Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგაზიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: განსაკუთრებული საფრთხის შემცველი 2 აბზაცია


ხათნა ლაგაზიძე
ხათნა ლაგაზიძე

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის მოსაზრებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე აქცენტირება ტექსტში გაცილებით უფრო მძიმე მომენტების გადაფარვას ემსახურებოდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხათუნა ლაგაზიძემ 2 საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება:

„გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი არის 2 აბზაცი, ერთი, სადაც საუბარია 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედებაზე (შეთანხმება შეეხება საქონლით ვაჭრობის და საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში) და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე და მეორე, სადაც საუბარია ყარაბაღის, ასე ვთქვათ, ზავის შედეგად დამდგარ ახალ რეალობაზე, იქ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაზეა საუბარი. აი, ეს ორი არის უზარმაზარი ბომბის შემცველი ქართული სახელმწიფოსთვის, სამწუხაროდ, ვერ დავარქმევდი ნელი მოქმედების ნაღმებს, ისინი შეიძლება უახლოეს თვეებში აფეთქდეს და საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჩაიტანოს ქვეშ“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. მან „დილის საუბრებში“ ვრცლად ისაუბრა ამ უკანასკნელის, კერძოდ, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემაზე:

„აფხაზეთის რკინიგზაზეა ბოლო დროს გააქტიურებული საუბრები და სწორედ ეს აფხაზეთის რკინიგზა, ანუ რუსეთიდან აფხაზეთის გავლით სომხეთში მიმავალი რკინიგზაა, რომელსაც თეორიული შანსი ჰქონდა, რომ ირანში გაგრძელებულიყო. აქამდე ყბადაღებული ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი სწორედ ამას ითვალისწინებდა, მაგრამ საბედნიეროდ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი კვირის წინ ჯერ კიდევ კატეგორიულად განაცხადა უარი, მიერთებოდა ამ რკინიგზას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის აღდგებოდა, თუმცა აღდგენაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული...

ირანიც რომ ჩაბმულიყო ამ სარკინიგზო კორიდორში, მაშინ კიდევ მანიპულაციების საშუალება ექნებოდათ, ერთის მხრივ, რუსეთს და, მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ დანგრეული ეკონომიკის პირობებში ეს ახალი კორიდორი არის საშველი, ხსნა ეკონომიკის ჩიხიდან გამოყვანის და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ირანი ამბობს უარს, მიუერთდეს ამ სარკინიგზო კორიდორს და პირდაპირ წერია მიზეზი, რომ ეს მთლიანად შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ რეალობასო და ამიტომ ჩვენ ამას არ ვემხრობითო, გამოდის რა, რომ ეს რკინიგზა უნდა გაიხსნას მხოლოდ იმიტომ, რომ სომხეთი დააკავშიროს რუსეთთან და სომხეთში მთავრდება ეს რკინიგზა, ხო? ჩიხია. ასეთ შემთხვევაში რა არგუმენტი შეიძლება მოიტანონ ირანის უარის პირობებში რკინიგზის გახსნის სასარგებლოდ? ერთს ვიტყვი მხოლოდ - აფხაზები ამ რკინიგზის გახსნაზე თავის დროზე თანახმანი იყვნენ, რომ ხელშეკრულებაში ჩადებულიყო აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. ეს ნიშნავს საქართველოს მხრიდან ირიბად კი არა, უკვე პირდაპირ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ძალიან დიდი ვნებათაღელვას. რუსი დეპუტატის პარლამენტის სავარძელში ჩასმა არ ვაპატიეთ ამ ხელისუფლებას და აფხაზეთის აღიარებას ვინ აპატიებს? როგორადაც არ უნდა მონათლონ, ეს ასე იქნება. სხვაგვარად აფხაზები ამაზე არ თანხმდებიან, გამოდის, რომ საქართველოს დათანხმების იმედი აქვთ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უზარმაზარი რისკი, რომ ამან შეიძლება ისეთი მასშტაბის სამოქალაქო მღელვარება ააგოროს, რომელმაც ყველაფერი წალეკოს. ძალიან ფრთხილად, ძალიან ფხიზლად გვმართებს ყოფნა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „დილის საუბრებში“.

27 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ყურადსაღები აღმოჩნდა მონაკვეთი, სადაც ვკითხულობთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა ილაპარაკეს 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, თბილისში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სხვადასხვა ხასიათის საპროტესტო წარწერები დატოვეს. სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით, დააკავეს ორი აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG