„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“(1973, აშშ, რეჟისორი ნორმან ჯუისონი)
ერთი მოსკოველი ნათესავი მყავდა, კინოოპერატორი, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს „მოსფილმში“ რაღაც მიუზიკლს იღებდა. იმხანად გადამღებ ჯგუფს ჰქონდა უფლება გამოეთხოვა „სახფილმფონდიდან“ (სადაც არალეგალურად გადაბეჭდილი უცხოური ფილმების ასლებს ინახავდნენ) ჰოლივუდში და ევროპის სტუდიებში გადაღებული 2 სურათი და „დახურულ სეანსზე“ ეჩვენებინა მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის.
„რომელი ფილმის ნახვას ისურვებ?“ - მკითხა მოსკოვში, მის ოჯახში სტუმრობისას. დაუფიქრებლად ვუპასუხე: „რა თქმა უნდა, „სუპერსტარს“... მაგას სხვაგან ვერასდროს ვეღირსები“.
ასე ვნახე ნორმან ჯუისონის მიუზიკლი, რომელიც საბჭოთა კინობრაკონიერებს შავ-თეთრ ფირზე ჰქონდათ გადატანილი და საგანგებოდ შენახული კრემლის მაღალჩინოსნებისთვის, მათი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის შაბათ-კვირას, სამთავრობო აგარაკებზე საჩვენებლად. ენდრიუ ლოიდ ვებერის მუსიკა ზეპირად ვიცოდი - ჯერ კიდევ აკადემიაში ვსწავლობდი, როცა ჩემმა კურსელმა, ლელა ოჩიაურმა შეგვკრიბა მეგობრები და მამამისის, ირაკლი ოჩიაურის მიერ დასავლეთის რომელიღაც ქვეყნიდან ჩამოტანილი დისკის, „სუპერსტარის“ „მოსმენა“ მოგვიწყო.
ეს მუსიკა ისე გვიყვარდა, რომ ვებერის მიუზიკლის მოსასმენად თითქმის კვირაში ერთხელ დავდიოდით რობერტ სტურუას „ყვარყვარეზე“, რომელიც „სუპერსტარის“ მელოდიებით იყო გაფორმებული. სპექტაკლი ხომ მოგვწონდა, მაგრამ ჩვენთვის დასავლური როკ-ოპერის შეტანა საბჭოთა თეატრში კულტურული თავისუფლების ჟესტი უფრო იყო. პარადოქსია, მაგრამ მუსიკა, რომელიც აქ ოფიციალურად აკრძალული იყო, ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მოსკოვიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ყველგან ვტრაბახობდი, რომ „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ ნახვის საშუალება მომეცა. მერე ვიდეომაგნიტოფონებიც შემოვიდა, კასეტები გავრცელდა... საბჭოთა კავშირი დაინგრა. მაშინვე დაიწყო საუბარი ვებერის მიუზიკლის დადგმაზე საქართველოს თეატრებში. მაგრამ ახლა ცენზორების როლში მორწმუნეთა ჯგუფები ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ არტისტების წრეებში გავრცელდა ხმა, „სუპერსტარის“ მუსიკა ძალიან მოსწონს საქართველოს პატრიარქს, ილია მეორესო, ვებერის მიუზიკლის წარმოდგენა ქართულ სცენაზე შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით მორწმუნეთა პროტესტი რუსული თეატრის გასტროლებსაც შეეხო - მრევლის ნაწილი იესო ქრისტეს ასეთი სახით გამოხატვას მკრეხელობად და შეურაცხყოფად მიიჩნევდა.
კინოს სამყაროსთვის წლევანდელი ივლისი ნორმან ჯუისონის თვე იყო - „სუპერსტარის“ რეჟისორის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში მას ძალიან აფასებდნენ, როგორც კომედიის „რუსები მოდიან, რუსები მოდიან!“ ავტორს. მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისში ჯერ ჯუისონის „მევიოლინე სახურავზე“ შეიძულეს (ფილმის პრემიერა საბჭოთა ებრაელების მასობრივ მიგრაციას დაემთხვა ისრაელში), შემდეგ კი - „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“, რომლის გადაღება უშუალოდ უკავშირდება ჯუისონის „მევიოლინეს“.
როდესაც Universal pictures-მა ტიმ რაისისა და ენდრიუ ლოიდ ვებერის ბროდვეიზე დადგმული „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ ეკრანიზაცია გადაწყვიტა, მრჩეველთა საბჭოს დიდხანს არ უმსჯელია რეჟისორის კანდიდატზე - ნორმან ჯუისონი უმალვე დაასახელეს. სწორედ იმიტომ, რომ ჯუისონის ფილმს „მევიოლინე სახურავზე“ იმხანად წარმატებით უჩვენებდნენ მსოფლიო ეკრანებზე. სხვათა შორის, „მევიოლინის“ პრემიერის დღეს აღნიშნა რეჟისორმა, რომ ოცნებობს ვებერის მიუზიკლის ეკრანიზაციაზე. ცოტა ხანში მან კომპოზიტორისგანაც მიიღო თანხმობა - ენდრიუ ლოიდ ვებერი წერდა, რომ ჯუისონს ნამდვილად შეუძლია თეატრალური წარმოდგენა ფილმად აქციოს ისე, რომ მიუზიკლის მხატვრული ღირებულება სრულიად შეინარჩუნოს.
ასევე ნახეთ
33 ფილმი ქსენოფობიაზენორმან ჯუისონს ჯერ სცენარზე მუშაობა დაწყებული არ ჰქონდა, როცა განაცხადა, რომ ფილმს ისრაელში გადაიღებდა, ნეგევის უდაბნოსა და მკვდარი ზღვის მიდამოებში. ჯუისონს ძალიან უნდოდა, ბიბლიური გარემო თანამედროვე ხელოვნებისა და ვებერის მუსიკის ენასთან შეეთავსებინა. 1973 წელს ეს გაბედული გადაწყვეტილება იყო - სახარების ეკრანიზაცია ისე, რომ არაფერი თქმულიყო იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებაზე... ფილმის დასრულება ჯვარცმით და არა ქრისტიანების გამარჯვებით, აღდგომით, ისევე როგორც უარის თქმა სასწაულების ჩვენებაზე, რადიკალური ნაბიჯი იყო, რომელიც - ეს წინასწარ იცოდნენ ჰოლივუდში - აუცილებლად გამოიწვევდა მორწმუნეთა პროტესტებს.
ასეც მოხდა. ქრისტიანმა კონსერვატორებმა ფილმი დაიწუნეს იმიტომ, რომ იესო ზედმეტად ადამიანურად არის წარმოდგენილი, ხოლო იუდას როლი მეტისმეტად გაზრდილია - ჯუისონის ფილმში ამბავი ფაქტობრივად იუდას თვალით ვითარდება. იუდა აქ ტრაგიკული პიროვნებაა, რომელსაც აშინებს არა მარტო იესოს პოპულარობა, არამედ ხალხის ფანატიზმი და რომაული ხელისუფლების შესაძლო რეპრესიები. მაგრამ ნორმან ჯუისონს მოხვდა ზოგიერთი ებრაული ორგანიზაციისგანაც. მათი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მღვდელმთავრების წარმოდგენილი სახეები ანტისემიტიზმის გავრცელებას უწყობს ხელს.
კრიტიკოსთა მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოთქვა უკმაყოფილება იუდას როლში შავკანიანი მსახიობის, კარლ ანდერსონის ხილვის გამო. შეიძლება ჯუისონის არჩევანი იმიტომ ვერ დაიწუნეს, რომ იუდას როლი ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ფილმში. რასიზმშიც ვერ დაადანაშაულებდნენ ნორმან ჯუისონს, კაცს, რომელსაც კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტირასისტული ფილმი “შუაღამის სიცხე” ჰქონდა გადაღებული.
მოკლედ, 70-იანი წლების დასაწყისი სხვა დროა და არ ჰგავს დღევანდელს, როცა რასისტებმა და შენიღბულმა რასისტებმა, ვითომც “ვოუქიზმთან” ბრძოლის მოტივით, “შავკანიანი ელენე” დაიწუნეს ნოლანის “ოდისეაში”. 70-იანი წლების დასაწყისში ესთეტიკური და ეთიკური კლიშეებისგან ჰოლივუდიც უფრო თავისუფალი იყო. და რაც მთავარია, ამერიკულ კინოში ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული პრინციპი: “ხელოვნება სხვაა, პოლიტიკა სხვაა”.
ასევე ნახეთ
ჰომეროსიდან დისნეილენდამდენორმან ჯუისონის “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი” ძლიერი პოლიტიკური ფილმიცაა. ჯუისონი ასახავს სამყაროს, რომელშიც სიმართლე ნაკლებად აინტერესებთ… სამყარო, სადაც ყველა ძალა ცდილობს გამოიყენოს იესო ქრისტე - რომაელები სტაბილურობას იცავენ, მღვდელმთავრები - საკუთარ ძალაუფლებას, ხალხს სასწაულები უნდა, მოწაფეებს კი ბოლომდე არ ესმით, ვინ არის ქრისტე. შემთხვევით არ ამბობს რეჟისორი უარს ისტორიულ რეკონსტრუქციაზე. ქრისტეს ცხოვრებას ხომ აქ გაითამაშებენ ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც ავტობუსით ჩადიან უდაბნოში. თითქოს ბიბლიური ამბავი გვიამბობს თანამედროვე ადამიანის პასუხისმგებლობისა და იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის საზოგადოება საკუთარ კერპებს, შემდეგ როგორ ანგრევს მათ და როგორ რჩება ადამიანი მარტო ძალაუფლების, რწმენისა და ბრბოს მოლოდინს შორის. ეს თემა აქტუალური იყო 1973 წელს, ფილმის პრემიერის დროს, აქტუალური იყო საბჭოთა ეპოქაში, როდესაც ნორმან ჯუისონის “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი” აიკრძალა (თუმცა კრემლის მაღალჩინოსნები მაინც უყურებდნენ) და აქტუალურია დღესაც. ჩვენთვის და დანარჩენი სამყაროსთვის.
ფილმის ორიგინალური ვერსია აქ:
“წითელი ზონის” ძველი გადაცემა, რომელიც ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლს მიეძღვნა, აქ: