ბაქოსა და ერევანს შორის მთიანი ყარაბაღის ზავის შუამდგომლობის შემდეგ, მოსკოვის ტონი თბილისთან მიმართებაშიც უფრო ამბიციური გახდა. რუსეთის საგარეო უწყების 27 ნოემბრის განცხადებაში, რომელმაც საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, სხვა სადავო საკითხების გარდა, ვხვდებით მოწოდებას, რომ საქართველომ ადგილი უნდა დაიმკვიდროს რუსეთის მიერ „ამიერკავკასიაში“ შექმნილ ახალ „სტაბილურ“ გარემოში. რუსეთი საქართველოს - სატრანსპორტო კომუნიკაციების „განბლოკვის“ სიკეთეებისკენ მიუთითებს. ანალიტიკოსების აზრით, აქ აფხაზეთის რკინიგზაც იგულისხმება.
- იყო თუ არა მსჯელობა აფხაზეთის რკინიგზის შესახებ აბაშიძე-კარასინის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატში?
- შესაძლოა თუ არა, სიტყვიერ მოწოდებებს ფიზიკური „შეჯანჯღარებაც“ მოჰყვეს?
- რატომ უბედავს რუსეთი საქართველოს ამდენს?
27 ნოემბრის განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის კვალდაკვალ რუსეთის შუამავლობით შექმნილი „სტაბილური“ გარემო საქართველოსაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა“ ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის ონლაინფორმატში შეხვედრის დროს.
„რეგიონალური პრობლემების განხილვის კონტექსტში აღინიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მიღების მნიშვნელობა... რომელმაც შესაძლებელი გახადა საომარი მოქმედებების შეჩერება და შექმნა პირობები სიტუაციის სტაბილიზებისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ამ სამმხრივი შეთანხმების რეალიზაცია და კერძოდ - სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, ხსნის ახალ შესაძლებლობებს ამიერკავკასიის ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის - საქართველოსთვის“, - წერია 27 ნოემბრის განცხადებაში.
ასევე ნახეთ ვის ინტერესებშია აფხაზეთის რკინიგზაერთი შეხედვით უწყინარი ეს პასაჟი ანალიტიკოსებმა სახიფათო სიგნალად აღიქვეს.
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტისთვის, გიორგი გობრონიძისთვის „სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა“ ამ შემთხვევაში სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ჩანაფიქრი - საქართველოს ინტერესების საპირისპიროდ აღადგინოს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენი საქართველოს გავლით.
„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ეს განცხადება უკავშირდება რკინიგზის თემას, რადგან სხვა არაფერია დაბლოკილი რუსეთის ფედერაციის ინტერესების ჭრილში - არც სახმელეთო, არც საზღვაო და არც საავტომობილო კავშირი საქართველოსთან...
ეს რკინიგზა რუსეთის ფედერაციას სჭირდება, რადგან ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს და მიზანიც ეს არის. ყარაბაღის კონფლიქტის ჭრილში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაზრდილი წარმომადგენლობით, რუსეთი ახლა ცდილობს შეღწევადობის გაზრდას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
სატრანსპორტო კორიდორების გახსნა ნიშნავს რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ შორის - „სამხედრო დიპლომატიის“ გავრცელებას, მაგრამ აწყობს ეს საქართველოს? რამდენად აწყობს საქართველოს რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილება და ოკუპანტი ქვეყნის გაძლიერება?“ - ეუბნება გობრონიძე რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ ონლაინფორმატში გაიმართა კარასინსა და აბაშიძეს შორის შეხვედრააფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ენგურამდე აღდგენითი სამუშაოები ოკუპირებულ ტერიოტორიაზე რუსეთის დახმარებით არაერთხელ განახლდა. ასეთ ეპიზოდებში ფიზიკურად ვერ ერეოდა თბილისი, თუმცა საქართველოში ყოველთვის მწვავედ სადისკუსიო თემად რჩებოდა აფხაზეთის მონაკვეთის დანარჩენი საქართველოს სარკინიგზო ხაზთან შესაძლო მიერთების საკითხი.
აქ თავს ყოველთვის იჩენდა მთავარ საფრთხესთან დაკავშირებული შიში, რომ დეოკუპაციის საკითხის გარეშე ეს სვლა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციასთან შეგუების ტოლფასი იქნებოდა.
- აფხაზეთის რკინიგზის თემამ დამატებითი აქტუალობა და სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა, რაც 2013 წელს, სომხეთში ვიზიტის დროს, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საკითხის დადებითად გადაწყვეტის მხარდაჭერა გამოხატა.
- ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რკინიგზის აღდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას უკავშირდება და ეს პრობლემა „ალბათ, ძალიან სწრაფად ვერ მოგვარდება", მაგრამ რკინიგზის საკითხი გაცილებით სწრაფად შეიძლება მოგვარდეს, თუკი ყველა მხარის ნება იქნებაო.
აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხზე ბოლო პერიოდში რუსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის პირველი პირებიც ლაპარაკობდნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 12 ნოემბერს სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს. სოხუმში დაბრუნებულმა ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარემოებათა ხელსაყრელი თანხვედრის შემთხვევაში „ტრანზიტი შესაძლებელი იქნება“.
ასევე ნახეთ რატომ დანებდა ბჟანიაგიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვასთან მიმართებით რუსეთის დაინტერესება დიდია და ამიტომ, მოსკოვის პოზიციის გამომხატველი 27 ნოემბრის განცხადება შესაძლოა, პროცესის მხოლოდ დასაწყისი იყოს - „ამას შესაძლოა საქართველოს სერიოზული შეჯანჯღარებაც მოჰყვეს“.
ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი ძველი და კარგად ცნობილი პოლიტიკის მიხედვით მიზანმიმართულად მოქმედებს და უკვე ახალ ვითარებაში საქართველოს თავის ორბიტაზე ახალი ძალით ექაჩება.
მთავარ პრობლემას კი, გიორგი გობრონიძე საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობის ბერკეტების არარსებობაში ხედავს - მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა ასე „ძლიერად არის ჩამოკიდული“ ოკუპანტ ქვეყანაზე, ასეთ პირობებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაც კი „აბსურდულად“ შეუძლებელი ხდება.
ასევე ნახეთ ლაგაზიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: განსაკუთრებული საფრთხის შემცველი 2 აბზაციაიყო თუ არა საუბრის თემა აფხაზეთის რკინიგზის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთთან შესაძლო მიერთების საკითხი ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დისტანციური შეხვედრის დროს?
„არა, ეს საკითხი არ განხილულა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე. თუმცა ვერ აკონკრეტებს - რა იგულისხმება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნახსენებ „განბლოკვაში“.
„არ ვიცი, რას გულისხმობენ... აფხაზეთის რკინიგზა ერთი სიტყვით არ ხსენებულა. 2012 წლიდან აქვთ ეს შეკითხვა ჩვენთან და ამ 8 წლის განმავლობაში ან ვატმანი არ გამოჩნდებოდა, ან ორთქლმავალი არ გამოჩნდებოდა?! 8 წელიწადია, ეს ეჭვი აქვთ... დასამალი არაფერია. თუ იქნება რაღაცა და თუ წამოიჭრება ეს საკითხი, ხომ გამოჩნდება?! ახლა, ამ შეხვედრაზე ერთი სიტყვითაც არ ხსენებულა ეს საკითხი“.
აბაშიძეს შეკითხვა დავუსვით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში დასმულ კიდევ ერთ აქცენტზე, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო დერეფნების ამოქმედების შესახებ შვეიცარიის შუამავლობით 2011 წელს მიღწეულ შეთანხმებას უკავშირდება.
ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს ვაჭრობა ტერიტორიული მთლიანობის საზომითპრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ - ამ საკითხზე საუბარი იყო, მაგრამ გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როცა კარასინს ის პრაღაში ბოლოს შეხვდა პირისპირ, საქმე წინ აღარ წაწეულა - „იმპლემენტაციის თვალსაზრისით დიდი პროგრესი არ ყოფილა... მერე პანდემია და ეს ამბები დაიწყო... ახლა, ბოლო საუბრისას, ჩვენ ვთქვით, რომ ხელი შევუწყოთ ამ ხელშეკრულების შესრულებას და, კერძოდ, ექსპერტთა ჯგუფების მუშაობას, როგორც კი ეს ეპიდემიოლოგიური ვითარება მოიხსნება“.
რაც შეეხება რუსეთის ახლებურ ამბიციებს ყარაბაღის კონფლიქტის მისი შუამავლობით მოგვარების კვალდაკვალ, ზურაბ აბაშიძე გვეუბნება, რომ გრიგორი კარასინთან საუბრისას მსგავსი არაფერი შეუმჩნევია.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, „სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის“ თემაზე არაფერია ნათქვამი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებაში, რომელიც თბილისში გამართულ ხმაურიან საპროტესტო აქციას მოჰყვა.
აქცენტი ამ ტექსტშიც სწორედ იმ თემაზეა დასმული, რამაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მღელვარება გამოიწვია და კერძოდ - 2019 წლის ზაფხულსა და რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხმაურიან სტუმრობასთან დაკავშირებით.
ამ განცხადებაში ჩამოთვლილია სხვა თემებიც, რაზეც, საგარეო უწყების მტკიცებით, არ უსაუბრიათ აბაშიძესა და კარასინს და ასევე ვხვდებით მოწოდებას რუსეთთან მიმართებით, რომ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.
- „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა „კოვიდ-19“ ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“.
- „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას“.
- „შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს“.
მაშინ, როცა რუსეთი თავის თითოეულ განცხადებას საინფორმაციო ომისთვის იყენებს, საქართველოს საგარეო უწყებისგან ამ შინაარსის განცხადებას - „არასაკმარისსა“ და „პრიმიტიულს“ უწოდებს „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ვალერი ჩეჩელაშვილი - „მთავარი არ არის ის, რომ რუსეთი იტყუება; მთავარია შენ, როგორც სახელმწიფომ, ყოველთვის დააფიქსირო შენი წითელი ხაზები - ანუ შენი ხედვა და შენი პოლიტიკა რა არის, ის თქვა“.
როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთი მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ახლა უკვე ახალი პოზიციებიდან ცდილობს:
„რუსეთი თვლის, რომ გაიმყარა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში და ახლა ამ წარმატების განვითარებას ცდილობს. მისთვის ახლა სუსტი რგოლია საქართველო და ცდილობს, რომ აქ გააძლიეროს ახალი გავლენები.
ამისთვის მან ყველანაირად გამოიყენა კარასინი-აბაშიძის ფორმატი. ვფიქრობ, უფრო მეტი ჩადეს განცხადებაში, ვიდრე იმ ფორმატის შეხვედრის დროს რეალობაში იყო საუბარი ამ (სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის) თემაზე...
ეს რუსეთის ტაქტიკაა - სადაც მეტი გასდის, იქ მეტ წნეხს ახორციელებს. რუსეთი ხვდება, რომ საქართველო ძალიან სუსტ პოზიციაზეა ახლა - ღრმა ეკონომიკური კრიზისია, შევედით მწვავე პოლიტიკურ კრიზისშიც და ჩვენი საზოგადოება გახლეჩილია.
ყველაფერს აკეთებს რუსეთი, რომ ეს ნაპრალები კიდევ უფრო გაფართოვდეს... ამ საკითხის პედალირებასაც ამიტომ ახდენს, რადგან იცის, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებული საეჭვო საკითხები საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩვას და მღელვარებას იწვევს“.
მისი თქმით, რაც უფრო სუსტი იქნება საქართველო, მით მეტს მოითხოვს მისგან რუსეთი; ხოლო აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის საქართველოს დანარჩენ ნაწილთან შეერთება, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები - „თუკი ფსოუზე დადგებიან საქართველოს მესაზღვრეები და მებაჟეები“.