“სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?

ფოტოკოლაჟი - ყუმში მდებარე ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ცენტრალური შენობის ფონზე ამ უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის კურსდამთავრებულები მათ პედაგოგთან და ადგილობრივ რექტორთან ერთად

მოკლედ

  • ირანული უნივერსიტეტის ფილიალი, თითქმის 15 წელია საქართველოს სამ ქალაქში ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდას ასწავლის შიიტურ ისლამს, სპარსულ ენას და ყურანს.
  • ეს სასწავლებელი, რომელსაც არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო ლიდერებთან.
  • ამავე დროს, უნივერსიტეტი 2020 წლიდან ამერიკის და 2022 წლიდან კანადის სანქციების ქვეშაა ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გარდაბანში, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში, სასწავლო წლის დასრულება რესტორან “გარდაბნის ბაღში” საზეიმოდ მორთულ ეზოში აღნიშნეს - წვეულებაზე კურსდამთავრებულები - ახალგაზრდა ქალები და კაცები ცალ-ცალკე სხედან.

კაცები პიჯაკებსა და პერანგებში არიან გამოწყობილნი. თეთრ თავსაბურავიან ქალებს სამოსიც თეთრი აცვიათ. მათ ტანზე შემოხვეულ ოქროსფერ ლენტებს ლათინური და სპარსული ასოებით აწერია: “ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო, 2025 წელი”.

ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის კურსდამთავრებულთა არც ზუსტი რაოდენობაა ცნობილი და არც ის, ყოველწლიურად რამდენი აგრძელებს სწავლას ირანში. სხვადასხვა ცნობით, საქართველოდან ირანის სასულიერო სასწავლებლებში სულ ცოტა, 10-დან 20-მდე ახალგაზრდა მიდის.

მართალია, ირანულ უნივერსიტეტს საქართველოში აკრედიტაცია არ აქვს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ალ-მუსტაფას ქართულ ფილიალს ყოველწლიურად ათეულობით სტუდენტი მიიღოს. გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის, სწავლა უფასოა.

2011 წლიდან “ყუმის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალს თეოლოგიის უფასო ხუთწლიანი პროგრამა სტუდენტს სწავლასთან ერთად საცხოვრებელსაც აძლევს. სწავლების ენა აზერბაიჯანულია, თუმცა ისწავლება სპარსულიც. ხუთწლიანი პროგრამის დასასრულს სტუდენტებს ახალი პერსპექტივა აქვთ წინ - სწავლის გაგრძელება ირანში, ყუმში”, - წერს პროფესორი გიორგი სანიკიძე 2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში „ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები".

“ახლა ორწლიანი პროგრამა გვაქვს“ - გვეუბნება უნივერსიტეტთან დაკავშირებული ქართული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი რახიმ კარიმოვი, რომელსაც ფონიჭალაში, ირანის მოქალაქე მოჰამედ რეზა კალან ფარიბაის კუთვნილ ორსართულიან სახლში ვხვდებით - ღია წყაროების მიხედვით, სწორედ აქ არის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის მთავარი შენობა.

კარიმოვი ამბობს, რომ ამ შენობაში ახლა მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა გახსნილი საკვირაო სკოლა, უნივერსიტეტის სტუდენტები კი მარნეულში, იმამ რეზას და გარდაბანში, ალ ჰიკმეთის მედრესეებში სწავლობენ შიიტურ თეოლოგიას, ყურანსა და სპარსულს.

იმამ რეზას მედრესე იმამ რეზას მეჩეთის წიაღში ფუნქციონირებს. ეს ახალი მეჩეთი მარნეულის სოფელ ახლოლალოში 2024 წლის ზაფხულში საზეიმოდ გაიხსნა - გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რელიგიური ლიდერები, რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელობა.

“ალ-მუსტაფა” წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიას და სწავლის ირანში გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

ყუმში სწავლისას ყოველთვიური სტიპენდია დაახლოებით 700$-ია. არ არის დიდი თანხა, მაგრამ, როცა თავად ვიყავი სტუდენტი, 20 წლის წინ სულ 300$-მდე მიხდიდნენო - გვეუბნება რახიდ კარიმოვი, რომელიც შეხვედრისას საკვირაო სკოლის მასწავლებლად და ღვთისმსახურად გაგვეცნო. მის გარდა საგანმანათლებლო მისიით 2011 წელს გარდაბანში რეგისტრირებულ ორგანიზაცია ალმოსტაფას კიდევ ექვსი დამფუძნებელი ჰყავს.

4 ქართველი დამფუძნებლის შესახებ საჯარო წყაროებში მისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ, ერთი მხრივ, ისინი სხვა რელიგიურ თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთანაც არიან დაკავშირებული, მეორე მხრივ, კი ბიზნესკომპანიებსაც ფლობენ.

უნივერსიტეტის ფილიალის დამფუძნებელი ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქისგან ერთი, დევუდ ზარე, მისი ყოფილი რექტორია, რომელიც, სულ მცირე 2020 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა.

დევუდ ზარე ქრისტიან მღდელმსახურებთან ერთად - 2020 წელი, 29 სექტემბერი

დევუდ ზარეს შემდეგ, 2025 წლის ოქტომბრამდე ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში ირანის მოქალაქე, ჰუსეინ იუსუფზადე ხელმძღვანელობდა.

ჰუსეინ იუსუფზადე და რახის კერიმოვი 2023 წლის 5 ოქტომბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას

ალ-მუსტაფას ქართული ფილიალის ახალი ხელმძღვანელი ახლა ირანის კიდევ ერთი მოქალაქე, ოუსიფ ნიჟადია, რომელიც რახიდ კერიმოვის თქმით, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. უნივერსიტეტის ცენტრალური ოფისი თეირანიდან 150 კილომეტრით დაშორებულ შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმშია. საქართველოს სასწავლებელი ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტი ფილიალიდან, რომელიც მთელ მსოფლიოშია გაბნეული, ერაყიდან ვენესუელამდე.

ალ-მუსტაფა ირანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის ნაწილია და თავისი ფილიალებით, ჩინური კონფუცის ცენტრის მსგავსად, პოლიტიკური გავლენის “რბილი ძალის” ინსტრუმენტად ითვლება.

ასევე ნახეთ სწავლა ჩინეთში - შესაძლებლობა თუ ხაფანგი

“სამართლიანია, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი ირანის გავლენის ინსტრუმენტად ჩაითვალოს. პედაგოგების უმრავლესობას განათლება ირანში აქვთ მიღებული, სახელმძღვანელოები ირანშია დაწერილი და დაბეჭდილი, ირანიდან ფინანსდება სასწავლებელიც, რექტორიც ირანიდანაა დანიშნული”, - ამბობს მთარგმნელი და პუბლიცისტი ოქტაი ქაზუმოვი და ამატებს: “საქართველოში შიიტებს შორის არსებობს სიმპათიები ირანის მიმართ. ამის უთქმელობა არ იქნება ობიექტური, ეს უეჭველია”.

თავად ოქტაიც ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის ყოფილი პედაგოგია. 10 წლის წინ სადოქტორო დისერტაციაზე („ქართული საგალობლებისა და აზერბაიჯანული მარსიების შეპირისპირებითი ანალიზი, გლოვის ჟანრი“) მუშაობისას, სწორედ უნივერსიტეტის დახმარებით აღმოჩნდა ის სპარსულის სასწავლებლად ყუმში.

რა მისია აქვს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალებს ირანის საზღვრებს გარეთ?

საქართველოში უნივერსიტეტის ფილიალის დაარსებამდე ხუთი-ექვსი წლით ადრე გამოქვეყნებულ “ირანის ოცწლიან სტრატეგიაში” რეგიონში ირანის გავლენის ზრდის გზები ასეა დასახული:

  • მთელ მსოფლიოში იქმნება სპარსული ენის და ირანული კულტურის კერები;
  • იხსნება ირანული სკოლები და ცივილიზაციათა შორის დიალოგის ისლამური ცენტრები;
  • ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას საკუთარ თავზე იღებს “იმამ ხომეინის ფონდი.” საქართველოში იმამ ხომეინის ფონდთან ასოცირებული ორგანიზაციები ღია წყაროებში არ იძებნება, მაგრამ რეგისტრირებულია 2024 წელს დაარსებული იმამ ალის ფონდი;
  • ერთიანდება შიიტური უმცირესობები და იზრდება შიიზმის გავლენები - ამ საქმეს საკუთარ თავზე იღებენ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა “აჰლ ულ ბეითი.”

[“აჰლ ულ ბეითის” სახელით ორგანიზაცია საქართველოში ჯერ კიდევ 2001 წელს მარნეულში დაარეგისტრირა ყუმში განათლებამიღებულმა რასიმ მამედოვმა, რომელიც გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა და ირანული დაფინანსებით აწყობდა მომლოცველთა ტურებს ირანში. კიდევ ერთი ორგანიზაცია „აჰლ ულ ბეითის” სახელით თბილისში, ორთაჭალაში მუშაობს - 2009 წელს ერაყის ქალაქ ნაჯაფში მცხოვრები აიათოლა ალი ალ სისტანის პირდაპირი და უხვი შემოწირულებით აშენებულ სახლში. ორივე ორგანიზაცია მართავს მედრესეებსაც].

ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშაა, როგორც ირანული დაზვერვის პროექტი. სირიის კონფლიქტში საბრძოლველად ავღანელი და პაკისტანელი სტუდენტების დაქირავებაში მონაწილეობის ბრალდებით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაბლოკა უნივერსიტეტის აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა აქტივი და აკრძალა მათთან ფინანსური ტრანზაქციები.

ბრალდება, რომელიც ირანმა სანქციების დაწესების შემდეგ უარყო, რამდენიმე წლით ადრე, 2017 წელს ირიბად ჰქონდა დადასტურებული უნივერსიტეტის რექტორს, როდესაც აღიარა, რომ ალ-მუსტაფას არაერთი კურსდამთავრებული “[სირიაში] მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს ან ინვალიდი გახდა, მათი დიდი ნაწილი კვლავაც იბრძვის.”

2022 წელს უნივერსიტეტს უკვე კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწესებს სანქციებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პროპაგანდის გავრცელებისთვის. კანადის პრეტენზიები იდენტურია - უნივერსიტეტი მონაწილეობს უცხოელი მებრძოლების დაქირავებაში.

2023 წელს ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის დეკანმა ღიად თქვა, რომ ავღანეთში ახალი თალიბანის მმართველობის ზოგიერთი თანამდებობის პირი ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი იყო.

2024 წელს ისლამური ექსტრემიზმის ბრალდებით ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალი დახურა გერმანიის ხელისუფლებამ. იმავე წელს ჰამბურგში იკეტება იმამ ალის მეჩეთი, რომელსაც ჰამბურგის ისლამური ცენტრი (IZH) მართავდა.

არც საქართველოს ფილიალის და არც სხვა წარმომადგენლობების ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. ცნობილია, რომ ალ-მუსტაფას ირანის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ოფისის კონტროლს დაქვემდებარებული ბიზნესები აფინანსებენ. 2018 წელს ირანული ეკონომიკური ამბების სააგენტომ დაწერა, რომ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი შვიდჯერ მეტ თანხას იღებდა სახელმწიფოსგან, ვიდრე ირანის ყველაზე პრესტიჟული თეირანის უნივერსიტეტი. შემდეგ ირანის დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის მიერ გაკეთებული ირანის ბიუჯეტისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული ბრძანებების ანალიზით გაირკვა, რომ 2020-2021 წლებში ირანის ბიუჯეტიდან სასწავლებელმა დაახლოებით 80 მილიონი დოლარი მიიღო. 2024-2025 სასწავლო წლისთვის ფინანსებმა სავარაუდოდ 100 მილიონს გადააჭარბა - ეს მონაცემიც სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზს ეფუძნება.

უნივერსიტეტი, რომელიც რელიგიური სწავლების კერაა, შემჩნეულია ანტიდასავლური და ანტისემიტური პროპაგანდის გავრცელებასა და თეირანის ისლამური რევოლუციის გამოცდილების ექსპორტის მცდელობებშიც. მაგალითად, ტაილანდში, სადაც საქართველოს მსგავსად, მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია მუსლიმი, ისლამური რევოლუციის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის და ირანის ამჟამინდელი ლიდერის, ალი ხამენეის სწავლებების გარდა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის აღსაზრდელებს ანტიდასავლურ და ანტისიონისტურ განწყობებსაც უღვივებენ.

საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი შეკრება ორი წლის წინ გაიმართა. ასზე მეტ სტუდენტთან ერთად ამ თავყრილობას ესწრებოდნენ სტუმრები ირანიდანაც, მათ შორის იყო აიათოლა ჰასან რაბანი, ყუმის სემინარიის ისლამური პროპაგანდის ოფისის ხელმძღვანელი.

"დოქტორმა იუსეფზადემ, ალ-მუსტაფას წარმომადგენელმა საქართველოში, ისაუბრა ამ შეკრების მნიშვნელობასა და მისი ჩატარების ფილოსოფიაზე, ხოლო აიათოლა რაბანიმ ისაუბრა მორალურ და სულიერ საკითხებზე" - წერდა მაშინ უნივერსიტეტის საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც შეკრების ფოტოები გაავრცელა.

როგორ მუშაობს სანქცირებული უნივერსიტეტის არააკრედიტებული წარმომადგენლობა საქართველოში

წლების წინ ფონიჭალაში, მოჰამედ რეზა კალან ფარიბაის ორსართულიანი სახლის ფასადზე გამოკრული იყო ქართული წარწერა, რომ აქ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტია, - ახლა ეს ბანერი ჩამოხსნილია.

შენობის მესერსა და შესასვლელს მიკრული აქვს კერამიკული ფილები სპარსულად დაწერილი ყურანის აიათით: - ალაჰის სახელით; ყოვლადმოწყალე და მწყალობელი.

მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლება ალ-მუსტაფას საქართველოს ფილიალით დაინტერესდა და საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთ დამფუძნებელს ფონიჭალაში შეხვდა, უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის ინსტაგრამ-გვერდზე ძველი ფოტოები აღარ იძებნება. მათი დათვალიერება წაშლამდე მოვასწარით.

ამ ფოტოებზე ჩანს, რომ სასწავლებლის აუდიტორიების კედლებზე ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერების ფოტოებია გამოკრული. ლექციების უმეტესობა ქალებს და ვაჟებს ცალ-ცალკე უტარდებათ.

ფონიჭალის სასწავლებლიდან რამდენიმე მეტრში, აჰლი ბეითის მეჩეთია - ამ ტერიტორიის მფლობელად რეესტრში 2008 წლის შემდეგ რეგისტრირებულია ნიაზ ამირხანოვი, სასულიერო პირი, რომელზეც რახიმ კერიმოვმა გვითხრა, რომ გარდაბნის იმ მედრესეს ხელმძღვანელობს, სადაც ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ. დოკუმენტების მიხედვით, ამირხანოვი გარდაბნის რაიონის მუსლიმთა სასულიერო საზოგადოების და აჰლი-ბეითის კულტურულ საქველმოქმედო ცენტრის ხელმძღვანელია.

მეჩეთისა და ირანული უნივერსიტეტის წარმომადგენლობის განლაგება ფონიჭალაში

კიდევ ერთი სასწავლებელი, სადაც ალ-მუსტაფას სტუდენტები სწავლობენ, მარნეულში, იმამ რეზას მეჩეთთან არსებული ამავე სახელის მედრესეა. მას მოქმედი შეიხის, ფაიგ ნაბიევის ძმა, აზიზ ნაბიევი მართავს - გვეუბნება რახიდ კერიმოვი, რომელსაც ფონიჭალაში 18 დეკემბერს შევხვდით. იმავე საღამოს კერიმოვი, მისი საკვირაო სკოლის მოსწავლეები, სხვა შიიტი სასულიერო პირები და, სავარაუდოდ, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში, აზერბაიჯანულ რესტორან Gebele Sebete-ში შეიკრიბნენ. ამ საღამოს, სავარაუდოდ, ირანელი სტუმრები და ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის ახალი რექტორიც ესწრებიან - სცენასთან ჩანს ბანერი, რომელზეც წერია, რომ აქ იმართება “შეხვედრა ალ-მუსტაფას საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორთან, მასწავლებლებთან და მათი ოჯახის წევრებთან”.

"ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის რეგიონულმა დირექტორმა დააფასა პროფესორების, პერსონალისა და მათი ოჯახების ძალისხმევა, შეაქო მათი გადამწყვეტი როლი რელიგიური მეცნიერებისა და მისიონერების მომზადებასა და საქართველოს რეგიონში სამეცნიერო და კულტურული საქმიანობის განვითარებაში და შეაქო ამ დაწესებულების კურსდამთავრებულები, რომლებიც ამჟამად უნივერსიტეტის პროფესორებად, პარასკევის ლოცვის ლიდერებად და კულტურულ აქტივისტებად მსახურობენ", - ვკითხულობთ ამ ღონისძიების შესახებ ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.

საიდ ჰესენი, რომელიც ამ საღამოს სტუმრებისთვის მღერის, სხვადასხვა დროს ჩნდება როგორც ირანში გამართულ პილიგრიმულ მსვლელობებში, ასევე ქვემო ქართლის მეჩეთების ხალხმრავალ შეკრებებზე, ისლამურ რელიგიურ დღესასწაულებზე და 31 ოქტომბერს მარნეულში გამართულ მკაფიოდ ანტიდასავლური და ანტისემიტური განწყობის პროპალესტინურ მსვლელობაზეც. ამ მარშის მონაწილეებს შორის იყვნენ ადგილობრივი რელიგიური თუ საგანმანათლებლო ლიდერები, მათი სტუდენტები და მორწმუნე მუსლიმები.

ასევე ნახეთ „ლოცვა ღაზისთვის“ მარნეულში - როგორ გადაიქცა სოლიდარობის აქცია „ჰამასის“ მხარდაჭერად და ვინ დგას მის უკან

რა იცის სახელმწიფომ ალ-მუსტაფას ფილიალის შესახებ?

საქართველოში ირანული უნივერსიტეტის ფილიალი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან, საპატრიარქოსთან და ქართულ უნივერსიტეტებთან ცდილობს თანამშრომლობას. სახელმწიფო უწყებების პრესრელიზები ასახავს ალ-მუსტაფას სასწავლებლის წარმომადგენლებთან, მათ შორის “უნივერსიტეტის რექტორთან” და აიათოლა ჰამენეის კანცელარიის წარმომადგენელთან შეხვედრებს.

2016 წლის 29 აგვისტოს რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოს თან ახლდა შემდეგი ტექსტი: "შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და მუსლიმი თეოლოგი, აიათოლა ჰამენეის კანცელარიის წარმომადგენელი მუჰამედბაღირ საივერი." ფოტოს ცენტრშია სააგენტოს ხელმძღვანელი.

არააკრედიტებული სასწავლებლის შესახებ საჯაროდ მისაწვდომი ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ირანშიც ხშირად ხვდებიან როგორც ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ასევე სტუმრობენ სხვა რელიგიურ დაწესებულებებსა და სასწავლებლებს.

“ირანელები ქართველებს ხმლით ვეღარ გიპყრობთ, მაგრამ ახლა სიყვარულის მახვილით დაგიპყრობთ”, - საქართველოში ირანის ისლამური სახელმწიფოს პირველი ელჩის ფერეიდუნ ჰაყბინის ამ სიტყვებით იწყება ირანისტის, პროფესორ ნომად ბართაიას 2013 წელს გამოცემული წიგნი ირანისა და საქართველოს “უპრეცედენტო ურთიერთობების ოცი წლის შესახებ.”

ეს გამოცემა საპატრიარქოს უნივერსიტეტისა და ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლობის თანადგომითაა დაბეჭდილი.

ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოში, როცა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლობა საქართველოში ფეხს იკიდებდა, საპატრიარქოს უნივერსიტეტს ყუმიდან ირანელი პროფესორებისა და სასულიერო პირებისგან შემდგარი დელეგაცია ესტუმრა - ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობაზე სამსჯელოდ.

“მაშინ ეს იყო ერთგვარი გაგრძელება “ცივილიზაციათა დიალოგის” ხედვის, რაც ქვეყნებს შორის არსებობდა. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ მათ სხვა მიზნები ჰქონდათ და ეს თანამშრომლობა არ შედგა. პირადად მე, როგორც რექტორმა, ვთქვი ამაზე უარი. იქ მოდიოდნენ საერო სამოსში გამოწყობილი ხალხი, რომლებიც როგორც მერე ირკვეოდა, იქაური სასულიერო პირები იყვნენ. ამბობდნენ, რომ გახსნიდნენ ოთახს, თარგმნიდნენ ყურანს, დაარიგებდნენ სტუდენტებში და ეს არ იყო ჩვენთვის საინტერესო”, - ასე იხსენებს იმ შეხვედრას და ირანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მცდელობის გამოცდილებას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

“ცივილიზაციათა დიალოგის” გაგრძელებად გამოიცა ჟურნალ “სამეცნიერო აზრის” რამდენიმე ნომერი. მის სარედაქციო კოლეგიაშიც არიან ალ-მუსტაფას უნივერსიტეტისა და ქართული უნივერსიტეტების, მათ შორის, საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორები.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი ალ-მუსტაფას ქართული წარმომადგენლობის ერთ-ერთი ირანელი დამფუძნებელი, მოჰამმად რეზა კალან ფარიბაია, ფონიჭალის შენობის მფლობელი. თავად ჟურნალი კი პროფესორ ალირეზა არაფის მზრუნველობით არის დაბეჭდილი. ესაა იმხანად ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის რექტორი ყუმში და დღეს ირანის ეროვნული სემინარიების დირექტორი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი განმანათლებელი და პოლიტიკოსი, ირანის უმაღლესი ლიდერის მიერ კონტროლირებული და საარჩევნო და საკანონმდებლო პროცესების მაკონტროლებელი 12-კაციან მცველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი და, სავარაუდოდ, მომავალი ხელმძღვანელი.

პირადად არაფის მიღწევად ითვლება ის, რომ ირანში დაახლოებით 40 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვი კი 80 000-ს აჭარბებს.

2022 წლის მარტში ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე კავკასიის უნივერსიტეტთან აფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ხელს აწერენ კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია და ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ჰასან იუსუფზადე. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის დელეგაციაში უნივერსიტეტის რექტორთან ერთად იმყოფებოდნენ თეირანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ქამრან მამედოვი და რაშიდ ქაზიმოვი, ამავე უნივერსიტეტის ლექტორები.

მემორანდუმის გაფორმების ამსახველი ფოტო, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტმა გაავრცელა

ქამრან მამედოვმა, რომელიც ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალში ფილოსოფიის მასწავლებლად მუშაობდა, რადიო თავისუფლების შეკითხვა, როგორ გაგრძელდა კავკასიის უნივერსიტეტის და ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის თანამშრომლობა, უპასუხოდ დატოვა.

ღია წყაროებში იძებნება ინფორმაცია 2015 წლის ივნისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ირანის კულტურის ცენტრის ორგანიზებულ ფორუმზე, რომელიც ისლამური რევოლუციის ლიდერის, იმამ ხომეინის გარდაცვალების 26 წლისთავს მიეძღვნა.

2023 წელს კავკასიის უნივერსიტეტის და თსუ-ს პროფესორებმა, ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციაში ირანში. ესტუმრნენ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს ყუმში, და იმამ ხომეინის საერთაშორისო ცენტრსა და თეირანის უნივერსიტეტს.

გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც იქ მოხსენება წაიკითხა “თანამედროვე პოლიტიკური პროცესების რელიგიურ ფაქტორზე, ისლამის მაგალითზე”, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ირანში ვიზიტისას ის სასიამოვნოდ გააკვირვა ირანელი კოლეგების განათლებამა და კვალიფიკაციამ:

“[ვიზიტი იყო] ძალიან კეთილგანწყობილი, გაგვაცნეს მათი მუშაობის პრინციპები, ძალიან შთამბეჭდავი შენობა-ნაგებობები აქვთ, ძალიან მაღალი დონის პროფესორებს შევხვდით, რომლებსაც უნივერსიტეტები დამთავრებული ჰქონდათ დიდ ბრიტანეთსა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. არაჩვეულებრივი ინგლისურით მოლაპარაკეები - არანაირი უხერხული მომენტები არ ყოფილა”, - იხსენებს გიორგი ფარეშიშვილი და ამბობს, რომ ირანში ქართველი მეცნიერები საქართველოში ირანის საელჩოს მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

მასთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იყო ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰასან იუსუფზადეც.

ფოტოს ცენტრში შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის რექტორია

ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს 2014 წელს შექმნილ სახელმწიფო რელიგიის სააგენტოსთან. ამ უწყების ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ვიზიტი, შექმნიდან 7 თვეში, სწორედ ირანში გაიმართა.

2014 წლის სექტემბერში სააგენტოს ხელმძღვანელი რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ირანული მხარის მიწვევით ჩავიდა თეირანსა და ყუმში რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.

ოფიციალური ვერსია ამ ვიზიტის მიზნების შესახებ საზოგადოებას ასე მიაწოდეს: "მხარეებმა ქვეყნებში არსებულ რელიგიაზე, მუსლიმებზე, სახელმწიფოს რელიგიის მიმართ ყურადღებაზე და რელიგიის თავისუფლებაზე ისაუბრეს, სამომავლო პროგრამები გააცნეს ერთმანეთს, გამოცდილებები გაუზიარეს".

“ეს იყო სახელმწიფო ვიზიტი. სახელმწიფო ვიზიტებს ყოველთვის აქვს ქვეტექსტი… ვინც ხელმძღვანელობს ვიზიტს, მან იცის ქვეტექსტი, მე რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის მხოლოდ ის, რაც ზედაპირზე იდო… [ქვეტექსტზე] მხოლოდ ვარაუდები შეიძლება მქონდეს. ზედაპირზე კი, ზედაპირზე იდო იდეა, რომ საქართველოს იმისათვის, რომ თავი დაეცვა რელიგიური ფუნდამენტალიზმისგან, გაეკეთებინა რელიგიური განათლების ცენტრები, სადაც საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები შეძლებდნენ სწავლას. ეს იყო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით დამუშავებული თემა და ჩვენი ამოცანა იყო, საზღვარგარეთ დავლაპარაკებოდით ისეთ საგანმანათლებლო რელიგიურ ცენტრებს, რომლებიც შეიძლება ამ საქმეში დაგვხმარებოდნენ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვლად ნარსია, რელიგიის სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ირანში ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ნარსია ამბობს, რომ ირანის მიმართ “გამოკვეთილი ინტერესი” სააგენტოს შექმნის პირველი დღიდანვე იგრძნობოდა, თუმცა რა იყო ამის რეალური მიზეზი, მან ზუსტად არ იცის - ფიქრობს, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო განათლება.

2014 წელს სააგენტოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ქართულმა მხარემ მასპინძლები და განსაკუთრებით ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის თავმჯდომარე აიათოლა არაფი საქართველოში სტუმრად მოიწვია. აიათოლა არაფმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტი ისე დატოვა 2020 წელს, რომ საქართველოში არ ჩამოსულა. ის 2024 წელს ირანული სემინარიების დირექტორის რანგში ესტუმრა მოსკოვს და კმაყოფილებას გამოთქვა ირან-რუსეთის წარმატებული ურთიერთობის შესახებ.

“ის სკოლა, რომელიც ალ-მუსტაფას სახელით იყო წარმოდგენილი და რომელსაც ჩვენ ვსტუმრობდით, გვიმტკიცებდა, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ სტუდენტების მშვიდობიანი ისლამის პრინციპებით აღზრდას იმ სასწავლებელსა თუ მედრესეში, რასაც [საქართველოში] გახსნიდნენ. იქვე ვიკითხე, ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, როგორ წარმოედგინათ საქართველოში მათი ოფიციალურად ფუნქციონირება, რადგან ეს საკმაოდ სკანდალური იქნებოდა.

თუ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნებართვა და თანხმობა ამგვარ საქმიანობაზე”, - ამბობს ნარსია და ხაზს უსვამს იმას, რომ რელიგიის სააგენტოს ამ დრომდე უცვლელი თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს ხელმძღვანელობამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.

სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ვაშაყმაძის ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი სუსზე. სამაგიეროდ, ამავე საიტზე იძებნება ირანის რელიგიურ და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლებთან სხვადასხვა წელს გამართული შეხვედრების შესახებ ცნობები - ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი და მისი წარმომადგენლები თითქმის ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ.

2018 წელს ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი სწორედ ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვევით ისევ მიდიან ირანში.

"ორმხრივი სურვილი გამოიხატა ჯანსაღი და ტრადიციული ისლამის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობისათვის. ვიზიტის ბოლო დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში „საერთაშორისო ისლამური ურთიერთობების და კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა", - წერდა შეხვედრის შემდეგ რელიგიის სააგენტო.

მომდევნო წელს უკვე მარნეულში შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი მასპინძლობს ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას, მათ შორის, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის რექტორს, დოქტორ ალი აბასს. ამ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ამ შეხვედრაზე ირანულ დელეგაციას მასპინძლობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი.

2023 წელს, როცა შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ახალი შეიხის არჩევნებში სამი კანდიდატიდან ორს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტთან ჰქონდა კავშირი - ყურბან ნურგუზოვსაც და ფაიგ ნაბიევსაც ირანში აქვთ განათლება მიღებული. ნურგუზოვი არა მხოლოდ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის სტუდენტი იყო ირანის ქალაქ ყუმში, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის საქართველოს წარმომადგენლობაშიც მუშაობდა. ამ არჩევნებში საბოლოოდ ფაიგ ნაბიევმა გაიმარჯვა, რომელსაც რელიგიის მკვლევრები უფრო “ინდივიდუალურ მოთამაშედ” ახასიათებენ, ვიდრე “თემის ლიდერად”.

ფაიგ ნაბიევი შეიხად არჩევამდე იყო ირანთან დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაციის, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “ალულბეითის” ხელმძღვანელი, "აჰლი ბეითის" კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების მეწილე და რწმენისა და თავისუფლების დაცვის კავკასიური ცენტრის დამფუძნებელი, ასევე 2010 წელს დარეგისტრირებული შპს "ალულბეითის" დირექტორი. მისი ძმა აზიზ ნაბიევი კი, რომელიც ასევე სასულიერო პირია, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანელ მუსლიმთა რელიგიურ საბჭოს. დღეს ის მარნეულში, იმამ რეზას მედრესეს მართავს - სწორედ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის სტუდენტები სწავლობენ.

ახალი შეიხიც, წინას მსგავსად, ირანში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის მიწვევებს იღებს - 2024 წლის თებერვალში ქართული დელეგაცია კვლავ ხვდება ყუმში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის რექტორ დოქტორ ალი აბასს და საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაცია "აჰლულ ბეითის" ხელმძღვანელ აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრები ირანში წელსაც იმყოფებოდნენ - დეკემბერში მათ მოინახულეს ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი, ალი რიზას სახელობის მეჩეთი, ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ისტორიული ხელნაწერი ყურანის რამდენიმე ნიმუში, აჰლულ ბეითის ოფისი, ყურანის საერთაშორისო კონკურსების ცენტრი, ისლამის კულტურისა და სოციალური ურთიერთობების ორგანიზაცია, აიათოლა შაჰრისტანის ოფისი.


“შეჯიბრების ზონა” - ირანი ამ ველზე მხოლოდ ერთი მოთამაშეა

“ირანი ცდილობდა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი შიიტი სასულიერო პირებისთვის ყუმში მიეცა განათლება და ეს იყო თეირანის მხრიდან გათვლა გრძელვადიანი სარგებლის მიღებაზე”, - წერს აღმოსავლეთმცოდნე მირანდა ბაშალეიშვილი 2021 წელს გამოცემულ წიგნში “რბილი ძალის როლი ირანის რეგიონულ პოლიტიკაში".

ქვემო ქართლი მომუშავე ჟურნალისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ბოლო წლებში თვალში საცემია განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც მუსლიმანი სასულიერო სასწავლებლები ფუნქციონირებს, თავდაბურული ქალების გამრავლებაც და ირანში წასვლის მსურველ ახალგაზრდათა მოტივაციის ზრდაც.

ირანი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რელიგიისა და კულტურის ინსტრუმენტებით ცდილობს დაკავშირებას საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან. საქართველოში ისლამური სასწავლო დაწესებულებების გახსნითა და დაფინანსებით დაინტერესებულები სხვა მუსლიმური ქვეყნებიც არიან - თურქეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ერაყიც კი. ისლამური სასწავლო დაწესებულებების ნაწილი ხელმომჭირნე ოჯახებს შვილებზე ზრუნვას უმარტივებს და ახალგაზრდებს დაცულ სივრცეში - სასწავლებლების პანსიონებში, სოციალიზაციის შანსს აძლევს.

რელიგიების მკვლევრებს, უსაფრთხოების სპეციალისტებს, აღმოსავლეთმცოდნეებს და თავად აზერბაიჯანულენოვან საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, სხვადასხვა ახსნა აქვთ იმის, თუ როგორ ახდენს ირანი გავლენას საქართველოს მოქალაქეებზე.

ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა ვარაუდობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების “მწვანე შუქის” გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისა და მათი ფილიალების ფუნქციონირება.

“ზოგადად ირანის ხელისუფლება, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მათი აქაური თანამშრომლები ლოიალურები არიან “ქართული ოცნების” მიმართ - ისინი ფიქრობენ, რომ ვინც ხელისუფლებაშია, მათ უნდა გაურიგდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მუსლიმების განსაკუთრებული კონტროლი კი ახალი ამბავი არ არის - რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნაც ამ კონტროლის პოლიტიკის ნაწილია და ის დაფინანსებაც, რასაც მუსლიმთა სამმართველო იღებს საქართველოს მთავრობისგან.

თუ შიიტურ ორგანიზაციებზე ვილაპარაკებთ, რაც კი რამ არის, მედრესე იქნება, მეჩეთი თუ რამე სხვა, ყველაფერი არის სუსის თანხმობით და სუსის კონტროლის ქვეშ. ის, რომ რამე გამორჩეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან რელიგიის სააგენტოს, რომელიც სუსის წანაზარდია, შეუძლებელია. მათი კონტროლის გარეშე ჩიტიც ვერ აფრინდება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოქტაი ქაზუმოვი.

რადიო თავისუფლებამ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე რელიგიის სააგენტოს მიმართა შეკითხვით, რამდენად უსაფრთხოა საქართველოსთვის სანქცირებული ირანული უნივერსიტეტის წარმომადგენლობის ფუნქციონირება ქვეყანაში - გვაინტერესებდა ასევე მათი მოსაზრება იმ ირიბ კონტროლსა და კავშირებზე, რომლებზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობდნენ. არცერთი სახელმწიფო უწყებისგან პასუხები ამ შეკითხვებზე სტატიის გამოქვეყნებამდე არ მიგვიღია.

ასევე ნახეთ ირანული კომპანიები ფიქციურ მისამართებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებში