24 ივლისს თითქმის მთელი ქვეყნის ჩაბნელების შემდეგ, ხალხი საათ-ნახევრის განმავლობაში ეძებდა პასუხებს - რა მოხდა? ხომ მშვიდობაა? ვრცელდებოდა - გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციაც.
25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია კვლავ ავარიულად გაითიშა.
ოფიციალური მიზეზი დღემდე არ დასახელებულა.
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” - უპასუხეს რადიო თავისუფლებას სუსში, 29 ივლისს, სადაც გამოძიება 25 ივლისსავე დაიწყო.
მიზეზებს იკვლევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი], სადაც გვითხრეს, რომ ტექნიკური შესწავლის პროცესი “რთული და კომპლექსურია” და “წინასწარი, სავარაუდო ვერსიები ვერ გაჟღერდება”.
დავინტერესდით - ხომ არ მიუმართავს სემეკს სუსისთვის - საბოტაჟთან დაკავშირებული ეჭვებით. მათი პასუხია - არა.
“მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას”, - 25 ივლისით არის დათარიღებული “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ბოლო განცხადება, რომელიც ავარიებს უკავშირდება . რადიო თავისუფლებამ მიმართა "ელექტროსისტემასაც" - პასუხი ვერ მივიღეთ.
“ასეთი ავარიების რისკები ყოველწამიერია საქართველოში” - ეუბნება რადიო თავისუფლებას “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი, რომელიც წლებია ენერგეტიკის საკითხებზე მუშაობს.
გეოგრაფიული ასიმეტრია
საფრთხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჭიპაშვილისთვის - “გეოგრაფიულ ასიმეტრიაა”, როდესაც, ცენტრალიზებული ენერგოსისტემის პირობებში, შესაძლებლობები არათანაბრად არის გადანაწილებული, ხოლო სისტემას ქვეყნის დასავლეთის აღმოსავლეთთან დაკავშირება შეზღუდული აქვს.
“ჰიდროელექტროსადგურები, 2500 მგვტ-ზე მეტი დადგმული საერთო სიმძლავრით, განთავსებულია დასავლეთ საქართველოში, მაშინ, როცა ძირითადი მომხმარებელი არის აღმოსავლეთ საქართველო - თბილისი, გარდაბანი, რუსთავი თუ გორი… არა მხოლოდ საწარმოებია, ქარხნებია, სხვადასხვა ბიზნესია - აღმოსავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია კრიპტოინდუსტრია [მაინინგი], რომელიც 24/7-ზე ითხოვს ენერგიას. ჯერ მარტო ორმა [გლდანი და გორი] კრიპტოსაწარმომ, 2025 წელს, 600 მილიონი კვტ.სთ მოიხმარა”, - დათო ჭიპაშვილს ავარიებით ქვეყნის ჩაბნელება არ გაჰკვირვებია, რადგან, როგორც გვეუბნება, აღმოსავლეთ საქართველო დამოკიდებულია შეზღუდული რესურსის მქონე ერთ ხაზზე - ეგხ “იმერეთზე”, რომელსაც მაქსიმუმ 785 მგვტ-ის გატარება შეუძლია.
საქართველოში ენერგოსისტემა ცენტრალიზებულია - სხვადასხვა გზით გამომუშავებული ელექტროენერგია ერთ ქსელში იყრის თავს.
ასევე ნახეთ
რატომ დაბნელდა მთელ საქართველოში, აფხაზეთის ჩათვლით - რა გავარკვიეთ„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სეზონური ადეკვატურობის 2026 წლის ანგარიშით დასტურდება, რომ ზაფხულის სიცხეში “იმერეთს” მართლაც შეზღუდული რესურსი აქვს და 785 მგვტ-ზე მეტის გატარება არ შეუძლია. ანგარიში 29 მაისით არის დათარიღებული.
- ტექსტში ხაზგასმულია პრევენციული სქემები, რათა არ გადაიტვირთოს გადამცემი ქსელი და კერძოდ - ეგხ “იმერეთი” - “რაც მნიშვნელოვანია როგორც ოპერატიული სტაბილურობის, ისე ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად”.
- მითითებულია ასევე, რომ მოხმარების სეზონური ზრდის პირობებში, შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიც და თბოელექტროსადგურების გამოყენებაც.
“ივლისის მაღალი სიცხეების პერიოდში გაზრდილი მოხმარების დასაფარად ჩვენი გენერაციის წყაროების გამომუშავება საკმარისი იქნება, თუმცა 500 კვ ე.გ.ხ „იმერეთის” გამტარუნარიანობა არ მოგვცემს საშუალებას ელ. ენერგია დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ გავატაროთ” - წერია ანგარიშში.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის დამატებით სეზონურ ფაქტორებს შორის ჩამოთვლილია: ტურისტების ნაკადი, ელექტრომობილები, კონდიციონერების მასობრივი ჩართვა.
ასევე ნახეთ
სუსმა ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება“ხომ შეიძლება, ვიღაცას - დისპეტჩერს - უბრალოდ შეცდომა დაეშვა და სისტემაში ცოტა მეტის გადადინება მომხდარიყო… ან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ექსპორტი უნდა გაეკეთებინა, რაღაც ვერ გათვალა და ზედმეტად დაიტვირთა “იმერეთი”. ავარია თუ მოხდა ასეთ დროს - მერე, თავდაცვის მიზნით, სისტემაში სხვადასხვა ობიექტი თავისით ითიშება… ” - ამ კონტექსტში დათო ჭიპაშვილი იხსენებს ეგხ “ზეკარსაც”, რომელიც “სახელმწიფო ელექტროსისტემას ეკუთვნის” და ზესტაფონს ახალციხესთან აკავშირებს.
“ზეკარის” მიერ გატარებული საექსპორტო ელექტროენერგია გვერდს ვერ აუვლის ეგხ “იმერეთს".
დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთთან დაკავშირებულია შიდა სასისტემო 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების ქსელით [მთავარი მაგისტრალი]:
- „იმერეთი“ - ენგურჰესს აკავშირებს ზესტაფონის ქვესადგურთან [ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 128 კმ-ია];
- „ქართლი-2“ - ზესტაფონის ქვესადგურს - ქსნის ქვესადგურთან; ხოლო „ქართლი-1“ - ქსნისა და გარდაბნის ქვესადგურებს;
- „მუხრანის ველი“ და „ასურეთი“ - უზრუნველყოფს აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის კვებას.
ყველა ამ ელექტროგადამცემ ხაზს ფლობს და ექსპლუატაციას უწევს სს გეს “საქრუსენერგო” [1996 წელს შეიქმნა: 50% - ეკონომიკის სამინისტრო და 50% - რუსული სს „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“ (FGC UES PJSC).].
უკვე 5 წელია, ეს აქტივები იჯარით აქვს აღებული სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“.
“საქრუსენერგოს” სათვალავზეა ასევე: 500-კილოვოლტიანი „კავკასიონი“ რომელიც ენგურჰესს რუსეთის ენერგოსისტემასთან აკავშირებს; საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი „მუხრანის ველი” და „გარდაბანი” [330 კვ]; ასევე - თურქეთის ენერგოსისტემებთან დამაკავშირებელი - „აჭარა” [220 კვ].
სისტემის ბალანსი
“ახლა გავიგე რომ საქმის გამოძიება დაუწყია სუსს საბოტაჟის მიმართულებით… მეზობელს გაფუჭებული, ძველი მანქანა რომ ჰყავს და გზაში გაუჩერდება, იმას გამოძიება რად უნდა?!” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი გიგა თვაური - რომლის სადისერტაციო ნაშრომიც ენერგეტიკას უკავშირდება.
ელექტროსისტემაში სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების მიუხედავად, რაშიც საქართველოს დიდწილად დასავლელი პარტნიორები ეხმარებოდნენ, თვაურის შეფასებით - დღეს მაინც “საბჭოთა სისტემა გვაქვს - მოძველებულია ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ გენერაციის ობიექტებში, არამედ გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებშიც” და რომ ამგვარი სისტემა ფეხს ვერ აუწყობს ქვეყნის განვითარებას.
“ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებია, მაგრამ გენერაცია ვერ მიჰყვება მოთხოვნას. იზრდება იმპორტი, მცირდება ექსპორტი, რაც ქსელის მედეგობას უშლის ხელს… ჩვენ არ გვაქვს მარეგულირებელი სადგურები - ჩამოკიდებული ვართ რამდენიმე დიდ სადგურზე… ენგურჰესის გარდა სხვა ისეთი დიდი სადგური არ გვაქვს, რომელსაც შეუძლია მოთხოვნა-მიწოდების ცვალებადობაზე ეფექტიანი რეაგირება გააკეთოს. განახლებადი ენერგიის წყაროები ამას ვერ აკეთებენ - როცა ანათებს მზე, მარტო მაშინ გვაქვს ელექტროენერგია, არ ანათებს და არ გვაქვს… ქარზეც ასევე - არ არის სტაბილური”, - გიგა თვაური გვეუბნება, რომ საქართველოს, ძირითადად ზამთარში, არც თბოელექტროსადგურების ჩართვა ჰყოფნის, რის გამოც ქვეყანას - ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად რუსეთიდან უწევს.
ოფიციალური ინფორმაციით, ენგურჰესის გამომუშავება 3.5 მლრდ კვტ.სთ-ია (დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ). გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთში მიდის, ხოლო 60 %-ს დანარჩენი საქართველო იღებს. გიგა თვაური ხედავს კითხვის ნიშნებს, რადგან - მის მიერ შეკრებილი მონაცემების ანალიზით, ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40 %-ზე ბევრად მეტს მოიხმარს.
ასევე ნახეთ
სემეკი: დავიწყეთ ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის მიზეზების შესწავლასემეკის თანახმად, 2025 წელს იმპორტირებული 1 558 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიიდან 62% - რუსეთზე მოდის, 27% - აზერბაიჯანზე, 8% - სომხეთზე, ხოლო 3% - თურქეთზე.
ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) ყოველწლიური სტატისტიკით, რუსეთიდან იმპორტი ბოლო წლებში ასე გამოიყურება:
- 2026 წლის [პირველი 6 თვე] - 748,00 მლნ.კვტ.სთ
- 2025 წელი - 971,19 მლნ. კვტ.სთ
- 2024 წელი - 968,84 მლნ. კვტ.სთ
- 2023 - 786,55 მლნ. კვტ.სთ
სემეკმა გამოთვალა, რომ 2025 წელს “რუსეთიდან განხორციელებული იმპორტის 74.5% მოხმარდა აფხაზეთის ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას”. თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ივნისში დააკონკრეტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასურს თავად იხდის.
რადგან რუსეთთან დამაკავშირებელი 500 კვ-იანი “კავკასიონით” შემოსული ელექტროენერგია შიდა ქსელში შესასვლელად გვერდს ვერ უვლის შეზღუდულად გამტარუნარიან ეგხ “იმერეთს”, დათო ჭიპაშვილი გვეუბნება, რომ რუსეთიდან იმპორტის ზრდა არაპერსპექტიულია.
“საქრუსენერგოს” ინფორმაციით, სწორედ “იმერეთის” გავლით გადადის შიდა ქსელში რუსეთიდან 500 კვ ეგხ “კავკასიონის” საშუალებით შემოსული ელექტროენერგია, ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიასთან ერთად.
24 ივლისს, ნაშუაღამევს, ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც, მათ შორის - გაგრაში, გუდაუთაში, ბიჭვინთაში, სოხუმსა და ტყვარჩელში.
დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ენგურჰესზე სისტემური ავარია“ მოხდა. „ენგურჰესის“ დირექტორს ლევან მებონიას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. „ასე მარტივად ვერ გამოიკვლევ ამხელა ავარიას, უნდა ამოვიწეროთ ყველა დიაგრამა, ძაბვები, სიხშირეები, ოპერაციების თანმიმდევრობა და მერე უნდა გაუკეთდეს ანალიზი”, - განაცხადა მან 24 ივლისს.
დისკუსიები გრძელდება. დომინირებს მოსაზრება, რომ ზაფხულში ზედიზედ მომხდარი ორი მასშტაბური ჩაბნელება ელექტროენერგიის დეფიციტით არ იქნებოდა განპირობებული. თუმცა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სეზონური ადეკვატურობის ანგარიშში განხილული პესიმისტური, საშუალო და ოპტიმისტური სცენარებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს:
“ივლისის თვეში შესაძლოა სამივე სცენარის მონაცვლეობით განვითარება, ამიტომ აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის მოქნილი მართვა, დღით ადრე დაგეგმვა, მოქნილი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან (იმპორტ-ექსპორტის მოცულობების უმოკლეს დროში შეთანხმება) და თბოსადგურების მზადყოფნა”.
ენერგეტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ სათანადოდ დაგეგმვისა და მართვის პირობებში ავარია სისტემაში სრულ ჩაბნელებას არ უნდა იწვევდეს, რადგან დაცვის არაერთი შესაძლებლობა არსებობს.
ელექტროსისტემის 29 ივლისის საღამოს 6 საათის მონაცემებით, ელექტროენერგიის გენერაციისა და მოხმარების ჯამური მონაცემები ასე გამოიყურება:
- მოხმარება - 1 905.58 მგვტ;
- ექსპორტი - 107.89 მგვტ;
- იმპორტი - 11.00 მგვტ;
- გამომუშავება - 2 023.32 მგვტ;
- ჰიდრო - 2 000.84 მგვტ;
- თბო - 0.00 მგვტ;
- ქარი - 22.47 მგვტ.
კრიპტოინდუსტრია
ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტი, რამაზ გერლიანი დიღომში ცხოვრობს და ისევე, როგორც დედაქალაქში, თბილისის შემოგარენსა თუ რეგიონებში მცხოვრებთა საკმაო ნაწილი, ელექტროენერგიის ხშირ გამორთვას უჩივის.
თუმცა 2 დღეში 2 ჩაბნელების ამბავი მისთვის "რაღაც სხვაა", რაც - “შევარდნაძის დროის [იგულისხმება 1990-იანი წლები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე] შემდეგ არავის ახსოვს” და გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს - დიდწილად კრიპტოსაწარმოებთან [მაინინგი] დაკავშირებით, რაც “ელექტროენერგიას ხაპავს” და საქართველოს ენერგოსისტემას, რომელიც “ელექტროენერგიის მოხმარების სწორხაზოვნად ზრდისკენ არის მიმართული და არა ოპტიმიზაციისკენ” - მძიმე ტვირთად აწვება.
“შეიძლება ვიღაცამ ჩათვალა, რომ სისტემა ამას აიტანს და კიდევ დაამატეს დენის მხაპავი უზარმაზარი რაღაც ბირთვის მომარაგება, რამაც ასეთი გადატვირთვა და ჩავარდნა გამოიწვია ქსელში. არც ეს არის გამორიცხული”, - გერლიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ სუსში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ინტერესიც სწორედ კრიპტოინდუსტრიას უკავშირდებოდეს - ეძიოს ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, სისტემაში თუ მის გარეთ - რომელთაც, შესაძლოა, ჰქონოდათ სხვადასხვა ინტერესი კრიპტოინდუსტრიის დასაზიანებლადაც.
ასევე ნახეთ
კრიპტობიზნესი პრივილეგიებით, ქონება ივანიშვილის ყადაღით - ბაჩიაშვილის დაბრუნებაექსპერტები და მედია ხშირად ლაპარაკობენ - საქართველოში მაინინგისთვის შექმნილ სასათბურე პირობებსა და დაბალ გადასახადებზე.
გერლიანის თანახმად, შეფასებები შესაძლოა ზოგჯერ გადაჭარბებულია, მაგრამ ესმის ადამიანების ბრაზის, რადგან ასე ფეხმოკიდებული მაინინგი - “არ არის სფერო, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, მაკროდონეზე თუ ინკლუზიურობის დონეზე რაღაცას მოუტანს რიგით მოქალაქეებს. ეს ეფექტი შეიძლება იყოს ძალიან მცირე”.
რამაზ გერლიანს ესმის ასევე, რომ ავარიის მიზეზების ძირეულ დადგენას დრო სჭირდება, მაგრამ როდესაც ერთი კვირის წინ მომხდარზე მოკვლევის პირველადი შედეგებიც არ გამოქვეყნებულა, ერთადერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას აძლევს - “ან იციან მიზეზი და მალავენ ან არ იციან და ეს ორივე ერთმანეთზე უარესია”.