ეს გავლენა რუსეთმა დასავლეთის ხარჯზე მოიპოვა და თავისი სამხედრო კონტინგენტის მეშვეობით მალისა და დასავლეთ აფრიკაში ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდა.
თუმცა გასული 3 დღის განმავლობაში ისლამისტური და სეპარატისტული დაჯგუფებების მიერ წამოწყებულმა უპრეცედენტოდ მასშტაბურმა იერიშმა მოსკოვის გავლენისა და სამხედრო შესაძლებლობების პრობლემები გამოააშკარავა და მალის სამხედრო ხუნტა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა.
მოულოდნელი იერიში და აჯანყებულების სიმბოლური გამარჯვება
ტუარეგების გათავისუფლების ფრონტისა (ALF) და ალ-ყაიდასთან აფილირებული ისლამისა და მუსლიმების მხარდაჭერის ალიანსის (JNIM) ერთობლივი იერიში მალის სამხედრო ხუნტისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის პოზიციების წინააღმდეგ 25 აპრილს, დილის საათებში დაიწყო.
ტუარეგებისა და ისლამისტების ავტორიტეტი ქვეყნის არაურბანიზებულ ნაწილში ყოველთვის საგრძნობი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მათი გავლენა სწრაფად იზრდება მალის უმსხვილესი ქალაქების ირგვლივაც.
ასევე ნახეთ
„აფრიკული ხაფანგი“ - მალიში განადგურებული „ვაგნერის“ სამხედრო კოლონა და უკრაინის დაზვერვააჯანყებულების პირველი დიდი გამარჯვება 2024 წლის ზაფხულში რუსული დანაყოფების წინააღმდეგ მოწყობილი ჩასაფრება იყო, რომლის დროსაც 50-მდე რუსი სამხედრო მოკლეს და რამდენიმე ათეული ტყვედ აიყვანეს. ეს კონტინენტზე ამ დრომდე რუსეთის უმსხვილესი დანაკარგების დღედ მიიჩნევა.
გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული აჯანყებულებმა ხუნტაზე ზეწოლის მიზნით ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება დაიწყეს, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა სამხედრო რეჟიმის საწვავით მომარაგება.
სადიო კამარა. 2024 წლის 15 თებერვალი
მიმდინარე იერიშის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მალის თავდაცვის მინისტრი, სადიო კამარა გახდა, რომელიც ხუნტის ერთ-ერთი ლიდერი და რუსეთთან პარტნიორობის მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი იყო.
წყაროების ცნობით, კამარას სახლზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის მომენტში იქ ხუნტის მაღალი რანგის მეთაურების ხვდებოდნენ ერთმანეთს. მძიმედ დაიჭრა მალის უსაფრთხოების სამსახურის გავლენიანი უფროსი გენერალი, მოდიბო კონე. იერიშის დაწყების მომენტიდან საჯაროდ არ გამოჩენილა ხუნტის ლიდერი, გოიტა - ტუარეგების გათავისუფლების ფრონტის (ALF) პრესსპიკერის, ატაიე მოჰამედის ცნობით, გოიტა პირადი დაცვის წევრებთან ერთად დედაქალაქ ბამაკოს შემოგარენში იმალება.
26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში მალის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაწყებული იერიშის მიზნად ქვეყანაში "ქაოსისა და შიშის დათესვას" ასახელებდა და აჯანყებულებს უმკაცრესი ზომებით ემუქრებოდა. მოგვიანებით გავრცელდა გენშტაბის უფროსის განცხადება, რომელშიც ომარ დიარა 200-ზე მეტ ლიკვიდირებულ ტერორისტზე საუბრობდა და მათი გაცამტვერებით იმუქრებოდა. მუქარების მიუხედავად, ადგილიდან გავრცელებული ცნობებით ხუნტას ჯერჯერობით უჭირს ვითარებაზე კონტროლის დამყარება.
ამ დროისთვის აჯანყებულების მთავარი წარმატება ქალაქ კიდალისა და იქ მდებარე ხუნტის ერთ-ერთი სამხედრო ბაზის დაკავებაა, რომელსაც მალის არმიასთან ერთად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი "აფრიკული კორპუსი" იცავდა.
ასევე ნახეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკულ კორპუსს მალიში სიმხეცეში ადანაშაულებენპირველი 24 საათის განმავლობაში კორპუსი იერიშების მოგერიების შესახებ იტყობინებოდა, თუმცა მალევე გავრცელდა ცნობები რუსული ვერტმფრენის ჩამოგდებისა და სხვა დანაკარგების შესახებ. 27 აპრილის დილით აფრიკულმა კორპუსმა ქალაქის დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურად დაადასტურა.
"პირადი შემადგენლობა აგრძელებს დასახული საბრძოლო ამოცანის შესრულებას. ვითარება მალის რესპუბლიკაში კვლავ რთულია", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ALF-ის პრესსპიკერის ცნობით, რუს მეთაურებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით წინააღმდეგობის შეწყვეტის სანაცვლოდ კიდალიდან უსაფრთხო გასვლის საშუალება მისცეს 400-მდე ჯარისკაცს. მალევე გავრცელდა კადრები როგორ გადის სამხედრო ბაზიდან რუსული სამხედრო ტექნიკა, მოზეიმე აჯანყებულების ფონზე.
რუსეთს "ბალანსირებული და ეფექტური" ურთიერთობების დამყარების წინადადებით მიმართა ისლამისა და მუსლიმების მხარდაჭერის ალიანსმა.
Le Monde-ის წყაროების ცნობით, რუსი სამხედროები კვლავ რჩებიან სევარასა და გაოში მდებარე ბანაკებში. პარალელურად ამ ქალაქებზე აჯანყებულების შეტევა კვლავ გრძელდება და იმავე წყაროს ცნობით, ხუნტამ უკვე დაკარგა კონტროლი რამდენიმე მნიშვნელოვან საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.
ბრძოლები გრძელდება ბამაკოს შემოგარენში მდებარე კატის სამხედრო გარნიზონთან, რომელშიც ხუნტის სამხედრო შტაბი მოქმედებს. პარალელურად სროლის ხმა ისმის ბამაკოს აეროპორტის მიდამოებში.
ხუნტა, "აფრიკული კორპუსი" და აჯანყებულები - ვინ არიან მთავარი მოთამაშეები
ე.წ. აფრიკულმა კორპუსმა კონტინენტზე 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაუქმებული "ვაგნერი" ჩაანაცვლა და ამ დროისთვის მხოლოდ მალიში 2 ათასზე მეტი ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.
ასევე ნახეთ
საფრანგეთის თქმით, "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები მალიში ძარცვით არიან დაკავებულიევგენი პრიგოჟინის ჯარისკაცები მალიში თავდაპირველად 2021 წლის მიწურულს მოქმედი სამხედრო ხუნტის მიწვევით აღმოჩნდნენ. მოვლენებს წინ უძღოდა 2020 სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ახალმა მმართველებმა ქვეყნიდან გააძევეს გაეროსა და საფრანგეთის სამხედრო ძალები, რომლებიც მალიში 2013 წლიდან იმყოფებოდნენ.
სამხედრო სტილის მანქანა ქუჩაში, სადაც შეიარაღებული მამაკაცები ზეიმობენ. კადრი 2026 წლის 26 აპრილს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოდან. მალი, კიდალი
ამგვარად, რუსეთი მალის სამხედრო ხუნტის მთავარი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთის სტრატეგია დასავლეთ აფრიკაში მალიში მიღწეულ გარიგებას იმეორებდა: უსაფრთხოება და სამხედრო მხარდაჭერა რესურსების სანაცვლოდ.
მოგვიანებით, მალის მაგალითს მიბაძეს მეზობელ ბურკინა ფასოსა და ნიგერის სათავეში მოსული სამხედრო ხუნტის ლიდერებმაც, რამაც გააფართოვა რუსეთის გავლენა საჰელის რეგიონში.
2023 წლის ნოემბერში რუსი სამხედროების მხარდაჭერით მალის არმიამ ტუარაგების ტომის არაოფიციალური დედაქალაქი კიდალი დაიკავა, რაც ხუნტის დიდ გამარჯვებად მიიჩნეოდა.
ტუარეგები, რომლებიც მალის მოსახლეობის 3.5%-ს წარმოადგენენ და ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, უდაბნოში სახლობენ უკვე რამდენიმე ათწლეულია დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. 2010-იან წლებში დაწყებული შიდა დაპირისპირების ფონზე ტუარეგებმა 15-ათასიანი ქალაქი კიდალი დაიკავეს და მას 9 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
გასული წლების განმავლობაში სიტუაციური ალიანსი გაფორმდა ტუარეგებსა და ალ-ყაიდასთან აფილირებულ ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის - მათი ალიანსი მალის მმართველი სამხედრო ხუნტისთვის მთავარი საფრთხეა.
გამოწვევა რუსეთისთვის, ეგზისტენციალური საფრთხე ხუნტისთვის
შექმნილ ვითარებაში შესაძლებლობის ფანჯარას ხედავს ხუნტის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ბოლო წლებში მძიმე რეპრესიებში მოყვა, მათი არაერთი ლიდერი დაპატიმრებულია ან გაძევებულია ქვეყნიდან.
26 აპრილს რესპუბლიკური ძალების კოალიციის განცხადება შეიცავდა ქვეყანაში სამხედრო ხუნტის დასრულებისა და რესპუბლიკური გარდაქმნისკენ მოწოდებას. კოალიცია გასულ წელს გაფორმდა და ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს ქვეყანაში სამხედრო ხუნტის დასასრულებლად.
ასევე ნახეთ
„ხორცი მოგიყვანე”... - ინტერვიუ რუსეთის „აფრიკის კორპუსის“ დეზერტირთანჯგუფის ლიდერი გავლენიანი სასულიერო პირი, იმამი მაჰმუდ დიკოა, რომელიც ამჟამად ალჟირშია გადახვეწილი და უკვე წლებია ითხოვს დიალოგის დაწყებას მალიში მოქმედი ყველა შეიარაღებული დაჯგუფების მონაწილეობით. შექმნილ ვითარებაში დიკოს ტუარეგებსა და ისლამისტებს შორის შესაძლოა სიტუაციური ალიანსი ჩამოყალიბდეს ხუნტის დამხობის მიზნით.
ALF-ის პრესსპიკერის, ატაიე მოჰამადის ცნობით, დიკოსთან კომუნიკაცია უკვე შედგა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის მიზნით.
"რუსეთისთვის მიმდინარე მოვლენები ნამდვილი კატასტროფაა, მათ ვერ შეძლეს კიდალის დაცვა, რომელიც ტუარეგებისთვის სიმბოლურად უმნიშვნელოვანესი საყრდენი წერტილია", - ამბობს ულფ ლესინგი კონრად ადენაუერის ფონდის საჰელის პროგრამის დირექტორი.
საერთაშორისო კრიზის ჯგუფის საჰელის ქვეყნების პროგრამის უფროსი მკვლევრის, იბრაჰიმ იაჰიას შეფასებით, მიმდინარე კრიზისი უარყოფითად აისახება რუსეთის იმიჯსა და მისი ჩართულობის ეფექტურობაზე რეგიონში.
"გარდაუვალად გაჩნდება კითხვები, შეუძლია თუ არა რუსეთს ქმედითი გამოსავლის შეთავაზება იმ აფრიკული ქვეყნებისთვის, რომლებსაც საშინაო აჯანყებების პრობლემა უდგათ", - ამბობს იბრაჰიმი.