზას, მას არ უნდა სჭირდებოდეს მცველები. თუ დროებითი სამხედრო მოქმედებები აუცილებელია, ვფიქრობ, ეს გასაგებია. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველას სურს - განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს - რომ შეძლონ ვაჭრობა ზედმეტი შემოწმებებისა და შეზღუდვების გარეშე.
ასევე ნახეთ
ტრამპი აცხადებს, რომ განახლდა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა აშშ-ის მხრიდანრადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე წამოაყენა წინადადება, სრუტეში გამავალ ტვირთზე 20-პროცენტიანი გადასახადის დაწესების შესახებ. ელით თუ არა გამონაკლისებს ძირითადი მოკავშირეებისთვის, თუ ამას ზოგად პოლიტიკად მიიჩნევთ?
ტიმი დევისი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი. არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტის გამოყენებისთვის გრძელვადიანი გადასახადები ან მოსაკრებლები იქნება შემოღებული. ეს გავლენის მოხდენას იწყებს მსოფლიო ეკონომიკაზე.
ასე რომ, როგორიც უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება გადასახადების იდეასთან დაკავშირებით და როგორც უნდა იქნას განხილული გამონაკლისების საკითხი, ვფიქრობ, რომ ეს აქტუალური საკითხებია. საბოლოო ჯამში, ამ რეგიონის და მთელი მსოფლიოს ქვეყნები დაინტერესებული უნდა იყვნენ ვაჭრობის თავისუფალი დინებით. იმის მიუხედავად, იქნება გამონაკლისები თუ არა, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს „ქონისა და არქონის“ სისტემა.
ასევე ნახეთ
მსხვერპლი მოჰყვა ჰორმუზის სრუტეში მყოფ ტანკერებზე ირანის სარაკეტო შეტევას
რადიო თავისუფლება: ირანმა ასევე გააძლიერა თავდასხმები აშშ-ის პოზიციებზე სპარსეთის ყურეში. რამდენად გაშფოთებთ ის, რომ ეს შეიძლება უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს?
ტიმი დევისი: ეს ყოველთვის უნდა იყოს შეშფოთების საგანი. თუმცა მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კონკრეტული კონფლიქტია, რომლის დროს, ირანი, საბოლოო ჯამში, რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევის კატალიზატორად გვევლინება.
ვფიქრობ, რეგიონის ქვეყნებმა დიდი თავშეკავება გამოიჩინეს. ასევე არსებობს გარკვეული დონის ნდობა აშშ-ს შესაძლებლობების მიმართ, ჩაატაროს მიმდინარე სამხედრო ოპერაციები. შოკს მივიღებდი, თუ რეგიონის ლიდერები მოინდომებდნენ ამ ომში პირდაპირ ან ასიმეტრიულად ჩართვას.
ასე რომ, ვფიქრობ, უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის საფრთხე ამჟამად შედარებით დაბალია. სპარსეთის ყურის პარტნიორებსა და აშშ-ს შორის კომუნიკაცია და ურთიერთობები საკმაოდ ძლიერია, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ახლა სერიოზულად შეშფოთებული უნდა ვიყოთ შეცდომებთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ისეთი რამაა, რასაც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ.
ასევე ვიტყოდი, რომ სპარსეთის ყურის პარტნიორებსა და აშშ-ს შორის კომუნიკაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია თვითონ სპარსეთის ყურის შიგნითაც, რომ არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მეზობელი ქვეყნების პოზიცია. რაც უნდა მოხდეს - და რაც შეიძლება შეშფოთების მიზეზად იქცეს - არის რაიმე სახის კონფლიქტი სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებს შორის იმის თაობაზე, თუ როგორი რეაგირება მოახდინონ ამ კრიზისზე.
რადიო თავისუფლება: რა როლი შეუძლიათ შეასრულონ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი კატარმა, და სხვა რეგიონულმა პარტნიორებმა დაძაბულობის შემცირებასა და დიპლომატიის შენარჩუნებაში?
ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად მოიპოვოს ზემოქმედების ბერკეტები - სწორედ ეს ხდება ჰორმუზის სრუტეში. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე...
ტიმი დევისი: ეს შესანიშნავი კითხვაა. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ისინი უკვე ეხმარებიან აშშ-ს იმით, რომ მასპინძლობენ აშშ-ის სამხედრო პერსონალს, უზიარებენ ინფორმაციას, როდესაც ის ხელმისაწვდომია, იჩენენ მოთმინებას და ქაოსურად არ რეაგირებენ ირანის თავდასხმებზე.
საბოლოო ჯამში, რა გეგმაც არ უნდა წარმოიშვას მოცემულ მომენტში და მომავალი მოლაპარაკებების შედეგად, სპარსეთის ყურის პარტნიორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ შემდგომი ქმედებების განსახორციელებლად.
კერძოდ, კატარი ძალიან ბევრს მუშაობს ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კატარს ირანთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მათ აქვთ საერთო ენერგეტიკული სფერო, გეოგრაფიული სიახლოვე, და კატარი ყოველდღიურად მუშაობს, რომ მიგვაახლოოს ამ კონფლიქტის რაიმე გადაწყვეტასთან.
თუმცა, ამ კონფლიქტის შემდეგ საბოლოოდ მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების განხორციელებაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სპარსეთის ყურის ყველა პარტნიორი.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, აშშ-ის ამჟამინდელი სტრატეგია მოლაპარაკებებისთვის ახალ ბერკეტებს ქმნის, თუ დაძაბულობა უახლოეს მომავალში მაღალი დარჩება?
ტიმი დევისი: ვფიქრობ, დაძაბულობა მაღალი დარჩება, სანამ მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას არ მივუახლოვდებით. ყველაფერი კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამ კონფლიქტში ადრეც გვინახავს სამხედრო აქტივობის ესკალაციის პერიოდები, რასაც უფრო ინტენსიური დიალოგის პერიოდებში დეესკალაცია მოჰყვა.
ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად მოიპოვოს ზემოქმედების ბერკეტები - სწორედ ეს ხდება ჰორმუზის სრუტეში. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი საუბრობს იმაზე, რომ ერთი ან მეორე მხარე მოიპოვებს გავლენის ბერკეტს სამხედრო მოქმედებების მეშვეობით.
მე მოვუწოდებდი ხალხს, ყურადღება მიაქციონ დიალოგს და იმას, თუ სინამდვილეში რა გამოდის ამ დისკუსიებიდან, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილონ მათ გარშემო არსებულ რიტორიკაზე. სერიოზული ადამიანები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. იმის გამო, რომ ჩვენ არაერთხელ გავხდით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევის მოწმენი, ვფიქრობ, ყველას ცოტათი მოგვიდუნდა რეალობის აღქმა.
ყურადღებით დავაკვირდებოდი დოჰიდან, ისლამაბადიდან და სპარსეთის ყურის სხვა დედაქალაქებიდან წამოსულ სიგნალებს. სპარსეთის ყურის პარტნიორები მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგვაწვდიან იმის შესახებ, სწორი მიმართულებით მივდივართ თუ არა...
ასე რომ, ბერკეტით თუ ბერკეტის გარეშე, საბოლოო ჯამში, ამ კონფლიქტის მოგვარებისკენ გზა არის სწორედ სერიოზული მუშაობა მოლაპარაკებების მეშვეობით.
რადიო თავისუფლება: და ბოლოს, რას დააკვირდებით უახლოეს დღეებში იმის შესაფასებლად, თუ საით მიდის ეს კრიზისი დიპლომატიისკენ თუ შემდგომი ესკალაციისკენ?
ტიმი დევისი: რასაც მე დავაკვირდები — და რასაც სხვებსაც მოვუწოდებ, რომ დააკვირდნენ — არის ორივე მხარის მზადყოფნა, განაგრძონ მოლაპარაკებები.
ასევე, ყურადღებით დავაკვირდებოდი დოჰიდან, ისლამაბადიდან და სპარსეთის ყურის სხვა დედაქალაქებიდან წამოსულ სიგნალებს. სპარსეთის ყურის პარტნიორები მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგვაწვდიან იმის შესახებ, სწორი მიმართულებით მივდივართ თუ არა.
არ მგონია, რომ კონფლიქტის გადაწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე დღე გვაშორებდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება დავინახოთ იმის ნიშნები, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები კვლავ წინა პლანზე წამოიწევს.
როდესაც ადამიანები აკვირდებიან დაბომბვებს ირანის შიგნით ან ირანის მიერ გემების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს. მე მოვუწოდებდი დამკვირვებლებს - და ყველას, ვისაც სურს ამ კონფლიქტის მოგვარება - უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ დიპლომატიურ დიალოგს, ვიდრე სამხედრო დაპირისპირებას. საბოლოო ჯამში, სწორედ აქედან მოვა რეალური პასუხები.