„60 ონკოლოგის საქმის“ ბურუსი და გამქრალი წამლები - გიყვებით დეტალებს

​​​​​​​ჯანდაცვის ექსმინისტრის სიტყვების - „მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული სქემაში“ და „თაღლითობის საქმის“ უკან უწამლოდ დარჩენილი, გამწარებული ონკოპაციენტები დგანან. ისინი ითხოვენ სახელმწიფოს დალუქულ წამლებს, რასაც ექსმინისტრმა „საეჭვო“ და „გაურკვეველი წარმოშობის“ უწოდა. დღემდე არ აუხსნია - რატომ.

ბანგლადეშის წარმოების საეჭვოდ წოდებულ და ამჟამად აკრძალულ წამლებს, ფასითა და შედეგებით, საქართველოში პაციენტებიც ემადლიერებიან და ექიმი ონკოლოგებიც.

პარალელურად, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს შემომტანი კომპანიის „ვილბი ფარმას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი - თინათინ კაჭარავა, რომელიც თავადაც ყოფილი ონკოპაციენტის დედაა.

ბანგლადეშის წარმოების ონკოლოგიურ პრეპარატებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თავად საქართველოს სახელმწიფო აფინანსებდა და შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად - საეჭვოდ გამოაცხადა.

ონკოპაციენტები საქართველოში საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ. მათი პრობლემაა - წამლების სიძვირე, დეფიციტი და არასაკმარისი დაფინანსება.

მედიკამენტების კრიზისი დროში ემთხვევა ბანგლადეშის წარმოების პრეპარატების აკრძალვას.

რადიო თავისუფლება შეეცადა დალაპარაკებოდა ყველა მხარეს და სრული სურათი წარმოედგინა.

  • რამდენად „საეჭვოა“ ბანგლადეშში წარმოებული ონკოპრეპარატები?
  • რა ეჭვებს აღძრავს პრეპარატების აკრძალვა და ექიმების თაღლითებად გამოცხადება?

თვეები წამლის მოლოდინში

„წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა - [სახელმწიფოს] დაფინანსება მქონდა, აფთიაქი ["ედელვაისი" - რ.თ.] ღია იყო და წამალი ვერ მომცეს... ძალიან რთულია, სადღაც გეგულებოდეს წამალი და ვერ იღებდე... წამალი, რომ ელემენტარულად იარსებო“, - გვეუბნება 45 წლის დავით სპარსიაშვილი, რომელსაც ორი წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

დავით სპარსიაშვილი

ძვირადღირებული მკურნალობის ეტაპების გავლის შემდეგ, დავითს ონკოლოგმა ბანგლადეშის [Beacon Medicare Limited] მიერ წარმოებული პრეპარატი იბრუტიქსი [Ibrutix] ურჩია.

8 თვე სვამდა წამალს და ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილი იყო - თითქმის სამჯერ უფრო იაფმა პრეპარატმა სრულყოფილად შეუცვალა შვეიცარიული იმბრუვიკა [Imbruvica].

„ძალიან დიდი შეღავათი იყო. 7500 ლარის ნაცვლად, ეს წამალი [ბანგლადეშის - რ.თ.] სადღაც 2200 ლარი ღირდა და შედეგი ზუსტად ანალოგიური იყო... დაგვიძახონ პაციენტებს და გვკითხონ. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა სახელწოდების წამალს დავლევ. მთავარი არის, რომ მე შედეგი მივიღო. ფაქტია, რომ შედეგი აქვს ამ წამალს... ნამდვილად ხარისხიანი წამალია“, - დავითი გვეუბნება: რომ შემეძლოს, Beacon-ის იბრუტიქსის ჩამოსატანად თვითონ წავიდოდი ბანგლადეშშიო.

დავით სპარსიაშვილს წამლის ყიდვის საფასური სხვადასხვა დროს, დაუფინანსა მუნიციპალიტეტმაც და სახელმწიფოს რეფერალურმა პროგრამამაც. ამიტომ ვერ წარმოიდგენდა, რომ იგივე სახელმწიფო ერთ დღეს ამ წამლებს აკრძალავდა.

რაც „ედელვაისში“ წამლები დაილუქა და დავითმა გადანახული მარაგიც ამოწურა, პაციენტი იძულებული იყო, რომ ბაზარზე ახლად გამოჩენილი პრეპარატის - „ნიტიბის“ მიღება დაეწყო. უკმაყოფილოა, ამბობს, ყოველთვიური დოზა 1900 ლარამდე მიჯდება, მაგრამ კაფსულებიდან ფხვნილი იყრებაო.

„ავერსის“ კატალოგში „ნიტიბს“ აწერია, რომ რუსეთის წარმოებისაა, თუმცა ღია წყაროების მიხედვით, იმავე სახელწოდების პრეპარატის მწარმოებელ ქვეყნად ინდოეთია მითითებული.

„ალბათ ესეც მოქმედებს, რადგან ფეხზე ვდგავარ... მაგრამ არჩევანი რომ იყოს, ბანგლადეშის წამალს ავირჩევდი“, - გვეუბნება სპარსიაშვილი და მაინც იმედი აქვს, რომ დალუქული წამლების გაყიდვას სახელმწიფო ისევ დაუშვებს.

დალუქული ონკოპრეპარატები აფთიაქ "ედელვაისში"

Beacon-ის წარმოების ონკოლოგიური მედიკამენტები თბილისში, სადგურის მოედანზე, აფთიაქ „ედელვაისში“ იყიდებოდა - მხოლოდ სამედიცინო ფორმა 100-ის საფუძველზე. აფთიაქის საცავებში 5 დეკემბრის შემდეგ - 300 ათას ლარზე მეტის პროდუქციაა დალუქული.

სულ 20 დასახელების წამალია, რომელთა უდიდესი ნაწილის ანალოგი საქართველოს ბაზარზე არ შემოდის და არც საყოველთაო დაზღვევის 25-ათასლარიან პაკეტში შედის.

ბანგლადეშის ფირმის მიერ წარმოებული ონკოლოგიური პრეპარატები საქართველოში რამდენიმე ასეულმა პაციენტმა მიიღო, მათ შორის - მუნიციპალური თუ სახელმწიფოს რეფერალური პროგრამების დაფინანსებით.
სახელმწიფოს პრეპარატის შემომტანი კომპანიის - „ვილბი ფარმას“ ვალი მილიონ ლარზე ბევრად მეტი აქვს.

აფთიაქის ხელმძღვანელი, მიხეილ ლომიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პაციენტები და მათი ოჯახის წევრები დღემდე კითხულობენ დალუქული წამლების ბედს - ხომ არ გადაიფიქრა სახელმწიფომ? ხომ არ დაწყებულა გაცემა?

დალუქული ონკოლოგიური წამლები აფთიაქ "ედელვაისში"

თბილისელი მერი სირაძის ძმა - გურიაში მცხოვრები 66 წლის დავითი, 5 მარტს გარდაიცვალა, როგორც და ამბობს - ბანგლადეშის წარმოებული წამლის - კაბოზანიქსის [Cabozanix] მოლოდინში.

თირკმლის მეოთხე სტადიის კიბოს მქონე კაცმა ამ წამლის მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული წამალი არ მოუხდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

სახელმწიფო რეფერალურმა პროგრამამ ბანგლადეშის წარმოების წამალი დავით სირაძეს, როგორც სოციალურად დაუცველს, 5-ჯერ დაუფინანსა, ერთხელ კი - ოჯახის წევრების საერთო ძალისხმევითა და ვალად გამოტანილი პენსიით შეიძინეს.

დეკემბრიდან დაფინანსების ძებნას აზრი დაეკარგა - წამალი ხელმისაწვდომი აღარ იყო.

„იმისმა სტრესმა, იმისმა ფიქრმა, რომ წამალი არ იყო, ამან დააჩქარა სიკვდილი... დეკემბერის შუა რიცხვებიდან უკვე წამალი აღარ ჰქონდა. საცოდავი, ცხონებული, რომ გაიგო - წამალი აღარ იყო, ხანდახან, 2 დღე რომ დალევდა, მესამე დღეს აღარ დალევდა. ერთ დღეს მოიპარავდა“, - გვეუბნება მერი სირაძე, რომელიც თვითონ იყო ჩართული ძმის მკურნალობის პროცესში და საბუთებითაც აქეთ-იქით ხშირად დარბოდა.

ონკოლოგიური პაციენტების უფლებების დაცვის ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ბოლო თვეებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა.

ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოში ონკოლოგიური პრეპარატების მწვავე დეფიციტია, ეს კრიზისი ბოლო სამ თვეში გამწვავდა და ზუსტად ემთხვევა Beacon-ის წარმოებული პრეპარატების აკრძალვას.

„სამი თვეა პაციენტებს შეზღუდული აქვთ მკურნალობის შესაძლებლობა. ძალიან ბევრი პაციენტი აპარატზეც კია მიერთებული, ადამიანები მოგვიკვდა ამ სამი თვის ლოდინში... მე სულ არ ვიცოდი, რომ ბანგლადეშის წამლებზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ პაციენტები მწერდნენ - "ედელვაისი" დაიხურაო და რა ვქნათ, წამლები სად უნდა ვიშოვნოთო?! ... რომ წამოვიდა ეს პრობლემა, რომ - დეფიციტია, ვერ მკურნალობენ, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ ჩვენი პროტესტი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გვანცა აფხაიძე, ორგანიზაციის დამფუძნებელი, თავადაც ყოფილი ონკოპაციენტი.

პაციენტების დიდი ნაწილი პრეპარატ კეიტრუდას შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვს, რომელიც საყოველთაო დაზღვევის [სახელმწიფოს მიერ პირდაპირი შესყიდვა] პროგრამაში არ არის ჩასმული.

აფთიაქებში იშვიათად გამოჩენილი კეიტრუდა დაახლოებით 8500 ლარი ღირს. მისი ანალოგი ბანგლადეშური წამალი კი - პემბროქსიმი - 4335 ლარი ღირდა.

ორივე წამლის მოქმედი ნივთიერება ერთი და იგივეა - პემბროლიზუმაბი - და ორივეს ერთნაირი შედეგი აქვს.

„გაგვიჩნდა ეჭვი ონკოპაციენტებს, რომ ეს რაღაც ფარმამაფიაა - რომელსაც უნდა, რომ იაფიანი პრეპარატები არ შემოვიდეს [საქართველოში]“, - ამბობს გვანცა აფხაიძე.

ონკოპაციენტები 12 მარტს, ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ, ამბობენ - გვითხრეს, 10 დღის შემდეგ ისევ შეგხვდებითო, მაგრამ აღარ დაუძახეს.
მოთხოვნებს შორის არის 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება და წამლების ხელმისაწვდომობა - ამის შესახებ მინისტრსაც მიმართეს.
თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევენ, აპრილიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

სახელმწიფოს მიერ ონკოპაციენტებისთვის ნაყიდი პრეპარატები, ექსპერტების შეფასებით, ონკოლოგიის მთელ სპექტრს ვერ მოიცავს, ხშირად მნიშვნელოვანი დაგვიანებით შემოდის, მწვავე დეფიციტი ჩნდება და ასევე - 25 ათასი ლარი ბევრისთვის არასაკმარისია ძვირადღირებული პრეპარატებით მთელწლიანი მკურნალობისთვის.

  • წამლებს, რომლებიც 25-ათასლარიან ლიმიტში ვერ ჯდება, არა ყოველთვის და ყველასთვის, მუნიციპალიტეტები და სახელმწიფოს რეფერალური პროგრამა აფინანსებს.
  • კანონიერია არარეგისტრირებული პრეპარატების შემოტანა - ინდივიდუალური მოხმარებისთვის, ფორმა 100-ის საფუძველზე. წამლები ბანგლადეშიდანაც სწორედ ამ გზით შემოდიოდა.

„ედელვაისის“ ბაზებში ინახება ყველა პაციენტის გვარი და სახელი, ვინც წამალი მიიღო.

აფთიაქი "ედელვაისი"

არაერთი თვის დაფინანსების შემდეგ, სახელმწიფომ, ჯანდაცვის ექსმინისტრის პირით განაცხადა, რომ - პრეპარატები, რასაც თვეების განმავლობაში პაციენტებისთვის ყიდულობდნენ, „საეჭვო ქვეყნის“, „გაურკვეველი წარმოშობის“ იყო.

რას ამბობენ ონკოლოგები - ბანგლადეშის წამლებზე, ბრალდებებზე

ექიმი ონკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი - ალექსანდრე თავართქილაძე - რომელიც წლები საფრანგეთში მუშაობდა, რადიო თავისუფლებას გვიანი სტადიის სიმსივნის მქონე 3 პაციენტის წარმატებულ ამბებს უყვება, რომლებიც ბანგლადეშის კომპანია Beacon-ის წარმოებული პრეპარატებით მკურნალობდნენ და ამჟამად რემისიაში არიან.

  • პაციენტი #1 - ფილტვის კიბოს დიაგნოზით - იღებდა პრეპარატ ტაგრიქსს;
  • პაციენტი #2 - საკვერცხის კიბოს დიაგნოზით - იღებდა პრეპარატ ოლაპარიქსს;
  • პაციენტი #3 - ნაწლავის კიბოს დიაგნოზით - იღებდა პრეპარატ რეგონიქსს.

ვიდრე ბანგლადეშის წამლებზე გადავიდოდნენ, ალექსანდრე თავართქილაძის პაციენტები იმავე შემადგენლობის ბრენდული პრეპარატებით მკურნალობდნენ, მაგრამ სახელმწიფო პროგრამის 25-ათასლარიანი ლიმიტი მალევე ეწურებოდათ და შედარებით იაფი ანალოგების მოძებნა იყო საჭირო.

ექიმი გვეუბნება, რომ მის პაციენტებს შედეგი იგივე ჰქონდათ.

ალექსანდრე თავართქილაძე - ექიმი ონკოლოგი, პროფესორი

ალექსანდრე თავართქილაძემ ბანგლადეშის წარმოების პრეპარატების დანიშვნა პაციენტებისთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი დაფინანსება სახელმწიფოს რეფერალურ პროგრამაში ჩაჯდა.

ამ დროისთვის ექიმს უკვე შესწავლილი ჰქონდა ინფორმაცია მწარმოებელი კომპანიის შესახებ. აზრი ჰკითხა თავის ფრანგ კოლეგებსაც.

„ეს ქარხანა [ბანგლადეშში - რ.თ.] აშშ-ის დიდი ნდობით სარგებლობს, აქვს საკმაოდ მძლავრი სერტიფიკატები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოდან. აქვს GMP-ის და GLP-ის ყველა ხარისხის და ყველა დონის სტანდარტი.

ამ ქარხანას მიეცა ნდობის სერტიფიკატი და კორონავირუსის დროს აწარმოებდა პრეპარატ პაქსლოვიდს - მთელი იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ჩინეთის ნაწილი მის წარმოებაზე იყო დამოკიდებული. აწარმოებდა ასევე რემდესივირს“, - პროფესორი გვეუბნება, რომ საქართველოში Beacon-ის პრეპარატების საეჭვოდ გამოცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

ალექსანდრე თავართქილაძე ასევე ამბობს, რომ Beacon-ის ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის „საეჭვოს“ წოდებით ჯანდაცვის ექსმინისტრმა პაციენტები „დაზაფრა“, ხოლო "მინიმუმ 60 ონკოლოგის" ე.წ. თაღლითობის საქმეზე მას უბრალოდ ეცინება.

ალექსანდრე თავართქილაძე გვეუბნება, რომ - 60 ონკოლოგი საერთოდ არ მუშაობს საქართველოში და მათი რიცხვი, ჯამში, 40-ს არ აღემატება.

„ანტისიმსივნურ წამლებს რომლებიც გამოვწერთ, ასეთი ვართ 24 ონკოლოგი, მთელ საქართველოში. შემიძლია გვარებით ჩამოგითვალოთ. დანარჩენები - 10 ონკოლოგი არის უბნის ონკოლოგის ლიცენზიებით და ისინი მხოლოდ ნარკოტიკებზე და პალიატიურ სამსახურებზე მუშაობენ და არა აქვთ შეხება ანტისიმსივნურ საშუალებებთან. 9 მოქმედი ჰემატოლოგია საქართველოს მასშტაბით, რომელიც სისხლის სისტემის სიმსივნეებზე მუშაობს. სხვები ონკოლოგიაზე არ მუშაობენ - მწვავე ლეიკემიაზე, მაგალითად. ეს ციფრი [ონკოლოგების საერთო რაოდენობა], ჯამურად, 40-მდე არცკი გამოდის... “, - გვეუბნება ალექსანდრე თავართქილაძე.

რადიო თავისუფლება კიდევ რამდენიმე ექიმი ონკოლოგის მოსაზრებებს გაეცნო, თუმცა მათ ანონიმურად დარჩენა არჩიეს.

„ისეთი დატვირთული რეჟიმი მაქვს, არანაირი სურვილი არ მაქვს, სასამართლოებში და პროკურატურაში ვირბინო იმის გამო, რომ უამრავი პაციენტი მყავს გადარჩენილი... ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ექიმს ღირსების ორდენებით უნდა აჯილდოებდეს, ისეთ პირობებში გვიწევს მუშაობა...“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი ცნობილი ონკოლოგი, რომელიც ძალიან კმაყოფილია იმ შედეგით, რაც ჰქონდათ მის პაციენტებს, ბანგლადეშის პრეპარატების ვენტონიქსისა და იბროტიქსის დანიშვნის შემდეგ.

„ბანგლადეშის პრეპარატებზე რაც შემიძლია ვთქვა - პაციენტების 90%-ის შემთხვევაში მივიღე აბსოლუტური შედეგი. ვლაპარაკობ ათეულობით პაციენტზე, დაავადების გვიან სტადიებზე... რაც უნდა პროკურატურა იყოს და სასამართლო, მე ტყუილს ვერ ვიტყვი.

ჩემს პაციენტებში ეფექტური იყო ძალიან... მე რომელ პრეპარატებსაც ვიყენებდი, თითქმის არცერთის მსგავსი არ არის ქართულ ბაზარზე ახლა. პაციენტები მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილი. არარეგისტრირებული არ ნიშნავს, რომ წამალი არ არის ეფექტური“, - ონკოლოგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წამლების მწვავე დეფიციტის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა, „მოესმინათ ექიმების აზრი და ბანგლადეშის წარმოების პრეპარატები დაერეგისტრირებინათ“.

ფარმაცევტული ქარხანა ბანგლადეშში - Beacon Medicare Limited (BML).

როგორც გვეუბნებიან, ონკოლოგები პროკურატურაში არ გამოუკითხავთ, მაგრამ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურში ცალ-ცალკე დაიბარეს და ზოგიერთთან არცთუ რბილი საუბარი შედგა - იყო მუქარაც.

ერთ-ერთი ონკოლოგი გვეუბნება, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მას პირდაპირ ჰკითხეს - ხომ არ ჰქონდა პირადი სარგებელი იმით, რომ თავის პაციენტებს ბანგლადეშურ პრეპარატს უნიშავდა.

ეს ექიმი ბანგლადეშის კომპანიის დაფინანსებით ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციის [EHA] კონგრესზე იყო ჩასული, ამბობს, რომ „ეს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა“ - ექიმისთვის აუცილებელი ცოდნის მისაღებად.

ალექსანდრე თავართქილაძე, როგორც გვეუბნება, ჯერ არც პროკურატურაში დაუბარებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურში - მაგრამ ორივეგან დაბარებას ერთგვარი ხალისით ელოდება - კანონების არმცოდნეთათვის სათქმელი ბევრი მაქვსო.

ფარმაცევტული ქარხანა ბანგლადეშში - Beacon Medicare Limited (BML).

ვის და რატომ შემოჰქონდა Beacon-ის მედიკამენტები?

ბანგლადეშის მსხვილი და სწრაფად მზარდი ფარმაცევტული კომპანია Beacon-ის პროდუქცია საქართველოში 2019 წელს დაფუძნებულ „ვილბი ფარმას“ შემოჰქონდა.

კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი თინათინ კაჭარავა „თაღლითობის საქმეზე“, მოწმის სტატუსით, მარტში ერთხელ უკვე დაიბარეს პროკურატურაში.

გვეუბნება, რომ ხელმისაწვდომი ონკოლოგიური პრეპარატების შემოტანის იდეა შვილის მიერ ონკოლოგიური დაავადების გადატანის შემდეგ გაუჩნდა, როცა ხანგრძლივი მკურნალობისას, საავადმყოფოებში ბევრი ადამიანის სიკვდილი ნახა და როცა კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ კარგ და ხელმისაწვდომ წამალს სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.

Your browser doesn’t support HTML5

თინათინ კაჭარავა - "ვილბი ფარმას" თანადამფუძნებელი და დირექტორი

წამლის მწარმოებელი ქვეყნის შერჩევისას, მისთვის გადამწყვეტი იყო ის ფაქტორი, რომ ბანგლადეშს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს დაბალგანვითარებული ქვეყნის სპეციალური სტატუსი [LDC] და უფლება - აწარმოოს ინოვაციური პრეპარატები, პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე.

შესაბამისად, ბანგლადეშის წარმოების მედიკამენტები არის არა ექსპერიმენტული, არამედ - მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო პრეპარატების იდენტური - ზუსტად იმავე მოქმედი ნივთიერებებით.

ამასთან, ბანგლადეშში მუშახელი იაფია, რაც წარმოებული პროდუქციის სიიაფეს უწყობს ხელს.

არსებობს დამადასტურებელი საბუთები, რომ Beacon-ს მინიჭებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის GMP [კარგი საწარმოო პრაქტიკის დასტური] და ევროპული GMP, ანტიბიოტიკების წარმოების მიმართულებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად ასევე ევროპული GMP-ის მისაღებად ონკოლოგიური პრეპარატების წარმოების მიმართულებითაც მუშაობენ.

კომპანია დაფუძნებულია 2006 წელს და ლიცენზირებულია ბანგლადეშში.

ფარმაცევტული ქარხანა ბანგლადეშში - Beacon Medicare Limited (BML).

თებერვალში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონკრეტული კომპანიის მედიკამენტები არ არის დარეგისტრირებული არცერთ ქვეყანაში.

  • Beacon-ი აცხადებს, რომ კომპანიის პროდუქცია დარეგისტრირებულია 17 ქვეყანაში, მათ შორის - აზერბაიჯანში; ხოლო ყაზახეთში - ამ კომპანიის პროდუქცია, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - სპეციალური რეჟიმით შეაქვთ.
  • სახელისუფლებო დონეზე მიმდინარეობს დისკუსია Beacon-ის პრეპარატების დასარეგისტრირებლად ახალ ზელანდიაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არარეგისტრირებული პრეპარატების შემოტანა, პაციენტების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, ნებადართულია, ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, როგორც „ვილბი ფარმაში“ გვითხრეს, Beacon-მა მაინც მოითხოვა ონკოლოგიური პრეპარატების დარეგისტრირება.

ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტების თანახმად, Beacon medicare limited-მა Beacon Pharmaceuticals Limited-ის მიერ წარმოებული პრეპარატების დარეგისტრირება მოითხოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს თებერვლის ინფორმაციის თანახმად, კომპანიას უარი უთხრეს ორი მიზეზით: „რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობები“ და „საეჭვო წარმომავლობა“.

პრეპარატების ხარისხი საჯაროდ სადავო არ გამხდარა.

ჯანდაცვის სამინისტროში დამატებით შეკითხვებზე არ გვიპასუხეს. უპასუხოდ დარჩა შეკითხვა - შემოწმდა თუ არა მედიკამენტი ლაბორატორიაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს.

Beacon medicare limited-ი ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციისა [EHA] და ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების [ESMO] პარტნიორი და სპონსორია. კონფერენციებსა და კონგრესებზე ის მუდმივად თვალსაჩინო სტენდებით არის წარმოდგენილი.
Beacon medicare limited-ი Beacon Pharmaceuticals Limited-ის მონათესავე კომპანიაა.

ფარმაცევტული ქარხანა ბანგლადეშში - Beacon Medicare Limited (BML).

როგორც Beacon-ი აცხადებს, მის მიერ დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სტანდარტებით წარმოებულ ინოვაციურ წამლებს პაციენტები 100-ზე მეტ ქვეყანაში მოიხმარენ.

„ჩვენი პაციენტები მადლიერები და ბედნიერები იყვნენ ამ წამლების ხელმისაწვდომობით. ეს ისეთი ემოციური თემაა ჩვენთვის... პაციენტების ცხოვრებით ვცხოვრობდით მთელი ეს დრო. მუდმივად ვკითხულობდით მათ ამბებს“, - ეუბნება თინათინ კაჭარავა რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ ვერაფრით გაიგო - რას ემართლება მის კომპანიას საქართველოს სახელმწიფო და რატომ დაატარებს საგამოძიებო სტრუქტურაში.

კაჭარავა გვეუბნება, რომ თავიდან საკმაოდ გაუძნელდა როგორც ბანგლადეშის ქარხანასთან შეთანხმება, საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო; ასევე - მედიკამენტების გაცნობა ქართველი ონკოლოგებისთვის, რომლებიც, პაციენტების სენსიტიურობიდან გამომდინარე, „ყველაფერს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან“.

მაგრამ თანდათან, როცა პრეპარატების ეფექტიანობა დადასტურდა, პაციენტებმა თავად გაიკვლიეს გზა სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად და გაუხარდათ, როცა მედიკამენტები რეფერალურ პროგრამაში შეიტანეს.

Your browser doesn’t support HTML5

გელა ნიკოლაიშვილი - "ვილბი ფარმას" ადვოკატი

ე.წ. თაღლითობის საქმეზე, თინათინ კაჭარავას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილია.

ის ვარაუდობს, რომ „ვილბი ფარმას“ მიერ შემოტანილი პროდუქცია, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში - მსხვილმა მოთამაშეებმა დაბლოკეს. ერთ-ერთი ვერსიით, მედიკამენტები ადგილობრივი სააფთიაქო ქსელის პარტნიორი ერთ-ერთი მსხვილი ევროპული კომპანიის საჩივრის შედეგად დაილუქა.

რადიო თავისუფლება ცდილობს გადაამოწმოს - რომელმა კომპანიამ და რა მიზეზით იჩივლა. ჯანდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე არ გვიპასუხეს.

არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებულ ეჭვებს რადიო თავისუფლებას ონკოლოგებიც უზიარებენ.

გელა ნიკოლაიშვილისთვის აბსურდულია „თაღლითობის“ ბრალდება, რადგან ამ პროცესში მოტყუებულად თავს არავინ თვლის - როგორც პაციენტებს, ასევე ექიმებს აწუხებთ მხოლოდ ერთი რამ - წამლები აღარ არის ხელმისაწვდომი.

ადვოკატს ეჭვი არ ეპარება, რომ, თუკი საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ, საბოლოოდ, სწორედ - „ვილბი ფარმას“ წინააღმდეგ მიმართული საეჭვო გარიგებები გამოაშკარავდება და დამნაშავეებს შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებშიც მიაკვლიონ.

„ვილბი ფარმას“ მიერ შემოტანილი პრეპარატების უდიდესი ნაწილის ანალოგი ან ეფექტიანი შემცვლელი პროდუქცია საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე საერთოდ არ არის. ხოლო რაც იყიდება, იმ პრეპარატების ფასები საშუალოდ 2-3-ჯერ აღემატება ბანგლადეშის წარმოებისას.

გელა ნიკოლაიშვილის აზრით, პაციენტებს აქვთ უფლება, უჩივლონ სახელმწიფოს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების გარეშე მათი დატოვებისთვის; ხოლო ონკოლოგებს აქვთ საფუძველი, სამართლებრივი პროცესი საკუთარი რეპუტაციული ზიანის გამო წამოიწყონ.

რადიო თავისუფლების დამატებით შეკითხვებს პროკურატურაში არ პასუხობენ. გვითხრეს მხოლოდ, რომ გამოძიების პროცესი გრძელდება.

  • 4 მარტს, პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
  • პროკურატურის განმარტებით, ლაპარაკია საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტზე, რაც შემდეგ პაციენტებმა ან საკუთარი ფულით იყიდეს, ან სახელმწიფოს დაფინანსებით. საქმის მასალები პროკურატურას თებერვალში გადაეცა.

ამას წინ უსწრებდა თანამდებობიდან გადამდგარი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის 4 მარტის ფეისბუკპოსტი, სადაც ის წერდა, რომ: „საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა“ , „მინიმუმ 60 ონკოლოგი“ იყო ჩართული „ამ სქემაში“ და „მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში“; ხოლო „ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება“.

ექსმინისტრის პოსტი ფეისბუკში აღარ იძებნება.

17 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ - საბჭომ განიხილა „38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მიერ „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის და „ეს მედიკამენტები არ არის აღიარებული „არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ“. სწორედ ამ დროს გადაეცა საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას.

ონკოპრეპარატების დალუქვა

ბანგლადეშის წარმოების პრეპარატები, 5 დეკემბერს, ჯერ კიდევ „თაღლითობის საქმის“ გამოძიების დაწყებამდე დაილუქა - ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტის საფუძველზე.

ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს როგორც აფთიაქ „ედელვაისის“, ასევე შემომტანი კომპანია „ვილბი ფარმას“ წინააღმდეგ. შედგა არაერთი სასამართლო პროცესი.

ადვოკატი თათია ხაბეიშვილი, რომელიც ორივე კომპანიის ინტერესებს იცავს, დავას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გვეუბნება, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა, სააგენტოს მიერ დღემდე არ ჩაბარებია წერილობითი პასუხი, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ვილბი ფარმასა“ და „ედელვაისის“ წინააღმდეგ.

„არ გვაწვდიან ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაწყების საფუძვლის შესახებ. ჯანდაცვამ [სამინისტრომ] ეს აქტი არ მომცა. არადა, მე, როგორც მხარეს - უნდა მეცნობოს წარმოების საფუძვლის შესახებ... მოწმე როდესაც დავკითხე [სასამართლო პროცესზე], რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი, აღმოჩნდა, რომ კონკურენტმა კომპანიამ შეიტანა განაცხადი და იმის საჩივრის საფუძველზეა "ედელვაისში" წარმოება დაწყებული.

არ დაუსახელებია კონკრეტული კომპანია, მაგრამ, როგორც მე მივხვდი - სერიოზული დისკომფორტი შეექმნა ამ კუთხით [მოწმეს] და მაქსიმალურად ცდილობდა პასუხები აერიდებინა“, - თათია ხაბეიშვილი გვეუბნება, რომ დამატებითი შეკითხვების დასმის შესაძლებლობა აღარ მისცეს, რადგან მოსამართლემ თქვა, „რომ ეს საკითხი საქმესთან შემხებლობაში არ არის და არ გავშალოთ“.

რადიო თავისუფლებას სურდა გასაუბრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს. მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღია.

„ედელვაისისა“ და „ვილბი ფარმას“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლები მსგავსია და ჩამონათვალშია, მაგალითად, მედიკამენტების საბითუმო რეალიზაცია, რაც, ადვოკატის თქმით, სრულიად უსაფუძვლოა - თითოეული მედიკამენტის უკან კონკრეტული პაციენტი და ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100 დგას. ეს დოკუმენტაცია მკაცრად მოწმდება საბაჟოზეც.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, 13 დეკემბერს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ მოქმედმა მინისტრმა, აზარაშვილმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლითაც პრაქტიკულად აკრძალა ბანგლადეშიდან არარეგისტრირებული პრეპარატების შემოტანა.

ასევე აიკრძალა არარეგისტრირებული პრეპარატების შემოტანა ინდოეთიდან; თუმცა ადვოკატ ხაბეიშვილს ხელში უჭირავს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც 20 დეკემბერს - ერთ-ერთმა კომპანიამ დაურეგისტრირებელი მედიკამენტები სწორედ ინდოეთიდან შემოიტანა და სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

იმისთვის, რომ ბანგლადეშიდან ამ პრეპარატების შემოტანა განახლდეს, მინისტრის ამ ბრძანების გაუქმებაც იქნება საჭირო.

ონკომედიკამენტების წარმოება ბანგლადეშში - Beacon Medicare Limited (BML).

უკვე ექსმინისტრის 13 დეკემბრის ბრძანება, დაურეგისტრირებელი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევაში, GDP სერტიფიკატს [კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა] ითხოვს. ადვოკატი ხაბეიშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს „უკანონოდ ედავებიან“ და, რომ კომპანიების საქმიანობის დროს მოქმედი კანონი იძლეოდა ამ ფორმით მედიკამენტების შემოტანის უფლებას.

  • ადვოკატი არ იზიარებს რეგულირების სააგენტოს პოზიციას, რომ არარეგისტრირებული წამლის შემომტანებისთვის საჭირო იყო GDP სერტიფიკატის [კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა] არსებობა და სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გაკეთება.

ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება.

„ვილბი ფარმას“ შემთხვევაში სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მარეგულირებლის აქტი ძალაში დატოვა.

ადვოკატი ხაბეიშვილი ასაჩივრებს - მისთვის პრინციპულია, რომ აფთიაქში დალუქული პრეპარატები არ განადგურდეს - რაც აფთიაქის გამტყუნების შემთხვევაშია მოსალოდნელი.