რაიდო ირანში - წერილი 4

ავტორი: გიგა ბერიაშვილი

მართლა მოწყალე ყოფილა ალლაჰი. დოღუბაიაზითის ერთ-ერთ მეჩეთში იმამი გავიცანი, ძალიან კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად და დილიდან მაგასთან ერთად ვიყავი. ბოლოს შევჩივლე, რაც საქართველოდან წამოვედი, მას შემდეგ ჩაითი ვიჭყიპები-მეთქი და ორი წუთით დამიცადე აბაო და ასე ოც წუთში დაბრუნდა, ხელში შავ პარკში გახვეული ღვინის ბოთლი მომაჩეჩა, სანამ მეჩეთს კარგად არ მოშორდები, მანამდე არ გახსნა და არც არავის უთხრა მე რომ მოგეცი, ამათ არ ესმით, მაგრამ შენ ქრისტიანი ხარ და გამიგებ ღვინის სიყვარულსო.

გიგა ბერიაშვილის მოგზაურობა

გიგამ 27 ნოემბერ მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო და ამ დროისთვის ათასობით კილომეტრი აქვს გავლილი. ყოველდღე ის ეცნობა სხვადასხვა ხალხის ცხოვრების წესს, ხედვებს, რწმენას…

რადიო თავისუფლება დღეიდან სისტემატურად შემოგთავაზებთ გიგა ბერიაშვილის დღიურებს და ფოტოებს, ასვე რუკაზე გაჩვენებთ მოგზაურის მიერ გავლილ მარშრუტს.
ამ მონენტისთვის იგი თურქეთშია და სირიის საზღვრისკენ მიდის.

პირველი წერილი ნახეთ აქ , მეორე კი აქ.

იმ დღეს ირანში წასვლა გადაიდო, მაგრამ მეორე დღეს თურქეთი უკან მოვიტოვე და სპარსეთის გზას დავადექი. ბინდდებოდა პატარა სოფელში რომ შევედი. მეჩეთის წინ გავჩერდი. ბავშვები შემომეხვივნენ და ცოტა ხანში, ჩემ ირგვლივ მოხუცებმაც მოიყარეს თავი, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთ. ირანში სხვა ქვეყნების საბანკო ბარათები არ მუშაობს, ფული ვერსად გადავცვალე და ირანული ნომრის ყიდვაც ვერ მოვახერხე, ამიტომ უინტერნეტოდ ვიყავი.

ვცდილობ, გავაგებინო, რომ ღამის გასათევს ვეძებ. ერთი მოხუცი ტელეფონზე რეკავს და გოგოს ხმაა, ინგლისურად მეუბნება, ვერ გაიგეს რა გჭირდება და იქნებ, მე მითხრაო. ავუხსენი და მეუბნება, ჩვენთან მეჩეთები ყოველთვის დაკეტილია, რადგან იშვიათია ვინმე დღეში ხუთჯერ ლოცულობდეს, მოლებიც არ გვყავს, მაგრამ სტუმრები გვიყვარს, განსაკუთრებით ქართველი სტუმრებიო.რამდენიმე წამში დაფაცურდნენ, ჩაკეტილი მეჩეთი გამიღეს.

სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. შიიტების მეჩეთი რადიკალურად განსხვავდება სუნიტების მეჩეთისაგან. ცენტრში დიდი ოქროსფერი კუბი დგას, კედლები სპარსულ სტილში ხელითაა მოხატული, ფერადი ასოები ერთმანეთში ისე ირევა, რომ ერთი ჰოლოტროპული და თორმეტივე წმინდა იმამს წამში იახლებ. შიიტური მეჩეთი სრული მისტიციზმია! მაგრამ რა წამს ფეხი შევდგი, ვხვდები, იქ დარჩენის იდეა აღარ მხიბლავს.

არ ვიცი ასე უცებ რა შეიცვალა, მაგრამ ვგრძნობ, მორჩა მეჩეთებში ხეტიალი, აღარც იმამების ნახვა მინდა, აღარც ნამაზის ლოცვა, აღარც ასე ძილ-ღვიძილი, - სადღაც სხვა მხარეს ვარ, აღარ მინდა მოქმედება, აღარ მინდა ხალხის გაცნობა, აღარც ვინმესთან ლაპარაკი მინდა, არც არავინ მენატრება, არც არაფერს ვნატრობ, მხოლოდ ჩუმად ყოფნა მინდა, სადმე ჯდომა, ფიქრი.

აქამდე არც კი მიფიქრია, რომ რაიდო უფრო შორს წავიდოდა, რომ სხვა კარსაც შეაღებდა, ისეთს, როგორსაც აქამდე გზაზე არ შემოვხვედრივარ. მეჩეთში მცირე ხანს გავჩერდი. ხალიჩა გავშალე, კრიალოსანს ვატრიალებ ხელში და ვფიქრობ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, სად წავიდე. აქ დარჩენა აღარ მინდა, ვერ დავრჩები, ერთი წამითაც ვერ გავჩერდები. სული მეხუთება. უნდა წავიდე. უნდა წავიდე. უნდა წავიდე.

გარეთ გამოვდივარ, მოხუცებს ვემშვიდობები და ველოსიპედს ისე სწრაფად მივაქროლებ, თითქოს უდაბნომ ჩემ უკან გველეშაპი შობა. სანამ ტრასაზე მივქრივარ, თავში ერთი კითხვა მიტრიალებს: "ეს რაღა იყო!" მაგრამ არა მაქვს პასუხი.

"წითელი ნახევარმთვარის" ოფისთან გავჩერდი. დავაკაკუნე. კარი ახალგაზრდა ბიჭებმა გამიღეს. ვეკითხები ფული სად შეიძლება გადავცვალო-მეთქი, მაგრამ ინგლისური არ ესმით. მათი ტელეფონები არ იჭერს. "ირანსელ პრობლემ..." ამბობს და თავს იქნევს. მეთქი არა უშავს, გამობრუნებას ვაპირებ, მაგრამ მაჩერებენ. ნაბეჭდი ლექსიკონი გამოაქვთ და სიტყვებს ქექავენ, "ძილი?" მეკითხება. თავს ვუქნევ. მოღიმარი სასწრაფოს მანქანაში ჯდება, ველოსიპედზე მანიშნებს და მეუბნება "გამომყევი".

მივყვები, ასე, თხუთმეტი წუთი. პოლიციის შენობასთან გავჩერდით. პოლიციაშიც ანალოგიური სიტუაცია დატრიალდა, ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთ, ბოლოს ვემშვიდობები და განყოფილებიდან გავდივარ, "ეი! ეი!" მეძახიან და მომყვებიან, სატვირთოს აჩერებენ, რაღაცას ეუბნებიან, ველოსიპედს საბარგულზე დებენ და "თეირან, სლიფ!" მეუბნებიან.

წარმოდგენა არა მაქვს რა ხდება, მაგრამ ვგრძნობ, რაღაც ახალი თავგადასავლის პირას ვარ. ერთსაათიანი სიარულის შემდეგ, მძღოლი სადღაც რეკავს. ბიჭის ხმაა: - გამარჯობა, მე ბეჰნამი ვარ, სადაური ხარ? - გამარჯობა, ქართველი ვარ. შეგიძლია მითხრა სად მივდივარ? - მანდვე ქალაქში ჩამოგსვამს, დამელოდე ცოტა ხანს, მანქანით მოვალ და რამეს მოვიფიქრებთ, კარგი?

ბეჰნამი 36 წლისაა, ცოლი და ერთი შვილი ჰყავს. მშენებელია და ადგილობრივ სკოლაში, რომელიც მან ააშენა, თავის ცოლთან ერთად ინგლისური ენისა და ლიტერატურის ენთუზიასტი მასწავლებელია. გაოგნება ვერ დავმალე, როდესაც სახლში შევედი და დედამისი ჰიჯაბის გარეშე დამხვდა.

"ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა თმის გაშლა, მომწონდა, ქარი რომ მიფრიალებდა და მხრებზე მაყრიდა. ყველა მე მიყურებდა, ყველას მე მოვწონდი, მეც მეტი რა მინდოდა, ქუჩაში გავიშლიდი ხოლმე და ყველას თვალს ვჭრიდი. თანაც ისეთი ლამაზი ვიყავი! ეჰ... ჩემი სილამაზე ისე სწრაფად გაქრა, როგორი სისწრაფითაც ხომეინიმ ჯოჯოხეთს ჩაუშვა ეს ქვეყანა. დღემდე ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ." ბეჰნამს ვეკითხები, როგორია მისი და მისი მეზობლების, ნაცნობების და ზოგადად ირანელების დამოკიდებულება თავშიშველ ქალებზე.

"არც მე და არც რომელიმე კაცი ამ სოფელში, არ ვაიძულებთ ჩვენს ქალებს, რომ დემენტორებივით იარონ. ერთადერთი, ვინც ამას გვაიძულებს, ჩვენი სახელმწიფოა, წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ, ვერც ჰიჯაბისა და ბურქას გარეშე გადიან ქალები გარეთ, რადგან დიქტატორს ძალიან ბევრი ენატანია ჰყავს და შეუძლიათ, ავი დაგვმართონ. დამსმენები ჩვენს სოფელშიც არიან, ყველამ ვიცით მათი სახელები, მაგრამ რა გინდა რომ ქნა! ეს მხოლოდ აქ არა ხდება, ეს ხდება ირანის ყველა სოფელში, ყველა ქალაქში. ისე, ბევრი ქალია, ვინც იმიტომ ატარებს ჰიჯაბს, რომ მოსწონს, ან სწამს. მაგალითად ჩემი და, ბავშვობიდან გიჟდება ჰიჯაბზე, მთელი კოლექცია აქვს, ასობით სხვადასხვა ფერის, ნაქარგი, სადა... რაღა თქმა უნდა, არიან ფანატიკოსებიც, მაგრამ ძალიან ცოტა. მათზე ხშირად კეთდება აქცენტი, მაგრამ სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილნი არიან და უშუალოდ მისგან ფინანსდებიან, ამიტომაც გვიწევს სათვალავში ჩავაგდოთ. თეირანელი ქალები ძალიან ძლიერი მებრძოლები არიან, ზოგჯერ ჩვენზე, კაცებზე, უფრო გამბედავები არიან და იმას აკეთებენ, რასაც ჩვენ ვერ ვიზამდით. ქუჩაში იხსნიან ბურქას, ჰიჯაბს და სხვა ქალებსაც დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ, არც პოლიციისა და არც ციხის არ ეშინიათ, უბრალოდ არ უნდათ რომ მათ, მათ შვილებს იმის ჩაცმას აძალებდნენ, რაც შეიძლება სულაც არ მოსწონდეს. დასავლეთში ჰგონიათ, რომ ირანი ღრმად რელიგიური ქვეყანაა, რომ ირანელი ხალხი ძალიან მორწმუნეა, მაგრამ დაგენაძლევები რაზეც გინდა, რომ ამ სოფელში მცხოვრები ხუთიათასი ადამიანიდან, ნამაზის ლოცვა სულ ხუთ კაცს თუ ეცოდინება და ხუთიდან ოთხს შეცდომით. ეს წარმოდგენები ამერიკულ-ებრაული პროპაგანდის შექმნილია. პრობლემები გვაქვს, მაგრამ ამ პრობლემების სათავე ჩვენი ხალხი კი არა ჩვენი მთავრობაა. მეჩეთი რამდენიმე ათეული წლის წინ აგვიშენეს, ბავშვი რომ ვიყავი, და მას შემდეგ დაკეტილია. აქ არავინ ლოცულობს, აქ ღმერთი აღარ არის. ერთხელ, მოლა მოგვიყვანეს, მაგრამ პატივს არავინ სცემდა და თეირანს გადაიხვეწა. დიდ ქალაქებშიც დაკეტილია მეჩეთები, აქა-იქა თუ იპოვი მოქმედს. ჩახვალ და ყველაფერს თავად ნახავ." არ გაუზვიადებია, გზაზე მეჩეთებთან ვჩერდებოდი და კარს ვამოწმებდი, მაგრამ უმრავლესობა ნამაზის დროსაც კი დაკეტილი იყო.

(ამ აბზაცს ავტობუსში ვწერ. ქალები ამოვიდნენ თუ არა, მაშინვე გაიშალეს თმა და ჰიჯაბს მხოლოდ მაშინ იკეთებენ თუ საჭმელად ვჩერდებით და გარეთ გასვლა გვიწევს.)

ვაჰიდი მეუბნება: "თეირანში შარშან ვიყავი, ავტობუსით მგზავრობა ძალიან სასიამოვნოა, მთელი ცხრა საათი უნდება იქამდე ჩასვლას და ბევრ რამეზე ფიქრობ, არ გინდა სცადო? ოდესმე ღამით გიმგზავრია?" პაპაჩემს კამაზი ჰყავდა. კამაზს პატარა საძინებელი ჰქონდა. ჩემი, ჩემი დის და ჩვენი მამიდაშვილების ყველაზე საყვარელი ადგილი ზუსტად ეს საძინებელი იყო. ვენახში კამაზით წასვლა განსაკუთრებული მოვლენას წარმოადგენდა და ჩვენც ერთმანეთს ვასწრებდით იქ შეძრომას და საბანში გახვევას.

ერთი მგზავრობა მახსოვს ყველაზე ცხადად. ცხრა-ათი წლის ვიქნებოდი, ვენახიდან მოვდიოდით და მანქანა გზაში გაფუჭდა, სანამ პაპა გააკეთებდა, დაღამდა. კამაზის საძინებელში ვიწექი, მაგრამ დავიძარით თუ არა, რაღაც უცხო განცდამ წამომაგდო ფეხზე, იმდენად მძაფრი იყო, სუნთქვა ქშენად მიქცია. ისევ მახსოვს ის განცდა, რასაც სიბნელესა და დუმილში ჩაძირულ სოფლებში მიმავალი კამაზის ხმა, ფარების მოყვითალო განათება, პაპაჩემის ნათქვამი "არ გეძინება, ოქრი?" მიჩენდა და უცებ, აქ, ირანში, ისევ ამ განცდების ქვეშ აღმოვჩნდი.

იმდენად მძაფრი იყო განცდა, გადავწყვიტე, თეირანში ავტობუსით წავსულიყავი. ბილეთის საყიდლად ტერმინალში მივედი. მოსაცდელში მარტო ერთი ბიჭი იჯდა. ეძინა. მალე გაეღვიძა და რომ დამინახა, მომესალმა, მერე სპარსულად რაღაც მითხრა. ქართულად ვუპასუხე, არ მესმის-მეთქი. მეკითხება, გურჯისტან? თავს ვუქნევ გაკვირვებული. უცებ, წინ წამოიწევა, თვალებში მიყურებს, ნაზად იღიმება და ხმადაბლა, ისე რომ მხოლოდ ჩვენ გვესმის, ღიღინებს: "საქართველოოო, ლამაზოო, სხვა საქართველოოო საად ააარიის..."

ღმერთო! ირანში, ავტობუსის ტერმინალში, ბიჭი ზის, რომელიც ჩემს ენაზე მღერის! გული ამოვარდნაზე მაქვს, ერთიანად ვკანკალებ, ვგრძნობ სახეზე სისხლი როგორ მაწვება, თვალებიდან ის-ისაა ცრემლები უნდა წამსკდეს, რომ იცინის და მხარზე ძმაკაცურად მირტყავს ხელს.

არაში ექვსწლიანი პატიმრობიდან შინ, თეირანში ბრუნდებოდა. თურქეთში, სტამბოლში, ბათუმელ ბიჭთან ერთად ვიჯექი, დღე არ გავიდოდა თავის ქვეყანაზე არ ემღერაო. "ექვსი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, დედაჩემი დაიღუპა, მამაჩემს ინსულტი დაემართა და ჩაწოლილია. იმდენად მაშინებს სახლში დაბრუნება, აქამდე მომავალი ავტობუსის სკამს ზურგით ვაწვები, თითქოს სვლას შევანელებდი. სიხარულისგან გული მიფრიალებს, მაგრამ ძალიან მეშინია სახლში მისვლა, მეშინია მამაჩემის ნახვა, მეშინია დედაჩემის საფლავის ნახვა... არ მინდა წარსული საქმეების ჩრდილქვეშ ვიარო... იქნებ, მეც შენსავით ველოსიპედი ავიღო და გზას გავუდგე."

იმ წამს თავი ისე ვიგრძენი, როგორც სირიისკენ მიმავალ გზაზე ნანახ სიზმარში, ბორკილდადებული რომ ვეგდე და უფსკრულში ჩახტომის გარდა სხვა გზა არ მქონდა. გადავიფიქრე. ​არაშს კარგახნიანი ლაპარაკის მერე დავემშვიდობე, თეირანში ველოსიპედით ჩავედი და სულ იმაზე ვფიქრობდი, მისი ციხის რაიდო როგორი იქნებოდა.

თეირანი პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა, სამი დღე გავჩერდი და მერე ისპაანში წავედი. სადმე დიდხანს ცხოვრება რომ მინდოდეს, ალბათ ისპაანში ვიცხოვრებდი. მთელი დღეები ხეტიალში გავატარე. საღამოს ალავერდის ხიდზე მივდიოდი და მახსენდებოდა ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ტყვე იყო. ტყვე საკუთარი თავისა და ვხვდები, დიდად კი არ განსხვავდება ჩემგან. ციხეში არ ვმჯდარვარ, მაგრამ მეც ტყვე ვიყავი, რაიდომ მიმსხვრია ბორკილები და აწ ცოცხალი ვარ.

არაში ამბობდა, შენ სიკვდილიც განიცადე და ამიტომაც მიმღებელი გახდი ათასნაირი ადამიანისა, შენგან განსხვავებულისა, სულ სხვა ცხოვრებით მცხოვრებისა. სიკვდილი არ უნდა დათრგუნო, ისიც მისაღებია, ისიც განსაცდელია. დედაჩემი მოკვდა, ამას ვერ გავექცევი, სინდისის ქენჯნა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, რომ ჩემზე დარდში დალია სული, მაგრამ მისი სიკვდილი დასასრული არაა, მისი სიკვდილი აღდგომაცაა, რადგან ცხადად ვგრძნობ, როგორ იბადება ჩემში. ამჯერად დედაჩემს მე ვშობ და მისი შობით მეც თავიდან დავიბადები."

ქროული მაგონდება: "ყოველდღე დაიბადე! ყოველდღე მოკვდი!" და მომენტალურად ცხადად განვიცდი რომ ამ ყოველდღიურ კვდომა-აღდგინებაშია საუკუნო სიცოცხლე. უნდილაძის ალავერდის ხიდზე მივდიოდი და ბედნირებისგან ვიცინოდი, რადგან რაიდო შედგა.

ქროული მაგონდება: "ყოველდღე დაიბადე! ყოველდღე მოკვდი!" და მომენტალურად ცხადად განვიცდი რომ ამ ყოველდღიურ კვდომა-აღდგინებაშია საუკუნო სიცოცხლე.

ხუთი დღის შემდეგ, საღამოს, მთებში მიმავალი გზიდან, როდესაც მტკიცედ ვიგრძენი რაიდოს დასასრული და გვირგვინად ფერეიდანის დადგმა გადავწყვიტე, მეუფე მალხაზ სონღულაშვილს საკვირაო წირვაზე წასაკითხ წერილში მივწერე: "ზამთარია და ყინავს, ქარბუქია და მგლები ყმუიან, მაგრამ არ მეშინია, არ მეშინია არც სახეში შემოყრილი ნამქერისა, არც სიცივისა, არც უკუნეთში ასსამოცკილომეტრიანი აღმართის ავლისა, რადგან ვიცი რომ ჩემი გზა სიცოცხლისა და სიკვდილის თამაშია და ამ ორ გარდამქმნელს მიღმა დგას ღმერთი, ხოლო ღმერთი, გზაა, მოძრაობა და რაიდო."