რა მოხდებოდა, ეს ქალები რომ თბილისის ქუჩებში გამოჩენილიყვნენ?

რამდენიმე წლის წინ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ ერთი ძალიან დასამახსოვრებელი საქმე გააკეთა - ეს იყო „50 ქალი საქართველოდან“: ერთად თავმოყრილი 50 ფოტობარათი XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები იმ ქალების მოკლე ბიოგრაფიებით, ვინც თავისი საქმით ცვლილებებისთვის იბრძოდა, ქმნიდა და სიახლის არ ეშინოდა. კოლექციას მას მერე კიდევ არაერთი ქალის ბიოგრაფია შეემატა.

თუმცა საქართველოში დღემდე ბევრმა არ იცის, ვინ არიან ეს ქალები და რას საქმიანობდნენ ისინი. ჩვენ გადავწყვიტეთ სარვამარტოდ ამ ქალების ერთი ნაწილის ფოტოები - მოკლე ბიოგრაფიებით თბილისის ქუჩებში მდგარ ბანერებზე გამოგვეფინა - ოღონდ ვირტუალურად.

იდეა კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიუროს ხელმძღვანელის, ნინო ლეჟავას ფეისბუკპოსტმა და ფოტომ მოგვაწოდა - უკრაინის ერთ-ერთი ქალაქში გაეროს ქალთა ფონდის ორგანიზებით ქუჩებში სწორედ ასეთი ბანერები დაიდგა წარწერით - „იცნობ თუ არა უკრაინელ ქალ მხატვრებს? ზედ კი მათი ნახატებია - სახელებით და გვარებით.

„რა კარგი ინიციატივაა! მით უმეტეს, რომ 50 ქალი საქართველოდან კოლექცია არსებობს“, - დაწერა ნინომ. ჩვენთან საუბარში კი ამ კოლექციის ამბავი გაიხსენა:

„ეს კოლექცია ცოცხალი ქალებისთვის გაკეთდა იმის წასახალისებლად და საჩვენებლად, რომ ქალებს გასულ საუკუნეებშიც ჰქონდათ მათი მსგავსი პრობლემები და მაშინაც ახერხებდნენ ძალიან დიდი ძალისხმევის საფუძველზე საჯარო ასპარეზზე გამოსვლას ან ჩვენთვის გზის გაკვალვას. დღეს ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად, ეკატერინე გაბაშვილი, დღეს დამკვიდრებული კლიშეს შესაბამისად, წარმატებული ქალი იყო. ან ჩიტო შარაშიძე ან სხვები. მაგრამ სწორედ ამ ქალებმა გაგვიკვალეს ჩვენ გზა და დღეს ჩვენ შეგვიძლია წერა-კითხვა, ჩვენ შეგვიძლია სკოლაში სიარული, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება, არჩევნებში მონაწილეობა... ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათი დამსახურების აღიარება და ჩვენთვის ამ მაგალითებით მოტივაციის და წახალისების შექმნა. თუ ასეთი ქალები საჯარო სივრცეში გამოჩნდებიან, როგორც ვიზუალურად, ისე მათი ტექსტებით და ნამოღვაწარით, მგონია, რომ ეს გააჩენს ინტერესს, იმიტომ, რომ უცებ ჩნდება ფიგურა რომლის შესახებ ჩვენ არაფერი გაგვიგია და მეორე მხრივ, გაგვიადვილებს იმ კავშირის აღდგენას, რომელიც დარღვეული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში იდეოლოგიური მოსაზრებებით“.

ამ 50 ქალიდან შემთხვევითი შერჩევით 12 მათგანი ავარჩიეთ და ვისურვეთ, რომ ისინი თბილისის ქუჩებში შემოგვხვედროდნენ. აი, ისინიც:

განდეგილი (დომინიკა ერისთავი)

1864-1929 / მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი. დომინიკა განდეგილი იყო პირველი კორექტორი ქალი. ეძახდნენ ქართველ ჟორჟ სანდს. იყო ერთ-ერთი ინიციატორი, ფუძემდებელი და დამაარსებელი საქართველოში ქალთა პირველი ორგანიზაციის - „ქართველ ქალთა საზოგადოება”. მანვე თარგმნა გრიბოედოვის “ვაი ჭკუისაგან”.

ელენე დარიანი (ბაქრაძე)

1897-1979 / პოეტი. ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს იაშვილის ლექსები იყო, მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო - მისტიკური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და ახლო მეგობარი, ელენე ბაქრაძე იდგა. თუმცა ცნობილია, რომ ელენე ბაქრაძემ მხოლოდ ერთხელ, ამ კრებულის გამოცემისას უშედეგოდ სცადა თავისი საავტორო უფლებების დაცვა.

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე

1833-1895 / მწერალი. სწორედ ის აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელიც არ შეუშინდა საზოგადოების მხრიდან გაკიცხვას და სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. იგი იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და 1861 წელს, ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში, ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა. 90-იან წლებში “ქალთა საკითხის” გარშემო გამართულ პოლემიკას ბარბარემ სპეციალური წერილი “ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” მიუძღვნა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ქართული ფემინიზმის მანიფესტად.

ელისაბედ ჩერქეზიშვილი

1863-1948 / მსახიობი. 1886 წლიდან იგი ქართული დრამატული თეატრის დასში ირიცხება. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებულად ხანუმა („ხანუმა”), ელისაბედი („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”), ტასია („ბედი მუხთალია”), ისახარი („ღალატი”), ანა ანდრეევნა („რევიზორი”), მაია („პატარა კახი”) უყვარდა.

მარიამ ჯამბაკურ ორბელიანი

1852-1941 / საზოგადო მოღვაწე. 1879 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებისთანავე, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ხდება მისი ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი. 33 წლის მანძილზე არის მასწავლებელ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში ქალთა დასაქმების ხელშეწყობასა და მასწავლებელ ქალთა უფლებების დაცვას ემსახურებოდა. მის მიერ შეკრებილი ფულით 1906 წელს გაიხსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში.

მზია (მედეა) ჯუღელი

1924 / სპორტსმენი. მზია ჯუღელი იყო პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, სსრკ-ის რვაგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებში მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი.

კატო მიქელაძე

1878-1942 / ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. 1906 წლიდან სწავლობს ევროპაში. ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას. 1916 წელს სამშობლოში დაბრუნებული კატო მიქელაძე იწყებს თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლას. 1917-18 წლებში მან უკვე ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი “ქალთა ლიგა”, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. ამავე პერიოდში იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა”.

ალექსანდრა ჯაფარიძე

1895-1974 / მთამსვლელი. შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მის სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა. ალექსანდრამ კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, პირველი ქალი იყო, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი.

ნუცა (ნინო) ღოღობერიძე

1902-1966 / კინორეჟისორი. 25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი დოკუმენტური ფილმი მან გადაიღო მიხეილ კალატოზი­შვილთან ერთად, სახელწოდებით „მათი სამეფო”. ნუცას მეორე ფილმი იყო „ბუბა” - იმ დროისათვის გავრცელებული დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ფილმი ნათამაშები სცენებით, ე.წ. „კულტურფილმი”. მისი მესამე ფილმი, „უჟმური” დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე - პირველი ქართული და ამავე დროს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი გადაღებული რეჟისორი ქალის მიერ. 1937 წელს ნუცას ქმრის, პარტმუშაკ ლევან ღოღობერიძის დახვრეტის შემდეგ ნუცა კინოდან გააძევეს და 10 წლით გადაასახლეს.

ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი

1862-1916 / საზოგადო მოღვაწე, მეცენატი. უცხო ენების ცოდნა ეკატერინეს საქართველოში ჩამოსულ ევროპელებთან საქმიან ურთიერთობაში (მარჯორი უორდროპი, არტურ ლაისტი, ბერტა ზუტნერი) ძალიან ეხმარებოდა.მეუღლის, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1911), ეკატერინე გახდა ოჯახის მდიდარი მეურნეობის, წარმოების და საქველმოქმედო საქმიანობის მთავარი ორგანიზატორი. რამდენიმე წელიწადში კი მან სამი მილიონი უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას, დრამატულ საზოგა­დოებას, ფილარმონიის საზოგადოებას და სხვა მრავალს.

ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი

1851-1938 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1868 წლიდან ეკატერინე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას: ხსნის სამრევლო სკოლებს და ცდილობს, თვითგანვითარების გზით დროებას არ ჩამორჩეს. 1870 წელს იგი ალექსანდრე გაბაშვილს მისთხოვდა და მალევე დაწვრილშვილდა. საოჯახო ცხოვრებამ საშუალება არ მისცა სწავლა გაეგრძელებინა და მხოლოდ მცირე კორესპონდენციებით შემოიფარგლა, რომელსაც დროდადრო აგზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში. 1882 წლიდან ეკატერინე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრია. ეკატერინე გაბაშვილმა თანამედროვეთაგან უამრავ ქალს აუხილა თვალი და მისცა თვითგამორკვევისა და განვითარების ბიძგი.

მინადორა ორჯონიკიძე (ტოროშელიძე)

1879-1967 / საზოგადო მოღვაწე. ერთ-ერთი პირველი ქალ პარლამენტარებს შორის, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დამფუძნებელ კრებაში მოხვდა და ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მომდევნო წლებში რეპრესიებს ემსხვერპლნენ მისი მეუღლე და შვილები, თავად მინადორა კი მრავალგზის გადაასახლეს. მხოლოდ 1950 წელს მიეცა თბილისში დაბრუნების საშუალება. რეაბილიტირებულია 1956 წელს.