"ვაცნობიერებ, რომ რუსულმა პროპაგანდამ გამაბითურა და უკრაინის შესახებ უამრავი სიცრუე დავიჯერე. მჯეროდა, რომ უკრაინა ნაცისტებით იყო სავსე", - თქვა ლუმერმა რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმის დროს კიევის ერთ-ერთი ბომბსაფრიდან Asociated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ლუმერის მოგზაურობას კიევში წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინას შორის ურთიერთობების დათბობა, რომლის ყველაზე მკაფიო გამოხატულება ანკარაში, ნატოს სამიტზე გამართული შეხვედრა გახდა. ლუმერის ასეთი მკვეთრი შემობრუნება განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის გათვალისწინებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ MAGA მოძრაობის ყველაზე პოპულარული სახეები პრაქტიკულად ერთხმად უპირისპირდებოდნენ უკრაინას.
ლუმერის "ფერისცვალება" კიევისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა, მით უფრო სენატორ ლინდსი გრემის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ტრამპის გარემოცვასა და კონგრესში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოკავშირედ მიიჩნეოდა. კიევში იმედი აქვთ, რომ ლორა ლუმერის მაგალითს სხვებიც გაჰყვებიან და საბოლოოდ ტრამპის მხარდამჭერ MAGA (Make America Great Again - გახადე ამერიკა კვლავ დიდებული) მოძრაობაში უკრაინის შესახებ დამკვიდრებულ სკეფსისს გადატეხენ.
ასევე ნახეთ
CNN: ტრამპი სამშაბათს თეთრ სახლში მიიღებს ზელენსკის და ნეთანიაჰუსამასთანავე, ლუმერის შეხედულებების რადიკალური ცვლილება MAGA-ში მიმდინარე განხეთქილების გამოძახილია, განხეთქილების, რომლის გამყოფი ხაზიც საგარეო პოლიტიკაზე, უმთავრესად კი ისრაელის მიმართ ამერიკის მხარდაჭერასა და ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე გადის.
ლორა ლუმერის "დამასკოს გზა"
არიზონაში გაზრდილი, ებრაული წარმომავლობის ლუმერი პოლიტიკით დაინტერესდა 2015 წელს, ფლორიდის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის დროს. პირველი ცნობადობა ლუმერმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმ დროს მოიპოვა, როდესაც დემოკრატიული პარტიის მიერ თითქოსდა არჩევნების "გაყალბების მანქანას" ამხელდა.
დონალდ ტრამპისა და ლუმერის გზები პირველად 2020 წელს გადაიკვეთა, როდესაც ამერიკელმა პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას კონგრესის შუალედურ არჩევნებზე. მაშინ ლუმერის კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა კვლავ აგრძელებდა საჯარო აქტივობებს - თანხვედრაში ტრამპის რიტორიკასთან.
საკვანძო მომენტი ტრამპთან ურთიერთობებში 2023 წელს დადგა, როდესაც ლუმერი დაუპირისპირდა ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის საპრეზიდენტო კამპანიას.
"პრეზიდენტმა ტრამპმა დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან მამაცი და ენერგიული ვარ, რომ მას ძალიან მოსწონს ჩემი აქტივობები", - იხსენებდა ლუმერი.
ლორა ლუმერი ტრამპის საარჩევნო კამპანიისას. 10 სექტემბერი, 2024 წელი
რამდენიმე კვირაში ლუმერი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, დონალდ ტრამპთან სადილზე დაპატიჟეს. ლუმერი ირწმუნებოდა, რომ ტრამპმა თავის საპრეზიდენტო კამპანიაში დაასაქმა, თუმცა შეთანხმება მენეჯერებთან კონფლიქტის გამო ჩაიშალა.
ლუმერის გავლენა მკვეთრად გაიზარდა დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში. ამერიკული მედია წერს მისი ხშირი შეხვედრების შესახებ როგორც პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე მისი ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებთანაც.
ლუმერის გავლენის შესახებ საუბრები განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასულ წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა მასთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. წყაროების ცნობით, ლუმერი ტრამპს ურჩევდა, დაეთხოვა ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნები, რადგანაც ისინი "არ იყვნენ საკმარისად ლოიალურები."
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის განმავლობაში ლუმერი თანმიმდევრულად ანტიუკრაინულ პოზიციებს აჟღერებდა: ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას, საუბრობდა ნაცისტურ რეჟიმზე, ხოლო თავად პრეზიდენტ ზელენსკის "ჯიჰადის აპოლოგეტს" უწოდებდა. ამავე პერიოდში ლუმერი თანამშრომლობდა Russia Today-სთან და რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ რესურსზე რამდენიმე სვეტიც გამოაქვეყნა.
უცნობია, კონკრეტულად რამ უბიძგა ლუმერს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიციების ცვლილებისკენ, თუმცა თავად ლუმერის თქმით, ეს MAGA-ს ეკოსისტემაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ მოხდა. ტაკერ კარლსონი, მეგან კელი, კენდის ოუვენსი და სხვა გავლენიანი სახეები, რომლებიც იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელის მხარდაჭერის გაგრძელებას, კიდევ უფრო რადიკალიზდნენ ირანთან ომის დაწყების შემდეგ. MAGA-ს მედიასამყაროში დაპირისპირება მანამდეც არსებობდა, თუმცა ბოლო თვეებში ამან პრაქტიკულად "სამოქალაქო ომის" სახე მიიღო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
"ძალიან კარგია"
ლუმერის ვიზიტს კიევში წინ უძღოდა მისი რედაქტორის, ანდრიუ მურის მოგზაურობა უკრაინაში, რომელიც Ukraine Freedom Project-ის მიერ იყო ორგანიზებული.
"უკრაინის შესახებ საშინელებები მითქვამს, მაგრამ შემდეგ კიევში ვიმოგზაურე, რათა ჩემი თვალებით მენახა და გამეგო უფრო მეტი უკრაინის შესახებ და გაოცებული ვარ, თუ რამდენ რუსულ ტყუილს წამოვეგე წლების განმავლობაში", - უზიარებდა შთაბეჭდილებებს თავის 2 მილიონზე მეტ გამომწერს ლუმერი კიევში ჩასვლის შემდეგ.
ლორა ლუმერი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელ სერჰი კისლიცასთან ერთად. კიევი, 22 ივლისი, 2026.
გასულ პარასკევს ლუმერმა გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელიც მარინსკის სასახლის ეზოში ჩაწერეს. ინტერვიუ მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გააზიარა წარწერით: "ძალიან კარგია."
ლუმერის თქმით, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრამ უკრაინის მთავარ რაბინთან, მოშე რეუვენ აზმანთან. რაბინი ლუმერს მოუყვა ვაჟის შესახებ, რომელიც საოკუპაციო არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა. "აქ ჩამოსვლამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ უკრაინული არმია ნაცისტებით იყო სავსე. ვაღიარებ, რომ რუსულმა პროპაგანდამ გამაბითურა."
მოგვიანებით ლუმერმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის თანაავტორებით შექმნილ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
საყურადღებოა, რომ ლუმერის შემდეგ უკრაინის მიმართ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გააჟღერა ტიმ პულმა - პოპულარულმა პოდკასტერმა, რომელსაც სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. "უკრაინა იბრძვის გადარჩენისთვის, ბოროტი დიქტატორის წინააღმდეგ. ახლა ვაცნობიერებ უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას", - წერდა პული.
ამავე დროს, MAGA მოძრაობის პრორუსული ფრთა პოზიციებს არ თმობს. ტაკერ კარლსონი - Fox News-იდან გაშვებული ყოფილი ვარსკვლავი წამყვანი, რომელიც ახლა საკუთარ შოუს აკეთებს - კვლავაც აქტიურად ავრცელებს კრემლის ნარატივებს თავის მრავალრიცხოვან აუდიტორიაში.
ასე იქცევა კონსპიროლოგი კენდის ოუენსიც, რომელიც ივნისში მოსკოვში მიიწვიეს ძმებ ტეიტებთან ერთად, რომლებიც 18 ივლისს მაიამიში დააკავეს გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის მიზნით, სადაც მათ ბრალად ედებათ გაუპატიურება და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობა.
დღეს ორივე მათგანი - კარლსონი და ოუვენსი - ტრამპის მხრიდან ბევრად ნაკლები კეთილგანწყობით სარგებლობს, ვიდრე წარსულში.
ეს ცვლილება ჯდება უკრაინის სტრატეგიაში - იპოვოს ახალი მოკავშირეები პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვაში. ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს, 28 ივლისს, ვაშინგტონში ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება, რის შემდეგაც ტრამპს შეხვდება - შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ლუმერმა გაავრცელა, მოგვიანებით კი თეთრმა სახლმაც დაადასტურა.