28 თებერვალს დაწყებული ამ ერთობლივი საჰაერო კამპანიის შედეგად მოკლეს სამხედრო და პოლიტიკური წრეებიდან არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის IRGC-ის ხელმძღვანელი, მოჰამად პაკპური და ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც სახელმწიფოს მმართველი იყო, ბოლო სიტყვის უფლებით მკაცრ ვერტიკალში.
ლიდერების ლიკვიდაციის ფონზე, ირანმა გაააქტიურა თავდაცვის ე.წ. "მოზაიკური" სტრატეგია, რომლის მიზანი ომის დროს IRGC-ის ადგილობრივი მეთაურების გაძლიერებაა. ეს სტრატეგია ირანის არმიის გამძლეობას ზრდის და, ამასთან, ზრდის არასწორი გათვლების საფრთხესაც - ამბობენ ანალიტიკოსები.
"ეს მიმართულია IRGC-ის ადგილობრივი, პროვინციული ძალებისა და მათი თანმხლები ბასიჯის დახმარებისკენ საიმისოდ, რომ მათ შეძლონ თავდაცვითი ნაბიჯების დადგმა გარედან შემოჭრილი ძალის წინააღმდეგ" - ამბობს ფარზინ ნადიმი, ვაშინგტონის ინსტიტუტში მომუშავე თავდაცვის ანალიტიკოსი.
ასევე ნახეთ ადმინისტრატორი, ზომიერი პოლიტიკოსი, მემკვიდრე - კლერიკალები ირანის უზენაესი ლიდერობისთვის იბრძვიანIRGC-ი ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური განშტოებაა და წარმოადგენს ამ ქვეყანაში მოქმედი თეოკრატიის ერთგვარ ხერხემალს. არსებული ინფორმაციით, ეს კორპუსი მოიცავს 150 000-მდე სამხედროს - ქვეითთა, საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს. ამასთან, IRGC-ი მართავს ბასიჯთა მოხალისე, გასამხედროებულ ძალას, რომელიც, არსებული შეფასებით, თავის რიგებში მოიცავს ერთ მილიონამდე წევრს.
დეცენტრალიზაცია IRGC-ის დოქტრინის ცენტრალური კომპონენტია დაახლოებით 2009 წლიდან - როცა ეს ძალა რეორგანიზაციას დაექვემდებარა. ირანის 31-ვე პროვინციაში მოქმედებს IRGC-ის ადგილობრივი შტაბ-ბინები, ბრძანებების გაცემისა და კონტროლის სტრუქტურები და იერარქიის ჯაჭვები.
"ყოველი პროვინცია მოზაიკაა და მეთაურებს აქვთ გადაწყვეტილებების მიღების საშუალება და უფლებამოსილება", - ამბობს ნადიმი და დასძენს - "ამდენად, როცა თეირანთან მათი კონტაქტი გაწყდება, მათ მაინც შეუძლიათ ერთიანი სამხედრო ძალის ფორმით ფუნქციონირება".
ტელეკომპანია Al Jazeera-სთან საუბარში ირანის თავდაცვის მინისტრმა, აბას არაყჩიმ 1 მარტს განაცხადა - "ჩვენი სამხედრო დანაყოფები ახლა დამოუკიდებლები და გარკვეულწილად იზოლირებულები არიან და ისინი მოქმედებენ წინასწარ მიღებული ინსტრუქციების - ზოგადი ინსტრუქციების - შესაბამისად".
ასევე ნახეთ ტრამპის დაუმთავრებელი საქმე - რა უძღოდა წინ “ეპიკურ მრისხანებას”დოქტრინა ჯერჯერობით მუშაობს
როგორც ჩანს, ეს მიდგომა ჯერჯერობით მუშაობს. აშშ-ის და ისრაელის მხრიდან მასშტაბურ დაბომბვას ირანმა უპასუხა უპრეცედენტო რაოდენობის ბალისტიკური რაკეტებისა და თვითგამანადგურებელი დრონების გაშვებით ისრაელის, ასევე ახლო აღმოსავლეთში განთავსებული აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ობიექტებისა და სპარსეთის ყურის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
"ეს აჩვენებს, რომ ბრძანებების გაცემისა და კონტროლის სისტემა კვლავაც ფუნქციონირებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით", - ამბობს საშა ბრუხმანი, სამხედრო და უსაფრთხოების საქმეების ანალიტიკოსი ლონდონში განთავსებულ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში. - "სავარაუდოდ, რეგიონი გამოცდის ირანის მხრიდან კვლავაც გაგრძელებულ საპასუხო დარტყმებს, მანამ, სანამ იქ რაკეტები და რაკეტების გამშვები დანადგარები იქნება".
გაურკვეველია შეძლებს თუ არა IRGC-ი ერთიანი ქმედებების უნარის შენარჩუნებას იმ ფონზე, როცა აშშ და ისრაელი ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, მოკლე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მარაგს უტევენ და, ამასთან, მიზანში იღებენ საშუალო რანგის მეთაურებს პროვინციებში.
თუ IRGC-ის რაკეტები გამოელევა, ან მისი ობიექტების უმრავლესობა დაზიანდება ან განადგურდება, ამ ძალას "მწირი რესურსი აქვს თავისი სტრატეგიული შემაკავებლების მიღმა", - ამბობს ბრუხმანი.
ირანის ძალები მნიშვნელოვნად ეყრდნობიან რაკეტებს და დრონებს - და "როცა მიწის ზემოთ მდებარე მათი წარმოების ობიექტებზე დარტყმები ხორციელდება, მარაგის შევსების უნარი, სულ მცირე, ეჭვის ქვეშაა", - დასძენს ანალიტიკოსი.
ასევე ნახეთ "ირანში აიათოლების მარაგი ამოუწურავია, რაკეტებისგან განსხვავებით" - ჯონ ლი ანდერსონი ხამენეის მემკვიდრეობაზე"ორლესული მახვილი"
ირანის მოზაიკური სტრატეგიის მიზანია IRGC-ის გამძლეობის გაზრდა. მაგრამ ამ კორპუსში ბრძანებების გაცემისა და კონტროლის დეცენტრალიზებულმა სტრუქტურამ შესაძლოა ქაოსი გამოიწვიოს - ამბობენ ანალიტიკოსები.
"დეცენტრალიზებული სამხედრო დანაყოფების პოვნა და გაუვნებლობა უფრო რთულია" აშშ-ისთვის და ისრაელისთვის - ამბობს კოლინ კლარკი, ნიუ-იორის ანალიტიკური ორგანიზაციის, Soufan Center-ის აღმასრულებელი დირექტორი. "მაგრამ მათი გავლენა ნაკლები იქნება, რადგან ისინი ვერ მიაღწევენ კრიტიკულ მასას" - დასძენს იგი.
"შედარებით დისციპლინირებული და ელიტური დანაყოფები შეძლებენ ბრძოლაში დარჩენას, მაგრამ სხვა, უფრო ნაკლები გამოცდილების მქონეები დაბნეულობასა და არეულობას ემსხვერპლებიან" - ამბობს კლარკი. - "ჩემი ვარაუდით, აშშ და ისრაელი ამავე დროს აწარმოებენ ფსიქოლოგიური ოპერაციების კამპანიას, რაც ამ საკითხს კიდევ უფრო გაამძაფრებს IRGC-სთვის.”
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოითხოვს ირანის "უპირობო დანებებას" და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს იარაღი დაყარონ, ან "გარდაუვალ სიკვდილს" შეხვდნენ. ტრამპის თქმით, მათ, ვინც დანებდება, იმუნიტეტს მიანიჭებენ.
ასევე ნახეთ აშშ: რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდისანალიტიკოსები გამოდიან გაფრთხილებით, რომ დეცენტრალიზებული საომარი პირობები ზრდის დრონებითა და რაკეტებით არაკოორდინირებული დარტყმებისა და ნავიგაციის შეცდომების საფრთხეებს - რასაც, შეიძლება, დაუგეგმავი ესკალაცია მოჰყვეს.
შესაძლოა ამით აიხსნებოდეს სპარსეთის ყურეში ირანის რაკეტებისა და დრონების მოხვედრა სამოქალაქო ადგილებზე - სასტუმროებზე, სავაჭრო ცენტრებზე.
NATO-ს წევრი თურქეთი აცხადებს, რომ 4 მარტს თავის სასაზღვრო რეგიონში გადაიტაცა ირანის ბალისტიკური რაკეტა. ირანის კიდევ ერთი მეზობელი, აზერბაიჯანი, თეირანს ადანაშაულებს დრონების გაშვებაში ნახიჩევანში მდებარე აეროპორტზე, 5 მარტს. ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ორივე შემთხვევის მიმართ უჩვეულოდ პირდაპირი ენით ფორმულირებული უარყოფა გაავრცელა.