„პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფი დამიკავშირდა და შემომთავაზა მონაწილეობა, ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი იყო საუდის არაბეთი“, - უთხრა მეტრეველმა რადიო თავისუფლებას.
შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, „საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ჩატარდა 6 ივნისს.
„მე წარმოვადგენდი კონკრეტულად ჩემ თავს და რაც ვისაუბრე, არის პირადად ჩემი მოსაზრება“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
- 3+3 ფორმატი არის პლატფორმა, რომელიც რუსეთის, თურქეთის, ირანისა და, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობას მოიაზრებს;
- თუმცა საქართველო უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე, რისი საფუძველიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხედრო ოკუპაციაა.
ასევე ნახეთ
ვინ მონაწილეობს საქართველოდან პეტერბურგის 3+3 ფორმატის "პირველ საექსპერტო შეხვედრაში"„საექსპერტო შეხვედრა“
3+3 ფორმატის „პირველი საექსპერტო შეხვედრა“, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, სანქტ-პეტერბურგის „საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში 5 ივნისს გაიმართა.
ფორუმზე სიტყით გამოვიდა ნიკოლოზ მეტრეველიც.
სესია ორგანიზებული იყო მ. გორჩაკოვის სახელობის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩინეთისა და თანამედროვე აზიის ინსტიტუტის მიერ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
„გორჩაკოვის ფონდი“ 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, - განაცხადეს 4 ივნისს საქართველოს საგარეო უწყებაში.
რადიო თავისუფლებამ საგარეო უწყებას წინსწრებით, 4 ივნისსავე ჰკითხა, იყო თუ არა ინფორმირებული რომელიმე კერძო პირის, საქართველოს მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია.
ასევე ნახეთ
რუსეთში „3+3 ფორმატის“ პირველი „საექსპერტო შეხვედრა“ გაიმართებავინ არის მეტრეველი?
„3+3 პლატფორმა: საერთო გამოწვევები და სტრატეგიული პარტნიორობა“ - ამ სახელწოდების სესიაში, ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნიკოლოზ მეტრეველი მითითებულია, როგორც „საქართველოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი“.
ნიკოლოზ მეტრეველი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარეა - ეს ორგანიზაცია 2010 წელსაა რეგისტრირებული.
რაც შეეხება ორგანიზაციას, რომლის სახელითაც ფორუმში ნიკოლოზ მეტრეველის მონაწილეობაა მითითებული, ღია წყაროებში ქართულად არ იძებნება, რუსულ ენაზე - კი. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ნიკოლოზ მეტრეველი პოზიციონირებს, როგორც ანალიტიკოსი.
- ამ რანგში ის მართავს პრესკონფერენციებს სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხზე.
- მისი განცხადებების შინაარსი პროსახელისუფლებო ნარატივებს ემთხვევა.
- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს პროსახელისუფლებო მედია საკმაოდ ხშირად ავრცელებს ხოლმე.
რა თქვა მეტრეველმა რუსეთში?
მეტრეველმა განაცხადა, რომ „ძალიან მოხარულია“ ფორუმში მონაწილეობით, რომელზეც „ბევრი საინტერესო აზრი მოისმინა“ „რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების, ექსპერტებისა და მეცნიერების მხრიდან“.
მისი სიტყვებით, საქართველომ, 3,5-მილიონიანმა ქვეყანამ, თავისი ხედვა და სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.
„როცა შენ გარშემო რაღაც ხდება და ჩემს ქვეყანაში სამ-ნახევარი მილიონი ადამიანია და მის გარშემო 5 დიდი ქვეყანა რაღაცებს განიხილავს, ამაზე უნდა ვიფიქროთ და გარკვეული სტრატეგია შევიმუშაოთ. პირველი რიგში, ამისთვის ჩამოვედი, რომ გავიგო, რა სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველომ აქედან. საერთოდ გავიგო რა ხდება, ვინაიდან, სიმართლე ვთქვათ, საქართველოში არ არის ინფორმაცია, გაგება იმისა, თუ რას წარმოადგენს ეს ფორმატი და რა განვითარება ექნება“, - თქვა ნიკოლოზ მეტრეველმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო მხარს არ უჭერს ამ ფორმატს“.
მეტრეველის თქმით, ის მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიას და მის პოზიციასთან „აბსოლუტურ თანხვედრაშია“, მაგრამ ამბობს, რომ როცა „ოთახში სპილოა, მაგრამ ამბობ, რომ ოთახში სპილო არ არის - ეს არარეალური და არასერიოზულია“.
„აქ სერიოზული ძვრები ხდება ყველა მიმართულებით, რუსეთსა და სომხეთსაც ახლა გაურკვეველი ურთიერთობა აქვთ, ირანში ომია და ამ კუთხით ბევრი გაურკვევლობაა. ამიტომაც ვარ აქ, რომ მოვისმინო მოსაზრებები, ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება. უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ. 3,5-მილიონიან ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო მის გარშემო არ ბრუნავს, ყველაფერზე პრაგმატული ფიქრია საჭირო და საჭიროა სტრატეგიულად ფიქრი გრძელვადიანად“, - თქვა მან.
„პოზიცია ცნობილია“ - საგარეო
ოფიციალური თბილისი დაარსების დღიდან უარს ამბობს 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე, რისი საფუძველიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხედრო ოკუპაციაა.
„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, - განაცხადეს 4 ივნისს საქართველოს საგარეო უწყებაში.
ასევე ნახეთ
ლავროვი იმეორებს, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა„კარი ღიაა“
ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე - 2023 წელს თეირანში, მესამე კი - თურქეთში. იყო კიდევ არაერთი შეხვედრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.
მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა, თუმცა უშედეგოდ.
„რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთსვე ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა 2025 წლის 12 აპრილს მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.