"ქართველი ჯობსი" - რა ვიცით მიხეილ ლომთაძეზე, რომელმაც სიმდიდრით ივანიშვილს გაუსწრო?

მიხეილ ლომთაძე, ყაზახეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი

„ბიზნესმენი ჰალსტუხის გარეშე“, მილიარდერი შავი სვიტერით, ჯინსებითა და წითელი ბოტასებით“, „ახალი ჯობსი“ - ასე აღწერენ ხოლლმე ჟურნალისტები ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ მილიარდერს, მიხეილ ლომთაძეს, რომელმაც „ფორბსის“2024 წლის რეიტინგის მიხედვით, სიმდიდრით მეორე ქართველ მილიარდერს - ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.

5,2 მილიარდი ამერიკული დოლარის ქონებით ლომთაძე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 581-ე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილსი კი ამავე სიაში 624-ე ადგილია 4,9 მილიარდი ამერიკული დოლარით.

  • 2023 წლის სიის მიხედვით, ლომთაძე 3.7 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა.
  • ივანიშვილს კი 2023 წლის სიის მიხედვითაც იმდენივე ჰქონდა რამდენიც ახლა.

განსხვავებულია „ბლუმბერგის“ რეიტინგი: იქ ყოფილი პრემიერი და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ლიდერობს - 7.05 მილიარდი დოლარით; მიხეილ ლომთაძეს კი 5,32 მილიარდი აქვს.

„ფორბსის“ დათვლით, უმდიდრესი ადამიანების პირველ ხუთეულში შედიან: ბერნარ არნო, ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ზაკერბერგი, ლარი ელისონი.

ასევე „ფორბსის“ თანახმად, ამჟამად მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდულ 14.2 ტრილიონი აშშ დოლარია.

რას გვიყვება ინტერნეტი მიხეილ ლომთაძეზე

მილიარდერ ბიზნესმენზე ინტერნეტ სივრცეში გაცილებით მეტი ინფორმაცია იძებნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილზე - მის პოლიტიკაში მოსვლამდე.

ლომთაძე უდიდესი ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია.

ის ხშირად აძლევს ინტერვიუს მედიას.

აქვს საჯარო შეხვედრები აუდიტორიასთან.

საკუთარი იუტუბარხი, სადაც თავისი კომპანიის სიახლეებზე ლაპარაკობს.

49 წლის ბიზნესმენი დაბადებულია ბათუმში, 1975 წლის 17 ოქტომბერს.

ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში (ESM) მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში გააგრძეკლა და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა.

ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში „Kaspi”-ს, როგორც წარმატებული ბიზნესპროექტის ამბავი სასწავლო პროგრამაშიც კი შეიტანეს.

მიხეილ ლომთაძე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს

პირველი ნაბიჯები კარიერაში

სტუდენტობის წლებში (1995-2000) მან თბილისში დააარსა აუდიტორული კომპანია Georgia Consulting Group Audit, რომელიც 2020 წელს გლობალური ქსელის Ernst &Young-ის ნაწილი გახდა.

2002-2004 წლებში ის საინვესტიციო პროექტების მენეჯერია კომპანიაში Baring Vostok Capital Partners; ხოლო 2004-2016 წლებში Baring Vostok Capital Partners-ის კომპანიის პარტნიორი.

ინვესტიციებს მართავდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ევროპლანი, ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი და კასპიის ბანკი. Kaspi.kz-ს (2006 წლის 29 მაისიდან Kaspi Bank - ყოფილი ბანკი "კასპიიისკი") დირექტორთა საბჭოს წევრი და შემდგომ გამგეობის თავმჯდომარეა.

2006-2010 წლებში მიხეილ ლომთაძე რუსეთის ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის გამგეობის წევრია.

2013 წლის თებერვალში მიხეილ ლომთაძემ ვიაჩესლავ კიმთან ერთად 15 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ერთობლივი კომპანია "კოლიოსა, შინი, მარკეტ", რომელშიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

2018 წლიდან ლომთაძე Kaspi.kz-ის აქციონერი და გამგეობის თავმჯდომარეა და მისი ხელმძღვანელობით იქმნება Kaspi.kz ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს სერვისებს ფიზიკური პირებისთვის და საცალო ვაჭრობის ორგანიზაციებისთვის. სტანდარტული საბანკო პროდუქტების (დეპოზიტების, სესხების, გადარიცხვების) გარდა მომხმარებელს სთავაზობს საქონლის ყიდვა-გაყიდვის ინტერნეტ პლატფორმისა და საბანკო მობილური დანართის მეშვეობით.

2019 წლის მაისში მიხეილ ლომთაძე შეუერთდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მრჩეველთა საბჭოს ცენტრალურ აზიაში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში.

მიღებული აქვს ჯილდოები:

  • ორდენი „კურმეტი“ ეკონომიკისა და შიდა საბანკო სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის (2014 წლის 22 დეკემბერი).
  • დოსტიკის ორდენი ყაზახეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის (2021 წლის 13 დეკემბერი).
  • Kazakhstan Growth Forum-ის მიხედვით 2018 წლიდან 2021 წლამდე - აღიარებულია ყაზახეთის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად.
  • 2019-2021წლებში აღიარებულია ყაზახეთის ბიზნესის საუკეთესო ლიდერად.
  • Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა მედალი "Халық алғысы" (24 ივნისი, 2020).
  • 2020 წელს Forbes Kazakhstan-ის რედაქტორებმა ერთდროულად გამოაცხადეს ორი მეწარმე - Kaspi.kz-ის დამფუძნებელი ვიაჩესლავ კიმი და კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე მიხაილ ლომთაძე "წლის ბიზნესმენის" ტიტულის ლაურეატებად.
  • 2021 წელს მიხეილ ლომთაძე, ყაზახეთში, Growth Forum-ის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო აღმასრულებელ ხელმძღვანელად [CEO]

რამდენიმე ფაქტი მიხეილ ლომთაძეზე

ახალი სერვისების წარდგენის ვიდეოებში მიხეილ ლომთაძე ხშირად ჩნდება შავი მაისურით ან სვიტერი, წითელი სპორტული ფეხსაცმლითა და ლურჯი ჯინსებით.

ხშირად მუშაობს შაბათობით.

დღეში ათ ფინჯან ყავას სვამს.

მისი კომპანიის რეკლამაში შეხვდებით ცნობილ მსახიობს ანტონიო ბანდერასს.

ხან ე.წ. ice bucket ჩელენჯში მონაწილებს.

უყვარს დაივინგი.

ჰყავს ქალიშვილი.

მისი მშობლები და და საქართველოში ცხოვრობენ

ის ისევ საქართველოს მოქალაქეა და კითხვაზე, აპირებს თუ არა ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას, 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს რომ არ აპირებს.

„საქართველო ჩემი სამშობლოა, მე იქ დავიბადე და იქაურობა ძალიან მიყვარს. თუმცა, პასპორტს და ვიზებს ზოგადად ბარიერად მივიჩნევ, რაც დღეს აღარ უნდა არსებობდეს“.

მიხეილ ლომთაძეს ნათქვამი აქვს, რომ სიბერეში აუცილებლად იცხოვრებს საქართველოში. თუმცა საქართველოში ბიზნესის დაწყებას არ გეგმავს, რადგან საქართველოში მისი ბიზნესის მხრივ, პატარა ბაზარია.

ბიზნესმენის სახელი პრესის ფურცლებზე მისი ქონების ზრდის ან პირიქით, შემცირების დროსაც ხვდება ხოლმე. მაგალითად, 2022 წლის იანვარში, ყაზახეთში დაწყებული არეულობის გამო, ბიზნესმენმა ერთ დღეში $1,8 მილიარდი დაკარგა და მაშინ მისი ქონება, 33,7%-ით, 3,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა (საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება გაგრძელდა, რომლის დროსაც ათობით დემონსტრანტი და სამართალდამცავები დაიღუპნენ).

სწორედ მაშინ გავრცელდა მიხეილ ლომთაძის მიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარი კომპანიის მომხმარებლებისადმი, სადაც წერდა:

„Kaspi.kz-ის გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რათა ჩვენი ყველა სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. გთხოვთ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავებს, ახლობლებსა და ნათესავებს.... ჩვენ თქვენთან ვართ! თქვენი მიხეილი“.

ლომთაძე ცნობილია იმით, რომ ბანკში შექმნილი კრიტიკული მომენტების დროს ის ბანკის ფილიალებში თავად ჩნდება ხოლმე და კლიენტებს ესაუბრება. ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია ნდობისთვის. ასეთი იყო 2019 წელს მომხდარი „სმს შეტევაც“, როდესაც ბანკის ათასობით კლიენტს ერთდროულად მივიდა შეტყობინება სასწრაფოდ გაეტანათ ფული მისი ბანკიდან.

მიხეილ ლომთაძე თავისი კომპანიის ერთ-ერთ სარეკლამო კლიპში

საკუთარ თავზე, სწავლასა და კარიერაზე

სხვადასხვა ინტერვიუებსა და აუდიტორიასთან შეხვედრების დროს მიხეილ ლომთაძე ჰყვება, წლების წინ როგორ ჩააბარა არა ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე, როგორც ამას მამა ურჩევდა, არამედ, მაშინ ახალგახსნილ და პოპულარულ ESM-ში.

რომ სწავლის ფული ბიძისგან ისესხა და 30%-იანი ფასდაკლებით 5 წლის საფასური წინასწარ გადაიხადა.

„ეს იყო ჩემი ყველაზე კარგი ინვესტიცია“, - ამბობს მიხეილ ლომთაძე, - მამას მხოლოდ ამის შემდეგ გავუმხილე, რომ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი“.

ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში, მიხეილ ლომთაძე იმასაც ამბობს, რომ იმ პერიოდში მას ფული არ ჰქონდა. არც მეგობრებთან გართობის დრო, არც მუსიკას უსმენდა იმ დოზით, რა დოზითაც მისი მეგობრები.

„ვსწავლობდი და მქონდა მიზანი ვყოფილიყავი პირველი“.

ჰარვარდში ჩაბარება ორჯერ სცადა. პირველ ჯერზე ვერ მოხვდა, მეორე მცდელობაზე კი გაუმართლა. იხსენებს, რომ პირველი წელი დატვირთული "არანორმალური სწავლის წელი იყო". მხოლოდ მეორე კურსზე მოახერხა, რომ მეგობრებთან ურთიერთობა ჰქონოდა.

„დღეს მსოფლიოში არ არსებობს გავლენიანი კომპანია, სადაც ჩემი კურსელი არ მუშაობდეს“.

როცა ლომთაძეს კარიერაზე და მიღწევებზე ეკითხებიან, პასუხობს, რომ მისი მიზანი ინოვაციური სერსიების შექმნა იყო და არა ფულის შოვნა.

„ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც სხვები იქცევიან. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ გვიყვარდეს მომხმარებელი და მათ ისე მოვექცეთ, როგორც მეგობარს“.

წინსვლისთვის საჭირო სამი პირობას ასახელებს:

  • დაუკმაყოფილებლობის განცდა იმ საქმისგან, რომელსაც აკეთებთ.
  • განათლება და სურვილი, ყოველდღიურად სწავლობდე.
  • ადამიანები, ვისთან ერთადაც გააგრძელებთ სიარულს.

2020 წელს მიცემულ ინტერვიუში მას ჩაცმულობასა და ამოჩემებულ სტილზეც ჰკითხეს.

მან უპაუხა, და რა არის ამაში უცნაური?

- სამსახურის გარდა სხვაგან არ ჩნდებით, არსად დადიხართ?

- არა, არ დავდივარ. არ მიყვარს დროის ხარჯვა ეგეთ რამეებზე. არც პიჯაკის და ჰალსტუხის ჩაცმაზე დილაობით. არც ის წარმომიდგენია სათათბირო ოთახში ათი ადამიანი იჯდეს დაძაბული სახეებით, ვარცხნილობებით და ჰალსტუხებით, სერიოზული სახეებით უსმენდნენ ანგარიშებს, მერე ცალკე ლიფტით ჩადიან, ცალკე მანქანაში სხდებიან, მათ კიდევ დაცვის წევრები მისდევენ...

- ხომ არ წახვალთ რუსეთში ან საქართველოში? ან თუნდაც ჰარვარდში?

- ჯერჯერობით გვაქვს იდეები, რომლებიც აქ უნდა განვახორციელოთ.

- საკუთარი კუნძულის ყიდვაზე არ ფიქრობთ? სადმე ინდოეთის ოკეანეში.

- არა, ნამდვილად არ მაქვს ეგ მიზანი, რომ ყველაზე მდიდარი მკვდარი ვიყო სასაფლაოზე.

- გქონიათ „გადაწვის“ მომენტი? იღლებით ხოლმე?

- დიახ, ცხადია და ასეთ დროს სპორტი მეხმარება. ადრე, ახალგაზრდობაში კარატეზეც დავდიოდი და ახლა დაახლოებით ერთი საათი ვვარჯიშობ ხოლმე.

- თქვენთვის ვინ არის სამაგალითო კომპანია და ბიზნესმენი, თუ გყავთ თქვენი „კერპი“?

- ალბათ, მაინც „ეფლი“ სტივ ჯობსის დროს. ყოველთვის პირველ კომპანიად დარჩება. თუმცა ეს გაიდეალება ვინმესი, რომ ისეთი მინდა ვიყო, არ მახასიათებს.

- 25 წლის ასაკში თუ წარმოიდგენდით, რომ ასეთი კომპანიის მფლობელი იქნებოდით?

- მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყაზახეთში ვიცხოვრებდი და ამ კომპანიას დავაფუძნებდით, მაგრამ ვიცოდი ის, რომ შევქმნიდი დიდ, წარმატებულ კომპანიას. ამას ჩემი თანაკურსელებიც დაგიდასტურებენ ჰარვარდიდან.

მიხეილ ლომთაძე ამავე ინტერვიუში იხსენებს, რომ ერთ-ერთი უდიდესი გავლენა მასზე მშობლებმა მოახდინეს, რადგან იმ დროსაც კი, როცა ოჯახს აკლდა საკვები, ნორმალური ტანსაცმელი და ხანდახან არც უნივერსიტეტამდე მგზავრობის ფული იყო, მიხეილ ლომთაძის მშობლები ბოლო თანხას იხდიდნენ შვილისთვის სხვადასხვა საგნების პედაგოგების დაქირავებაში.

„იყო დრო, როცა დედა უბრალოდ ლავაშს გამოაცხობდა, მარილს მოაყრიდა და მაგას გვაჭმევდა. მაკარონს დღესაც ვერ ვიტან და არც ვჭამ, რადგან ორი წელი მარტო მაკარონი გვქონდა. მაგრამ ჩვენ მაინც გვერდში ვედექით ერთმანეთს და გვესმოდა ერთმანეთის. ეს ხომ ბოლოს და ბოლოს უბრალოდ ფულია და მეტი არაფერი“.

- რა არის ყველაზე აბსურდული ჭორი, რომელიც თქვენზე გსმენიათ?

- ის, რომ ფული მოვიპარე და გავიქეცი. რაც რა თქმა უნდა ყველაზე სულელური ჭორია.