ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, სიამოვნებით ეწვევა თბილისს და ასევე თქვა, რომ უნგრეთი არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში.
13 აპრილს, არჩევნებში „ტისას“ გამარჯვებისა და ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ დამარცხების მეორე დღეს, სამსაათიანი პრესკონფერენციისას პეტერ მადიარს კითხვა დაუსვა ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“. კითხვის ფორმულირება ასეთი იყო:
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის დიდი ხნის მეგობრობაა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობაშია გამოხატული, რას უნდა ველოდოთ თქვენგან? გააგრძელებთ თუ არა ურთიერთობას საქართველოსთან და იქნება თუ არა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან?“
მადიარის პასუხი საქართველოზე
პასუხად პეტერ მადიარმა ისაუბრა უნგრეთის ურთიერთობაზე როგორც საქართველოსთან, ასევე ბალკანეთის სხვადასხვა ქვეყანასთან:
„დიახ, ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან“, - თქვა მან.
„ზოგადად, ვიტყოდი, რომ ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ძლიერი კავშირები ჰქონდა ბალკანეთში რომელიმე ქვეყანასთან ან სადმე სხვაგან, არ ნიშნავს, რომ უნგრეთს ამავე ქვეყანასთან უფრო ცუდი ურთიერთობა ექნება. და თუკი უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა რომელიმე ქვეყანასთან, ჩვენ ამ ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ, რადგან ჩვენს საერთო ინტერესშია, რომ ერთად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ერთად მივაღწიოთ წარმატებას“, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერმა.
„მოხარული ვიქნები, გეწვიოთ თბილისში თუ სხვაგან და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობს“, - თქვა მან და დასძინა:
„მაგრამ ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში“.
„ჩვენ არ ვეცდებით, ზეგავლენა ვიქონიოთ არჩევნებზე თქვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში თუ სადმე სხვაგან. ეს არ არის ჩვენი სტილი და არ არის საქმე არცერთი ევროპული მთავრობისა. ყველას ირჩევენ იმისთვის, რომ წარმოადგინონ ამა თუ იმ ქვეყნის ელექტორატი“, - განაცხადა მადიარმა.
მილოცვები საქართველოდან
პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იქვე მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს:
„ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანის კონკურენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავსპეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოპოზიციურმა პარტიებმა, „ფედერალისტებმა“ და „ლელომ“.
„გილოცავთ ყველა ქართველის სახელით, ვინც უნგრეთში დემოკრატიის გამარჯვებაზე ლოცულობდა! ჩვენ გვჯერა უფრო ძლიერი ევროპის, რომელიც არ დანებდება რუსეთის ჰიბრიდულ ან პირდაპირ აგრესიას!“ - ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება.
ასევე ნახეთ
სალომე ზურაბიშვილი პეტერ მადიარს: "გილოცავთ ყველა ქართველის სახელით, ვინც უნგრეთში დემოკრატიის გამარჯვებაზე ლოცულობდა!"„უნგრეთი დასავლური ცივილიზაციის ინტეგრალური ნაწილია, მისი გაძლიერება და წინსვლა ქართველი ხალხისა და მთელი თავისუფალი სამყაროს ინტერესშია.
ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ტრანზიცია კიდევ უფრო შეასუსტებს რეგიონში პუტინის რუსეთის პოზიციებს და გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობას“, - განაცხადეს „ფედერალისტებმა“.
ასევე ნახეთ
“ფედერალისტები”: “უნგრეთის გაძლიერება და წინსვლა ქართველი ხალხისა და მთელი თავისუფალი სამყაროს ინტერესშია”„ლელომ“ კი განაცხადა: „უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით, სულ მალე, ჩვენ იმავეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და რა თქმა უნდა, საქართველოში“.
ასევე ნახეთ
„ლელო“ პეტერ მადიარის გამარჯვებაზე: უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში!- ხმების დათვლის წინასწარი შედეგების თანახმად, უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს;
- კენჭისყრაში აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. ეს აქტივობა რეკორდულია, სულ მცირე, ბოლო 20 წლის განმავლობაში;
- 12 აპრილს, ღამით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა ქვეყნისთვის ისტორიულ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. უნგრელები გვიან ღამემდე ზეიმობდნენ მადიარის და „ტისას“ გამარჯვებას.