რატომ იწუნებენ მახათას პანთეონს 

მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი მე-7 ადამიანია, ვინც მახათას ახალ პანთეონში დაკრძალეს. მათი ნაწილი, ვინც პოეტი უკანასკნელ გზაზე გააცილა, ამბობს, რომ ეს ადგილი პანთეონისთვის შეუფერებელია. რატომ არ მოსწონთ ახალი პანთეონი, რომელიც 2 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 400 ადგილზეა გათვლილი?

მოტიტვლებული ადგილია, ქარიანი. არც ხე, არც არაფერი იქ არ არის. სასაფლაო მყუდრო ადგილი უნდა იყოს და აბსოლუტურად საპირისპიროა - ხრამის პირი და უსახური კორპუსები ქვევით. თან ყველა საფლავი სტანდარტულად, ერთნაირად არის გაკეთებული. იქიდან რომ მოვდიოდით, ყველა იმას იძახდა, აქ დასაფლავება არ მინდაო“, - ამბობს პოეტი და ჟურნალ “საუნჯეს” რედაქტორი შოთა იათაშვილი.

ტერიტორია დაყოფილია სექტორებად რომელთა შორის ბილიკები და სადრენაჟო სისტემაა მოწყობილი.

თბილისის მერიის განცხადებით, მთაწმინდის პანთეონი დაიხურა და მომავალში საზოგადო მოღვაწეები მახათას ახალ პანთეონში დაიკრძალებიან. სასაფლაო ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გვერდით მდებარეობს.

ვენახი პანთეონთან.

ჯერჯერობით დაუსრულებელია როგორც ტაძრის, ასევე პანთეონის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პანთეონში დამონტაჟებულია მცირე ზომის ჩირაღდნები, თუმცა მათი ნაწილი უკვე მწყობრიდან არის გამოსული.

პანთეონში დაკრძალვები 2018 წლიდან დაიწყო და დღეს იქ უკვე 7 ადამიანია დაკრძალული: ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი, მსახიობი კირა მებუკე, მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე, რეჟისორი და დრამატურგი სანდრო მრევლიშვილი, მისი მეუღლე მანანა ჭელიძე და პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი, რომელიც სულ ბოლოს 4 იანვარს დაკრძალეს.

„არ ვიცი, როდესმე თუ იქნება ეს პანთეონი ისეთი, რომ ტურისტი ან უბრალოდ დამთვალიერებელი ავიდეს იქ. ვაცნობიერებ, რომ მთაწმინდა და დიდუბე უნდა დაიხუროს, (როცა უნდათ მაშინ მაინც ხსნიან ხოლმე) მაგრამ მახათაზე გზაც კი არ არის, ძალიან დამთრგუნველია ეს სივრცე“, - ამბოს პოეტი კატო ჯავახიშვილი, რომელიც დავით წერედიანი დაკრძალვას ესწრებოდა.

გამხმარია მარადმწვანე ნარგავები.

ბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საფლავის ქვა ყველასთვის სტანდარტული იქნება, ტერიტორიის გამწვანებას კი გაზაფხულზე აპირებენ.

თუ ვინ დაიკრძალება მახათას ახალ პანთეონში ამის თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის მერი იღებს, შუამდგომლობის უფლება კი აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას/პრემიერ მინისტრს, საპატრიარქოს, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.