„ოხრანოტა“, „პუტინოიდები“ და „კანადის მაცხოვრებლები“ - რომელი „სოციალური ჯგუფების“ სიძულვილის გამო ასამართლებენ რუსეთში?

„სოციალურ ჯგუფებს“ შორის ყველაზე ხშირად ძალოვნებსა და სახელმწიფო მოხელეებს იცავენ სასამართლოები (ფოტომონტაჟი).

19 ოქტომბერს, ოკუპირებული დონეცკის ვოროშილოვსკის რაიონთაშორისმა სასამართლომ Z-ბლოგერ ტატიანა მონტიანს წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფრაზისთვის: „ოხრანოტას“ მოსპობა ყოველგვარი სინანულის გარეშე“.

„ოხრანოტა“ არის ჟარგონული, დამამცირებელი ტერმინი იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც მთავრობის ფანატიკურად ერთგულად ითვლებიან.

მონტიანის განცხადებების კონტექსტში, მან ეს ტერმინი, კერძოდ, რუსეთის მთავრობისადმი ლოიალური ბლოგერების მიმართ გამოიყენა. გამოძიებამ და სასამართლომ სიტყვა „ოხრანოტა“ სოციალური ჯგუფის აღმნიშვნელად შეაფასა.

რუსეთის კანონმდებლობაში არ არის სოციალური ჯგუფის განსაზღვრა, ამიტომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ვინმე. რუსეთის სასამართლოებმა უკვე დასაჯეს პირები „სავოკების“, „კანადის მაცხოვრებლების“, მეცნიერების, მოსკოველების, გამარჯვების დღის აღლუმის მონაწილეების და სასამართლო ექსპერტების მიმართ სიძულვილის გაღვივებისთვის („სავოკი“ გამოიყენება იმ ადამიანების აღსაწერად, რომლებსაც სსრკ ენატრებათ, თავს აიგივებენ საბჭოთა ეპოქასთან ან იზიარებენ მასთან დაკავშირებულ ღირებულებებს).

საერთო ჯამში, ასეთი საქმეების უმრავლესობა მაინც ეროვნებასა და რელიგიას ეხება. თუმცა დანარჩენ „სოციალურ ჯგუფებს“ შორის სასამართლოები ყველაზე ხშირად ძალოვნებსა და სახელმწიფო მოხელეებს იცავენ.

2025 წელს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.1-ე მუხლით მიღებული თითქმის ყოველი მეშვიდე გადაწყვეტილება (დაახლოებით 15%) პოლიციელებისა და სხვა ძალოვანი უწყებების თანამშრომლების შესახებ თქმულ სიტყვებს ეხებოდა, კიდევ თითქმის 8% – სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკოსებზე გაკეთებულ განცხადებებს. ეს არის მონაცემები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც შეისწავლა კვლევითმა ცენტრმა "სოვამ".

"ოხრანოტა" უნდა მოისპოს"

მონტიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საბაბი იყო ფრაზა მისი სტრიმიდან (ვიდეოს ან აუდიოს პირდაპირი ტრანსლაცია ინტერნეტში) 2022 წლის დეკემბერში: „ოხრანოტა“ უნდა მოისპოს ყოველგვარი სინანულის გარეშე“. პროკურატურამ ეს მოწოდება ექსტრემისტული ქმედებისკენ მოწოდებად მიიჩნია (სსკ-ის 280-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

მონტიანი არ გაასამართლეს სიძულვილის წაქეზებისთვის (ამ მუხლებზე შემდგომში ვისაუბრებთ), მაგრამ მის შემთხვევაშიც ყველაფერი „სოციალურ ჯგუფამდე“ მივიდა, რადგან კანონი ექსტრემიზმად, სხვათა შორის, „სოციალური <…> უთანხმოების წაქეზებას“ მიიჩნევს.

იმისთვის, რომ სიტყვა „ოხრანოტას“ მოსპობა “ექსტრემისტული აქტივობისკენ მოწოდებად ეღიარებინა, გამოძიებას ჯერ "ოხრანოტას" სოციალურ ჯგუფად გამოცხადება დასჭირდა.

თავად მონტიანმა განმარტა, რომ „ოხრანოტას“ უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრობლემებზე დუმან და პოზიციას ხელმძღვანელობის კვალდაკვალ იცვლიან, ხოლო სიტყვა „მოჩიტ“ (მოსპობა/განადგურება), მისივე თქმით, ნიშნავდა მხოლოდ ასეთი კომენტატორების დაბლოკვას. სასამართლომ ეს ახსნა-განმარტებები არ მიიღო.

ასევე ნახეთ

პუტინი ისტორიკოსების წინააღმდეგ: რუსეთში სტალინური რეპრესიების არქივების მკვლევრებს ტერორისტებად აცხადებენ

რა არის სოციალური ჯგუფი?

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.1-ე მუხლი სჯის სიძულვილის აღძვრისა და ღირსების შელახვისთვის სქესის, რასის, ეროვნების, ენის, წარმოშობის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აგრეთვე „რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების“ ნიშნით.

იმას, თუ რა არის სოციალური ჯგუფი, კანონი არ განმარტავს. პრაქტიკაში მას შსს-სა და უშიშროების ფედერალური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტური ცენტრების ლინგვისტები ადგენენ, ხოლო სასამართლოები მათ, ჩვეულებრივ, ეთანხმებიან.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემული „სოციოლოგიური ენციკლოპედიური ლექსიკონი“ სოციალურ ჯგუფს განმარტავს როგორც ადამიანებს, რომელთა შორის არსებობს „პირდაპირი ან არაპირდაპირი სოციალური ურთიერთობები“ და რომლებიც იცავენ საერთო ნორმებს და ასრულებენ მათ მიერ დადგენილ სოციალურ როლებს.

2003 წლის ორტომიანი „სოციოლოგიური ენციკლოპედია“ კიდევ ერთ პირობას ამატებს: სოციალური ჯგუფი არის „ადამიანთა ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ საერთო სოციალური მახასიათებელი და ასრულებენ საზოგადოებრივად აუცილებელ ფუნქციას“.

თუ პირს პირველად წაუყენებენ ბრალს სიძულვილის წაქეზებაში (მაგალითად, სოციალურ მედიაში პოსტის ან კომენტარის გამო), 2019 წლიდან ის ისჯება არა სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.1 მუხლის - „სიძულვილის ან მტრობის წაქეზება, ასევე ადამიანის ღირსების დამცირება“ - შესაბამისად, ჯარიმით 10 ათასიდან 20 ათას რუბლამდე, 15 დღემდე ვადით პატიმრობით ან 100 საათამდე სავალდებულო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. თუ მას ერთი წლის განმავლობაში კვლავ წაუყენებენ ბრალს იმავე დანაშაულში, საქმე აღიძვრება სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.1 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. „სოვას“ მიერ მოყვანილი სასამართლო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2023 წელს მათი რაოდენობა 960 იყო, 2024 წელს - დაახლოებით 1100, ხოლო 2025 წელს - თითქმის 1200. ცენტრის მიერ გაანალიზებული გადაწყვეტილებებიდან, 2023 წელს 15%-ზე ოდნავ მეტი, 2024 წელს - თითქმის 18%, ხოლო 2025 წელს - თითქმის 23%.

ამასთან, უზენაესმა სასამართლომ თავის პლენარულ დადგენილებაში „ექსტრემისტულ დანაშაულებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში სასამართლო პრაქტიკის შესახებ“ განმარტა, რომ „პოლიტიკური ორგანიზაციების, იდეოლოგიური და რელიგიური გაერთიანებების, პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწეების“ კრიტიკა მათ საქმიანობასთან დაკავშირებით „თავისთავად არ უნდა ჩაითვალოს სიძულვილის ან მტრობის წაქეზებისკენ მიმართულ ქმედებად“. თუმცა, როგორც ქვემოთ მოცემული საქმეები აჩვენებს, სასამართლოები კვლავ სჯიან თანამდებობის პირების, დეპუტატებისა და გუბერნატორების მიმართ უხეში ენის გამოყენებას.

„სოვას“ ჯგუფი მიიჩნევს, რომ არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც, მაგალითად, „გამარჯვების დღის ღონისძიებების მონაწილეები“ „არ შეიძლება ჩაითვალოს დაუცველ სოციალურ ჯგუფად, რომელიც ანტიექსტრემისტული ნორმების დახმარებით დამატებით დაცვას საჭიროებს“. თავად ცენტრი კი „სოციალური ჯგუფის“ ცნების ზოგადად ამოღებას გვთავაზობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.1-ე მუხლიდან „მისი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გამო“.

ასევე ნახეთ

აღარც ომი, აღარც მშვიდობა, აღარც ტოლსტოი - რის გამო დაგიჭერენ რუსეთში?

„მენტები“ და „მუსორები“

„ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ შეისწავლა „სოციალური ჯგუფების“ მიმართ სიძულვილის წაქეზების შემთხვევები, რომელთა შესახებაც, 2022 წლიდან მოყოლებული, წერდნენ „სოვა“ და დამოუკიდებელი მედია საშუალებები. ყველაზე ხშირად ეს ჯგუფები არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ხშირად ერთი სიტყვა - „მენტები“, „მუსორები“ ან „პოლიცაი“ - საკმარისია დაჯარიმებისა და დაპატიმრებისთვის.

2024 წლის სექტემბერში ხაბაროვსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი მკვიდრი, ვიტალი მიშინი 10 ათასი რუბლით დააჯარიმა სვირინგისთვის „მენტები“. სასამართლომ ეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ღირსების შელახვად მიიჩნია.

ერთი თვით ადრე, ბაშკირეთის ბირსკის რაიონთაშორისმა სასამართლომ ალბინა ვალეევას 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან "ВКонтакте"-ზე გამოაქვეყნა ფოტო საპატრულო მანქანისა და პოლიციის განყოფილების ფონზე, წარწერით: „მენტების დედაც...“

2026 წლის თებერვალში სიკტივკარის საქალაქო სასამართლომ რეპერ გიო პიკას 10 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრა. როგორც ჩანს, ჯარიმის დაკისრების მიზეზი გახდა მისი სიმღერა „შავი ზონა“, რომელშიც პოლიციელები მოხსენიებულია, როგორც „მუსორა“. („მუსორა“ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ტერმინი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჟარგონზე, (მათ შორის საქართველოშიც) გამოიყენება პოლიციელის, რუსეთში - მილიციელის, მისამართით რ.თ.)

საქმეების რაოდენობით მეორე ადგილზე არიან მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და პარტიები, ძირითადად „ერთიანი რუსეთი“.

2026 წლის თებერვალში სანქტ-პეტერბურგის სმოლნის რაიონულმა სასამართლომ დენის სემიონოვი 15 ათასი რუბლით დააჯარიმა გუბერნატორის შესახებ კომენტარისთვის. უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს სპეციალისტმა მასში გუბერნატორების მიმართ სიძულვილის ნიშნები აღმოაჩინა იმ პირობით, რომ „გუბერნატორების სოციალურ ჯგუფად აღიარება მოხდებოდა“ - და სასამართლომ ეს ჯგუფი აღიარა.

2026 წლის სექტემბერში, ლიპეცკის ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ ლიპეცკის საოლქო საბჭოს კომუნისტური პარტიის დეპუტატს, ანატოლი შკატოვს, 20 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრა ნახატისთვის, რომელზეც ხელი ახრჩობს „ერთიანი რუსეთის“ ლოგოთი გამოსახულ გველს. სურათს წარწერა ჰქონდა: „თუ შენ მას არ გაანადგურებ, ის გაგანადგურებს შენ“.

ასევე ნახეთ

„მოზარდი მოსახერხებელი სამიზნეა“ - როგორ ასამართლებენ ბავშვებს რუსეთში დივერსიის, ტერაქტებისა და ღალატისთვის

„სავოკებიდან“ „ბელგოროდის მაცხოვრებლებამდე“

2026 წლის აგვისტოში, ტულის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი მიხაილუშკინი 20 ათასი რუბლით დააჯარიმა 16 წლის წინ დატოვებული კომენტარისთვის.

2010 წლის მაისში მან ვიდეოს ქვეშ, რომელიც ბელგოროდის ხელისუფლების მიერ "ჰევი მეტალის" კონცერტების აკრძალვის მცდელობას ეხებოდა, დაწერა: „წაეთრიეთ რუსეთიდან, მახინჯებო!“ სასამართლო ექსპერტიზამ ეს სიტყვები „ტერიტორიული კუთვნილების მიხედვით გამორჩეული ჯგუფის“ - ბელგოროდის მაცხოვრებლების - ღირსების შელახვად მიიჩნია. „სოვა“ მიიჩნევს, რომ ძველი კომენტარი მიხაილუშკინის სხვა პროუკრაინული პოსტების განხილვისას აღმოაჩინეს (რისთვისაც იგი უკვე დააჯარიმეს რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“).

2023 წლის ივნისში, მოსკოვის ტუშინსკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტ ფილიპ მედვედევს „სავოკების“ წინააღმდეგ გამოქვეყნებული ტექსტისთვის ჯარიმა დააკისრა. ექსპერტიზაში ეს სიტყვა განმარტებული იყო, როგორც „საბჭოთა იდეოლოგიით აღზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანები“.

2023 წლის აპრილში, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საქალაქო სასამართლომ გრიგორი გრიცენკო 10 ათასი რუბლით დააჯარიმა „კანადის მაცხოვრებლების წინააღმდეგ“ გამოქვეყნებული კომენტარისთვის.

2025 წლის ივლისში სანქტ-პეტერბურგის სმოლნის რაიონულმა სასამართლომ ევროპული უნივერსიტეტი 250 ათასი რუბლით დააჯარიმა სამართალდამცავი ორგანოების პრობლემების ინსტიტუტის მიერ სასამართლო ექსპერტების შესახებ მომზადებული ანგარიშისთვის, რომელშიც ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოები სასამართლო ექსპერტებთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ „ისეთი სტიმულების გამო, როგორიცაა ვადები, შედეგებზე ორიენტირება და საქმეების გახსნა“, ხოლო „გამომძიებლები ცდილობენ, ამა თუ იმ გზით გავლენა მოახდინონ ექსპერტის დასკვნებზე, ან ექსპერტებს პირდაპირ იბარებენ „ხალიჩაზე“ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობასთან“. პროკურატურამ მოხსენებასთან დაკავშირებით „მსჯელობა“ მოითხოვა, ხოლო მისმა ავტორმა ის „რუსი სასამართლო ექსპერტების“ ღირსების შელახვად მიიჩნია.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიერ განხილული რამდენიმე საქმე უკრაინაში ომის მონაწილეებს ეხება. ვორონეჟელი ბლოგერი, „ორკების დედის“ არხის წამყვანი, ელიზავეტა ბაბიჩევა, 2025 წლის აგვისტოში 12 ათასი რუბლით დაჯარიმდა. ერთმა ლინგვისტმა მის ვიდეოში უარყოფითი შეფასება აღმოაჩინა „კაცების შესახებ, რომლებიც თავიანთი ცოლების თუ ქალების გავლენით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, როგორც სამხედრო მოსამსახურეები“.

ბლოგერმა დარია ჩერდანცევამ და უძრავი ქონების აგენტმა მარინა ორლოვამ ტომსკიდან მიიღეს 85 და 80 საათი სავალდებულო სამუშაო თავიანთი პოდკასტის გამო. მასში ორლოვა ხუმრობდა, რომ შეგეძლო ომის მონაწილეზე დაქორწინება და მისი სიკვდილის შემდეგ 8 მილიონი რუბლის მიღება.

ომსკის მკვიდრი, ვიტალი ნიკოლაევი 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს „ადამიანთა ჯგუფის ღირსების შეურაცხყოფისთვის, რომლებმაც ადრე მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით <…> და გააფორმეს ხელშეკრულება“.

სასამართლოები იცავენ მათაც, ვინც გამარჯვების დღეს აღნიშნავს. 2026 წლის მარტში კრასნოიარსკის სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა ანტონ კუკლინსკი, რომელიც გამოვიდა წინადადებით, გამარჯვების დღის აღლუმი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ჩაეტარებინათ, რათა მის მონაწილეებს „ჯანსაღი ადამიანებისთვის ხელი არ შეეშალათ“. იმავე თვეში კუზბასის კისელიოვსკის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა მწერალი იგორ ნაზაროვი, რომელმაც ამ დღის აღნიშვნის ზოგიერთ ფორმას „გამარჯვების სიგიჟე“ უწოდა. სასამართლომ გამარჯვების დღის ღონისძიებების ორგანიზატორები დაზარალებულ ჯგუფად ცნო.

ასევე ნახეთ

პუტინის რეჟიმის განაჩენი პოლიტპატიმრებისთვის - რისთვის და როგორ იხდიან სასჯელს რუსეთში

„კაპიტალისტები“, „პუტინოიდები“ და „კაზაკები“: კიდევ ვინ ცნეს სასამართლოებმა სოციალურ ჯგუფებად

აი, კიდევ რამდენიმე „სოციალური ჯგუფი“, რომელთა მიმართ სიძულვილისთვისაც სჯიან რუსეთის სასამართლოები:

  • „კაპიტალისტები“: კრასნოიარსკის აქტივისტმა ეკატერინა ფატიანოვამ გაზეთ „რაბოჩე-კრესტიანსკი სერპ ი მოლოტ“-ში (მუშათა და გლეხთა ნამგალი და ურო) დაწერა, რომ პირველი მაისის აღნიშვნაში ხელის შემშლელები არიან კაპიტალისტები, ხოლო ეფესბეს და პოლიციის თანამშრომლები კი – მათი „მოდარაჯე ძაღლები“. 2023 წლის ნოემბერში სასამართლომ მას ჯარიმა დააკისრა. მოგვიანებით, რეგიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა ჯარიმის ოდენობაში დაშვებული შეცდომის გამო და საქმე ხელახლა განიხილა.
  • „ანტიკომუნისტები“: 2017 წელს, სანქტ-პეტერბურგის კომუნისტური პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრმა ალექსეი ფილიპოვმა "ВКонтакте"-ზე გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც ჟან-პოლ სარტრის ციტატაა ანტიკომუნისტების შესახებ. 2022 წლის თებერვალში, ხუთი წლის შემდეგ, ის 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
  • "კომუნისტები": ჩერეპოვეცის მკვიდრი იგორ სობოლევი 2025 წლის მაისში 10 000 რუბლით დააჯარიმეს ლენინის სიკვდილიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პოსტისთვის. პოლიციამ და სასამართლომ მასში დაინახეს „კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების“ უარყოფითი შეფასება.
  • „მდიდრები“: სტერლიტამაკის მკვიდრმა ვლადიმირ კიიკომ სტატიის - „რუსებს მოუწოდებენ, არ შეავიწროონ მდიდრები“ - ქვეშ დაწერა: „ისინი კი არ უნდა ავიწროონ, უნდა ხოცონ.“ 2022 წლის სექტემბერში ის 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
  • „პუტინოიდები“: 2025 წლის თებერვალში სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი ნინა აკიმოვა 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს "ВКонтакте"-ზე კომენტარებისთვის, როგორიცაა „დასახრჩობები ხართ, თქვე ნაძირალებო – პუტინოიდებო!!!.
  • „პუტინის ამომრჩევლები“: 2025 წლის სექტემბერში 69 წლის მხატვარი არტიომ კირიანოვი 12 დღით დააკავეს 2012 წლის საპროტესტო აქციის ფოტოს გამოქვეყნებისთვის, სადაც ვამპირების ფორმაში ჩაცმულ აქტივისტებს ეჭირათ ბანერი წარწერით „ვამპირები ხმას პუტინს აძლევენ“, და შოიგუსა და პუტინის კარიკატურისთვის.
  • "მოსკოველები": 2025 წლის სექტემბერში ბლოგერი ისლამ ამერხანოვი 15 დღით დააკავეს არხზე - „მიგრანტები - ყველაფერი ისე, როგორც არის“- განთავსებული ვიდეოსთვის, რომელიც მოსკოველების მიმართ შეურაცხყოფას შეიცავს. 2026 წლის თებერვალში კი სახალინის სასამართლომ ადგილობრივი მაცხოვრებელი 10 ათასი რუბლით დააჯარიმა WhatsApp-ის ჯგუფში განთავსებული ვიდეოსთვის, რომელიც „მოსკოველებად წოდებული ადამიანების ჯგუფის“ მიმართ მტრულად იყო განწყობილი.
  • „ხელოვნების მოღვაწეები“, "კაზაკები" და "კულტის მსახურნი":
    პუბლიცისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა 2023 წლის აგვისტოში 20 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა მიიღო სიძულვილის აღძვრის გამო „სოციალური ჯგუფების მიმართ: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები, სასცენო ხელოვნების წარმომადგენლები, კაზაკები, რელიგიური კულტების მსახურნი“. საბაბი გახდა მისი ვიდეოები თავის YouTube-არხზე და ინტერვიუ რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან.
  • „მედიცინის მუშაკები“ და „მოტოციკლისტები“:
    კემეროვოს მცხოვრები ანატოლი ოგურეცკი 2024 წლის დეკემბერში დააჯარიმეს მიგრანტების, „სამედიცინო მუშაკთა კონკრეტული წარმომადგენლების ჯგუფისა და „მოტოციკლისტების“ ჯგუფში შემავალი კონკრეტული პირის“ შეურაცხყოფისთვის.
  • "შენიღბვის ბადეების საამქროს მუშაკები": ნიჟნევარტოვსკის მცხოვრები იუსუფ იუსუპოვი ღამით მეგობართან ერთად შევიდა სავაჭრო ცენტრში, სადაც ფრონტისთვის შენიღბვის ბადეებს ამზადებდნენ, და იქ მომუშავეთა მისამართით უხამსი სიტყვები გამოიყენა. 2024 წლის მარტში ის 7 დღით დააპატიმრეს.
  • "ჰიპერმარკეტ „ლენტას“ მუშაკები": კრასნოიარსკელ „სსრკ-ის მოქალაქეს“, ევგენია ელიზარიევას, 2023 წლის სექტემბერში 14 დღით პატიმრობა შეეფარდა პუბლიკაციების მთელი სერიის გამო. მათში, სხვა რამეებთან ერთად, აღმოაჩინეს სიძულვილი ჰიპერმარკეტ „ლენტას“ მუშაკების მიმართ, ასევე მოწოდებები იმ პირთა ფიზიკური განადგურებისკენ, რომლებიც ცნობენ რუსულ ხელისუფლებას.
  • "რუსები საქართველოში": ნორილსკში 2024 წლის დეკემბერში ჯამალ დანოგუევი 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს გამო, რომლითაც საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების „სწრაფ გაძევებას“ მოუწოდებდა.

ასევე ნახეთ

პუტინის სწორება პატიმრობის „სტალინურ ვადებზე“

სასჯელი ქათმებიანი სურათის გამო: როდის აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს

„სიძულვილის აღძვრის“ განმეორებითი შემთხვევა ან ძალადობისკენ მოწოდებას უკვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვება. განუსაზღვრელი ჯგუფების მიმართ „სიძულვილისთვის“ რეალურ სასჯელს ყველაზე ხშირად ის პირები იღებენ, რომლებიც სამხედროებსა და ხელისუფლებაზე გამოთქვამდა აზრს. აი, რამდენიმე მაგალითი.

2026 წლის თებერვალში მოსკოვის მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ კომიკოს არტემი ოსტანინს 5 წლითა და 9 თვით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა და 300 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. საბაბი გახდა მეტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ხუმრობა (სსკ-ის 282-ე მუხლი, „სოციალური ჯგუფი“) და ხუმრობა რელიგიურ თემაზე.

უზბეკური სათვისტომოს „ვათანდოშის“ ხელმძღვანელს, უსმან ბარატოვს, ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა ქათმებიანი სურათის გამო, რომელშიც გამოძიებამ უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეების მიმართ სიძულვილის აღძვრა დაინახა. 2025 წელს საკასაციო სასამართლომ სასჯელი სამ წლამდე და ორ თვემდე შეამცირა.

სტრიმერ (პირდაპირ ეთერში მაუწყებელი) ალექსანდრ სოკოლოვსკის 2025 წლის აპრილში ოთხი წლით იძულებითი სამუშაოები მიუსაჯეს იმისთვის, რომ რუს სამხედროებს „ლოთები“ და „არამზადები“ უწოდა და მათ „ცემით გაბერვას“ დაჰპირდა. დაკავების შემდეგ მან თქვა, რომ „ზედმეტი დალია“.

ნოვოკუზნეცკელ აქტივისტ იგორ გორლანოვს 2024 წლის აპრილში იძულებითი მკურნალობა დაენიშნა მოსამართლეების კრიტიკისა და იმის გამო, რომ პოლიციელებს „ვირთხები“ უწოდა.

კომიკოს არტემი ოსტანინისთვის ხუმრობების გამო რეალური სასჯელის მისჯას ითხოვენ.

ასევე ნახეთ

რუსეთი 1 მარტიდან: მეცნიერებაში ეფესბეს კონტროლი, ბიზნესში რუსიფიკაცია, კულტურაში „ფასეულობების“ ფილტრი

„გადაწყვიტეს სოციალური ჯგუფები დაიცვან, ლექსიკონში კი არ ჩაუხედავთ“. სოციოლოგის მოსაზრება"

სოციოლოგმა (არ ისურვა ვინაობის გამხელა, რადგან "ნასტოიაშჩეე ვრემია რუსეთში არასასურველ ორგანიზაციადაა შერაცხილი) „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ კომენტარში განაცხადა, რომ სოციალურ ჯგუფს უწოდებენ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც აერთიანებს „სოციალური მდგომარეობის რომელიღაც ელემენტი“, რაც მას მსგავსს ხდის ცხოვრების წესითა და ინტერესებით.

„თითოეული ჩვენგანი უამრავ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენ თქვენთან ერთად ერთდროულად ქალები ან კაცები ვართ, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები და ა.შ. ამ ეგზოტიკური კატეგორიებიდან ზოგიერთი სოციალური ჯგუფია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი კუთვნილება ვერ ჩაითვლება დაცულად“, - ამბობს ის.

მისი თქმით, რუსული კანონი სოციალური ჯგუფების სიძულვილისგან დაცვის შესახებ თეორიულად მიჰყვება სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის დასავლურ მოდელს.

ასე უწოდებენ ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია იმ სოციალური ჯგუფის დაშინების ან დამცირების მიზნით, რომელსაც ის მიეკუთვნება.

დასავლეთში ასეთ კანონებს ეტაპობრივად იღებდნენ, დაცვის საჭიროების მქონედ აღიარებდნენ რა ერთ ჯგუფს მეორის მიყოლებით: მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ან ქალებს. ამა თუ იმ დაცვას დაქვემდებარებულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილება განისაზღვრება იმ ნიშნებით, რომლებზეც ადამიანი ჩვეულებრივ პასუხს არ აგებს: მას ისინი არ აურჩევია, არამედ ასეთი დაიბადა.

ყოველ ჯერზე ეს რთული დილემის გადაჭრაა - რატომ იცავს კანონი ერთ ჯგუფებს და არ იცავს მეორეს, ამბობს სოციოლოგი:

„თითოეულმა ჯგუფმა ყოველ ჯერზე თავად ან თანამოაზრეების დახმარებით უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ იყოს დაცული ამა თუ იმ კანონმდებლობით.
ჩვენმა კანონმდებლებმა, როგორც ყოველთვის, მარტივი გზა აირჩიეს. გადაწყვიტეს, რომ დაიცავენ სოციალურ ჯგუფებს, ლექსიკონში კი არ ჩაუხედავთ. როდესაც იქმნება ნორმა, რომლითაც მანიპულირება ადვილია, ყველაზე უკეთეს მანიპულატორებად ყველაზე პრივილეგირებული ჯგუფები გვევლინებიან. ამიტომ მათ ეს ძალიან სწრაფად გაიფორმეს საკუთრებად“.

შედეგად, მისი თქმით, ადამიანების დასჯა დაიწყეს იმ ჯგუფებისადმი აგდებული დამოკიდებულების გამო, რომლებიც იმ ჯგუფებისგან, რომლებსაც ასეთი კანონები უნდა იცავდნენ, ერთბაშად ორი ნიშნით განსხვავდებიან.

პირველი, მათთან კუთვნილებას ადამიანი თვითონ ირჩევს: „პოლიციიდან შეგიძლია წახვიდე, ჩინოვნიკობიდან შეგიძლია წახვიდე, კორუმპირებული აფერისტი და ქურდი შეგიძლია არც იყო“.

მეორე, ეს ჯგუფები დისკრიმინაციას არ აწყდებიან. პირიქით, მათ აქვთ ხელისუფლება და ბევრად მეტი რესურსი.

„ამიტომ მათ საკანონმდებლო დაცვა არ სჭირდებათ. დაცვა სჭირდებათ მათ, ვინც სუსტ პოზიციაში იმყოფება“, - აღნიშნავს სოციოლოგი. კანონს მით უფრო ხშირად განმარტავენ ძლიერების სასარგებლოდ, რაც ნაკლებად არიან სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები დაინტერესებულნი იმით, რომ დაიცვან სამართლის სულისკვეთება და არა მხოლოდ რაც დაწერილია, დასძენს ის.

ასევე ნახეთ

რუსი მეცნიერები ციხეში