სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი, ერევანი, 2019.

ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს, მოსკოვში, ვლადიმირ პუტინმა გაახმოვანა ის, რასაც კარგად ხედავენ სომხეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც - კრემლი ლობირებს პრორუსულ ძალებს 7 ივნისის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, ფაშინიანი კი წინააღმდეგობას უწევს.

1 აპრილს მოსკოვში გამართულ შეხვედრას ფაშინიანმა „ძალიან წარმატებული“ უწოდა. თუმცა შეხვედრის შედეგ "როსსელხოზნადზორმა" ისევ ეჭვის თვალით დაუწყო ყურება სომხეთიდან ექსპორტირებულ კარაქს, ყველსა თუ კალმახს - გამკაცრდა კონტროლი.

როგორი გზებით ცდილობს გამარჯვებას კრემლის რჩეული - „რუსი ოლიგარქი“ - „ძლიერი სომხეთის“ დამფუძნებელი, ამჟამად დაკავებული სამველ კარაპეტიანი? ის მიილტვის პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ, მაგრამ - შემოვლითი გზებით.

შესამჩნევი იყო დაძაბული ეპიზოდები რუსეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის - დაახლოებით 20-წუთიან საჯარო საუბარში. ისინი, ხშირად, ერთმანეთს თვალს არიდებდნენ; პუტინს, საკმაოდ ხშირად, სახესთან მიჰქონდა ხელები და ამოძრავებდა ფეხებს; ფაშინიანს კი თითქოს ირონიული ღიმილი შენიშნეს. თუმცა ეს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შემდგარი ერთადერთი დაძაბული საუბარი არ ყოფილა.

სიგნალი პრორუსულ ძალებს

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ყველა ამ პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს მონაწილეობის მიღება [სომხეთის] შიდა პოლიტიკურ მუშაობაში“, - უთხრა პუტინმა ფაშინიანს პრორუსულ ძალებზე საუბრისას და კონკრეტულ ადამიანზე აქცენტით - რომელსაც რუსული პასპორტი აქვს. დიდი დაფიქრება არავის დასჭირვებია იმის გამოსაცნობად, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამველ კარაპეტიანი იგულისხმა - დაკავებული მილიარდერი ბიზნესმენი, რომელსაც ხშირად “რუს ოლიგარქს“ უწოდებენ.

სამველ კარაპეტიანი დაკავებულია 2025 წლის ივნისის შემდეგ. მას ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და ფულის გათეთრება. 7 თვე მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპატიმროში გაატარა, შემდეგ კი შინაპატიმრობის რეჟიმზე გადაიყვანეს.

პუტინის მიერ პრორუსული ძალების პირდაპირი მხარდაჭერა ექსპერტებმა შეაფასეს „იმპულსად“ და "სიგნალად" ამ ძალებისთვის - სომხეთის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ.

„დიდი ალბათობით, ლოგიკური დაშვებით, ჩვენ გვიგულისხმა [პუტინმა]; მაგრამ მაინც, მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო სხვა ქვეყნის ჩინოვნიკის სიტყვებზე“, - უთხრა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს გოარ მელოიანმა, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა.

Your browser doesn’t support HTML5

პუტინის და ფაშინიანის დიალოგი კრემლში

ფაშინიანმა მკაფიოდ მიანიშნა პუტინს, რომ კარაპეტიანი მოქმედ პოლიტიკურ ფიგურად არ განიხილება და ადამიანი რუსული პასპორტით [ორმაგი მოქალაქე] სომხეთში ვერ გახდება ვერც დეპუტატი და ვერც - პრემიერ-მინისტრი.

„ჩვენ წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები. ეს არის დეპუტატების არჩევნები და ამ არჩევნების შედეგებით - ეს, ფაქტობრივად, დე ფაქტო, არის ასევე პრემიერ-მინისტრის არჩევნები და თქვენი ყურადღება მსურს მივაპყრო იმას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ სომხური პასპორტი“, - უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს.

თუკი სომხეთში პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ, ფაშინიანის ხელისუფლება ომის დაწყების რეალურ საფრთხეებს ხედავს. რადიო თავისუფლებას არაერთმა სომეხმა ექსპერტმა დაუდასტურა, რომ ასეთი საფრთხე მართლაც რეალურია, რადგან პრორუსული ძალები ყარაბაღის თემით მანიპულირებენ, კრემლისთვის ხელსაყრელი სცენარის შესაბამისად.

სომხური წყაროები პრორუსულ ოპოზიციურ ძალებად თვლიან:

  • დაპატიმრებული მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტიას, „ძლიერი სომხეთი“;
  • სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსს“;
  • ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“; ანდრანიკ ტევანიანის პარტიას, „დედა სომხეთი”.


ბოლო ცნობებით, არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ გადაიფიქრა სომხეთის კიდევ ერთი ექსპრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პარტიამ - „რესპუბლიკა“.

„რუსეთის ჩართულობა სომხეთის არჩევნებში საკმაოდ თვალსაჩინოა. რუსეთმა რამდენიმე თვის წინ გამოყო რამდენიმემილიონიანი „გრანტები“ პრორუსული პარტიების გასაძლიერებლად. ამას ემატება გავლენების ამოქმედება როგორც სომხურ ეკლესიაში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში და რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები - სხვადასხვა ტიპის პროპაგანდისტული კამპანიები ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ჩვენ ვხედავთ, ფაშინიანი ამას ყველაფერს უწევს საკმაოდ აქტიურ წინააღმდეგობას - მან დაიჭირა რამდენიმე პრორუსი ოლიგარქი და შეზღუდა გავლენები სომხეთის ეკლესიაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მისი შეფასებით, ფაშინიანს ძალას დასავლელი მოკავშირეები მატებენ.

„ღირსეული პასუხი გასცა ფაშინიანმა პუტინს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია დალაგებული საგარეო პოლიტიკის წარმოება და ძლიერი მოკავშირეების ყოლა. მან მოახერხა ძალიან კარგი ურთიერთობის დამყარება როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და პუტინთან შეხვედრაზე მას სწორედ ევროპულ-ამერიკული ზურგი გააჩნდა, რაც აუცილებელია მისი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის“, - მელაშვილის თქმით, სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაა საქართველოს შემთხვევაში, რომელიც ევროპელებისა და ამერიკელების მოკავშირეობის გარეშე დარჩა.

ასევე ნახეთ

„რუსეთის ჩარევის თავიდან აცილება“ სომხეთის არჩევნებში - რა გეგმა აქვს ევროკავშირს

პუტინის რჩეული - კარაპეტიანის გეგმები

  • „ძლიერი სომხეთის“ გაცხადებული მიზანი საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვება და პრემიერ-მინისტრად თავად სამველ კარაპეტიანის მოყვანაა, მაგრამ არა პირდაპირი გზით.
  • უკვე ცნობილია, რომ „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის სათავეში მისი ახლო ნათესავი ნარეკ კარაპეტიანი იქნება. დაგეგმილია, რომ ის გაუძღვება ე.წ. გარდამავალ პერიოდს, ვიდრე სომხეთის პარლამენტი არ შეცვლის კონსტიტუციას - რაზე დაყრდნობითაც პრემიერ-მინისტრად სამველ კარაპეტიანის არჩევას შეძლებენ.


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ დიდი ხნის განმავლობაში მოკავშირეებს ეძებდა და რამდენიმე დღის წინ გააფორმა მემორანდუმი საზოგადოებისთვის უცნობ ორ ძალასთან: „ახალი ერა“ ახლახან არის დაარსებული; ხოლო „გაერთიანებული სომხები“ 2000-იანი წლებიდან არსებობს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არასოდეს დაუმსახურებია. ამ პარტიის ლიდერი 83 წლის რუბენ ავაქიანია, რომელიც, როგორც იუწყებიან, 2003 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. მისი პარტიის სახელით სხვა პირები აქტიურობენ.

ალიანსი სახელწოდებით „ძლიერი სომხეთი - სამველ კარაპეტიანთან ერთად“ არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები სხვა ძალებთანაც გაგრძელდეს.

ასევე ნახეთ

ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოში

სამველ კარაპეტიანის პოლიტიკურ ძალასთან ალიანსის სურვილს მარტში გამოხატავდა სომხეთის ექსპრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის [1991–1998] პარტია „სომხეთის ნაციონალური კონგრესი“. ბოლო თვეებში, კარაპეტიანს ტერ-პეტროსიანი ხშირად აქებდა - უწოდებდა „თვითკმარ და შემდგარ“ „ერთადერთ ძალას, რომელსაც დაქსაქსული ოპოზიციის [ეროვნული გადარჩენის იდეის გარშემო] გაერთიანება შეუძლია“. მართალია, სომხური წყაროების თანახმად, ეს გაერთიანება ამ დრომდე არ შემდგარა, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.

„ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა გოარ მელოიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, მაგრამ არ ამხელს რომელ პარტიებთან.

სამველ კარაპეტიანის პარტიაში ამბობენ, რომ იციან, როგორც უნდა მოიქცნენ, თუკი სომხეთის ხელისუფლება არჩევებიდან მათ გამოთიშვას შეეცდება.

პოლიტიკურმა გაერთიანებებმა თავიანთი საარჩევნო სიები სომხეთის საარჩევნო კომისიას 13-23 აპრილს უნდა ჩააბარონ. შესაბამისად, 23 აპრილამდე ისევ არსებობს ძალების გაერთიანების შესაძლებლობა.

დაწუნებული სომხური ყველი და კალმახი

ვიდრე პრორუსული ძალების მიმართ ღია მხარდაჭერას გამოხატავდა, მოსკოვში 1 აპრილს, საჯარო საუბრის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს შეახსენა, რომ სომხეთი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე და ორ ქვეყანას შორის მილიარდობით დოლარის სავაჭრო ბრუნვა სომეხი ხალხის ინტერესებს ემსახურება. პუტინის თქმით:

  • 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 11 მილიარდი დოლარი იყო;
  • 2025 წელს - 6,4 მილიარდი დოლარი, საიდანაც 1,2 მილიარდი დოლარი სომხეთიდან ექსპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოდის - ბოსტნეული, ხილი, ღვინო.


სომხეთის მიერ გამოყენებულ პრივილეგიებს შორის პუტინმა ასევე დაასახელა რუსეთისგან ენერგომატარებლების იაფად შესყიდვის შესაძლებლობა: თუკი ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასი 600 დოლარი გახდა, რუსეთი სომხეთს 177,5 დოლარად აძლევსო.

საუბარში იგრძნობოდა მუქარა და აქვე იყო ულტიმატუმიც, რომ სომხეთს მოუწევდა არჩევანის გაკეთება რუსეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის, რომლისკენ სომხეთის სვლასაც, პუტინის თქმით, მოსკოვში „აბსოლუტურად მშვიდად“ უყურებენ.

ფაშინიანმა პუტინს კვლავ მტკიცედ უპასუხა, რომ ასეთი არჩევანის გაკეთების დრო ჯერ არ დამდგარა და როცა ეს საკითხი დადგება, არჩევანს სომხეთის მოქალაქეები გააკეთებენ.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა პუტინთან შეხვედრა, თუმცა რკინიგზაზე შეთანხმება არ შემდგარა

მოსკოვში გამართულ შეხვედრას ფაშინიანმა „ძალიან წარმატებული“ უწოდა. თუმცა მას სწრაფად მოჰყვა ამბავი, რომელიც ბევრისთვის მოწმობს - მოსკოვი მთლად კმაყოფილი არ უნდა დარჩენილიყო.

2 აპრილს "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ისევ შეკითხვებს აჩენს.

„სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა [რაც ევრაზიული საბაჟო კავშირის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობს] ქმნის საფუძველს ვიფიქროთ, რომ მთლიანად არ არის სომხეთში წარმოებული. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობდით 2024 წელს, ისევე როგორც 2023 წელს“, - დანკვერტმა ასევე დააკონკრეტა, რომ, მაგალითად - „სამი წლის განმავლობაში, სომხეთიდან შემოტანილი ყვავილების რაოდენობა 36 მილიონიდან 100 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა“.

"როსსელხოზნადზორი" ეჭვობს, რომ სომხეთში არ არის წარმოებული ამ ქვეყნიდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის საკმაო ნაწილი; უწყების ხელმძღვანელმა ჩამოთვალა - კარაქი, ყველი, თევზი.

„სომხეთის მთიან მდინარეში გაზრდილი კალმახი არაფრით არ შეიძლება ჰგავდეს ნორვეგიულს“, - აცხადებს "როსსელხოზნადზორი".

შესაბამისად - სომხური პროდუქციის ექსპორტზე რუსეთმა კონტროლის მექანიზმები გამკაცრა.

"როსსელხოზნადზორის" მსგავსი გააქტიურება ხშირად გამხდარა პროდუქციის დაბლოკვის წინაპირობა, რუსეთისთვის დამახასიათებელი სადამსჯელო ხელწერით - თუკი მის ნებას ეწინააღმდეგებიან.

ასევე ნახეთ

ვერ ვხედავ შანსს, რომ სომხეთი ОДКБ-ში დაბრუნდეს - სომხეთის საგარეო მინისტრის მოადგილე