როგორ ვასწავლოთ "ტიკტოკის თაობას" შუშანიკი, აბო და გრიგოლ ხანძთელი?

ფოტოილუსტრაცია, ძველ ქართულ ფრესკებზე დაფუძნებული წმინდა შუშანიკის გამოსახულება

ცოტა ხნის წინ, ტიკტოკში და ფეისბუკზე ათასობით ადამიანმა ნახა და გააზიარა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის, ლუკა წივილაშვილის ხუმრობით ჩაწერილმა ვიდეო, ჰეშთეგით „არაშუშანიკისწამებას“. ვიდეოში ლუკა თან მეცადინეობს - „შუშანიკის წამების“ შინაარსს წერს, თან მეხუთე საუკუნის ჰაგიოგრაფიული ტექსტის ავტორს, იაკობ ცურტაველს საყვედურობს, ეს რომ არ დაგეწერა, რა მოგივიდოდაო. ლუკა საზეპიროებიც სასწავლი აქვს და კიდევ „ასრაღაცა უცხო სიტყვა“ უნდა დაიმახსოვროს.

„აი, რაში მაინტერესებს, მეხუთე საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა, ვინ - ვინ აწამა, ვინ ვის გადაარტყა სამასჯერ ჯოხი, ვის ვინ გაექცა ლოგინიდან და ვინ ვისი მეუღლეობა უარყო... რა აუცილებელი იყო, იაკობ, ამ ყველაფრის დაწერა!“

ლუკამ მოგვიანებით თქვა, რომ იხუმრა, თუმცა მისმა ამ ვიდეომ კიდევ ერთხელ გააღვივა დისკუსია, რომელიც დროდადრო აქტიურდება ხოლმე, ძირითადად პედაგოგები მსჯელობენ როგორ უნდა ასწავლონ ჰაგიოგრაფიული ტექსტები სკოლებში.

შუშანიკის, აბო თბილელის და გრიგოლ ხანძთელის ხატების ფოტოკოლაჟი

ლუკა არ არის ერთადერთი მეათეკლასელი, ვისაც ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლა „თავს ატკიებს“. მედეა მცხვეთაძეც ამ დღეშია.

დედასთან, თამარ კანკავასთან ლაპრაკისას ის ამბობს, რომ „ბევრი წვალება უწევთ, რომ ძველქართულიდან „შუშანიკის წამების“ შინაარსი თანამედროვე ქართულზე „გადმოწერონ“ - ამას სხვანაირად „გაშინაარსებასაც“ ეძახიან.

- მასწავლებელი გვეუბნება, გაამარტივეთო. მოკლე შინაარსი დამიწერეთ და ეგ მომიყევითო... კლასში ამბობენ, ინტერნეტში იქნება სადმე გამზადებული შინაარსები და ეგ აიღეთო. არის კიდეც. აზრი არა აქვს, რა, იმ ძველქართულით დაწერილის სწავლას. მერე ყველას ნერვები ეშლება და არის ერთი ლანძღვა-გინება.

- ანუ ადაპტირებული უნდა იყოს?

- ხო, აი, ერთ გვერდზე ძველი ქართულით რომ ეწეროს და მეორეზე ახლით და რომელსაც გინდა, იმას წაიკითხავდი... თან, უფრო ხშირად არ ხსნიან ხოლმე, იმ ეპოქაში რა ხდებოდა, უფლებების მხრივ რა სიტუაცია იყო... ალბათ, მასწავლებლებსაც ჰგონიათ, რომ ვიცით ეს ყველაფერი. სინამდვილეში ეგრე არაა და მერე ბავშვების დასკვნა არის ხოლმე, ეს შუშანიკი რა მაზოხისტი იყოო.

- კიდევ რა არ მოგწონს?

- აი, ზოგი ძალიან ქრისტიანულად უდგება, რა. იქნებ არ ვარ ქრისტიანი? არ ვიცი...

- შენ მოგწონს „შუშანიკის წამება“?

- ნეიტრალურად ვარ. დიდად არ მაინტერესებს. და რაც არ გაინტერესებს და ერთი სული გაქვს, მოიშორო, არ გამახსოვრდება მანდედან არაფერი. ეგრევე იშლება.

- აბა, რა ფორმით შეიძლება, შენი ასაკის ადამიანებს მიაწოდონ ეს ინფორმაცია?

- In general (ზოგადად) ცოდნისთვის... აი, თუ კონკრეტულად იმ ფაკულტეტზე არ აბარებ, სადაც გჭირდება, არ ვიცი, ასე სიღმისეულად რად გვინდა სწავლა? რაში უნდა დამჭირდეს?

- თუნდაც ზოგადი განათლებისთვის.

- პერსონაჟების ანალიზი? რად გვინდა?

- კარგი. და შენთვის როგორი სწავლება იქნებოდა უფრო საინტერესო?

- მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები რომ გვაქვს კომიქსებად. ეგრე სწავლა უფრო გვაინტერესებს. მანგები....

- ანუ მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს?

- ვიზუალურადაც რომ მიგვიზიდოს. და მარტო ლექციასავით არ იყოს გაკვეთილი. მოსაწყენია.

"შუშანიკის წამება". ხელნაწერი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

რამდენიმე წლის წინ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ინგა მამულაძემ, პატარა კვლევაც ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც ძველი ქართული ნაწარმოებების შესწავლა დაიწყეს, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონემ მომენტალურად იკლო.

მათ არ აინტერესებდათ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. აპროტესტებდნენ ტექსტის არქაულ სტილს, მოსწავლეებს აშინებდათ ტექსტის სირთულე, ლექსიკა მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო.

როდესაც XI კლასში გამოკითხვა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა 40%-სათვის ძველი ქართულის შესწავლა რთული, ხოლო 40%-სათვის ძალიან რთული იყო.

მოსწავლეთა 80% თვლიდა, რომ მეათე კლასში უნდა ისწავლებოდეს ძველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების მხოლოდ შინაარსი.

• 85%-სათვის რთული იყო „გრიგოლ ხანძთელის შესწავლა“,

• 10%-სათვის „შუშანიკის წამება“,

• 5%-სათვის „აბოს წამება“.

მოსწავლეები უბრალოდ ვერ იგებდნენ კარგად ძველ ქართულ ტექსტებს დამოუკიდებლად და სჭირდებოდათ მასწავლებლის დახმარება. სახლში ამ ტექსტებს საერთოდ არ კითხულობდნენ.

მაშინ, ამ კონკრეტულმა მასწავლებელმა გამოსავლად ე.წ. ინტერვენციები მოძებნა - მოსწავლეები ტექსტის „გადაწერა“ - „გაშინაარსების“ და მისი დაზუთხვის გზას კი არ დაადგნენ, დაიწყეს მუშაობა ელექტრონული რუკის შექმნაზე, ,აგალითად, ეძებდნენ ნაწარმოებში ტოპონიმებს, შემდეგ ამ ტოპონიმების მიხედვით „განალაგებდნენ“ ეკლესია-მონასტრებს და ეკლესია-მონასტრების შესახებ პატარა ანოტაციებს უთითებდნენ.

ასე „შემოესწავლათ“ მათ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები.

ამ გზას, საქართველოში, პედაგოგების ნაწილი მიმართავს. თუმცა არა ყველა. უმრავლესობისთვის პირველი ქართული ლიტერატურული ტექსტების სწავლება „ტიკტოკის“ თაობისთვის სულაც არ არის მარტივი საქმე და მთავარი კითხვაც აქ ჩნდება - როგორ ვასწავლოთ თანამედროვე მეათეკლასელებს - „შუშანიკი“, „აბო“ და „გრიგოლ ხანძთელი“?

„დღეს სხვა ღირებულებითი სისტემაა - აბოს საქციელს ვეღარ განვიხილავთ ძველებურად“

„საზეპიროებით და ძველქართული ენით რომ აღარ, ეს ნათელია. თუმცა კიდევ რა მეთოდით, ამის ზუსტი რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ მიფიქრია, რა იქნებოდა მათთვის საინტერესო“, - გვეუბნება ოთარ ჯირკვალიშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის შესავლის ლექტორი და ნიუტონის თავისუფალი სკოლის ქართულის მასწავლებელი.

მისი აზრით, 21-ე საუკუნის მოსწავლის დაინტერესებისთვის, რომელიც ისედაც ძალიან მცირე დროს ატარებს ტექსტთან, კონტექსტის ახსნაა საჭირო - როდის დაიწერა, როგორი იყო მაშინდელი მსოფლმხედველობრივი თუ იდეური ტენდენციები. მისი სიტყვებით, შეცვლილი ღირებულებითი სისტემების გამო, ასეთ ტექსტებს აღარ აღიქვამენ ძველებურად: თუ მაშინ სამყარო თეოცენტრული იყო, ახლა მის ცენტრში ადამიანი დგას:

ოთარ ჯირკვალიშვილი

„ამიტომ დღეს ვერ გავაკეთებთ აქცენტს იმაზე, როგორი სწორი არჩევანი გააკეთა აბომ რელიგიის შეცვლით. 21-ე საუკუნეში ამის თქმა ანაქრონული მგონია. შესაძლოა, იმ აუდიტორიაში, რომელსაც ასწავლი, განსხვავებული კონფესიის ადამიანები გისმენდნენ და აბო, რომელიც წმინდანია ქრისტიანისთვის, ისლამის მიმდევრისთვის - მოღალატე იყოს. მე მოსწავლეს ყურადღებას გავუმახვილებდი არა იმაზე, რა არჩევანი გააკეთა აბო თბილელმა, და ჭეშმარიტი იყო თუ არა ეს არჩევანი, არამედ თავისთავად ფაქტზე, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა. თავისუფალი ნება გამოხატა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოთარ ჯირკვალიშვილი, რომელსაც სჯერა ამ ტექსტების გაცოცხლების, თუ მათ ძველ, სტერეოტიპულ იდეებს ჩამოვაშორებთ.

ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც ემხრობა სკოლაში ჰაგიოგრაფიის, როგორც ქართული ლიტერატურის ისტორიის საწყისის სწავლებას და ფიქრობს, რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ამ ტექსტების ზოგადი ცოდნა. პროგრამიდან მათი საერთოდ ამოღება ამ ისტორიას საფუძველს გამოაცლიდა და დაემსგავსებოდა სახლის შენების არა საძირკვლიდან, არამედ სახურავიდან დაწყებას.

"აბოს წამება", ხელნაწერი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

„კაუჭები“

ბათუმის #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მაია მენაბდესაც, რომელიც მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების ქართულის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი თანაავტორია, მიაჩნია, რომ პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი, „შუშანიკის წამება“, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ.

მაია მენაბდე

„სახელმძღვანელოში, რომლის ავტორი მეც ვარ და სადაც „შუშანიკის წამებაც“ შეტანილია, რადგან ასეთია სტანდარტი, კონკრეტულ თავს დავარქვით - „პრინციპების ერთგულება, პიროვნული არჩევანი“. მეც ამ კუთხით ვასწავლი ამ ტექსტს ჩემს მოსწავლეებს: როგორ ჩანს ერთი ადამიანის, პიროვნების არჩევანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნის არსებობა, თითოეული ადამიანის თავისუფლება - ასე ახსნილს ისინი ძალიან კარგად იგებენ“.

თუმცა მაია მენაბდე შეცდომას უწოდებს იმას, რომ სამივე ჰაგიოგრაფიული ტექსტი ისწავლება მეათე კლასში.

„ვამბობდით, რომ თანამედროვე ბავშვისთვის ძალიან დამთრგუნველია მთელი წელი ძველი ქართულის წიაღში დარჩენა. როგორც არ უნდა აუხსნა, რა აქტივობებიც არ უნდა მოიფიქრო, მას აუცილებლად მოეწყინება. ამიტომ გვინდოდა, რომ გვქონოდა სწავლებისას ე.წ. სპირალური მიდგომა, რაც ნიშნავს, რომ დავიწყებდით ძველი ქართულით, რომელსაც მოჰყვებოდა ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის სწავლება, ხოლო ტექსტები გადანაწილდებოდა სამ, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებზე. ამ იდეას ჰყავდა მოწინააღმდეგეები და დავრჩით ისევ ძველ ლიანდაგზე“.

მაია მენაბდე თავის მოსწავლეებს არ სთხოვს, აუცილებლად ძველქართულ ენაზე წაიკითხონ ჰაგიოგრაფიული ტექსტები. მისთვის საკმარისია მოსწავლეებმა თანამედროვე ქართულით დაწერილი შინაარსები გაიაზრონ. იმის განცდა ჰქონდეთ, რომ მათ წინ, არც მეტი, არც ნაკლები, მე-5 საუკუნის ძეგლი დევს, რომლის წაკითხვა და გაგებაც, მათ დღეს, 21-ე საუკუნეში შეუძლიათ.

მისი აზრით, სწორედ ასეთი პატარა „კაუჭებით“ შეიძლება 15-16 წლის მოსწავლეები ჯერ დააინტერესო, შემდეგ კი, ტექსტი შეაყვარო კიდეც.

„ერთ დღეს არჩევანის წინ რომ დავდგე - ეს ტექსტები ბავშვებს ვასწავლო იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ახლა ვასწავლით, თუ არ ვასწავლო საერთოდ, მე მეორეს ავირჩევდი. სწორედ იმიტომ, რომ ის უკუეფექტი არ მიმეღო, რასაც დღეს ვიღებთ. მაგრამ როგორც მასწავლებელს რომ მქონდეს შემოქმედებითი თავისუფლება, ისე შევარჩევდი და გადავანაწილებდი ამ ტექსტებს, რომ სწავლებისას არ დაგვეკარგა მათი შემეცნების სიხარული. ამ ჩვენი მშვენიერი, ძველი ქართული ენის ხიბლის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ, როცა მას ზედოზირებით ვაწოდებთ მოსწავლეებს“, - ეს სიტყვები ქართული ენისა და ლიტერატურის კიდევ ერთ პედაგოგს, ნინო ლომიძეს ეკუთვნის.

ნინოც დიდი ხანია ამ თემას იკვლევს. ეძებს გამოსავალსაც.

ჩვენ მასაც ვკითხეთ - როგორ ვასწავლოთ ან ვასწავლოთ თუ არა საერთოდ სკოლაში ჰაგიოგრაფიული ტექსტები? ნინო ცვლილებების მომხრეა.

ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსი მას ძალიან აგონებს ფილოლოგიის ფაკულტეტის მოსამზადებელ წინა საფეხურს, რადგან მასალა, რომლის ცოდნაც სკოლის მოსწავლეს მოეთხოვება, მისი აზრით, მეტად შეეფერება მომავალ სპეციალისტს. „და ეს მაშინ, როდესაც სკოლადამთავრებულები, ხშირ შემთხვევაში, ძნელად თუ ახერხებენ საკუთარი მოსაზრებების მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებას როგორც წერილობით, ისე ზეპირად“.

საშუალო საფეხურზე ქართული ლიტერატურის სწავლების ერთადერთი პრინციპი ქრონოლოგიური პრინციპია: სწავლება იწყება მეხუთე საუკუნიდან, „შუშანიკის წამებით“ და მიდის დავით გურამიშვილამდე. ეს ნიშნავს, ამბობს ნინო ლომიძე, რომ მთელი წელი, 15 და 16 წლის მოზარდებს ძველ ქართულ ენაზე ვესაუბრებით. თან, გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ეს ენა ესმით.

მაგრამ ეს ასე არ არის. მათ ძალიან უჭირთ გაგება, რაშიც იხარჯება დიდი დრო, ენერგია, რესურსი და თითქმის აღარ რჩება დრო გასააზრებლად.

მაგრამ სხვა გზაც არ არის, რადგან „პროგრამა მოსასწრებია“.

ნინო ლომიძე

მართალია, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმა მოსწავლეს აძლევს უფლებას მხოლოდ ორი ჰაგიოგრაფიული ტექსტი ისწავლოს, მაგრამ, ამავე დროს, ყველა გრიფირებულ სახელმძღვანელოში შეტანილია სამივე ტექსტი: „შუშანიკის წამებაც“, „აბოს წამებაც“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც“.

„ნამდვილად საინტერესოა, რამდენი მასწავლებელი გადაწყვეტს საბოლოოდ, შემოიფარგლოს მხოლოდ ორი ტექსტით“, - მეუბნება ნინო ლომიძე.

- და თქვენ რომ დაგისვან ეს შეკითხვა, რომელ ტექსტს შეელეოდით?

- ეს ჩემთვისაც რთული კითხვაა. და მესმის ჩემი კოლეგებისაც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძვირფასი ტექსტები აუცილებლად სასწავლია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ტექსტების მხატვრულ, კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებაზე, არამედ ის უნდა ვიკვლიოთ, რეალურად რას აძლევს ამ ტექსტების იმ მეთოდებით და ფორმებით სწავლება ბავშვებს, როგორც დღეს ვასწავლით.“

რატომ არის პრობლემური თავად სწავლების მეთოდები?

ნინოც და მისი არაერთი სხვა კოლეგაც, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობს, რომ მოსწავლეებს საშინაო დავალებად ხშირად ავალებენ ტექსტების პარაფრაზირებას - ეს ნიშნავს, რომ მათ ძველი ქართულით დაწერილი ტექსტები თანამედროვე ქართულით უნდა „გადაწერონ“. ეს დავალება, შესაძლოა, საინტერესო იყოს მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში, მაგრამ არა მუდმივად.

„რას აძლევს ეს მოსწავლებს? რა უნარებს უვითარებს? ჩემთვის ასევე დიდი კითხვაა - რა შედეგს ვიღებთ ძველი ქართული ლიტერატურის ამ რაოდენობით შესწავლით?“

ნინო ლომიძეს გამოცემა „EDUCATIONAL RELATIONS“-ში დაბეჭდილ თავის სტატიაში მოჰყავს ამერიკელი მკვლევრის, ემილი ჩიარიელოს სიტყვები: თუ ჩვენი მიზანია მოსწავლეებს გავაცნოთ დისტოპიის ჟანრი და დავაფიქროთ თანმდევ პრობლემატიკაზე, ტრადიციულად, ასეთ დროს მიმართავენ ტექსტებს „451° ფარენჰაიტით“, „1984“ ან „საოცარი ახალი სამყარო“, მაგრამ კრიტიკულად თუ განვიხილავთ - ყველა ეს ტექსტი 60 წელზე მეტი ხნით ადრეა დაწერილი. მოსწავლეებისთვის კი მეტად მნიშვნელოვანი იქნება თანამედროვე მოკლე მოთხრობებისა და ტექსტების შეთავაზება და ამ ჟანრით მათი დაინტერესებაო...

ნინომ გერმანიის მაგალითი მოგვიყვანა, სადაც ამ ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასი, შუა საუკუნეების ლიტერატურული ტექსტი, ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალი“ მართლაც ისწავლება რამდენიმე სკოლაში, ოღონდ პროზაული მხატვრული მონათხრობის ფორმით, რომელიც ახალგაზრდებს ამბავს უყვება თანამედროვე გერმანულ ენაზე.

„რა არის გამოსავალი? მიფიქრია, რომ, მაგალითად, მოსწავლეებისათვის გრიგოლ ხანძთელის პიროვნების გაცნობა უკეთესი იქნებოდა ინტეგრირებული გაკვეთილების საშუალებით, გეოგრაფიის, ისტორიის ჩართვით და არა ერთი ვრცელი ნაწარმოების დეტალურად შესწავლით, არა წლიდან წლამდე უცვლელი თემების წერით, როგორიც არის, მაგალითად, შედარებითი დახასიათებები“...

ხანძთის ტაძრისა და გრიგოლ ხანძთელის ხატის ფოტოკოლაჟი

„ლიტერატურის სასკოლო პროგრამა გაძლებს ჰაგიოგრაფიის გარეშე“

ასე მიპასუხა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნიუტონის სკოლიდან, დავით პაიჭაძემ, რომელსაც მისი სწავლება არ ჰგონია სავალდებულო. ხოლო თუ ლიტერატურის სწავლების მიზნად იმას მივიჩნევთ, რომ ბავშვმა შეძლოს ტექსტის ანალიზი, ასე თუ ისე ფლობდეს ინსტრუმენტებსა და კრიტერიუმებს ტექსტის აღსაწერად თუ შესაფასებლად, მისი აზრით, ამის გაკეთება შეიძლება ნებისმიერი ტექსტის მოშველიებით, „მდარე ტექსტისაც კი“.

დავით პაიჭაძე გვიყვება, რომ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს, ეპოქაში, როცა ისინი იქმნებოდნენ, სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ: ზოგს ლიტურგიკული მიზნებით იყენებდნენ, ზოგიც აღწერდა მოწამეთა ამბავს, გადმოსცემდა ისტორიებს წმინდანთა სასწაულებზე. ჰაგიოგრაფიულ თხრობას, მისი თქმით, აქვს თავისი დროისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიური, სოციალური და რიტორიკული ასპექტები. ის ამბობს, რომ ჰაგიოგრაფიაში მთავარია, პერსონაჟის ტანჯვაზე და სიკვდილზე თხრობით პერსონაჟი ქრისტეს დაუახლოონ, მას ამსგავსონ:

დავით პაიჭაძე

„გამოდის, რომ სახარების ყურადღებით და კვალიფიციურად წაკითხვის გარეშე ჩვენ მოსწავლეს აუცილებელი კონტექსტის გარეშე ვტოვებთ. მე ბავშვებს ვაკითხებ სახარებას, როგორც, ასე ვთქვათ, ჰაგიოგრაფიის ჟანრულ არქეტიპს. მაგრამ სახარების განმმარტებელი ნამდვილად არ ვარ. ეს არ არის სკოლის საქმე. შუშანიკის შემთხვევაში კი, სახარების გარდა, ალბათ, უნდა ვახსენოთ ჰაგიოგრაფიაში მისი წინამორბედი მოწამე ქალები, რომლებიც ჩვენს წმინდა დედოფლამდე ლამის 300 წლით ადრე სწორედ ანალოგიური დილემის წინაშე იდგნენ: დაერღვიათ თუ არა ოჯახური კავშირები, უარი ეთქვათ დედობრივ მოვალეობაზე, არ დამორჩილებოდნენ ოჯახის თავს რელიგიური მოწოდების, რწმენის და ქრისტეს მსახურების გამო“.

მაგრამ რა კავშირი აქვს ამას 21-ე საუკუნის 15 წლის ბავშვთან? ანაც ლიტერატურის ნაცვლად ისტორიის ტერიტორიაზე ხომ არ ვიჭრებით? - სვამს კითხვას დავით პაიჭაძე და პასუხობს, რომ „შუშანიკის წამება“ კარგი ტექსტია, მაგრამ „მისი განხილვა უფრო ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტით არის საშური (რაც, მისი შეფასებით, შესანიშნავად გააკეთა ისტორიკოსმა ნიკოლოზ ჯანაშიამ), ვიდრე ლიტერატურული კრიტერიუმებით. ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს ჰაგიოგრაფიაზე, მაგრამ ლიტერატურის სწავლებისა და გაგებისათვის ის საუკეთესო მასალა ნამდვილად არ არის“.

"გრიგოლ ხანძთელის" მინიატურა, დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.

ცოტა ხნის წინ, ფილოსოფოსი გიგა ზედანიაც წერდა ფეისბუკზე, რომ ძველი ტექსტები არაფერს გვაძლევს, თუ ისინი ახლიდან და ახლებურად არ წავიკითხეთ და იმასაც ამბობდა, რომ აჯობებდა, ქართული ლიტერატურის სწავლება სკოლაში "სურამის ციხით" დაწყებულიყო, "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილითა" და "კაცია-ადამიანით" გაგრძელებულიყო და ალექსანდრე ყაზბეგისა და ანტონ ფურცელაძისთვის დაგვეთმო იმაზე დიდი ყურადღება, ვიდრე თუნდაც "აბო თბილელს" ვუთმობთო:

„მოქალაქეობრივი კულტურის ჩამოყალიბებისათვის მე-19 საუკუნის ლიტერატურა ბევრად უფრო ცენტრალური მგონია, ვიდრე ჰაგიოგრაფია, რომელიც, ალბათ, იმ ახალგაზრდებს თუ გამოადგებათ, ვინც ჰუმანიტარული მეცნიერებების გაძლიერებულ სწავლას აპირებს მომავალში“, - წერს გიგა ზედანია.

დღევანდელი მეათეკლასელების მშობლები, რომლებიც ჰაგიოგრაფიას ახლა შვილებთან ერთად „იმეორებენ“, იმასაც გვეუბნებიან, რომ პედაგოგებისგან „მკვდარი პოეტების საზოგადოების“ შექმნას არავინ ითხოვს, მაგრამ დღეს მათ ტიკტოკის თაობასთან „საჭიდაოდ“ ბევრად მეტი ენერგია და ხალისი სჭირდებათ.