"სტრატეგიული უმნიშვნელობა" მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თუ სუვერენული კომფორტი - როგორ იწყებს "ქართული ოცნება" 2026 წელს

საქართველო საერთაშორისო ფორუმებზე სულ უფრო იშვიათად ჩნდება (დავოსი. 2026 წელი. საილუსტრაციო ფოტო)

მოკლედ

  • არც დავოსში, არც ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" - სად დგას და ვისი მოკავშირეა საქართველო?
  • რჩება თუ არა საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ მოედანზე თამაშგარე მდგომარეობაში?
  • მსოფლიოში არსებულ რთულად პროგნოზირებად ვითარებაში კარგია ეს ქვეყნისთვის თუ ცუდი?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებმა 2026 წლის დასაწყისში არც აშშ-ის პრეზიდენტის "მშვიდობის საბჭოში" მიიღეს მიწვევა და, უკვე მეორედ - არც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც 22 იანვარს ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წესდება დამტკიცდა. საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო სულ უფრო იშვიათად ჩნდება.

აშშ-სთან და ევროკავშირთან თბილისს ურთიერთობები 2024 წლის დასასრულიდან დაეძაბა - შეჩერდა მაღალი დონის დელეგაციების გაცვლა; ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებებში საქართველო თითქმის აღარ ფიგურირებს; ბრიუსელი და ევროპის დედაქალაქები თბილისს დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო აკრიტიკებენ, ხოლო თბილისიდან ისმის მზარდად ხისტი შეფასებები დასავლელი (ყოფილი) პარტნიორების მიმართ.

"საქართველოს დავიწყება"

ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის გასაკვირი არ არის საქართველოს „დავიწყება“. ისინი რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოს - „როგორც სანდო პარტნიორის მიმართ, ინტერესი დაიკარგა“ და „ქვეყანას უკვე რუსეთის ორბიტაზე ხედავენ“; ამასობაში კი „იკარგება ძვირფასი დრო“.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პატარა ქვეყანამ თავის სუვერენულ ინტერესებზე უნდა იფიქროს, ქვეყნის ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, მშვიდობა შენარჩუნებულია და შესაბამისად - საქართველოს ადგილი არც ტრამპის „მშვიდობის საბჭოშია“ და არც შვეიცარიის კურორტ დავოსში, სადაც მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტა ყოველწლიურად იკრიბება გლობალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ.

დავოსის ფორუმს პატარა ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გლობალურ კონტექსტში განხილვისა და ინვესტორებთან შესახვედრად იყენებენ. 2022 წლიდან იქ აღარ იწვევენ რუსეთს. 2025 წლიდან - საქართველოს.

  • „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი, რომელიც, 2024 წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა - ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ის ახლა საპატიმროშია, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - ფულის გათეთრების - გამო 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ღარიბაშვილი მაშინ არაფორმალურ ლანჩზეც მიიწვიეს, სადაც „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენაზე" მსჯელობდნენ; ხოლო დისკუსიას „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის მიწვევით დაესწრო და სისხლში ტყვიის შემცველობის პრობლემაზეც ისაუბრა.
  • 2013 წელს, დავოსის ფორუმზე, "ოცნების" მილიარდერი დამფუძნებელი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახალ ეკონომიკურ კავშირებსა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა და ფორუმზე დასწრების შემდეგ იმასაც ჰყვებოდა, თუ როგორ შეხვდა და გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად რუს კოლეგას - დმიტრი მედვედევს და უთხრა, რომ შეხვედრა სასიამოვნო იყო და რომ - „გაგრძელება უნდა მოჰყვეს, წესით“.


სად წყდება საქართველოს ხვალინდელი დღე?

2026 წელს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი დავოსში არ მიიწვიეს, სადავო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიო ლიდერების შეკრება დავოსში “არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედ-იღბალი და უკეთესი მომავალი”, “საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ევროპაშიც”, და საქართველოს ხელისუფლების მიზანი არ არის - “რომ რომელიმე წითელ ხალიჩაზე გაიაროს ამა თუ იმ ხელმძღვანელმა პირმა”.

2025 წლის დეკემბერში, როცა ირაკლი კობახიძე თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში იყო ჩასული და ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, სადავო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კობახიძე წასულია იქ “სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება" და “თუკი ამაში მონაწილეობს პუტინი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს”.

ასევე ნახეთ კობახიძე და პუტინი ერთად - რას ამბობს საერთო ფოტო

დავოსში არმიწვევა ვოლსკიმ ევროკავშირს დააბრალა.

„პოლიტიკური დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან ჩვენს მიმართ არ შეცვლილა“, „ძალიან ბოროტ გეგმას აწყობენ ჩვენს მიმართ“ - უთხრა მან ჟურნალისტებს, ფორუმის დაწყებამდე.

დავოსი შვეიცარიის საკურორტო ქალაქია, შვეიცარია 1815 წლიდან ნეიტრალური ქვეყანაა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის.

“დიალოგის სულისკვეთება” - 2026 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს 130 ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 60-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, მსხვილი ბიზნესკორპორაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ტრადიციულად, ეს ფორუმი დიდ შესაძლებლობებს იძლევა - ლიდერები ერთმანეთს კულუარებშიც ხვდებიან, მსჯელობენ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებზე, პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, შესაძლო სავაჭრო-ეკონომიკურ გარიგებებზე.

მხოლოდ საქართველო სამხრეთ კავკასიიდან

საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 2026 წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და ითქვა, რომ დაიდო სარფიანი გარიგებები. ალიევი და ფაშინიანი შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტს და იქვე, დავოსში ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებული „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას.

აშშ-მ პრეზიდენტის მიერ შექმნილ საბჭოში დამფუძნებელ წევრებად 60-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია, მათ შორის არ არის საქართველო.

პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას საჯაროდ არ უხსენებიათ საქართველო, არც სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და „ტრამპის მშვიდობის მარშრუტის“ დაფუძნების პროცესში - რაზეც ბევრი ისაუბრეს დავოსშიც, მათ შორის - ტრამპისა და ალიევის პირისპირ შეხვედრაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ფორუმის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელზე საქართველოში გამავალი ტვირთების სომხეთთან პირდაპირ დამაკავშირებელ გზაზე გადამისამართებაზე ილაპარაკა, რასაც საქართველოში ხმაურიანი დისკუსიები მოჰყვა. ამ საკითხს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისიდან უპასუხა; განმარტეს, რომ საუბარი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის დაკარგვაზე არ იყო და რომ რაც ხდება, საქართველოსთვის სასარგებლოა.

ასევე ნახეთ "ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?
ასევე ნახეთ ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა - ტრამპი

“არსებობს ქვეყნები, რომლებიც მშვიდობისა თუ ომის საკითხებს განაპირობებენ მსოფლიოში. ისინი არიან მიწვეულები”, - უთხრა ჟურნალისტებს, 21 იანვარს, გია ვოლსკიმ “მშვიდობის საბჭოში” საქართველოს არმიწვევასთან დაკავშირებით და დაამატა, რომ - „თუ არ მიგვიწვია, ე.ი. არ არის საჭირო, საქართველო ჩაერთოს ურესურსოდ, მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსების გარეშე”; მაგრამ არ გამორიცხა, რომ საქართველო ხვალ ან ზეგ მაინც მიიწვიონ.

ბოლო წლებში, „ოცნების“ რიტორიკაში ძირითადად სწორედ ომისა და მშვიდობის თემატიკა დომინირებს. როგორც აცხადებენ, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ მათი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, "მშვიდობის საბჭო" ღაზის სექტორის მართვის კოორდინაციისა და აღდგენის მიზანს ისახავდა. თუმცა წესდებაში ნათქვამია, რომ საბჭო ასევე განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც. წესდების ხელმოწერის შემდეგ - თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა გამოაცხადა, რომ - “მშვიდობის ქარტია” უკვე სრულად ძალაშია და “მშვიდობის საბჭო უკვე ოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციაა”. ტრამპმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებენ გაეროსთან.

ასევე ნახეთ დავოსში გაიმართა "მშვიდობის საბჭოს" წესდების ხელმოწერის ცერემონია

22 იანვარს, დავოსში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ჩათვლით, მშვიდობის საბჭოს წესდებას 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ოდესმე შექმნილა” - თქვა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ამ საბჭოში შევლენ „მსოფლიოს უმაღლესი ლიდერები“, რომელთა მიზანია - „მშვიდობა მთელ მსოფლიოში“. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტი ტრამპი იქნება.

საბჭოს შეუერთდნენ, მათ შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, არგენტინა, უნგრეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, პაკისტანი, ინდონეზია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ბულგარეთი, ეგვიპტე, იორდანია, კოსოვო, მონღოლეთი, მაროკო, პარაგვაი, თურქეთი, ბელარუსი, ისრაელი, ვიეტნამი.

საბჭოში რუსეთის მიწვევის გამო, რომლის საბოლოო პოზიცია ჯერ ისევ უცნობია, ევროპელი ლიდერების უდიდესი ნაწილი უარს აცხადებს ანდა თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან. უარი თქვა მათ შორის - საფრანგეთმა, ესპანეთმა.

რუსეთის ფაქტორი აბრკოლებს უკრაინასაც.

ტრამპის მიერ დაფუძნებული საბჭო ბევრ შეკითხვას აჩენს. ბევრისთვის ის სადავო, წინააღმდეგობრივი სტრუქტურაა, ბუნდოვანი მომავლით და რუსეთთან ერთად მშვიდობის საკითხების განხილვა არც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს - ანდრო გოცირიძეს წარმოუდგენია, თუმცა “პოლიტიკურ ჭრილში" მისთვის საყურადღებოა საქართველოს სრული უგულებელყოფა.

“ჩანს და ეს სავარაუდოც იყო, რომ - ხელისუფლების იზოლაცია ძალიან სწრაფად იწვევს ქვეყნის იზოლაციასაც - როდესაც არ არსებობს კონსტრუქციული დიალოგი პარტნიორებს შორის, ეს შეეხება ქვეყანასაც… ეს არის სტრატეგიული უმნიშვნელობის მდგომარეობა... ახლა მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია, ხდება ახალი კავშირების დამყარება, ჯერჯერობით - მყიფე, მაგრამ სამომავლო პერსპექტივით; საქართველოს გზის გაკვალვა კონკურენციაში მოუწევს. დასავლელი პარტნიორების გარეშე რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველო?! - ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული შეკითხვაა”, - ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ შეერთებული შტატების “გაციებული ურთიერთობები” “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, როდესაც თბილისი არ ითვალისწინებდა “აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციის მხრიდან წამოსულ მესიჯებს - ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტის, საპოლიციო და სასამართლო სტრუქტურების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების აკრძალვისა და დემოკრატიის გაძლიერების შესახებ”.

“და როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ საქართველო არ აპირებს ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ანტიამერიკული კურსის შეცვლას, შესაბამისად - ნაკლებად საინტერესო გახდა საქართველოსთან პარტნიორობა და ამიტომ პრეზიდენტის მაგიდაზე უფრო და უფრო იშვიათად ხვდება საქართველოს საკითხი”, - გოცირიძე ხაზს უსვამს ასევე, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან საქართველოს გამოთიშვაც ამავე საფუძვლით მოხდა და ასეთი იზოლაცია „ქვეყნისთვის სერიოზული რისკების შემცველია“.

რატომ არ მიიწვიეს საქართველოს პრემიერი დავოსში?

საგარეო უწყებას განცხადება არ გაუკეთებია. განმარტება სამინისტროდან ვერც რადიო თავისუფლებამ მიიღო. მიზეზები არც დავოსში აუხსნიათ.

2025 წლის ფორუმზე არმიწვევას წინ უსწრებდა სადავო საპარლამენტო არჩევნები, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის აუცილებელი ეტაპის 4 წლით გადადება და პროევროპული დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლა; რის შემდეგაც აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და დააწესა სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები. ევროკავშირის ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და ბრიუსელი ამ მიმართულებით, ახლახან დამტკიცებული ახალი, გამარტივებული წესების ამოქმედებას გეგმავს.

დავოსში ასევე არ იყვნენ მიწვეული რუსეთის, ბელარუსისა და ირანის პირველი პირები.

ირანს მიპატიჟება გაუუქმეს - განიმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების სასტიკმა დარღვევამ და მასობრივი პროტესტის სისხლში ჩახშობამ განაპირობა.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, იზოლაცია “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია:

“ნდობის გარდა, ინტერესიც დაიკარგა. პოლონეთში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე იყო, კოლეგებთან მაქვს ურთიერთობა და ბევრს უკვე აღარ აქვს ინტერესი. ხელი აქვთ ჩაქნეული, შეკითხვებსაც ნაკლებად სვამენ - ძველებურად აღარ აინტერესებთ საქართველოს ამბები ”, - კუხიანიძის განმარტებით, ევროპელები დღევანდელ საქართველოს უკვე რუსეთის გავლენების ქვეშ ხედავენ; ხოლო დემოკრატიული საზოგადოებისგან იზოლირება “კომფორტულია” “ქართული ოცნებისთვის” .

”დრაკონული კანონების მიღება, დემონსტრაციების ძალადობრივი დაშლა, ადამიანების დასახიჩრებით - ეს ყველაფერი ხომ რუსული ხელწერაა?! “ქართული ოცნების” ხელწერა, სტილი, რიტორიკა, ძალიან ჰგავს რუსეთისას… თუ ვინმე აშენებს დიქტატურას - მისი მეგობარი დიქტატორი იქნება. პუტინის მეგობარ ქვეყნებში ყველგან დიქტატურაა. დიქტატორები ერთმანეთთან ქმნიან კავშირებს - ასე უფრო იოლია ფულის გაკეთება”, - კუხიანიძე შენიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ აკრიტიკებს რუსეთს, ჩინეთს ერთადერთ მშვიდობიან ზესახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ირანში „გვერდით უდგებიან ტერორისტებს“, სადაც ყვირიან - „სიკვდილი ამერიკას“.

ასევე ნახეთ ფოტოებში ჰამასის ლიდერთან ერთად - საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტების დაკრძალვასა და ინაუგურაციაზე
ასევე ნახეთ საქართველო არაა მიწვეული ჩინეთში გამარჯვების „გრანდიოზულ“ აღლუმზე

საქართველოს გეზი

დავოსში არმიწვევაზე საუბრისას, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპონენტებში „გარკვეულ ისტერიკას წარმოშობს“ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც „ძალიან პოზიტიური იყო“.

კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, აბუ-დაბიში იანვრის შუა რიცხვებში იყო ჩასული - „მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე“ და პრეზიდენტსაც შეხვდა - შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, „იგლ ჰილსის“ მიერ დაანონსებულ 6.6-მილიარდიან ინვესტიციაზე სასაუბროდ.

შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი 2025 წლის სექტემბერში თბილისში იყო ჩამოსული და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. ამ შეხვედრის კადრების გასაჯაროება ექსპერტებმა განსაკუთრებით საყურადღებოდ ჩათვალეს იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი უარს ამბობდა აშშ-ის ელჩთან, კონგრესისა თუ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. 2025 წელს კი, უკვე სანქცირებულმა ივანიშვილმა, აღარც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გზავნილი ჩაიბარა.

უარს ივანიშვილი ყოველ ჯერზე საკუთარ ფულთან დაკავშირებული „შანტაჟითა“ და „კომპლექსით“ ხსნიდა. "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ განმარტა, რომ შვეიცარიულ ბანკში ივანიშვილის ფული "დიპ სტეიტმა" მიიტაცა.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს „საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“ აყენებდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია, საქართველოსგან განსხვავებით, წარმოდგენილი იყო დავოსის წლევანდელ ფორუმზე. მიიწვიეს "მშვიდობის საბჭოშიც".

ასევე ნახეთ “ამ აბსურდში ვართ” - როგორ იქცა ივანიშვილის ფული და მისი კომპლექსი საქართველოს პრობლემად
ასევე ნახეთ კობახიძე აბუ-დაბიში შეხვდა საამიროების პრეზიდენტს, ესაუბრა „იგლ ჰილზის“ პროექტსა და „მშრალ პორტზე“

დავოსის ფორუმს „იდეოლოგიურად გაჟღენთილ გლობალისტების სამიტი” უწოდა „ოცნების“ განაყოფისგან შექმნილი პარტიის - „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დავით ქართველიშვილმა. ფეისბუკპოსტში ის წერს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე “ქართული ოცნების” დელეგაციის არმიწვევა ეფექტიანად „გადაფარა“ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში ჩინეთის ელჩის - ჭოუ ციენის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა - საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების მიცემის შესახებ.

“რეალისტური გეოპოლიტიკის ენაზე თარგმნისას ეს ნიშნავს: ჩინეთი საჯაროდ აჩვენებს, რომ საქართველო მისთვის აღარ არის პერიფერია - არამედ ფუნქციური კვანძი” - ქართველიშვილი მნიშვნელოვნად თვლის, რომ: „პეკინი მზად არის დააჩქაროს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა“ და რომ „მკაფიო აქცენტი კეთდება თანამშრომლობის „მატერიალურ ბაზაზე“: ინვესტიციები, სამრეწველო კოოპერაცია, ლოჯისტიკა და ვაჭრობა, ენერგეტიკა, ასევე ციფრული მიმართულებები (5G, ხელოვნური ინტელექტი), „ჭკვიანი ქალაქები““.

ასევე ნახეთ საპატიო სტუმარი ჩინეთში, კრიტიკის სამიზნე ევროპაში - თბილისი ბრიუსელსა და შანხაის შორის

ეს საკითხები ჩინეთში 2025 წლის ნოემბრის დასაწყისში განიხილებოდა, როცა შანხაიში საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩავიდა. ხელი სწორედ მაშინ მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმსაც - ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე. გამოითქვა იმედები: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გამყარების; საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდისა და ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას მიმართულებებით.

2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები 2023 წელს გახდნენ - ამჟამად პატიმარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო აქტიურობითა და მონაწილეობით.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებლები 2023-2025 წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო 2022 წელთან შედარებით - მნიშვნელოვანი კლებაა:

  • 2022 წელს - 736 768 900 დოლარი;
  • 2023 წელს - 310 888 400 დოლარი;
  • 2024 წელს - 303 119 700 დოლარი;
  • 2025 წელს - [წინასწარი] – 327 575 700 დოლარი.


საქართველოსგან განსხვავებით, დავოსში იმყოფებოდა ჩინეთის დელეგაცია - ჩავიდა ვიცე-პრემიერი ხე ლიფენი. ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” მიწვევა ჩინეთმაც მიიღო.

რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს აქტიურობა არაბეთის, ჩინეთის მიმართულებებით?

“საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც ცხადია, რომ საქართველოს აღმოსავლური პოლიტიკის წარმატება დამოკიდებულია დასავლეთთან მის ურთიერთობებზე. თუ საქართველოს დასავლეთის სახით მძლავრი პარტნიორები არ ეყოლება, მაშინ საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული... ჩინეთიც და არაბული სამყაროც დაინტერესებულები არიან სტაბილური პარტნიორით - ინვესტირებისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანდრო გოცირიძე და იმასაც აღნიშნავს, რომ არაბული და ჩინური ინვესტიციები საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება მხოლოდ დემოკრატიის პირობებში, მაგრამ თუკი ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება - ეს ინვესტიციები “მოიტანს არაბული და ჩინური ცხოვრების წესსა და თამაშის პირობებს, რაც დემოკრატიული სულაც არ არის”.

კიდევ, არადემოკრატიულ ქვეყნებს, გოცირიძის თქმით, რუსი ოლიგარქების საეჭვო კაპიტალის შემოდინების იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რადგან - "სადაც არ არის დემოკრატია, იქ სუფთა ინვესტიციები არ იდება"; ეს ქმნის "მოჩვენებით ეკონომიკურ კეთილდღეობას" ხალხისთვის და აჩენს შესაძლებლობას, რომ - "უზარმაზარი უკონტროლო თანხები მოხვდეს ჩინოვნიკების ხელში".

ასევე ნახეთ ზახაროვა საქართველოს მთავრობაზე: „გარე ძალების მიუხედავად, არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან"


რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება “ქართული ოცნების” გაცხადებული პრიორიტეტია. იმავეზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც:

უკრაინაში რუსეთის შეჭრის [2022 წლის] შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის მოცულობა რუსეთიდან საქართველოში:

  • 2023 წელი - 1 744 261 400 დოლარი
  • 2024 წელი - 1 849 135 200 დოლარი
  • 2025 წელი - 1 939 166 700 დოლარი

2021 წელს იყო - 1 023 133 300 დოლარი.

საქართველოდან ექსპორტში მკვეთრი ზრდა არ არის:

  • 2023 წელი - 657 019 400 დოლარი
  • 2024 წელი - 679 603 100 დოლარი
  • 2025 წელი - 749 298 800 დოლარი


საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში, სავაჭრო ბრუნვით, რუსეთი მესამე ადგილზეა. მას წინ უსწრებს თურქეთი და აშშ. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში, საქართველოდან ექსპორტის კუთხით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ყირგიზეთს - 2025 წელს 1 498 787 500 დოლარი.

23 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთია “ ერთადერთი, უალტერნატივო ბაზარი“ და რომ „საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი ხვდება, რომ ქვეყნის კეთილდღეობის გასაღები არა დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობასა და დიალოგშია“.

ზახაროვამ თქვა, რომ საქართველო „დასავლეთის წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს“ და უარს ამბობს „უკრაინისა და მოლდოვის სცენარების განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე“.

მოლდოვას მოსკოვი ამჯერად დსთ-დან დე იურე გასვლის პროცესის ოფიციალურად დაწყების გამო უტევს.

ასევე ნახეთ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეა - ვინ გააბრაზა სანდუს სიტყვებმა და რატომ?

პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკავშირში გაწევრიანებაში მოლდოვის - "როგორც დემოკრატიის" გადარჩენის შანსს ხედავს.

ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი ეტაპი - გაწევრიანების მოლაპარაკებები - რაც კანდიდატის სტატუსს უნდა მოჰყვეს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2028 წლის ბოლომდე გადადო. ამ ეტაპზე უკვე გადავიდნენ მოლდოვა და უკრაინა.

იანვრის დასაწყისში სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ - სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს და რომ ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესია - “ ბრიუსელის მიერ დაწესებული დირექტივების შესრულების პროცესი“.

“ოცნების” წარმომადგენლები ბოლო პერიოდში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ - მათ არ სურთ ისეთ ევროკავშირში გაწევრიანება, როგორიც ის დღეს არის.

რა [არ] მართლდება სიფრთხილით?

მმართველი პარტიის მოკავშირეების ნაწილი იმის მტკიცებაშია, რომ ახლა, რუსეთის საფრთხის გამო - დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოება საფრთხილოა, უნდა დავიცადოთ და როგორც კი რთული ეტაპი გადაივლის - საქართველო ისევ შეძლებს გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. აქვეა მათი მკაფიო იმედი, რომ - ეს სტრუქტურები მანამდე დაიშლება. ზოგი კი პირდაპირ ნეიტრალიტეტს ითხოვს.

რუსეთის სამეზობლოში, საქართველოსთვის სიფრთხილის აუცილებლობას ალექსანდრე კუხიანიძეც ხედავს, მით უფრო, როცა ექსპერტს რჩება შთაბეჭდილება, რომ „საქართველოს მართვაში რუსეთის სპეცსამსახურები არიან ჩარეული“, მაგრამ - დარწმუნებულია, რომ გზა, რომლითაც დღეს საქართველო მიდის, მას მთავარ მიზანთან აშორებს და დიდ დროს აკარგვინებს.

„ევროპა დღეს დუღს თვითონაც და ბევრი რამე გარკვეული ჯერ ისევ არ არის, მაგრამ ცალსახაა, რომ - საქართველოს დაცულობის ერთადერთი გზაა ევროკავშირი და ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურები - იქნება ეს ნატო თუ რაიმე ახალი... ეს ხომ ერთ დღეში არ ხდება. ევროპა თავის გზას ნახავს, ვიქნებით ჩვენ მასთან ერთად თუ არა; ჩვენ კი ჩამოვრჩებით...

აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებოდა ქვეყნისთვის - თბილისიდან ევროკავშირის ლანძღვა რომ შეეწყვიტათ და ქვეყნის შიგნით დემოკრატია აეშენებინათ - ამას ითხოვს ევროკავშირი... უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება რუსეთთან [თუკი საქართველო საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე დარჩება]“, - ეუბნება კუხიანიძე რადიო თავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონში და მსოფლიოში დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში, ყველასთან თანამშრომლობაა საჭირო, დაბალანსებულად, ფრთხილად და რომ ასეთი ფრთხილი მიდგომებით უნდა გაიყვანონ საქართველო სამშვიდობოს.

“რეალურად ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ყველა ხედავს, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი - მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში… და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე - რაც არ არსებობს, ბუნებრივია, მშვიდობისა და სიმშვიდის გარეშე ” – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 22 იანვარს, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში დასმულ შეკითხვას - ოპონენტების „ბრალდებებზე“ ტრამპის მშვიდობის საბჭოში არმიწვევასთან და საქართველოს იზოლაციასთან დაკავშირებით. მან ახსენა დასავლელი პარტნიორების „უსამართლო მიდგომებიც“.

კობახიძემ საკმაო დრო კვლავ ევროკავშირის კრიტიკას დაუთმო - გაიმეორა, რომ იქ იდენტობის კრიზისია, ადამიანის უფლებები ირღვევა და რომ ახლა „ამერიკის ადმინისტრაცია იმეორებს“ იმას, რაზეც „ქართული ოცნება“ 2022 წლის შემდეგ ლაპარაკობდა.

ანდრო გოცირიძე "უპატიებელ შეცდომას" უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველო დღეს ვერ სარგებლობს შესაძლებლობით, როცა "დასუსტებული და ხელფეხშეკრული რუსეთის" პირობებში, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, შედეგიანი იქნებოდა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაზე ზრუნვა და "ერთი შეხედვით ზღაპრულ" პროექტებში ჩართვა.

"დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი იფლანგება ახლა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ ხდება რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე. მათ იცოდნენ, რომ ყველა ქვეყანას შეეძლო გაესწრო რუსული საცეცებიდან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ... მოლდოვაში ვერ მოახერხეს და სამწუხაროდ, დროებით მოახერხეს საქართველოში... სამუდამო ვერ იქნება ეს, რადგან, ახლა რა პროცესებიც მიდის, მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგობრივი მოქმედებებისა, ეს პროცესები მიდის რუსეთის კიდევ უფრო დასუსტებისკენ", - ეუბნება ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 - საქართველო რეგიონში თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავს

„დიპ სტეიტი“ აღმოაჩინეს დავოსშიც

ევროკავშირს და ტრამპის ადმინისტრაციას სულ უფრო აქტიურად უტევენ „ქართული ოცნების“ სატელიტებად მიჩნეული ადამიანები და ჯგუფები.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა და მის გამხმოვანებლად მიჩნეულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მორიგ ღია წერილში აღნიშნა, რომ - აშშ-ს „დიპ სტეიტი“ "დონალდ ტრამპის ხელით მართავს”, "დიპ სტეიტის“ რებრენდინგის პროცესი “ უკვე გადამწყვეტ ფაზაშია”, მიზანი კი კვლავ ევროპის განადგურებაა. ამ თეორიის მიხედვით, მოსალოდნელია რუსეთისა და ევროკავშირის სამხედრო დაპირისპირება, რის შემდეგაც "ევროპა სრულად კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა".

  • “ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?! ნუთუ არც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების „მეგობრობა“ და ამ „მეგობრობის“ შედეგები გამოდგება თქვენთვის თვალის ასახელ მაგალითად?!” - რიტორიკულ შეკითხვებს სვამს შათირიშვილი.
  • ერთ-ერთ წინა წერილში მან „დიპ სტეიტის“ წარმომადგენელი უწოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსაც.


ასევე ნახეთ „ყველაფრისთვის ვართ მზად“ - როგორ გამოცხადდა ტრამპი „დიპ სტეიტის“ ნაწილად

„გლობალური ომის პარტიასთან“/“დიპ სტეიტთან“ დაკავშირებული შეთქმულების თეორიების მიხედვით, რასაც აქტიურად ავითარებს შათირიშვილი, „ამერიკასაც და ევროპასაც ოლიგარქიული ოჯახები” მსხვილი კორპორაციების გამოყენებით მართავენ. შათირიშვილის ჩამონათვალშია BlackRock-იც.

„ბლექროკი“ (BlackRock) - 14 ტრილიონი დოლარის კაპიტალისა და აქტივების მმართველი კერძო კორპორაცია 40-მდე ქვეყანაში საქმიანობს - ბაზრის გიგანტია, რომელიც, მათ შორის - „ეპლის“, „მაიკროსოფტის“, „მეტას“, „ამაზონის“ აქტივებს მართავს.

კომპანიის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი - ლარი ფინკი ამჟამად დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამეთვალყურეო საბჭოს დროებითი თანათავმჯდომარეა. დავოსში ის სიტყვითაც გამოვიდა და მთელი რიგი ქვეყნების ლიდერებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

ასევე ნახეთ ალიევმა $1,5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა BlackRock-თან, რომელიც „გლოპზე“ „ოცნების“ შეთქმულების თეორიის ეპიცენტრშია

ლარი ფინკი დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც შეხვდა და - აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდმა (SOFAZ) გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, მათ შორის BlackRock-თან. შეთანხმება შედგა ფართომასშტაბიან თანამშრომლობაზე - საექსპერტო ცოდნის გაზიარებაზე, ინფრასტრუქტურულ და ციფრულ პროექტებზე. შესწავლილი იქნება საინვესტიციო შესაძლებლობები აზერბაიჯანში, რასაც ქვეყნის განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპად განიხილავენ.

დავოსში ლარი ფინკის დანახვაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა განგაში ატეხეს.

2026 წლის 23 იანვარს, პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა გაავრცელეს - ახლახან პარტიად გადაკეთებული ჯგუფის, ასევე „ოცნების“ სატელიტად ცნობილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერის - ვატო შაქარაშვილის განცხადება. შაქარაშვილიც BlackRock-ზე წერს - არ გამოჰპარვია, რომ ლარი ფინკი დონალდ ტრამპმა შეაქო და ასკვნის, რომ - „არსებობენ ძალები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ გავლენა აშშ-ის პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან ხელისუფლებაში თუ რესპუბლიკელები”.

“ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ კორპორაცია BlackRock-ი ოლიგარქიული ოჯახების ხელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ისინი სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერვენციებს ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყანაში”, - აღნიშნავს შაქარაშვილი.

ანტიდასავლური პოზიციით გამორჩეული “ნეიტრალური საქართველო” ნეიტრალიტეტს ითხოვს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების წინააღმდეგია. ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას - საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირის შესაცვლელად.

  • “ქართული ოცნება” “დიპ სტეიტს” უწოდებს ძალას, რომელსაც, მათი თქმით - საქართველოში არეულობის მოწყობა, ხელისუფლების შეცვლა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ „დიპ სტეიტს“ მიაწერა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც და რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომიც. "ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ - 2008 წლის ომი გარე ძალების დაკვეთით, საქართველომ [წინა ხელისუფლებამ] დაიწყო.
  • თავიდან „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებდნენ, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებაში პრეზიდენტ ტრამპის მოსვლის შემდეგ - „დიპ სტეიტი“ უწოდეს - სავარაუდოდ იმის გამო, რომ თავად ტრამპს ჰქონდა გამოცხადებული ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ. თუმცა არსებითი განსხვავებებია - ტრამპისა და „ოცნების“ მიერ აღწერილ „დიპ სტეიტებს“ შორის.


ხშირად „დიპ სტეიტს“ მიეწერება ვაშინგტონის მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იგნორირებაც.

“რატომ გრძელდება საქართველოს მიმართ გაურკვეველი დუმილი, როდესაც პირველი ქვეყანა, რომელმაც ხმა ამოიღო „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ იყო სწორედ საქართველო? ნაცვლად იმისა, რომ მადლობა ეთქვა მოქმედ ადმინისტრაციას ჩვენი წვლილისათვის და ყველა ხელოვნური გაუგებრობა წარსულისთვის ჩაებარებინა, რატომ გაიწელა ეს პაუზა?”, - წერს ერთ-ერთ პოსტში დავით ქართველიშვილიც, რომელიც შათირიშვილის ბოლო წერილს ეხმიანება. ტექსტში ჩანს ეჭვი - მართლაც ებრძვის თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“.

„მსოფლიო პოლიციელი“

„ახალი ამერიკული დოქტრინები ნათლად აცხადებს: დასრულდა ეპოქა, როდესაც აშშ საკუთარ რესურსებს ხარჯავდა სხვა ქვეყნებისთვის ცივილიზაციური მოდელების თავს მოსახვევად. ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი აბსოლუტური პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესია“, - თქვა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 2025 წლის დეკემბერში, ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას. მისივე სიტყვებია, რომ - „აშშ ფაქტობრივად უარს ამბობს „მსოფლიო პოლიციელის“ როლზე“.

„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში… შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, - ეს უკვე უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებია, ასევე ელჩებთან, კონფერენციაზე წარმოთქმული.

"ქართული ოცნების" მომხრე ექსპერტები თუ მხარდამჭერები არ მალავენ კმაყოფილებას აშშ-სა და ევროკავშირს შორის ამჟამად გართულებული ურთიერთობებითა და პოზიციით, რომ ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად მოუწევს ფიქრი.

ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია, ირანი აშშ-ის და ისრაელის დასჯას მოითხოვს

2025-2026 წლებში ბევრმა დაინახა, რომ აშშ მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროში არ რეაგირებს.

„ჩვენ ვაკვირდებით ირანს. ბევრი გემი გავუშვით იმ მიმართულებით [ირანისკენ], ყოველი შემთხვევისთვის. დიდი ფლოტილია მიემართება იმ მიმართულებით და ვნახოთ, რა მოხდება... ვისურვებდი, არაფერი მოხდეს, მაგრამ ჩვენ მათ ვაკვირდებით ძალიან ყურადღებით“, - უთხრა დონალდ ტრამპმა მედიას, დავოსიდან ვაშინგტონისკენ ფრენის წინ. მისი სიტყვებით - ირანში სიკვდილით დასჯას გადაარჩინა 837 ადამიანი - და თეირანმა სიკვდილით დასჯის გეგმა სწორედ მისი მუქარის შემდეგ გააუქმა.

ტრამპი დასძენს, რომ - შესაძლოა, ირანისკენ გაგზავნილი სამხედრო ძალის გამოყენება მათ აღარ დასჭირდეთ, მაგრამ დაკვირვება გრძელდება.

როგორც იუწყებიან, ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი და მართვადი ანტისარაკეტო სისტემებით აღჭურვილი საბრძოლო გემები [Guided-missile destroyer (DDG)] უახლოეს დღეებში მიაღწევენ ახლო აღმოსავლეთს.

მანამდე, ტრამპი მიმართავდა ირანელებს, რომ - „დახმარება გზაშია“, როცა თეირანმა პროტესტის სისხლში ჩახშობა დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე ნახეთ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ახალ სტრატეგიაში რუსეთი მოხსენიებულია მუდმივ, მაგრამ "მართვად საფრთხედ"

ექსპერტები მიუთითებენ, რომ, ახლო წარსულში, სწორედ აშშ-ის ძალისხმევით დასუსტდნენ რუსეთის მოკავშირე რეჟიმები თუ დაჯგუფებები: სირიაში, ვენესუელაში, პალესტინაში, ლიბანში თუ ირანში; ხოლო რუსეთმა ვერცერთი თავის მოკავშირის დაცვა ვერ შეძლო. დაპირებული მხარდაჭერა რუსეთმა ვერც სომხეთს აღმოუჩინა - აზერბაიჯანთან ომის დროს.

ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ - რუსეთთან თავის დახრა დაცულობას არ ნიშნავს; ხოლო მის დაქვემდებარებაში ყოფნა ომში ჩართვის გარანტიაა - ისევე, როგორც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მიჰყავს კრემლს ახალგაზრდები უკრაინასთან საომრად.

ასევე ნახეთ აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიების გამო
ასევე ნახეთ „სამყარო იცვლება“- აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია და საქართველოს არჩევანი