ისტორიული ძეგლების რემონტი: "რა გაინტერესებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ გააკეთა!"

დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ყიწვისის ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა თვითნებური რემონტი გააკეთეს და ტაძარში მწვანე მარმარილოს იატაკი დააგეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საჯაროდ დაწერა, რომ მათი ინსპექტორები ყინწვისში არც კი შეუშვეს. სააგენტომ ეკლესიასთან ვერაფერი გააწყო და კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი დაზარალდა. საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ ამ საკითხს რუის-ურბნისის ეპარქიასთან გაარკვევდა. თუმცა, ამ დრომდე არც პასუხი უგია ვინმეს და მარმარილოს იატაკიც თავის ადგილზეა.

ყინწვისის მარმარილომ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი პროტესტიც გამოიწვია. იყო ხმამაღალი განცხადებები და ამ შინაარსის კრიტიკაც - „სად არის დროული განგაშის ოფიციალური წერილ-განცხადებები? რომ რამდენი ყინწვისი, ვარძია და ანჩისხატი გაქვთ? რითი ხართ დაკავებული? რას იცავთ? ჰო, არავინ გავაბრაზოთ და დიდხანს ვიქნებით!“ - დაწერა ფეისბუკზე ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ. თუმცა მას მერე არავის არავინ გაუბრაზებია. ეკლესიასთან ღიად დაპირისპირებას ყველა მხარე ერიდება.

„სიტყვა ძეგლი აღარ ახსენო! ეს არის ტაძარი, გაიმეორე!

ყინწვისის ტაძარში შესვლისას თვალში პირველად მომწვანო, პრიალა მარმარილოს იატაკი მოგხვდებათ (მასზე ფრთხილად უნდა გაიაროთ, რომ ფეხი არ დაგიცურდეთ), შემდეგ კი ტაძრის ფირუზისფერი მოხატულობა. კედლებთან, კიდეებში, ჯერ კიდევ მოჩანს ძველი იატაკის ფრაგმენტები, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაუგიათ.

მწვანე მარმარილო - იატაკზე ადგილობრივი სასულიერო პირების არჩევანი იყო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ამ ამბავს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც უნებართვო სამუშაოები დასრულდა და იატაკი დაეგო.

რადიო თავისუფლებას ყინწვისის ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებისგან სურდა შეეტყო ამ გადაწყვეტილების მიზეზები და იმაზეც გასაუბრებოდა, თუ რატომ ვერ ითანამშრომლეს მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

ყინწვისში ჩვენი მისვლისას ადგილზე მამა ნაუმი დაგვხვდა. ბერ-მონაზონი, რომელიც მრევლში სნეულთა განკურნებითაა ცნობილი. ჩვენი სტუმრობის დროსაც მას დაახლოებით ასამდე ადამიანი შემოხვეოდა, რომლებიც მამა ნაუმის დალოცვას ელოდნენ. მამა ნაუმმა ვიდეოკამერის ჩართვის უფლება არ მოგვცა. ჩვენს შორის კი ასეთი საუბარი გაიმართა.

- გვაინტერესებს, როგორ გადაწყდა ტაძარში მარმარილოს იატაკის დაგება?

- თქვენ ვინ ხართ?

- ჩვენ ჟურნალისტები ვართ.

- მერე რა გაინტერესებთ? მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ იატაკი გააკეთა. იცი, რამდენი ხანი დასჭირდა მაგ ქვების მოძებნას და აქ მოტანას? შემომწირველიც ჩვენ ვიპოვეთ და მარტო დაჭრას დასჭირდა 12 000 დოლარი. რა პრობლემაა?

- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამბობს, რომ ეს შეუთანხმებლად მოხდა და საპატრიაქომაც თქვა, რომ ამ ამბავს რეაგირება მოჰყვება...

- არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს. მე ჩვენს მეუფეს ვემორჩილები. და აქ რა გაკეთდება, ეს არავის საქმე არ არის.

- სახელმწიფო ამბობს, რომ ეს იატაკი არღვევს ძეგლის ავთენტურობას, და რომ სამუშაოებიც უნებართვო იყო, თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- რა ძეგლის? მეორედ აღარ თქვა ეგ სიტყვა. ეგ სიტყვა იმ გველების მოგონილია, კომუნისტების! ეს არ არის ძეგლი, ეს არის ტაძარი! გველებო! აღარ თქვათ ეგ სიტყვა მეორედ! გაიმეორე!

- თქვენი აზრით, ასე დაგებული იატაკი ძეგლს არ აზიანებს?

- იქ იყო უსწორმასწორო იატაკი და ჩვენ ყველაფერი გავასწორეთ.

- სააგენტო ამბობს, რომ შესაძლოა, იატაკი აიყაროს და ახალი პროექტით გაკეთდეს.

- ვინ რა უნდა აყაროს? იქეთ ავყრით ყველას!

- როგორ ფიქრობთ, შეთანხმება და ისე დაწყება არ შეიძლებოდა?კანონით, ასეთი ცვლილებები ჯერ საპატრიაქოსთან, შემდეგ კი სააგენტოსთან თანხმდება.

- ვისთან რა უნდა შევათანხმო? მაგათ ერთხელ ვთხოვეთ რაღაც და სამი წელი აკეთებდნენ. რასაც გვინდა აქ, იმას გავაკეთებთ! მაგათ აქ ეკლესიის აშენებაც არ უნდოდათ, მაგრამ ხომ ავაშენეთ? ასე მოვიქცევით მომავალში!

საუბარში მრევლიც ჩაერთო: ნუღარ აღიზიანებთ მამა ნაუმს შეკითხვებითო და იძულებულები გავხდით, იქაურობა დაგვეტოვებინა.

თუმცა მანამდე ყინწვისის ახალი იატაკი ჩვენც ვნახეთ.

მწვანე მარმარილოს იატაკი - რა მოხდა ყინწვისში?

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში, რომელიც რუისისა და ურბნისის ეპარქიას ეკუთვნის და მე-12 საუკუნის დასაწყისშია აგებული, იქ მოღვაწე სასულიერო პირებმა ახალი იატაკის დაგება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ძველი უსწორმასწორო და მოუხერხებელი იყო.

ეს ამბავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 10 აგვისტოს გაავრცელა და მომხდარი „თვითნებობად და უკანონობად“ შეაფასა.

სააგენტოს კრიტიკას მალევე მოჰყვა საპატრიარქოს საგანგებო განცხადებაც:

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი“, - დაწერა საპატრიარქომ.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა იღუმენმა ეფრემმა კი თქვა, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და რომ ის გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო დაგებული“.

ასევე ნახეთ ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარი: იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა

საფეხმავლო ბილიკი ტაძრამდე - რა მოხდა სამთავისში?

ყინწვისში მომხდარიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2 სექტემბერს, სააგენტომ უნებართვო სამუშაოების ჩატარების ახალი ამბავი გაავრცელა. ამჯერად 1030 წელს აგებული სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ტაძრამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი დააგეს.

სააგენტომ ჩათვალა, რომ კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო. უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტომ ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან მისი შეთანხმება მოსთხოვა.

სამთავისის შემთხვევაში ეს შეთანხმება შედგა. ტაძრის წინამძღვარმა, იღუმენია ისიდორამ რადიო თავისუფლებას აუხსნა, თუ რა გახდა მათი აჩქარების და სააგენტოსთან შეუთანხმებლად, პროექტის გარეშე, გზის დაგების მიზეზი.

„ეს არ გაკეთებულა მონაზვნების კომფორტისთვის. საფეხმავლო ბილიკის დაგება, ჩვენი მრევლისა და სტუმრებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად გადავწყვიტეთ. ძალიან უჭირდა მომსვლელს აქ გადაადგილება, წვიმის დროს სულ გუბეები დგებოდა და მრევლი ტაძარში გამოსაცვლელი ფეხსაცმელებით მოდიოდა. ხან ვინ დაეცა და ხან ვინ. თან დღესასწაულიც მოდიოდა, ბევრ ხალხს ველოდით და ამიტომაც გავაკეთეთ“.

ამ ვიდეოში იღუმენია ისიდორა უფრო დეტალურად აღწერს იმ სირთულეებს, რის გამოც შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღეს. ის ტაძრის წინაშე მდგარ იმ პრობლემებზეც ლაპარაკობს, რომლის გადასაწყვეტად დრო არ ითმენს.

Your browser doesn’t support HTML5

იღუმენია ისიდორა სამთავისის ტაძარში დაგებულ ბილიკზე

წერილები რეაგირების გარეშე

ყინწვისი და სამთავისი თვითნებური სარემონტო სამუშაოების მხოლოდ ბოლო დროის მაგალითებია.

დაზიანებულ ძეგლებზე რეაგირების მიზნით 2015-2019 წლებში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამის ეპარქიებს და საპატრიარქოს 10-ზე მეტი წერილი გაუგზავნა. მათგან უმრავლესობა უპასუხოდ დარჩა. რეაგირება - ნული.

  • 2015 წელს სოფელ ორთუბანში მდებარე მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსში დედათა მონასტერში ჩატრებული რემონტის შედეგად ავარიული კონტრფორსებიანი გალავანი ჩამოინგრა.

  • 2016 წელს სენაკის სოფელ ეკში, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ტერიტორიაზე, კომპლექსში შემავალ სასახლეზე და მის გვერდით არსებულ ნაგებობებზე უნებართვოდ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები.

  • 2016 წელს დუშეთში, სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ცენტრალური გათბობის სისტემა მოაწყვეს.

  • 2016 წელს ლანჩხუთის სოფელ ქვემო აკეთის მონასტრის ტერიტორიაზე ეკლესიის გვერდით ძველი ეკლესიის ნანგრევებისგან უსახური ნაგებობა ააშენეს, ასევე უნებართვოდ აიგო ქვიტკირის გალავანი, რომელმაც დაფარა ხედი ეკლესიიდან.

  • სააგენტომ ჩარევა და ვითარების გამოსწორება მხოლოდ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაში შეძლო.

    რას ამბობს კანონი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ?

კანონი ცალსახად ამბობს, რომ:

  • აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე (მუხლი24).
  • რომ ძეგლზე განზრახ იმგვარი ზემოქმედების მოხდენა, რის გამოც ძეგლს ემუქრება გამოუსწორებელი დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხლი 31)
  • კანონი ითვალისწინებს ჯარიმასაც, გადაუხდელობის შემთხვევაში კი ჯარიმის გასამმაგებას.

თუმცა ამ დრომდე არ არსებობს სასულიერო პირების არც დაჯარიმების და მით უმეტეს, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის არც ერთი პრეცედენტი.

„ეპისკოპოსები თავად წყვეტენ რა გააკეთონ“

„დასანანია, რომ მსგავსი რამ ხდება, თუმცა ამას მასობრივი სახე არა აქვს. იმედია, ვითარება გამოსწორდება“, - ასე უპასუხა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვას ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებში შეუთანხმებელი სარემონტო სამუშაოების თაობაზე.

კონკრეტულად ყინწვისზე მან ისევ გაიმეორა საპატრიარქოს პოზიცია, რომ იქ საქმე ისე არ არის გაფუჭებული, რომ ვეღარ გამოსწორდეს. და რომ მთავარი პრობლემა ყინწვისში არა კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაა, არამედ ის, რომ იატაკი შეუთანხმებლად დააგეს.

„უბრალოდ, ქართული ტრადიციისთვის შეუსაბამოა ის მარმარილოს ფილები, რომელიც ყინწვისში დააგეს. შეუსაბამოა ფერიც, განლაგების სტილიც. როცა სასულიერო პირები ამას აკეთებენ, დარწმუნებულები არიან, რომ უკეთესს აკეთებენ, ეს არის მათი მოტივაცია და არა ის, რომ რამე დააზიანონ“.

ანდრია ჯაღმაიძეს ჩვენ ვკითხეთ, რატომ არ აძლევს საპატრიარქო უფრო მკაფიო და შესაძლოა, მკაცრ მითითებებსაც ადგილობრივი ეპარქიების წარმომადგენლებს, რომ სულ ცოტა, მათთან და სააგენტოსთან შეუთანხმებლად რემონტი არ დაიწყონ. რაზეც მან გვიპასუხა, რომ ეპარქიებს ეპისკოპოსები მართავენ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ. ხოლო ის, რომ არსებობდეს შეთანხმება, რომ ყველასთვის ერთნაირი წესი მოქმედებდეს, ეს სინოდმა უნდა გადაწყვიტოს:

„სავარაუდოდ, სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ, რომ ყველა რაღაც საერთო წესს დაექვემდებაროს. საპატრიარქოს აქვს თავისი ხუროთმოძღვრების საბჭო, რომელთანაც თანხმდება საეკლესიო მშენებლობების თუ რესტავრაციების საკითხი, შემდგომ კი შეთანხმება ხდება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. ეს პროცედურა ყველამ უნდა დაიცვას“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

მაგრამ ამ პროცედურას ყველა არ იცავს.

განსაკუთრებით კი, რუის-ურბნისის ეპარქია.

რატომ ვერ ხერხდება მათთან შეთანხმება? - ანდრია ჯაღმაიძეს ესეც ვკითხეთ:

„გადახედეთ საქართველოში ნებისმიერ უწყებას, სადაც თქვენც მუშაობათ იმასაც, იდეალურდ არსად არაფერი კეთდება, ყველაფერი დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ჩვეულებრივი ამბავია, ისინიც ადამიანები არიან, რომლებსაც მოსდით რაღაც გადაცდომები“, - გვიპასუხა მან.

ყინწვისის დილემა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ იციან როგორ ან როდის გადაწყდება ეს პრობლემა. აიყრება თუ არა მწვანე მარმარილოს ფილები და მის ნაცვლად მისცემენ თუ არა ტაძარში შესაბამისი იატაკის დაგების უფლებას, დაჯარიმდებიან თუ არა თვითნებური რემონტის ავტორები.

სააგენტო ირწმუნება, რომ რუის-ურბნისის ეპარქიასთან დიალოგი ვერ ხერხდება. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე გვეუბნება, ხიდი დიდი ხნის ჩატეხილია.

პატრიარქის განკარგულება, რომ ყველაფერი უთანხმდება ჯერ საპატრიარქოს საბჭოს, შემდგომ კი სააგენტოს, ხშირად არ სრულდება. დანარჩენი ეპარქიების წარმომადგენლები სააგენტოსთან თანამშრომლობენ, თუმცა როგორც წესი, იქაც ჯერ საქმე ფუჭდება, ანუ თვითნებურად იწყება რემონტი და მას შემდეგ, როცა ამას სააგენტო იგებს და ასაჯაროებს, იწყება მოლაპარაკებები. ეს ჩაკეტილი წრეა.

„ამ საკითხზე უწმინდესთან ვფიქრობ შეხვედრას. ჩემი აზრით, მან უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. ყინწვისის შემთხვევაში რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ. მე ვფიქრობ, რომ მათ ჯარიმაც დაეკისრებათ. ვფიქრობ, რომ ერთხელ მაინც, ვინმემ ძეგლის უნებართვოდ ხელმყოფისათვის სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი და მჯერა, რომ დადგება დრო და გამოვცვლით ამ იატაკს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა ანთიძემ.

მაგრამ ფაქტია ისიც, რომ აქამდე არასოდეს არავინ არც დასჯილა და არც დაჯარიმებულა. და ამის მიზეზი ეკლესიასთან ფრთხილი ურთიერთობაა. და ამის მიზეზი ეკლესიასთან ფრთხილი ურთიერთობაა. ამას არც სააგენტოში უარყოფენ და ფიქრობენ, რომ გამოსავალი მაინც თანამშრომლობაა.

„მზად ვართ, მაქსიმალურად ყველას დავუდგეთ გვერდში ძეგლის და მათი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვერ დავაფინანსებთ, სწორ დაგეგმვასა და მეთოდოლოგიაში მაინც დავეხმარებით. იმიტომ, რომ გაფუჭებული საქმის გამოსწორება ძალიან რთულია და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ყინწვისი. ამიტომ მივმართავთ ყველას, რომ გვკითხონ. შეგვითანხმონ“, - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

თუმცა ისიც ცნობილია, რომ სააგენტოსთან ურთიერთობა პირდაპირ უკავშირდება ხანგრძლივ და დამღლელ ბიუროკრატიულ პროცედურებს. არც თუ ისე იშვიათად, ეპარქიები სწორედ ამ მიზეზით წყვეტენ ლოდინს და გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

თუ დიალოგი ვერ ეწყობა (და ამაში ყინწვისში ჩვენი სტუმრობის დროსაც დავრწმუნდით), თუ პასუხს არავინ აგებს ( და ფაქტია, რომ დღემდე არც ერთი სასულიერო პირი თუ ეკლესია დაჯარიმებულა), როგორ შეიძლება ჰქონდეს აბსტრაქტული თანამშრომლობის იმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს?

და სანამ ეს თანამშრომლობა, იგივე რუის-ურბნისის ეპარქიასთან ვერ მოხერხდება, მანამ, ეპარქიის მფლობელობაში მყოფი 50-ზე მეტ ეკლესია-მონასტერში, შესაძლოა, ისევ წამოიწყონ თვითნებური სამშენებლო სამუშაოები?

„გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს. თუნდაც ის, რომ ის ადამიანები ვისთანაც ვერ ხერხდება მოლაპარაკება, გადაიყვანონ სადმე სხვაგან, მაგალითად, ახლად აშენებულ ტაძრებში. ეგებ სხვასთან გამოვნახოთ სალაპარაკო ენა? საჭიროა უფრო მკაფიო ნაბიჯები, მაგალითად, კურთხევა, რომ მხოლოდ ძეგლთა დაცვასთან ერთად თანამშრომლობით შეიძლებოდეს რამის გაკეთება. მთავარია ვიცოდეთ რა უნდათ! ჩვენ ეს წინასწარ არასოდეს ვიცით და გაქანებულ მატარებელს მივდევთ“, - აცხადებს ნიკა ანთიძე.

თვითნებური ჩარევის ყველაზე მკაფიო მაგალითები

ურბნისის ტაძარი დახლოებით ათი წლის წინ გაჯით შელესეს იმ მოტივით, რომ უნდა მოეხატათ. ეს იყო ქვით და აგურით ნაშენი კედლები, გამორჩეული არქიტექტურა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. სააგენტომ მაშინაც ვერაფერი გააწყო.

„მთელი სოფელი გადაგვიდგა. ლამის საცემრად გამოიწიეს. როგორც კი ეკლესიას ეხები. მაშინვე აგრესიას იწვევ“.

ურბნისის ტაძარი დღემდე არ არის მოხატული და აი, ასე გამოიყურება:

არც ყინწვისის პრობლემაა ახალი. კომპლექსის ტერიტორიაზე ხმაური პირველად 2013 წელს ატყდა, როდესაც იქ სასულიერო პირებმა ახალი ტაძრის მშენებლობა წამოიწყეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების და შეთავაზებების მიუხედავად, ეს ტაძარი იქ მაინც აშენდა და შედეგი, როგორც ნიკა ანთიძე ამბობს, ასეთია: „შედიხართ ტერიტორიაზე და ხედავთ 21-ე საუკუნის ჩანართს, რომელმაც დაარღვია კომპლექსის მთლიანობა“.

ანანურში თვითნებურად გამოცვალეს კარი და გამათბობლები დააყენეს - პრობლემა იქაც პოსტ ფაქტუმ მოგვარდა.

სავანეში -გაზის მილები პირდაპირ ტაძრის კედლებს მიჰყვებოდა. მოიხსნა.

და ა.შ.

ჩამონათვალი გრძელია.

ცალკე პრობლემაა, როცა ნახევრად მიტოვებული ტაძრის „შეკეთებას“ სოფლის მოსახლეობა იწყებს (და ასეთი ტაძრები საქართველოს ტერიტორიაზე ათასობითაა). სახელმწიფოს, მათი სიმრავლის გამო პროცესის გაკონტროლება უჭირს. შედეგად კი ვიღებთ ძველ ტაძრებს, თანამედროვე ჭაღებით.

„ადგილობრივ მოსახლეობას ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს. ეს მათი კეთილი სურვილია, როემლიც ხანდახან გამოუსწორებელი შეცდომით მთავრდება“, - ამბობს ნიკა ანთიძე.

„უმაღლესი იერარქები ძეგლების დაცვაზე უნდა საუბრობდნენ და არა მხოლოდ იმაზე, რომ ცოლმა ფეხი დაბანოს ქმარს“

"SOS!!! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა" - ასეთი სათაური აქვს მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვრის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის ერთ ფოტოალბომს ფეისბუკზე, რომელშიც დეკანოზი თვითნებური და არასწორი რემონტების შედეგად დაზიანებული ძეგლების ფოტოებს აქვეყნებს.

ამ ფოტოებზე კარგად ჩანს ის შედეგები, რაც, ხან ადგილობრივი მოსახლეობის, ხანაც სასულიერო პირების არასწორად ქმედებას მოჰყვება.

უკვე გაფუჭებული საქმის გამო დეკანოზი ხშირად საყვედურობს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს - უმოქმედობისთვის, ისე ადგილობრივ ეპისკოპოსებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას.

ილია ჭიღლაძე წერს, რომ ასე დაზიანდა (ცემენტის უხეში გამოყენება ფასადებზე, შეუფერებელი სახურავი და სხვა) ლენტეხის სოფელ ხერიაში მე-10 საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის მიერ წამოწყებული თვითნებური კუსტარული რემონტით.

ეს ფოტო სწორედ მამა ილია ჭიღლაძემ მოგვაწოდა - ისრით გაწევის შემთხვევაში ნახავთ როგორი იყო ხერია თვითნებურ რემონტამდე.

ხერიის ეკლესიის სახურავი

„2018 წლის ფოტოები. წელს ავთენტური მდგომარეობა დამახინჯდა კუსტარული რემონტით, ეს ფოტოები კი უკვე ისტორიაა“, - წერს დეკანოზი ჭიღლაძე.

აი, სხვა მაგალითებიც:

„სოფელ ლეკოსანდის მთავარანგელოზის ეკლესია. შუა საუკუნეების ეს ტაძარიც ისეა დაბეტონებულ-დამარხული ცემენტის გარსით, რომ სიძველის და ისტორიულობის ნატამალი აღარ სცხია“.

„ტვიბის ღვთისმშობლის შუა საუკუნეების ეკლესია, გულიანად "დაბეტონებულ-დაცემენტებული", სრულიად წაშლილია სიძველის და ისტორიის კვალი და სურნელი“.

„ახალჯვრის ეკლესია - ადგილობრივი მოსახეობის მიერ კუსტარულად აღდგენილი, განსაკუთრებით ამახინჯებს ბეტონის უპროპორციო "თაღი".

„სოფელი ლჯის წმ. გიორგის ეკლესია, “ჯგრაგ”- (XI-XII საუკუნის) . მდებარეობს სოფლის სასაფლაოსთან. აქვეა ნაეკლესიარიც. თლილი ქვით ნაგები ათასწლოვანი ლამაზი ეკლესია კუსტარული რემონტით საკმაოდ შელახული და დამახინჯებულია: ბეტონის სარტყელი, რკინის "კარიბჭე" და სხვა...

ილია ჭიღლაძის აზრით, სასულიერო პირების საგანმანათლებლო ვალდებულება, რომ შეუთანხმებლად ტაძარს არ შეეხონ, უპირველესად, პატრიარქს, წმ. სინოდს და საპატრიარქოს შესაბამის სამსახურს (რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების ცენტრს) ეკისრება.

„კარგი იქნება რომ უმაღლესი იერარქები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და მოვლის წესებზეც საუბრობდნენ, და არა მხოლოდ იმაზე, რომ მაგალითად ცოლმა ფეხი დაბანოს ქმარს. ვითარება ნამდვილად ტრაგიკულია, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებითაც, და არა მხოლოდ ძეგლთა დაცვის სფეროში“, - ასე ფიქრობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

შეუმდგარი ბალანსი ცოცხალ რელიგიურ პრაქტიკასა და ძეგლთა დაცვას შორის

ამ ბალანსის არარსებობა პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილმა. ჩუბინაშვილის ცენტრი ქვეყანაში ძეგლთა დაცვის სისტემური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია.

ჩვენ მათთანაც ვეცადეთ მოგვეძებნა პასუხი კითხვაზე, წლების განმავლობაში რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო წინ აღუდგეს უნებართვო მშენებლობებს თუ სარესტავრაციო სამუშაოებს განსაკუთრებული ისტორიის და მნიშვნელობის ძეგლებში? რატომ არ აკეთებს მკაცრ და ხმამაღალ განცხადებებს ჩუბინაშვილის ცენტრი ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ?

პასუხი აქაც ფრთხილია.

იმიტომ, რომ საკმარისია ეკლესიამ თავისიანად არ მიგიჩნიოს, რომ ის უარესად ჩაიკეტება. ამიტომ ურთიერთშეთანხმება მხოლოდ მოლაპარაკების გზით თუ მოხერხდებაო.

„ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია. მაგრამ სხვა გზაც არ ჩანს. და ეს ჩემი ორაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ. მან უნდა იგრძნოს, რომ შენ მისიანი ხარ, გესმის, რომ მაგალითად, ზამთარში, მას იმ ტაძარში სცივა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თანამშრომლობა. დაუპირისპირდები თუ არა, ისე ისე იკეტება, რომ მართლა შეიძლება არ მიგიშვას“, - ციცინო ჩაჩხუნაშვილის შეფასებით, ამ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს.

მისი შეფასებით, პრაქტიკა ასცდა მეცნიერებას. დაჩქარებული ტემპის პირობებში, გამოკვლევა ძალიან გართულდა. ამ სიჩქარეში კი, როცა მისი შეფასებით, ძეგლთა დაცვის ძველი სისტემა აღარ არსებობს, ახალი კი ბოლომდე შექმნილი არ არის, ბევრი რამ ფუჭდება.

ისე, როგორც გაფუჭდა საქმე ყინწვისში. ან, მაგალითად, ურბნისში.

„ამას, შესაძლოა, ერთი შეხედვით იქ მისული ადამიანი ვერ მიხვდეს, მაგრამ სინამდვილეში, ერთ სანტიმეტრსაც კი საოცრად დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცის აღქმის თვალსაზრისით“, - ამბობს ჩუბინაშვილის ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილი​, რომელიც გვიხსნის თუ როგორ შეამცირა ტაძარში სივრე იატაკის დაგებამ. ​

ირინა ელიზბარაშვილი ფიქრობს, რომ სისტემური სირთულეების მიზეზი კონკორდატშიც უნდა ვეძიოთ.

„ეკლესიასთან ყოველთვის რბილი და ადამიანური პოზიციით რამის გაკეთება არ გამოდის. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ აქ უნდა შეიცვალოს პოზიცია სხელმწიფოსა და ეკლესიას შორის. სხვანაირად ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. და კიდევ, მე მგონია, რომ ამ სისტემაში უნდა არსებობდეს დამაკავშირებელი რგოლიც. მაგალითად, ადრე ეკლესიებს დარაჯები იცავდნენ, მათ კი მუდმივი კავშირი ჰქონდთ ადგილობრივ მუზეუმებთან თუ კულტურის სამსახურებთან და სულ ცოტა, ინფორმაცია მაინც მიდიოდა საჭირო ადრესატამდე დროულად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირინა ელიზბარაშვილმა.

ჩუბინაშვილის ცენტრში ისიც გვითხრეს, რომ, როგორ წესი, ასეთი დაუჯერებელი დარღვევების ფაქტებზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში თვითნებური სამუშაოების შესახებ იგებენ.

მაგრამ ამ დროს მარმარილოს იატაკი უკვე დაგებულია.