თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩა ჯერ არ გადაუთხრიათ. სიმშვიდეა, თუმცა აქედან სულ რამდენიმე მეტრში, სულხან-საბას ქუჩაზე ტექნიკა უკვე მუშაობს. მალე ინგოროყვას ქუჩის და იქ მდებარე, ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული სახლების რეაბილიტაცია/რესტავრაცია უნდა დაიწყოს - ხალხს, შესაძლოა, საკუთარი ბინების 2-3 წლით დატოვება მოუწიოთ.
თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ ქუჩის ბინადრებთან მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება უკვე დაიწყო.
ნაწილი შეთავაზებულ პირობებზე თანახმაა, ნაწილი ხელმოწერას არ ჩქარობს, რეაბილიტაციის პროცესს ეჭვით უყურებს და არ აქვს პასუხი კითხვაზე - შენარჩუნდება კი ამ სახლების ძველი იერ-სახე და ავთენტიკურობა თუ, დაბრუნებულებს, ისტორიული შენობების "რეპლიკა" დახვდებათ?
ნაწილისთვის ყოველთვიური კომპენსაციის თანხაა (800-1000 ლარი ფართობის მიხედვით) მცირე და მიუღებელი, რომლითაც, როგორც ამბობენ, თბილისის ცენტრალურ უბნებში ბინის ქირაობა გაუჭირდებათ. ზოგი იმასაც შიშობს, ბინა საერთოდ არ დაკარგონ.
ინგოროყვას 14
ჯერჯერობით, მწვანე საფარით მხოლოდ კანცელარიის შენობის გვერდით, ცნობილი კოშკია შეფუთული, რომლის რეაბილიტაციაც ამ დიდი პროექტის ერთი ნაწილია.
მის მახლობლად, ინგოროყვას ქუჩის #14-შია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თბილისური ეზოიანი სახლი, სადაც ცხოვრობდა თავად პავლე ინგოროყვა, ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და რუსთველოლოგი, რომლის სახელსაც ეს ქუჩა ატარებს და რომლის ეზოც, “ვერის უბნის მელოდიების” და სხვა ცნობილი ქართული ფილმების გადასაღები მოედანიც გამხდარა.
ინგოროყვას #14, შიდა ეზო
ამ დიდი ისტორიისა და მეხსიერების მქონე, გამორჩეული არქიტექტურის სახლში ცხოვრობს თამარ მარგველაშვილიც - არც ის და არც მისი მეზობლები არ არიან კმაყოფილი იმით, რაც მუნიციპალური სტრუქტურების წარმომადგენლებისგან მოისმინეს.
თამარ მარგველაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სახლის რეაბილიტაციის პროექტი დღემდე იცვლება - „ასწორებენ ხარვეზებს“. სამეზობლოს მუნიციპალური განვითარების ფონდთანაც აქვს კავშირი, თუმცა ის პასუხები, რასაც მათგან ისმენენ, მაინც ბუნდოვანია.
სახლი, სადაც ცხოვრობდა პავლე ინგოროყვა, ინგოროყვას 14
„მაგალითად, როცა ვეკითხებით, რომ კონკრეტულად რა შეიცვლება, რა დაინგრევა, რა დონეზე, ფასადს რა ელის... ამბობენ, ჯერ დავანგრევთ და ვნახოთ, რა დაგვხვდებაო. სახლი რომ მთლიანად გამოიშიგნება, ეს ვიცით. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს ისტორიული შენობა ზუსტად ისე შენარჩუნდება შიგნით, როგორც იყო. ფასადზე გვეუბნებიან, იმავენაირად აღდგებაო...
ასევე ჩვენთვის გაურკვეველია როგორ მასალას გამოიყენებენ - ვიღაცას სახლში ძველი, ძვირფასი ხის პარკეტი აქვს და ლამინატს დაუგებენ? ამიტომ გვინდა, რომ სანამ სახლი დაინგრევა, მანამდე ჩართონ ამ პროცესში დამოუკიდებელი ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, რომ მათი აზრიც გაითვალისწინონ და ჩვენც მეტი ნდობა გვქონდეს, მაგრამ გვპასუხობენ, რომ ეს მათი საქმეა და ამ პროცესში მხოლოდ მათი გუნდი იქნება ჩართული“.
ძველი მარმარილოს ბუხარი თამარის სახლში
თამარი გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის ამბავი გამოცხადდა, ინგოროყვას ქუჩაზე ბინების ყიდვით დაინტერესებული უძრავი ქონების აგენტებიც მომრავლდნენ.
ხალხის ყურამდე ამბავიც მივიდა, მოსახლეობამ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ბინები ხელახლა უნდა დაირეგისტრირონო - ამან დამატებით ეჭვები გააჩინა:
„გუდიაშვილის მოედანზე, როგორც მახსოვს, რამდენიმე ოჯახმა ვეღარ შეძლო თავისი ფართის თავიდან დარეგისტრირება და დაკარგა ის... შეიძლება აქ ასე არ მოხდეს, მაგრამ ყველა ამ კითხვას ის აჩენს, რომ არ არის სათანადო კონტაქტი“, - გვეუბნება თამარი.
ინგოროყვას #14-ის შიდა მხარე
“საჭიროა, რომ ჩვენ მეტად ვიყოთ ჩართულნი, ფონდს კი ხალხთან მჭიდრო დიალოგი ჰქონდეს. ეს რომ არ არის, ამიტომაა ასეთი უნდობლობა, თორემ რეაბილიტაცია აუცილებელიც კი იყო”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინგოროყვას სახლის #14-ში მცხოვრებმა გოჩა ხუდოიანმაც.
ჭერის დეტალი
მისთვისაც ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში კრიტიკულად მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობაა.
„თუნდაც იმისთვის, რომ არსებობდეს სხვა აზრიც - სწორად მიდის პროცესი? სწორად აღადგენენ (თუ ინახავენ) ამ სახლის უნიკალურ, ავთენტურ დეტალებს? სადარბაზოს, სარკეს, ჩუქურთმებს, ბუხრებს. ვიცით, რომ არ დაზიანდება და არ დაიკარგება?“
სადარბაზოს ხედი
სახლის ამბავი - ინგოროყვას 14
ამ სახლშია დაბადებული და გაზრდილი მხატვარი გია ბუღაძეც, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს, გაზეთ 24 საათში წერდა გულისწყვეტით, როგორ იკარგებოდა თბილისის არქიტექტურისა და კულტურის ისტორიის ცოცხალი ძეგლი და ამ სახლს ასე აღწერდა:
“ეზო სამ ტერასადაა დაყოფილი. ულამაზესადაა განაწილებული კიბეთა სიმეტრიულ-რკალური წყობა, გათვლილია ყოველი მოძრაობა და ბრუნი თუ რკალი... ულამაზესად იყო ჩამწკრივებული აივანთა კოლონები და მათი რიგი... მთავარი და ძირითადი აქცენტი გახლდათ სწორედ მეორე საპარადო, დიდებული სართულის ფასადზე გამავალი ფანჯრები და ძირითადი, მშვენიერი თუჯის აივანი”.
ინგოროყვას #14-ის თბილისური ეზო
მერე კი, ჩამოთვლიდა, სხვადასხვა დროს, ვინ ცხოვრობდა და რა იყო ამ სახლში განთავსებული, რატომ არის ეს ადგილი ძვირფასი მეხსიერების არქივი.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდამდე და მის დროსაც, ამ სახლში ცხოვრობდნენ ოლივერ და მარჯორი უორდროპები.
იქვე ყოფილა ბრიტანეთის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა და საკონსულო ამიერკავკასიაში 1921 წლამდე.
გარე ფასადი
იქ ცხოვრობდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი-მესხიშვილი და იქვე დაიბადა მისი ვაჟი, არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი.
ამ სახლში ცხოვრობდა ათწლეულების განმავლობაში ცნობილი სცენოგრაფი სოლიკო ვირსალაძე.
ამ სახლშია ირაკლი გამრეკელის, როგორც მას გია ბუღაძე უწოდებს, პირველი კუბისტ-ფუტურისტის და უდიდესი მასშტაბის სცენოგრაფის მემორიალური მუზეუმი.
ამ სახლშია გადაღებული არაერთი მხატვრული ფილმი. მათ შორის, "ლაზარე", "ვერის უბნის მელოდიები"...
ასე გამოიყურებოდა სახლი 1930-იან წლებში
“გადაღებას ფანჯრიდან ვადევნებდი თვალყურს და შემდგომ ზეთის საღებავით იქვე, "მალულად", ეტიუდიც კი გავაკეთე ამ გადაღების პროცესისა... ჩვენს სახლში იყო ერთი შესანიშნავი წესი... ყოველ დღეს ოჯახების ერთ-ერთი უფროსი რიგრიგობით უვლიდა ეზოსა და ფრინველებს - ვთქვათ, ორშაბათს მორიგეობდა ირაკლი გამრეკელი, სამშაბათს - შალვა ალშიბაია, ოთხშაბათს - გიორგი ჭანტურია, ხუთშაბათს - ერასტ ვაჩნაძე, პარასკევს - პავლე ინგოროყვა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ურთიერთთანადგომა, წარსულისა და სილამაზის მოვლა-მოფრთხილების სურვილი და ალბათ უნარიც, თითქმის უკვალოდ გაქრა”, - იხსენებდა გია ბუღაძე.
სახლი ინგოროყვას ქუჩაზე
დღეს, ისიც, თავისი სამეზობლოს მსგავსად, იმის მოლოდინშია, როგორ გადაწყდება ამ სახლის ბედი.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ჯერ არ ჩქარობს.
„მე თავიდანვე სკეპტიკურად შევხვდი ამ ამბავს, რადგან მათი არცერთი სიტყვის არ მჯერა. არ ვიცი, რას გააკეთებენ აქ. როგორ გააკეთებენ. რაც მოვისმინე, მთლიანად უნდა გავაშიშვლოთ კონსტრუქციაო. შენობა ნამდვილად დაზიანებულია და მას სჭირდება რეაბილიტაცია, მაგრამ სწორედ უნდობლობა აჩენს კითხვებს... მეკითხებიან ხოლმე, პროექტი ნახე? ვნახე და ჯერ ერთი, იმ სახის დაბრუნებაც არ სურთ, როგორიც თავიდან იყო ეს სახლი. შენობას 60-იან წლებში ჩაუტარეს რეაბილიტაცია და დაახლოებით იმ სახით აღადგენენ. ცხადია, ეს არ ჰგავს იმ სახლს, როგორიც მე ის მახსოვს - საოცარი, თბილისური ნეოკლასიცისტური შენობა, აღმოსავლური და დასავლური სტილის ნაერთი - თბილისური ქორთიარდით“.
ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული სახლი ინგოროყვას #14-ში
ინგოროყვას #14-ის გარდა, ამ ქუჩის გაყოლებაზე სხვა არაერთი, თავისი ისტორიის მქონე სახლია, რომლის ბინადრებიც ელიან, რა მოხდება.
რამდენიმე მათგანს ქუჩაშიც გავესაუბრეთ. ზოგს ის უფრო აღელვებს, ნივთებს სად წაიღებს, ზოგს - უკან როდის დაბრუნდება, თუ დროებით გასვლა მოუწევს. ზოგს - სახლი რა მდგომარეობაში ჩაბარდება.
სადარბაზოს დეტალი
- ელოდებით რეაბილიტაციის დაწყებას? რას ფიქრობთ, როგორ გაკეთდება? მზად ხართ აქაურობა დროებით დატოვოთ? - ვეკითხები შუახნის ქალს ინგოროყვას #20-ში.
ის ჯერ მხრებს იჩეჩავს და მერე გვპასუხობს:
- ჯერ ყველაფერი გასარკვევია. რას შემოგვთავაზებენ, როგორ. სადღაც შორს ვერ წავალ.
- თქვენ ისტორიულ სახლში ცხოვრობთ და როგორი მოლოდინი გაქვს, ისევ ასე აღადგენენ?
- ამბობენ, კიო და რა ვიცი... ბევრი აქვთ ასეთი შენობა?
ინგოროყვას 20 ნომერი
ამ ქუჩის მახლობლად, სულხან-საბას ქუჩა უკვე მთლიანად გადათხრილია. იქ მდებარე სახლების დიდი ნაწილი მოსახლეობისგან დაცლილია. ადგილზე ახლა მძიმე ტექნიკა მუშაობს. ზოგი სახლი რკინის საყრდენებითაა გამაგრებული.
გადათხრილი სულხან-საბას ქუჩა
სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლების ერთი ნაწილი რამდენიმე დღის წინ ჩიოდა, რომ ჩაკეტილი სახლები გაიქურდა და რამდენიმე ოჯახმა ნივთები დაკარგა. ისინი ელექტროენერგიის ჩართვას მოითხოვდნენ.
ჩვენი იქ ყოფნისას ადგილზე მხოლოდ მუშები დაგვხვდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ სამუშაოების გამო შუქი გამორთული იყო.
სულხარ-საბას ქუჩა - ეს აბრა გვამცნობს, რომ აქ 1888-89 წლებში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე და აქვე იყო გაზეთ "ივერიის" რედაქცია
„იუკონი და კომპანია” შავ სიაში - ვის ჩააბარეს რეაბილიტაცია
პავლე ინგოროყვას ქუჩაზე სამი ობიექტის პროექტი (N7 (კოშკი), სახლი ინგოროყვას N12-ში და სახლი ინგოროყვას N14-ში) ჩაბარებული აქვს შპს "იუკონ და კომპანიას".
ჯამში ამ შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 026 425 ლარი ჯდება. მაგრამ მოსახლეობას აფიქრებს ის, რომ 2026 წლის აპრილში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ეს კომპანია “შავ სიაში” დაარეგისტრირა.
მიზეზი “არაჯეროვნად შესრულებული” ვალდებულებები გახდა, როგორც ამას ჩიოდა მომსახურების შემსყიდველი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო”.
შეფუთული კოშკი ინგოროყვას ქუჩაზე
შპს „იუკონი და კომპანიას“ სოფელ არადეთში, წმინდა საბას ეკლესიის სამხრეთ ფასადი უნდა აღედგინა, ისე, რომ წარწერებიანი ქვა გადარჩენილიყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მტკიცებით, ეს არ მოხდა.
„შავი სიაში“ მოხვედრა კი იმას ნიშნავს, რომ 1 ივნისიდან, ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, კომპანიები "შავ სიაში" ერთი წლის ნაცვლად ორი წლით დარჩებიან და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ამ კონკრეტული პროექტის ტექნიკურ დავალებაში მითითებული იყო საკონსერვაციო სითხედ პარალოიდის 1:4 აცეტონიანი ხსნარი, თუმცა გამოიყენეს ეთილსილიკატ 40.
კომპანიამ საკონსერვაციო სითხე შეცვალა. თავის განმარტებაში ის მიუთითებდა, რომ მართალია, შესაძლებელი იყო ამაზე წინასწარ შეთანხმება, თუმცა ეს მოითხოვდა დამატებით პროცედურებსა და დროს და რადგან ნებისმიერი დაყოვნება (მათ შორის, ერთი ძლიერი ქარი ან ნალექი) შეიძლებოდა გამხდარიყო ქვის ფრაგმენტის ჩამოვარდნისა და ძეგლის შეუქცევადი დაზიანების მიზეზი, ეს არ გავაკეთეთო.
მიმწოდებელი კი განმარტავდა, რომ პარალოიდის ხსნარის გამოყენება “დაუშვებელი იყო ღია სივრცეში არსებულ, ძლიერ ეროზირებულ ქვებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვაზე შემორჩენილი იყო განლევის პირას მყოფი უძველესი ასომთავრული წარწერები”.
საბოლოოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „იუკონი და კომპანიას“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. მოგვიანებით კი, შესყიდვების სააგენტომ ეს კომპანია შავ სიაში შეიყვანა.
სწორედ ეს კომპანიაა ახლა პასუხისმგებელი ინგოროყვას ქუჩის ისტორიულ სახლებზე.
კიდევ ერთი ფოტორენდერი - როგორი იქნება რებილიტირებული სახლი ინგოროყვას ქუჩაზე
ეს მანამდე მოხდა - თბილისის განვითარების ფონდის პასუხი
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაფორმდა ინგოროყვას პროექტზე ხელშეკრულება შავ სიაში მყოფ კომპანიასთან, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა უპასუხა, რომ შპს "იუკონი და კომპანია" შავ სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც მან ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა, ამიტომ მანამდე ხელშეკრულების გაუფორმებლობის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა.
ჩვენ ფონდს დამატებით კითხვებიც გავუგზავნეთ - გვაინტერესებდა, ვინ მუშაობს ახლა სარესტავრაციო პროექტზე, ასევე როგორია არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფის შემადგენლობა, ვინც ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის პროცესშია ჩართული, როგორ აპირებენ ძეგლის ავთენტიკურობის შენარჩუნებას, რას სთავაზობენ მოსახლეობას.
კარის დეტალი
ფონდიდან გვიპასუხეს, რომ ინგოროყვას #14-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია შპს-ის „რესტავრატორები და კომპანია" მიერ. მთავარი არქიტექტორ/რესტავრატორი ალა პროზაროვაა (საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი გაკეთებულია 2015 წელს).
2025 წელს შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი განიხილა და მოიწონა თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.
ქუჩის ხედი
პროექტი მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:
- “შენობის დეკორის ელემენტების მოხსნა, რესტავრაცია და ფასადის გამაგრების შემდეგ თავის ადგილას დაბრუნება”;
- “დაკარგული დეტალების და ელემენტების აღდგენა ანალოგიების მიხედვით’;
- “სადარბაზოებში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული დეტალის და ელემენტი (ხის კარები, პანელები, სარკეები, პირველი სადარბაზოს ფრამუგის ფერადი შემინვა, ჭედური ცხაურები და მოაჯირები) რესტავრაცია”;
- “კედლებსა და ჭერებზე, გასუფთავების დროს, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი იქნება მოხატულობის ფრაგმენტები, მათი აღდგენა სპეციალისტების მონაწილეობით”.
თბილისის განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ქონების მესაკუთრეებთან ხელშეკრულებები ინდივიდუალურად გაფორმდება, რაც რეაბილიტაციის დასრულებამდე ყოველთვიურად ფინანსურ კომპენსაციის გადახდასაც მოიცავს.
“ფონდი არ არის დაინტერესებული გამოისყიდოს მისამართზე არსებული უძრავი ქონებები, ხოლო თავად მესაკუთრეები არ არიან შეზღუდულნი გაასხვისონ უძრავი ქონება მესამე პირზე რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესში”, - გვიპასუხეს თბილისის განვითარების ფონდში.
სახლი ინგოროყვას #16-ში
ჩვენი ერთ-ერთი შეკითხვა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას შეეხებოდა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ “შავ სიაში” შეიყვანა - ფონდს ვკითხეთ, რა გარანტია არსებობს, რომ ასეთ ისტორიულ ობიექტზე შავ სიაში შეყვანილი კომპანია სათანადოდ შეასრულებს სამუშაოებს?
რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ ტენდერის მიმდინარეობის დროს კომპანია შპს „იუკონი და კომპანია“ არ იმყოფებოდა შავ სიაში, თორემ ელექტრონული სისტემა ავტომატურად მოახდენდა პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვას, ხოლო თუკი გამარჯვებული კომპანიის მიერ არ იქნება ხარისხიანად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები:
“ფონდი მის მიმართ გამოყენების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფინანსურ სანქციებს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში შეწყვეტს ხელშეკრულებას და დარჩენილ სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს გააგრძელებს და დაასრულებს ახალი სამშენებლო კომპანია”.
ინგოროყვას 14-ის წინ ფასადის ნაწილი
რეაბილიტაციის გამოცხადება
2026 წლის აპრილში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 17 აპრილიდან „თბილისის განვითარების ფონდი“, - ორ ეტაპად, ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანიის მიერ, - დაიწყებდა სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას.
ამ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის კალაძის თქმით, 120 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კიდევ ერთი ძველი ბუხარი ინგოროყვას #14-დან
რეაბილიტაცია მოიცავს: „მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტიკური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას“.
სადარბაზო
თბილისის მერმა მაშინ ასევე თქვა, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ „საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდებაო“. პროექტის განხორციელების ვადად კი 18 თვე დასახელდა.
სახლი ინგოროყვას ქუჩის #20-ში
2015 წლით დათარიღებულ, ალა პროზოროვას ისტორიულ-არქიტექტურული კვლევაში, რომელიც ახლავს რეაბილიტაციის პროექტს, წერია, რომ 1924 წლამდე, თბილისის რუკებსა ამ ინგოროყვას 14-ში მდებარე შენობაზე აღნიშნული იყო სხვადასხვა დანიშნულების სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანიზაციები. ხოლო 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეს შენობა ხდება საცხოვრებელი.