Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დანებდა ბჟანია


2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტები, ექვს-ექვს წლიანი ინტერვალებით, მესამე მნიშვნელოვან დოკუმენტს აფორმებენ, რაც ყოველ ჯერზე იწვევს ოფიციალური თბილისის გულისწყრომას.

ამჯერად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი უწოდა „რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას“, თუმცა, როგორც ქართველი კონფლიქტოლოგები შენიშნავენ, 12 ნოემბერს სოჭში ვლადიმირ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის გაფორმებული დოკუმენტი აფხაზეთის ანექსიისკენ გაკეთებული ნახტომი უფროა, ვიდრე ნაბიჯი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ორიოდე კვირაში კი დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან. გავიდა ექვსი წელი და 2014 წლის 24 ნოემბერს ვლადიმირ პუტინმა და დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას“, რომელიც დღესაც გაიხსენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

„რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ისევე როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას“.

ასლან ბჟანია და ვლადიმირ პუტინი. სოჭი. 2020 წლის 12 ნოემბერი
ასლან ბჟანია და ვლადიმირ პუტინი. სოჭი. 2020 წლის 12 ნოემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას.

ვლადიმირ პუტინისა და ასლან ბჟანიას მიერ ხელმოწერილი 41-პუნქტიანი დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მის შინაარსზე მსჯელობა შესაძლებელია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 23 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით:

„პროგრამის მიზანია შექმნას ხელსაყრელი პირობები აფხაზეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის ინტეგრაციულ პროცესებში, რომლებიც რეალიზდება რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით. ღონისძიებების განხორციელების ვადაა 2-3 წელი. ამ პერიოდში დაგეგმილია კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მრავალ სფეროში, მათ შორის ეკონომიკასა და ფინანსებში (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო-ეკონომიკური და საბანკო საქმიანობა, ინვესტიციების დაცვა), საბაჟო კანონმდებლობაში, ენერგეტიკაში, სოციალურ სფეროში (მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა) და ამით განმტკიცდეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობა, ამაღლდეს მოქალაქეთა კეთილდღეობა და სოციალური დაცვა“.

თბილისისგან განსხვავებით, 12 ნოემბერს გაფორმებული დოკუმენტი სოხუმში არავის გაუპროტესტებია. არადა, 2014 წელს, როცა ხელი მოეწერა "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას“, აფხაზეთის დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა პარტია „ამცახარამ“, რომლის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ხელშეკრულების შინაარსი ლახავდა აფხაზეთის ინტერესებს და ეწინააღმდეგებოდა “ქვეყნის კონსტიტუციას”.

„გვაღელვებს თავდაცვის საკითხი. როგორ შეაფასებს ამას საერთაშორისო თანამეგობრობა და, ზოგადად, ჩვენი მომავლისთვის ეს როგორ გამოჩნდება, ვინ უხელმძღვანელებს: ჩვენ ვუხელმძღვანელებთ ამ გაერთიანებულ სამხედრო შენაერთებს თუ სხვა გვიკარნახებს როგორ დავიცვათ თავი და ხომ არ მოხდება ისე, რომ თუ საქართველო რუსეთთან მოილაპარაკებს, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ შეიარაღებულ ძალებს, რომლისთვისაც ხელსაყრელი იქნება ქართული მხარის პოზიცია. აი, სწორედ თავდაცვა აღელვებს ყველას“, - ითქვა 2014 წლის 24 ნოემბერს სოხუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

რაულ ხანიმბა და ვლადიმირ პუტინი. სოჭი. 2014 წ. 24 ნოემბერი
რაულ ხანიმბა და ვლადიმირ პუტინი. სოჭი. 2014 წ. 24 ნოემბერი

ანალიტიკოსი ლევან გერაძე ამბობს, რომ 2014 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ და საზოგადოებამ, ცხინვალისგან განსხვავებით, ბევრი რამე არ დათმო როგორც ე.წ. ეროვნული უსაფრთხორების, ასევე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში, არ შექმნა ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რუსეთის ფედერაციას ბოლომდე გაუხსნიდა ხელ-ფეხს მოქმედებისათვის.

„რუსეთის ფედერაციამ მიიღო სრული კონტროლი ბევრ სფეროზე. ვიქრობ, ამ დოკუმენტის გაფორმებით, რუსეთი ცდილობს ბოლო ზღუდეების დაძლევას. პრაქტიკულად ეს არის პროცესი ოკუპაციიდან ანექსიამდე, მიმდინარეობს აფხაზეთის ტერიტორიის უკანონო, არალეგიტიმური ათვისება ბევრი მიმართულებით. სამხედრო თვალსაზრისით, აფხაზეთი მთლიანად ათვისებულია. ადგილი არაა დარჩენილი, სადაც რუსეთის ჯარი არ იმყოფება. ადმინისტრაციულ საზღვარს ენგურის გასწვრივ სრულად აკონტროლებენ რუსი მესაზღვრეები, ეკონომიკა და სოციალური სფერო სრულად მიბმულია რუსეთზე - განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში. დარჩა უძრავი ქონების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციის საკითხი“, - უთხრა ლევან გერაძემ რადიო თავისუფლებას.

ლევან გერაძე
ლევან გერაძე

პაატა ზაქარეიშვილიც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ამბობს, რომ ახლა ვაკვირდებით დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესის მორიგ ეტაპს.

„2014 წლის ხელშეკრულება, რომელიც უფრო მეტად იყო დეტალებში გაწერილი, ეყრდნობოდა 2008 წლის ხელშეკრულებას. 2014 წელს საჭირო გახდა მთელი რიგი კანონების შეცვლა, დახვეწა და ა.შ. ახლაც ერთ-ერთი მორიგი ეტაპია. აქამდეც იყო ლაპარაკი საპენსიო რეფორმაზე და სხვა საკითხებზე, მაგრამ ახლა უფრო მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ საუბარი დაიწყო პრივატიზაციაზე. გასაგებად რომ ვთქვათ, ჰარმონიზაციაზე კია ლაპარაკი ირონიულად, მაგრამ ყველა ხვდება, რომ რუსეთის კანონმდებლობა კი არ მოახდენს ჰარმონიზაციას აფხაზეთის კანონმდებლობასთან, არამედ - პირიქით. წესით, დოკუმენტს უნდა ერქვას, აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია რუსეთის კანონმდებლობასთან. ეს იქნებოდა სწორი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმითაც, რუსეთის სურვილია ისეთი კანონმდებლობა ჰქონდეს აფხაზეთში, რომელიც ფორმალურად დატოვებს აფხაზეთს დამოუკიდებლად, მაგრამ, ამავე დროს, რუსეთს არანაირი პრობლემები არ შეექმნება თავისი ინტერესების რეალიზაციაში:

„პირველ რიგში, იგულისხმება პრივატიზების პროგრამების განხორციელება. ეს ეხება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ინფრასტრუქტურას. რუსეთს საშუალება ექნება შეიძინოს აეროპორტი, რკინიგზა და ა.შ. პირდაპირ ითხოვს რუსეთი, რომ ადგილობრივ კანონმდებლობაში ჩაიწეროს, რომ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა არ იყოს სახელმწიფო საკუთრებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ამ ინფრასტრუქტურის პრივატიზება. და ვინ მოახდენს ამ პრივატიზებას, თუ არა რუსეთი? ასე რომ, რუსეთის ხელში გადავა აფხაზეთის მთელი ენერგოსისტემა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ენგურჰესის საკითხი. სხვა შემთხვევაში, რად გინდა ელექტროენერგიის მთელი ინფრასტრუქტურა, თუ ბოლოს ენგურჰესს არ მიადექი?“

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგება აფხაზეთის საზოგადოება. რუსეთი ითხოვს, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები გამოცხადდნენ უცხოეთის აგენტებად ისე, როგორც ეს რუსეთშია.

„კანონის ამგვარი ჰარმონიზაცია აუცილებლად შექმნის დაფინანსების პრობლემებს. რუსეთს ანერვიულებს ის, რომ აფხაზეთს ჰყავს მეტ-ნაკლებად წარმატებული მესამე სექტორი, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე, მათ შორის გალის მოსახლეობის უფლებების დაცვაზეც... რუსეთს აღიზიანებს ის, რომ ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან, ევროკავშირიდან, დასავლური ფონდებიდან... აქედანვე შეიძლება თქმა, რომ სამოქალაქო-პოლიტიკური აქტივობაც შემცირდება და, შესაძლოა, სულ მალე მივიღოთ ის სურათი, რაც სამხერთ ოსეთში გვაქვს. მთლიანობაში, ეს არის ანექსიისკენ გადადგმული არა ნაბიჯი, არამედ ნახტომი“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რატომ დანებდა ბჟანია?

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებულმა თამამმა განცხადებებმა თბილისთან დიალოგის განახლების აუცილებლობის შესახებ, ბევრს ჩაუსახა იმის იმედი, რომ სოხუმი მეტად დისტანცირდებოდა მოსკოვისგან, ხოლო თბილისთან თვისებრივად განსხვავებულ, ახალ ურთიერთობებს ააშენებდა, მაგრამ, თუ 12 ნოემბერს სოჭში გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაფერი პირიქით მოხდა.

ლევან გერაძის თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც უმძიმესმა ეკონომიკურმა ვითარებამ, რომელიც კოვიდის გამო შეიქმნა აფხაზეთში, ასევე ყარაბაღის ფაქტორმა.

„ყარაბაღის ომის ფინალმა ბევრ რამეზე დააფიქრა სოხუმი. რუსულმა დიპლომატიამ, როგორც მას სჩვევია, მოახერხა ამ რთულ პირობებში მაქსიმალური სარგებლის ნახვა. ეს ორი მოვლენა - ყარაბაღი და კოვიდის ეპიდემია - მაქსიმალურად გამოიყენა რუსეთმა, რომელიც ცდილობს, სანამ დანარჩენ მსოფლიოს რეაგირების საშუალება გაუჩნდება, ყველაფერი მოასწროს. ალბათ, ამაში გასაკვირი არაფერია, ვიცით რა, ამ სახელმწიფოს ბუნება“, - ამბობს ლევან გერაძე.

ენგურის ხიდი. ადმინისტრაციული საზღვარი
ენგურის ხიდი. ადმინისტრაციული საზღვარი

რაც შეეხება ქართული სახელმწიფოს ბუნებას, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ასევე ნეგატიური როლი ითამაშა თბილისის გაუმართლებელმა პასიურობამ:

„საერთოდ გაწყდა კავშირები. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზები ყოველთვის ინტერესდებოდნენ იმით, თუ რა სახის დახმარების აღმოჩენა შეეძლო თბილისს. ახლა კი ეს კონტაქტები საერთოდ გაწყდა. გაწყდა კორონავირუსამდე, კორონავირუსის შემდეგ კი - კიდევ უფრო მეტად. არავინ არის საქართველოს მხრიდან მაღალ დონეზე, ვინც დაელაპარაკებოდა აფხაზებს და ჰკითხავდა, რა გავაკეთოთო. ამას მეც ვაკეთებდი და სხვებიც აკეთებდნენ პირად, კერძო საუბრებში... მგონია, რომ აფხაზებმა ხელი ჩაიქნიეს საქართველოზე, მაინც არაფერი გამოდისო და ბარდებიან რუსეთს. აგერ ცალკე ბჟანიამ, ცალკე შამბამ და ანქვაბმა ათჯერ მაინც გვითხრეს, რომ მოდი, დავილაპარაკოთო, მაგრამ არავითარი რეაქცია არ ყოფილა აქედან. ძალიანს სასაცილო არგუმენტი ჰქონდა ქართულ მხარეს, რუსული პროექტიაო. როგორ, ხაჯიმბა რომ არ ითხოვდა დიალოგს, ეგ ქართული პროექტი იყო? ძალიან სუსტი არგუმენტებია უსუსურობისა და არაკომპეტენტურობის გადასაფარად. არადა, ითხოვდა ეს ხალხი კონტაქტებს, ახლა აღარ ითხოვს. მორჩა!“

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სამომავლოდ რუსეთი აუცილებლად დაუბრუნდება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და აფხაზებისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს: მიწისა და უძრავი ქონების კანონდებლობას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ აფხაზეთში მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შეძენა.

„ჯერ ამაზე არ საუბრობენ. ეს ისეთი „წმინდა თემაა“, რომ მისი დღის წესრიგში დაყენება მწყობრიდან გამოიყვანდა აფხაზურ საზოგადოებას, მაგრამ უკვე საუბრობენ გამონაკლისის დაშვებაზე ბინების, სახლებისა და მსგავსი ქონების შეძენის სახით... ვიმეორებ, ჯერჯერობით მიწაზე საუბარი არ არის, მაგრამ არც ეს არის შორს, რადგან რუსეთის N1 მოთხოვნა ყოველთვის იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხი. როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ყველაზე გვიან დადგება დღის წესრიგში“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG