რაიდო - გიგა ბერიაშვილის მოგზაურობა ველოსიპედით აზიაში - წერილი 2

ავტორი: გიგა ბერიაშვილი

წერილი 2.

30 დეკემბერი. 35-ე დღე მოგზაურობის​ დაწყებიდან
დორტიოლი, თურქეთი, 104 კილომეტრში სირიის საზღვრიდან

კონიაში 22 დეკემბერს, საღამოს ხუთი საათისთვის ჩავედი. წინა ღამე აღაბეილში გავატარე. ერთი ბეწო სოფელია, მწყემსებით

დასახლებული, სულ ხუთასი კაცი თუ ცხოვრობს. ბლოკისგან ნაგები პატარა სახლები ერთმანეთის გვერდითაა მიწყობილი, ეზოები ქვის მესერითაა შემოღობილი და შიგნით თივისა და ნაკელის უზარმაზარი გორები დგას. გარშემო ტყე არაა, ცეცხლის დასანთებად შეშის ნაცვლად გამომშრალ ნაკელს იყენებენ და სოფელში მძაფრი სუნია. მეჩეთი მოკრძალებულია და ძალიან ლამაზი. ოქროსფერი გუმბათი წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი საღებავითაა მოხატული.

იატაკზე ვწევარ და ვფიქრობ რა შორს ვარ ყველაფრისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, ჩემი საქმისგან, მაგრამ როგორ ახლოს ვარ საკუთარ თავთან. რაც უფრო შორს მივდივარ, მით უფრო მეტად ვუახლოვდები. აქამდე თითქოს ვერც ვხედავდი და ახლა კუდში მივყვები, თითქოს ხელის ერთ გაწვდენაზეა. გარდა ამისა, ცხოვრებაში პირველად, შემიძლია, სიცოცხლე ვიგრძნო და იმ სიზმრისეულის განცდიდან გამოვიდე, რაიდომდე რომ დამყვებოდა.

იატაკზე ვწევარ და ვფიქრობ რა შორს ვარ ყველაფრისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, ჩემი საქმისგან, მაგრამ როგორ ახლოს ვარ საკუთარ თავთან


ახლა ყველაფერი უფრო მეტად მკაფიოა, ყოველი ახალი დღე მართლა ახალი დღეა. არასოდეს ვიცი რა გზაზე მომიწევს წასვლა, როგორია ის სოფელი თუ ქალაქი, სადამდე მისვლასაც ვაპირებ, არც ის ვიცი, ღამე სად მომიწევს დაძინება მეჩეთში თუ კარავში. კარავში ძილი დიდად არ მხიბლავს, ღამე მარტო ყოფნა არ ვარგა, დილის ექვსიდან საღამოს ხუთამდე ისედაც საკუთარი ფიქრების გარდა არავის ეკუთვნი და საღამოს ადამიანები გჭირდება. განდეგილობა არ ყოფილა ჩემი ხვედრი. აღაბეილის მეჩეთში თავით კარისკენ ვწევარ და ვფიქრობ, როგორ უცნაურად წარიმართა ჩემი ცხოვრება.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე ველოსიპედით თუ დავიწყებდი მოგზაურობას. ამ დროს მეჩეთში კაცი შემოდის, კეთილი ღიმილით დამყურებს და რაღაცას მეუბნება. "გურჯისტან. მევლანა. კონია." ვუპასუხობ. "ბისიკლეტ?" "ჰო. იმამ?" უარის ნიშნად გააქნევს თავს, ხელებს თავქვეშ იდებს და მერე კარისკენ იქნევს. მაშინვე მივხვდი, დასაძინებლად ადგილს მთვაზობს. გავყევი.

მისი სახლი ერთი მომცრო ზომის ოთახისგან შედგება. სქელი წითელი ხალიჩა უგია, იატაკზე ბალიშებია გაფანტული, კუთხეში ჩილიმი და ცენტრში შეშის ღუმელი დგას, ღუმელზე კომშები დევს და ოთახში საოცრად სასიამოვნო სუნია. შემწვარი კომშის სუნმა ბავშვობის სახლი გამახსენა და მაშინვე ყველაფერი გადამავიწყდა, გაქრა თურქეთის მიყრუებული სოფელი, გაქრა ველოსიპედით ბორიალი, გაქრა დიდის ფიქრები, სულ ორიოდე წამით მეგონა იქ ვიყავი, სახლში.

მე და მურადმა, მასპინძელმა, დიალოგი ვერ გავაბით, რადგან ტელეფონი ძალიან ცუდად იჭერდა და ინტერნეტთან წვდომა არ

გიგა ბერიაშვილის მოგზაურობა

გიგამ 27 ნოემბერ მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო და ამ დროისთვის ათასობით კილომეტრი აქვს გავლილი. ყოველდღე ის ეცნობა სხვადასხვა ხალხის ცხოვრების წესს, ხედვებს, რწმენას…

რადიო თავისუფლება დღეიდან სისტემატურად შემოგთავაზებთ გიგა ბერიაშვილის დღიურებს და ფოტოებს, ასვე რუკაზე გაჩვენებთ მოგზაურის მიერ გავლილ მარშრუტს.
ამ მონენტისთვის იგი თურქეთშია და სირიის საზღვრისკენ მიდის.

პირველი წერილი ნახეთ აქ , მეორე კი აქ.

მქონდა. რამდენადაც შეგვეძლო ზოგადი ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ მალე სიჩუმე ჩამოწვა. იატაკზე გავგორდი. სითბოში ჩამთვლიმა და მესიზმრა, პატარა კუნძულზე ვარ, მაგრამ გარშემო არც წყალია, არც ტყე, არც მინდორი და ჰორიზონტზეც არ მოჩანს რამე. ორი წამიც და ვხედავ, ტანთ ჯაჭვი მასხია, მიწაზე ვგდივარ. ვერც კი ვინძრევი. ველოსიპედიც და ჩემი ნაჯახიც შორსაა ჩემგან. ვბორგავ. ჯაჭვების დაწყვეტას ვცდილობ, მაგრამ ისეთი მძიმეა, რომ ვერც შევარხევ. უცებ, ქარი იწყებს ქროლვას და მე მისდა ლოცვას. დაჰბერა ძალით და მიმაგორებს კიდისაკენ. გადავარდნის შიში მიპყრობს ახლა.

ფეხებზე ისევ ბორკილი მადევს. როგორღაც ვდგები, კიდესთან ვდგავარ და უფსკრულს დავყურებ. ქარმა ფეხებზე ჯაჭვი მიმსხვრია. ველოსიპედზე ვჯდები და უფსკრულში ვხტები. დიდხანს ვვარდებოდი. ბოლოს გზაზე გაველ. სახლში ვაპირებ წასვლას, მაგრამ რამდენჯერაც მისკენ გადავუხვიე, გზა ისე აღმართდა, უკან დავგორდი. ვცდილობ არ დავნებდე, ვებრძვი. გზა გველეშაპია, ცეცხლის ენა აქვს, ბზარებს იჩენს პირზე და ჩემ დაწვას ცდილობს. ველოსიპედიდან წყალი ვაფრქვიე, ცეცხლი ჩავაქრე. მერე ნაჯახს ვიღებ და გზას ვუშენ, მაგრამ გზაზე დამდგარი გუბე ზღვად გადაიქცა და დარჩობას მიპირებს, ხოლო ველოსიპედს, მასზე გავლაც ძალუძს. მივქრივარ, როგორც ქარი ტრიალ მინდორზე. გველეშაპი ამოდის წყლიდან და დაიწყო თავსხმა, დაიწყო შტორმი. გალუმპული და წყლისგან დამძიმებული ძლივსღა მივცურავ.

ახლა დანა ამოვიღე გულიდან და დავცხე ზღვას, კლდეები აღიმართა. ღამეა. ბნელში მივგორავ ნელა. მთვარე არ არის. არც ვარსკვლავია. უცებ, რაღაც იცვლება და არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი საიდან მოვდივარ ამ საით მივალ, დავეძებ, მაგრამ არ ვიცი რას. ჩემ ირგვლივ მაღალი მთები აღმართულა, შორს, ძალიან შორს სინათლე მოჩანს, ცეცხლისასა ჰგავს. დავატრიალე პედლები და გავუყევი ხევს. ცეცხლის გარშემო სამი მგელი ზის. სამ მგელს წამოუქცევია სამ-სამი ირემი და ჭამს. "მეყმეთ ან მეძმეთ!" მყის შევუყვირე. "გეძმობით!" მითხრეს და დევებისკენ მიმავალი გზა მიმასწავლეს, - ოქროსთმიანი ერკემალი ჰყავსო. ცხვარი მაჩუქეს. წამოვაქიე. გავფატრე ლომმა და ტანთ შევიმოსე. აჰა, ლომი მგელზე მჯდომი, რომელს ტანთა ჰმოსავს ცხუარი და ერკემლის მოსაყვანად დევებთან მიდის.

ვეუბნები, სირიაში ვაპირებ წასვლას-მეთქი და მეკითხება არ გეშინიაო? "რა თქმა უნდა, მეშინია, სირიის კი არა ყოველი გათენებისა და დაღამების მეშინია, მაგრამ შიშს ვერ მისცემ გასაქანს


იმამი მოვიდა. გამეღვიძა. ცოტა ინგლისური იცის და რაღაცნაირად ვაგებინებთ ერთმანეთს სათქმელს. ვეუბნები, სირიაში ვაპირებ წასვლას-მეთქი და მეკითხება არ გეშინიაო? "რა თქმა უნდა, მეშინია, სირიის კი არა ყოველი გათენებისა და დაღამების მეშინია, მაგრამ შიშს ვერ მისცემ გასაქანს. არ შეიძლება მის გამო უკან დაიხიო და სვლა შეწყვიტო. როდესაც აღმოაჩენ, რომ რაღაცის გეშინია, რისიც გეშინია, ის აღმატებული ხდება, შენზე ძალა ეძლევა და შენი დამარცხება შეუძლია. იგი მტერია, რომელიც გზაზე გხვდება და ნებას აღმასვლის საშუალებას უსპობს. თუ ამ მანკიერებამ გაიმარჯვა, მთელი ცხოვრება იმ შეშინებულ კაცად დარჩები, რომელიც შუა გზიდან გამობრუნდა. მაშინ სიცოცხლეშვე სიკვდილს მიეცემი და მანდვე დამთავრდება ნებაც."

ჩემ წინ ზის კაცი მუხლზე წიგნგადაშლილი, უცნაური მზერით მიყურებს და მეუბნება, მხოლოდ ალლაჰის უნდა გეშინოდეს, რადგან იგია ყველაფრის განმგებელი და თან მის მიწებზე ხარ, შენი ღმერთები შენთან არიან, მაგრამ ალლაჰზე უკეთ ვერ დაგიცავენ, მისთვის ილოცე, მეც ვთხოვ, რომ დაგიფაროსო.

ამასობაში კარგად შებნელდა. ცოტა ხანში მურადი ეზოში გადის. მე და იმამი ვსხედვართ და შიშებს განვიხილავთ. უცებ ეზოდან ლაპარაკის ხმა ისმის, გავიხედეთ და ვხედავთ, მურადი ძროხას ეფერება, რაღაცას ელაპარაკება, მერე შუბლზე ჰკოცნის და თავზე ადებს თავს. მევლანას საფლავი სხვა დერვიშთ საფლავთ შორის ყველაზე დიდია და მის წინ ყველაზე მეტი ხალხია. ზოგი ფეხზე დგას და ისე ლოცულობს. ზოგი კედელთან მიმჯდარა და თავი ხელებში აქვს ჩარგული. ზოგი იატაკამდეა თავით დახრილი და ლოცვის თანა ირხევა ნელა. მე იატაკზე ვზივარ, კრიალოსნით ხელში, მარცვლებს ვითვლი და ჩემი ლოცვები მიტრიალებს თავში. ჩემ გვერდით ახალგაზრდა ქალი ზის, შვილი ჰყავს გულზე მიხუტებული და ორივე გაუჩერებლად ლოცულობს და გულამოსკვნილი ტირის. ჩანთიდან კალამსა და ფურცელს ვიღებ და ჯალალ ედ დინ რუმის უკანასკნელი ლექსის ჩემეული თარგმანის წერას ვიწყებ. ფურცელს ვკეცავ და რუმის აკლდამასთან ვდებ.

კონიადან პირველი საათისკენ წამოვედი. ველოსიპედისტს რამდენიმე მტერი ჰყავს: აღმართი, წყლის დამთვრება და ძაღლები. კონიადან წამოსვლისას კიდევ ერთი მტერი გავიცანი: ქარი. იმდენად ძლიერი ქარი ქროდა, ხუთი საათის განმავლობაში ოც კილომეტრზე მეტი ვერ გავიარე, რადგან დარტყმის ძალა ტროტუარიდან ტრასაზე მაგდებდა, სადაც ტრაილერები მოძრაობდნენ და რამდენჯერმე ავარიას გადავურჩი. ქარს თან ღვარცოფი დაერთო და გათოშილმა, უახლოეს სოფლამდე ძლივს მივაღწიე. ჲარმა პატარა სოფელია, მაგრამ თავსხმაში შეთვალიერება ვერ მოვახერხე, მაშინვე მეჩეთში შევვარდი. ნამაზი იწყებოდა. ხალხი ნელ-ნელა შეიკრიბა. ლურჯთვალება ბიჭი მოვიდა და გამომელაპარაკა. რომ მიხვდა, სველი ვიყავი, მაშინვე დაფაცურდა, ნამაზი გამოტოვა, თავისი მეგობრის მაღაზიაში წამიყვანა, ტანსაცმელი გამოვიცვალე, ცხელი ჩაი დავლიე და შეშის ღუმელს მივეფიცხე.

მუჰამედი 22 წლისაა, ძალიან ლამაზი სახე აქვს და ღრმა ლურჯი თვალები. ისეთი ხმა აქვს, სიტყვას რომ დაძრავს, გეგონება, მღერისო. წარმოშობით ავღანეთიდანაა. ჲარმაში მარტო ცხოვრობს. ქაბულში 6 წლამდე უცხოვრია მშობლებთან ერთად და გაჭირვების გამო სირიაში გადასახლებულან. სირიაში მშობლებს ნელ-ნელა რამდენიმე მაღაზია გაუხსნიათ და იმდენად კარგი შემოსავალი ჰქონდათ, რომ მუჰამედი კერძო სკოლაში დადიოდა, სადაც ინგლისურის გარდა ფრანგულიც ისწავლა.

"პალმირა ულამაზესი ქალაქი იყო. ძალიან კეთილი და მშვიდი ხალხით დასახლებული. ჩვენი უბნის მცხოვრებნი ყველანი მეგობრები ვიყავით. მუსლიმი, იეზიდი და ქრისტიანი ოჯახები ერთად ვცხოვრობდით, ერთმანეთის სახლებში სტუმრად დავდიოდით, ერთმანეთს დღესასწაულებს ვულოცავდით, ერთმანეთის შვილებს ვემეგობრებოდით, ჭირსა და ლხინს ვიზიარებდით. ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი იეზიდი იყო. რელიგიური შეხედულებების გამო უთანხმოება არასოდეს გვქონია, ამ თემებზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით, მაგრამ ერთიმეორის რწმენის დამცირება გულში არავის ედო. ერთმანეთი გვიყვარდა და ეს სიყვარული გვაქცევდა ძმებად. მშვიდად ვცხოვრობდით, რამდენადაც შეგვეძლო, ერთმანეთს ვეხმარებოდით და გვერდში ვედექით. მაგრამ ყველაფერი ხანმოკლეა და არც ეს სიმშვიდე აღმოჩნდა გამონაკლისი. ერთ ღამეს ჩვენს ქალაქს დაეში დაეცა. სახლებში შემოგვიცვივდნენ იარაღებით ხელში, "ურწმუნოებო!" ყვიროდნენ, ავტომატებს გვადებდნენ, სახეში შემოგვცინოდნენ და ჩვენი შიშით ხარობდნენ. მამაჩემს იარაღი ჰქონდა, ერთისთვის სროლა მოასწრო, მაგრამ მეორეს ვერ დაასწრო. დედამ დრო იხელთა და ფანჯრიდან გამაქცია, მოვასწარი დანახვა, როგორ ჩაცხრილეს მამაჩემი და ავტომატის ჯერი ჩვენც მოგვაყოლეს. ჩვენი სახლის ფანჯარა მაღაზიის ფანჯარას უყურებდა და ამათ შორის დისტანცია ერთი მეტრიც არ იყო. მაღაზიაში არავინ იყო, ფანჯრიდან შიგნით შევედით და სანამ დედა უკანა ქუჩაზე გასასვლელ კარს გააღებდა გარეთ გავიხედე: ქუჩებში ხალხი იყო გამოყრილი, ყველგან დაეშის ჯარისკაცები იდგნენ და მათი დროშები ფრიალებდა.

მწკრივად დაეყენებინათ ჩვენი იეზიდები, მათ შორის დავინახე ჩემი ძმაკაცი, ქუმარი. მერე სროლის ხმა გავიგონე. ყველა დახოცეს. კაცები, ქალები, ბავშვები, ჩემი ქუმარი... უცებ, იმ მაღაზიას, რომელსაც თავს ვაფარებდით სროლა დაუწყეს, მაგრამ მოვასწარით გამოსვლა, დედამ მანქანაში ჩამსვა და სასწრაფოდ გავეცალეთ იქაურობას. ყველგან წივილ-კივილისა და სროლის ხმა ისმოდა, დაეშის ჯარისკაცები რომ გვხედავდნენ, წინ გვიდგებოდნენ, მაგრამ დედა უფრო უმატებდა სიჩქარეს და ჩვენთვის დაშენილ ტყვიებს წამითაც არ ნებდებოდა. ალეპომდე თითქმის გაუჩერებლად ვიარეთ. იქ მამას მეგობრები ჰყავდა და ცოტა ხნით შეგვიფარეს, მაგრამ სულ მათთან ხომ ვერ ვიქნებოდით. თურქეთში ჩამოვედით და აქ თავშესაფარი მოვითხოვეთ. დედა შარშან გარდაიცვალა."

მუჰამედი ჩაიხანაში მუშაობს და ამავე შენობის მეორე სართულზე სულ მარტო ცხოვრობს. ამბობს, ერთი გოგო მიყვარს, მასაც ვუყვარვარ და ძალიან მინდა მასზე ქორწინება, მინდა რომ ისევ მქონდეს ოჯახი და მყავდეს ვინმე, ვისაც დავიცავ და გავუფრთხილდები, მაგრამ ჯერ ცოტა ფული უნდა მოვაგროვო რომ სახლი ავიშენოო. ღამე მის ოთახში მეძინა. გვიანობამდე ვლაპარაკობდით. მერე დღიური ავიღე და წერა დავიწყე. რომ დამინახა, მკითხა რას წერო. მეთქი, დღიურს, დღის ბოლოს ვიწერ ხოლმე თავს გადამხდარ ამბებს და მერე ზოგიერთს ვარჩევ, პატარა ბლოგად ვწერ და ინტერნეტში ხალხს ვუზიარებ-მეთქი. მეკითხება, ჩემზეც დაწერო? ვპასუხობ, რომ თუ წინააღმდეგი არ იქნება. არ ვარო, ამბობს და მიღიმის.

საოცარი ღიმილი აქვს, ისე იღიმება და ისე იქცევა, რომ არ ვიცოდე რა გადახდა, მეგონება, ერთი უდარდელი ბიჭია, რომელიც სავსე სიცოცხლით ხარობს-მეთქი. "დაწერე ჩემზეც და შენს ხალხს უთხარი, თუ შეძლებენ რომ ვინმეს ტკივილი აარიდონ, უკან ნუ დაიხევენ. ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა შეგეძლოთ, ერთმანეთს დაეხმარეთ." იმ ღამეს ხმაურმა გამაღვიძა, მოგუდული ტირილისა და პერიოდული ყვირილის ხმებმა წამომაგდო. მუჰამედი იყო. ძილში ტიროდა და ყვიროდა. სიმბოლურია, რომ დღეს დორტიოლის პატარა სასტუმროში ვარ; გუშინ სირიიდან ლტოლვილი ბიჭები გავიცანი, რომლებმაც აქ მომიყვანეს და სრულიად უფასოდ ოთახი მომცეს. ეს ქალაქი 104 კილომეტრშია სირიის საზღვრიდან. ორ დღეში ალეპოში ვიქნები და იქიდან ლიბანის გზას გავუდგები. ისევ არ მჯერა რომ მანდ მივდივარ. სირიაში მივდივარ! მე! სირიაში! ღმერთო... "შემიფარე ჩემო ღმერთო, ირმის რქებით ხელში..."​


ბოლო გზავნილი
სოფელ ჲაჲალადაღში, რომელიც სირიას ესაზღვრება, სამი საათისთვის ჩავედი. საზღვრიდან ხუთ კილომეტრში საკარვე ადგილი ვიპოვე და ის-ისაა კარავი უნდა გავშალო, რომ სირენების ხმა მესმის. მომადგა სასაზღვრო პოლიცია. ავტომატები ჰკიდიათ. გამეცვნნენ და მეკითხებიან, აქ რა გინდა, კარავს რატო შლიო. მეთქი, ბეირუთში მივდივარ სირიის გავლით. აბა სირიაოო, რამდენიმე კითხვა გვაქვს შენთან, დაპატიმრებული არა ხარ, მაგრამ განყოფილებაში უნდა გადაგიყვანოთ, სირიაში შესვლის სურვილს ასე ვერ დავტოვებთო.

კარავი ავალაგეთ, ველოსიპედი ჩავდეთ მანქანაში და გადამიყვანეს სასაზღვრო განყოფილებაში. ინგლისურად ერთი ლაპარაკობდა და ისიც ცუდად და რომ გაიგეს ქართველი ვარ, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ რუსულად უნდა გაეგრძელებინათ დიალოგი. მე რუსული არ ვიცი, მაგრამ პრინციპის ამბავია და მეთქი რუსულად სიტყვასაც არ დავძრავ, ან ინგლისურად მელაპარაკეთ ან საერთოდ არაფერს გეტყვით-მეთქი.

რომ გაიგეს ქართველი ვარ, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ რუსულად უნდა გაეგრძელებინათ დიალოგი. მე რუსული არ ვიცი, მაგრამ პრინციპის ამბავია და მეთქი რუსულად სიტყვასაც არ დავძრავ, ან ინგლისურად მელაპარაკეთ ან საერთოდ არაფერს გეტყვით-მეთქი


მოკლედ, ოთხი საათის განმავლობაში მეკითხებოდნენ რაღაცებს, დეტალებში მომაყოლეს საიდან წამოვედი, როგორ წამოვედი, ვინებს შევხვდი, რატომ შევხვდი და რაზე ვილაპარაკეთ. მერე ეს ყველაფერი უკუღმა მომაყოლეს. იქექეს, იქექეს და ვერანაირი კრიმინალური ჩანაწერი რომ ვერ მიპოვეს და თან ჯიჰადისტების არც ერთ სიაში არ აღმოვჩნდი, მიხვდნენ, ერთი ახირებული ვიღაცა ვარ, ვინც გაგანია ომში დაეშს არ უფრთხის და მათი ტერიტორიების გავლას აპირებს და რატომღაც ჰგონია, მარტივად გადავა საზღვარზე. სანამ კვლევა-ძიება აქვთ გაჩაღებული და უკვე ხვდებიან საშიში არა ვარ, საჭმელი მომიტანეს და სულ მებოდიშებოდნენ, ამდენი ხნით გაჩერებთო. ბოლოს, მითხრეს ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა: "თურქეთიდან სირიაში შესასვლელი გზა არ არის. ყველა საზღვარი ჩაკეტილია. უკან უნდა დაბრუნდე." როგორ გინდა უკან დაბრუნდე! ამ მხრიდან რომ ამოვიდე და ირანისკენ მიმავალ გზაზე გავიდე, 300 კილომეტრი უკან უნდა გამოვიარო. აქედან სულ მცირე 150 კილომეტრი მთებია, ციცაბო აღმართი თან! არ ვიცით, საით წახვალ, მაგრამ თურქეთიდან სირიაში ვერ გადახვალო. პასპორტი დამიბრუნეს, გამოვედი გარეთ, - ღამეა უკვე და წვიმს. ცოტა გავიარე ველოსიპედით არეულ-დარეულმა და ვფიქრობ ახლა რაღა ვქნა და ისევ სირენის ხმა მესმის. ჩამისვეს მანქანაში და წამომიყვანეს უკან, უახლოეს ქალაქ ჰატაიმდე. ვზივარ ეხლა ჰოსტელში, ფანჯრიდან ვუყურებ როგორ კოკისპირულად წვიმს და ირანში წასასვლელ მარშრუტს ვგეგმავ.

გიგას მოგზაურობა:

თითქმის ერთი თვის წინ მთარგმნელმა გიგა ბერიაშვილმა, რომელსაც თავისი პატრა გამომცემლობა " ახალი ეონის ბიბლიოთეკა" აქვს, რამდენიმე თავის მიერვე თარგმილი რამდენიმე წიგნი გაყიდა, ფული მოაგროვა, ამ თანხით ველოსიპედი და ერთკაციანი კარავი იყიდა და თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მოგზაურობაში -”რაიდოში” გაემგზავრა. მას დაგეგმილი აქვს ველოსიპედით მოიაროს თურქეთი, ირანი, ერაყი, სირია, პალესტინა, ისრაელი, ლიბანი და ეგვიპტე.

ორი წლის წინ ბებია გარდაიცვალა. ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისი სიკვდილი. დაკრძალვის დღე განსაკუთრებით რთული გადასატანი იყო. დაკრძალვამდე, დღეების განმავლობაში, ძალიან მძაფრად განვიცდიდი სიცოცხლის ამაოებას. დაკრძალვის დღეს ყველაფერი მახსენდებოდა, რაც კი ოდესმე ჩემთვის უთქვამს და ერთად გვიკეთებია.

ერთხელ, ზამთარში, დიდი თოვლი მოვიდა. ჩვენ შეშის ღუმელთან ვისხედით, ბებიას საჩეჩი ეჭირა, მატყლს ჩეჩავდა და ამბავს მიყვებოდა ისეთი ცივი და თოვლიანი ქვეყნის შესახებ, სადაც ყველაფერი ყინულისგანაა ნაგები, ხოლო ადამიანები ციგებითა და მარხილებში შებმული ძაღლებით დაიარებიან, ხის პატარა სახლებში ცხოვრობენ, ცხელ ჩაის სვამენ, აკროშკას ჭამენ და დღისით და ღამით დიდზე უფრო დიდად თოვს.

ბებია წლების განმავლობაში ოცნებობდა რუსეთში მოგზაურობაზე, მაგრამ ისე დალია სული, რომ ეს ოცნება ვერ აისრულა. ამ მოგონების ამოტივტივებამ და იმის გააზრებამ, რომ სიცოცხლე ძალიან მოკლეა, ხოლო სანახავი - ბევრი, წამში გადაასხვაფერა მთელი ჩემი განცდები. ფიქრები, რომ სიკვდილის წამებში შეიძლება ნანობდა, რომ ვერაფრით მოახერხა ამდენი წლის ოცნების ასრულება, ერთდროულად დიდ ტანჯვასა და სიამოვნებაში მაგდებდა: ვგრძნობდი, რაღაც ისეთის წინაშე აღმოვჩნდი, რასაც აქამდე არ ვიცნობდი. ეს იყო პირველად განცდილი მოძრაობის სურვილი, სიარულისა და სამყაროს უშუალოდ აღქმა-შეცნობის მიმართ პირველი მწველი ვნება. 2017 წლის მარტიდან "რაიდო" მიზნად გადამექცა, რაიდო - მოგზაურობა ველოსიპედითა და კარვით იმ ადგილებში, სადაც არც ბებია ყოფილა და არც მე.​