„ეს ალიანსი ‘საფლავისკენ სტვენა-სტვენით’ არ მიექანება“, არსებულ პრობლემებს არ ჩქმალავსო - თქვა რიუტემ და ალიანსის ინსტიტუციური დაღმასვლის შესახებ გავრცელებულ კრიტიკას განახლების ხედვის მონახაზით უპასუხა: „უფრო ძლიერი ევროპა უფრო მძლავრი ნატოს ფარგლებში, რომლის უცვლელი სიმძიმის ცენტრი აშშ-ის ლიდერობაა”;
თუმცა სცენიდან გაჟღერებული გაპრიალებული ოპტიმიზმის მიღმა უფრო უხეში რეალობა იკვეთება. მისი ვაშინგტონის ვიზიტის შემდეგ მთავარი კითხვა ჯერჯერობით უპასუხოა: რიუტემ ტრანსატლანტიკური დაძაბულობის შერბილება შეძლო თუ უბრალოდ, იპოვა უფრო დახვეწილი ფორმა მის აღსაწერად?
დიპლომატიური „ზეთისხილის რტო“
რიუტეს მთავარი თეზა ერთდროულად დიპლომატიური შერიგების ჟესტიც იყო და ეკონომიკური არგუმენტიც. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე მოიპოვა დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება ნატოში ტვირთის თანაბარ გადანაწილებაზე მიმდინარე დაძაბულ დავაში.
წლების განმავლობაში გაძლიერებული ზეწოლის, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, შემდეგ, ევროპელი მოკავშირეები რეაგირებენ: ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან თავდაცვის ბიუჯეტებს, აფართოებენ ინდუსტრიულ შესაძლებლობებს და თანხმდებიან მშპ-ის 5%-იან ახალ ნიშნულზე.
რიუტეს შეფასებით, ეს ცვლილება ფუნდამენტურად გარდაქმნის ალიანსის „დნმ-ს“.
„არაჯანსაღი დამოკიდებულების ეპოქა სრულდება“, — აღნიშნა მან და ეს გარდაქმნა „ნამდვილი პარტნიორობის“ დაბადებად დახატა.
მიღწეულ პროგრესზე აქცენტის გაკეთებით და არა დაძაბულობებზე, რიუტემ ფაქტობრივად ვაშინგტონს გამარჯვების გამოცხადებისა და გზის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგაცსაჯარო და დახურული დიპლომატიის დისონანსი
ამ „გამარჯვების“ სიმყიფე 24 საათით ადრე გამართული შეხვედრისას ნათლად ჩანდა. რიუტეს პრეზიდენტ ტრამპთან თეთრ სახლში, მისივე სიტყვებით, „პირდაპირი და ღია“ მოლაპარაკება ჰქონდა.
მიუხედავად პირადი ურთიერთობის დინამიკის შენარჩუნებისა, ოპტიკა ამჯერად იყო სუსტი. წინა, გაცილებით შთამბეჭდავ შეხვედრებთან შედარებით, არ გამართულა ერთობლივი პრესკონფერენცია - საერთო სცენა ერთიანი ფრონტის საჩვენებლად.
მიუხედავად სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან შეხვედრებისა, პოლიტიკური ატმოსფერო დაძაბული დარჩა.
ტრამპმა კვლავ საჯაროდ გააკრიტიკა ალიანსი, როგორც არასანდო; გააცოცხლა ძველი პრეტენზიები და გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხებიც კი. რიუტემ, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, დაძაბულობა აღიარა და აღნიშნა, რომ ტრამპის გაღიზიანება გამომდინარეობს განცდიდან, რომ „ძალიან ბევრი მოკავშირე მის გვერდით არ იდგა.“
რიუტეს კონტრარგუმენტი მკაფიო იყო: ევროპელთა უმრავლესობამ უკვე გააკეთა ის, რასაც ვაშინგტონი ითხოვდა.
ეს „ორმაგი რეალობა“ - სადაც ოპერატიული სიძლიერე პოლიტიკური არასტაბილურობით იჩრდილება — თანამედროვე ალიანსის მთავარი პარადოქსია.
ასევე ნახეთ
ევროპელი ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაზე: მივესალმებით... უნდა გავრცელდეს ლიბანზეცდაძაბულობის წერტილები: ირანის მაგალითი
ირანთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა უთანხმოებებმა კოორდინაციის პრობლემები აშკარად წარმოაჩინა. რიუტემ აღიარა, რომ ზოგი მოკავშირე არ ჩქარობს აშშ-ის ინიციატივების მხარდაჭერას, რაც მან წინასწარი კონსულტაციების ნაკლებობით ახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ახლა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ და ბაზირების მხარდაჭერას, ირანის კონფლიქტმა კვლავ წარმოაჩინა ძირითადი წინააღმდეგობა: პროგნოზირებადობის მოთხოვნა, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება.
აღსანიშნავია, რომ არც ერთ ევროპულ დედაქალაქს არ აუღია პირდაპირი სამხედრო მონაწილეობის ვალდებულება აშშ-ის შესაძლო ოპერაციებში, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავს მიზნად.
ამასთან, ესპანეთის უარი აშშ-ის გარკვეული ოპერაციებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური თანხვედრა ყოველთვის არ ნიშნავს სამხედრო სინქრონულობას.
სტრუქტურული სიძლიერე vs პოლიტიკური სიმყიფე
დევიდ კატლერი, რომელიც 2023 წლამდე ნატოს დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწე იყო, მიიჩნევს, რომ ეს დაძაბულობები მხოლოდ „ზრდის ტკივილები“ არ არის.
მისი თქმით, ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერია, მაგრამ პოლიტიკურად მყიფე.
„ეს უკვე ჩვეულებრივ ტრანსატლანტიკურ უთანხმოებებს სცდება“, — აღნიშნა მან. „რისკი არ არის მკვეთრი ჩამოშლა, არამედ თანდათანობითი ეროზია, რომელიც შეუმჩნევლად ცვლის მოკავშირეების დაგეგმვისა და მოქმედების წესს.“
ტვირთის გადანაწილებაზე საუბრისას კატლერმა აღნიშნა, რომ დისკუსია შეიცვალა: „საუბარი აღარ არის მხოლოდ საერთო ხარჯებზე - საქმეა შეთანხმებულობაზე. მოკავშირეებს შეუძლიათ ზეწოლასთან ადაპტაცია, მაგრამ გაურკვევლობასთან - არა.“
მისი აზრით, მთავარი პრობლემა კონკრეტული პოლიტიკა კი არა, არამედ ვაშინგტონიდან მომდინარე ხშირად წინააღმდეგობრივი სიგნალების ინტერპრეტაციაა.
კატლერმა ასევე თქვა, რომ უფრო ავტონომიური ევროპა ფრთხილად უნდა განვითარდეს, რათა მან გააძლიეროს, და არ დაასუსტოს საერთო შეკავების მექანიზმი.
მისივე თქმით, მაშინ როცა ვაშინგტონი ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაერთო, ნატოს „ჩრდილოეთის ვარსკვლავი“ კვლავ ევროატლანტიკური უსაფრთხოება უნდა დარჩეს.
კონგრესი - სტაბილურობის გარანტი
მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ხშირად წინააღმდეგობრივ სიგნალებს აგზავნის, აშშ-ის კონგრესი ცდილობს სტაბილურობის დემონსტრირებას.
იშვიათი ორპარტიული შეთანხმების ფარგლებში, სენატორთა ჯგუფმა — დემოკრატი ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი ტომ ტილისის ხელმძღვანელობით 9 აპრილს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნატოსადმი „ურყევი“ ერთგულება დაადასტურა.
მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-ის ნატოდან გასვლა სამართლებრივად სენატის თანხმობას მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ მათ გაიზიარეს ტრამპის პოზიცია მოკავშირეთა ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ, გააფრთხილეს, რომ ვაშინგტონში პოლიტიკური გაურკვევლობა მხოლოდ აძლიერებს მოსკოვისა და პეკინის პოზიციებს.
რებრენდინგი
რიუტეს ვაშინგტონის ვიზიტმა ტრანსატლანტიკური ხიდები ვერ აღადგინა, მაგრამ მისი ამჟამინდელი კონტურები მკაფიოდ გამოკვეთა.
ერთი მხრივ, ნატო ფუნქციურად უფრო ძლიერია, ვიდრე ახლო წარსულში: უკეთ ფინანსდება, მეტად აცნობიერებს საკუთარ როლს და სამხედრო თვალსაზრისით უფრო ქმედითია. მეორე მხრივ, პოლიტიკური ნდობა კვლავ სუსტდება - გაურკვევლობისა და გლობალური პრიორიტეტების განსხვავების გამო.
რიუტეს მთავარი მიღწევა ამ დაძაბულობის „რებრენდინგი“ იყო — მათი წარმოდგენა არა როგორც დაღმასვლის ნიშნებისა, არამედ როგორც მეტამორფოზის პროცესში ალიანსის გარდაუვალი და გადასალახი წინაღობებისა.